„მალე წამიყვანეთ აქედან, თორემ მომკლავენ!“ _ ნაზი შამანაურისა და მირზა სუბელიანის საქმეების სკანდალური პარალელები


მართალია, საბჭოთა კავშირი ორი ათეული წლის წინათ დაინგრა და, შესაბამისად, აღარც საქართველოა „ერთ ძმურ კავშირად“ შეკრული ხელოვნური სახელმწიფოს წევრი, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დასავლური ღირებულებების მატარებელია, საბჭოური მენტალიტეტი ჯერ კიდევ არსებობს. ეს განსაკუთრებით იგრძნობა სპეცსამსახურებისა და მმართველი ელიტის მუშაობაში. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ საბჭოთა „კაგებეს“ მსგავსად, ქართული სპეცსამსახურები და ასევე მმართველი გუნდიც ცდილობს, ის ადამიანები, რომლებიც სისტემას ამხელენ ან თავიდან მოიცილონ, ან, მიმიმუმ, სულიერად დაავადებულებად გამოაცხადონ.

ეს ტენდენცია განსაკუთრებით 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა, როცა პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილმა თანამშრომელმა, მირზა სუბელიანმა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთვარი ფიგურანტია, გლდანის ციხიდან „ოცნების“ სისტემა ამხილა.
შეგახსენებთ: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ გლდანის ციხეში ჩაწერილი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ბრალდებული მირზა სუბელიანი, უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ასევე სუბელიანის ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობენ. ამ ჩანაწერებში სუბელიანი ყვება, თუ როგორ ასრულებდა „ოცნების“ დავალებებს.
მართალია, ჩანაწერის ავთენტიკურობაში ეჭვი თავად მმართველ ელიტას არ შეუტანია, მაგრამ იმის მცდელობა აშკარად გამოჩნდა, რომ სუბელიანი სულიერად გაუწონასწორებლად გამოეცხადებინათ. ამაზე პირველი მინიშნება თავად დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა, რომელმაც „რუსთავი 2-თან“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა:
„…6 ივლისს მირზა სუბელიანთან ვიყავი. არ არის ადამიანი გონზე-მეთქი, არ გესმით? მე არ მახსოვს, როდის მითხრა, მაგრამ მითხრა.
მომისმინე, მოიხედე აქეთ, მე გითხარით თქვენ, მირზა სუბელიანის ნალაპარაკები ჩემთვის იყო არასერიოზული, მასთან შევდიოდი ოჯახის მოთხოვნით, რომ არ იყო გონებაზე, აშლილი იყო, _ შედი, დაამშვიდე დააწყანარეო. კიდევ რომ მთხოვონ, კიდევ შევალ.
მოიხედე შენ აქეთ, ქართული არ გესმის? ვიცოდი, რომ სისულელეებს ამბობდა და რა უნდა მეთქვა? ნუ ატრიალებ. მირზა სუბელიანის საუბარი ჩავთვალე თავიდან ბოლომდე არასერიოზულად, ამიტომაც ვთქვი და გავაკეთე განცხადებაც. მირზა სუბელიანის საუბარი იყო წნეხის ქვეშ მყოფი ადამიანის საუბარი“.
ის, რომ სუბელიანის ფსიქიკური მდგომარეობის ეჭვქვეშ დაყენება მთავრობის უმაღლეს ეშელონებში გადაწყდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებითაც დადასტურდა, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. კერძოდ, ივანიშვილმა თქვა, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბრალდებული მირზა სუბელიანი „გაჭირვებულ მდგომარეობაშია“ და მისი საუბრის თაობაზე ანალიზის გაკეთება უჭირს:
„მირზა სუბელიანმა როდესაც ისეთი ტერმინოლოგიები იხმარა, რომ ის უკვე გარდაცვლილების ძალებზე საუბრობს, ჯადოზე საუბრობს, მე პირადად, გამიჭირდება, ანალიზი გავაკეთო. მე მგონია, რომ ეს პიროვნება დღეს გაჭირვებულია“.
ამ განცხადების გამო ივანიშვილს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე შეეპასუხა და „ოცნების“ ლიდერს პირდაპირ უთხრა, რომ მირზა სუბელიანზე მისი შეფასება საბჭოთა კავშირის დროინდელ მეთოდს ახსენებდა, როცა ადამიანებს ფსიქიკურად დაავადებულად რაცხავდნენ.
საბჭოთა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, როცა ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულად გამოაცხადეს, ჟურნალისტ ნაზი შამანაურს უკავშირდება. ამ ისტორიაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა იგივე სუბელიანის კონტექსტში ამ ამბის გახსენება, მაინც, საინტერესოა, მით უმეტეს, რომ დღევანდელი მოცემულობით, საბჭოთა „კაგებეშნიკური“ სისტემა, როგორც ჩანს, ისევ სრული დატვირთვით მუშაობს და ქვეყანას წინ, წარსულისკენ მიაქანებს.
შეიძლება, შამანაურის ტრაგედიასა და სუბელიანის ქეისს შორის პირდაპირი პარალელები არ არსებობს, მაგრამ საგულისხმოა, რომ ჟურნალისტი ნაზი შამანაური ფსიქიატრიულ კლინიკაში მაშინ გარდაიცავალა, როცა მას სასიკვდილო არაფერი სჭირდა.
სუბელიანი ცოცხალია, მაგრამ ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხის ადმინისტრაცია ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ეს ინფორმაცია ირიბად ეღიარებინა და ეთქვა, რომ სუბელიანს კი არ სცემეს, არამედ, მან თვითმკვლელობა სცადა და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ 15 ოქტომბერს, საღამოს, ბრალდებულ მირზა სუბელიანს ჰქონდა სუიციდის მცდელობა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციამ დროულად აღკვეთა.
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციითვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
„ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

სუბელიანის ადვოკატმა კი არ გამორიცხა, რომ სუბელიანს მსგავსი სულიერი მდგომარეობა ჰქონოდა მაშინაც, როდესაც მისი საუბარი ჩაიწერეს:
„მირზა სუბელიანი არის სტრესულ მდგომარეობაში. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გამოკითხვა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩანაწერების დეტალებს, მას ამაზე არც ჩვენთან უსაუბრია, ვინაიდან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო. ოთხი თვეა, სამარტოო საკანშია. ამასთან, ამ ყველაფერმა იმოქმედა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჩანაწერის დროსაც ასეთ მდგომარეობაში იყო, თუმცა ეს ჩემი აზრია“.
სუბელიანის ცემის ფაქტი სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც უარყო.
ნათია კუპრაშვილმა, რომელმაც სუბელიანი გლდანის ციხეში მოინახულა, ჟურნალისტებს უთხრა:
„ეს იყო მცირედი დაზიანებები, სიწითლეები, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო 15 ოქტომბერს, როდესაც განახორციელა სუიციდის მცდელობა.
ასევე შევამოწმე ექიმის ჟურნალი, სადაც ბოლო ჩანაწერი გაკეთებულია 15 ოქტომბერს და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“.
ასეა თუ ისე, ე. წ. სუბელიანის საქმე რაღაცით ჰგავს მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და დღემდე ბურუსით მოცულ ისტორიას.
ისე, მართალია, კომუნისტების შემდეგ საქართველოში რამდენიმე მთავრობა შეიცვალა და დუშეთში იმ ქუჩას, სადაც გიჟად შერაცხული ჟურნალისტი ცხოვრობდა, ნაზი შამანაურის სახელიც უწოდეს, მაინც არ არსებობს პასუხი კითხვაზე, _ რატომ გამოკეტეს ახალგაზრდა ქალი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში?!.
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ნაზი შამანაურმა დღიურები დაწერა, თუმცა ფსიქიატრიული საავადმყოფოს იმჟამინდელი მთავარი ექიმი აბელ მამარდაშვილი აცხადებდა, ეს დღიურები ნაზის არ დაუწერიაო…
ნაზი შამანაურის საქმეზე გამოძიება არ ჩატარებულა. მეტიც, იმ დღეს, როცა ნაზის ასაფლავებდნენ, დუშეთის რაიონის რაიკომის მდივანმა კერესელიძემ, თურმე, რადიო ჩართო და ტაშფანდური გამართა.
სხვათა შორის, ჟურნალისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სწორედ კერესელიძის მხილებისთვის გამოკეტეს…
კიდევ ერთი პარალელი: ნაზი შამანაური კომუნისტურ წყობას არ ებრძოდა. მეტიც, როგორც მისი თანამედროვენი ამბობენ, ჟურნალისტს მიაჩნდა, რომ ნათელ კომუნისტურ იდეალებს ცალკეული ჩინოვნიკები ამახინჯებდნენ.
„ქართულ ოცნებას“ ბოლო დრომდე არც მირზა სუბელიანი ებრძოდა. პირიქით, როგორც გლდანის ციხიდან გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, „ოცნების“ ყველა შავ საქმეს სწორედ ის ასრულებდა, მაგრამ ახლა, როცა არსებობს საშიშროება, რომ სუბელიანმა შესაძლოა, „პანდორას ყუთი“ გახსნას, ორი გამოსავალი არსებობს _ ის ან გიჟად უნდა შეირაცხოს, ან დადუმდეს. ისიც ხომ ბოლშევიკური მეთოდია _ არ არის ადამიანი, არ არსებობს პრობლემა!

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
„…1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით, გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატიმროში…
16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს.
ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თვალწინ, თმით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო… შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, _ შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი…“

„ნაზიმ თვითონ დაიღუპა თავი!“

ნაზი შამანაურის ნამოსახლარი 22 წლის წინ, 1996 წლის დეკემბერში მოვინახულე. ნაზის დედა, ქალბატონი სარა ინაშვილი, რამდენიმე თვის გარდაცვლილი დამხვდა.
მასპინძლობა ჟურნალისტის ბიცოლამ, ქალბატონმა ეთერმა და მისმა ვაჟებმა _ ვახტანგ და ტარიელ ინაშვილებმა გამიწიეს.
_ სიმართლისათვის წამებით მოკლეს, საწყალი გოგო გიჟად მონათლეს, _ შემომტირა ქალბატონმა ეთერმა, _ საავადმყოფოდან ნაზის ცხედარს არ გვატანდნენ. ხუთი დღე დადიოდა ჩემი ბიჭი, რომ მიცვალებული დუშეთში ჩამოესვენებინა, მაგრამ მორგიდან მორგში აგზავნიდნენ, მკვდრისაც ეშინოდათ! ბოლოს, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიპოვეთ, ზემოდან სამი-ოთხი მიცვალებული ესვენა და, როგორც გავიგეთ, თბილისის გარეუბანში, უპატრონოთა სასაფლაოზე უპირებდნენ დამარხვას…“
სკოლა რომ დაუმთავრებია, დედას ნაზისთვის პიანინო უყიდია. საჩუქარს უზომოდ გაუხარებია… ქუჩაში სიარული არ ჰყვარებია. დღე და ღამე წიგნებში ყოფილა ჩაფლული, ფრანგულიც თავისით უსწავლია და მუშაობა დუშეთის სკოლა-ინტერნატში დაუწყია, მაგრამ იქ ბევრი უსამართლობა დაუნახავს და უთქვამს, _ ამის მოთმენა არ შემიძლია, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და სიმართლის თქმას მაშინ ხომ ვეღარ დამიშლიანო…
ეთერ ინაშვილი, ნაზის ბიცოლა: „ბოლო დროს ნაზი ეჭვიანი გახდა, არავის ენდობოდა. ეგონა, რომ ყველა მიგზავნილი იყო და მისი სიკვდილი უნდოდა. ხშირად უმიზეზოდაც ჩხუბობდა.
რამდენჯერმე მითხრა, _ ბიცოლა, ჩემი ბრალი არ არის, ნერვები აღარ მაქვსო.
ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა, მისი მტერი მისი სიმართლე იყო! ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩემს ნათქვამს ახლოს არ იკარებდა…
ნაზი ბოლოს 1983 წლის 7 იანვარს, შობა დღეს საავადმყოფოში ვნახე. სასიკვდილო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა უზომოდ გამხდარი და საშინლად ნაცემი იყო.
გამომშვიდობებისას მითხრა, _ ბიცოლა, მალე წამიყვანე აქედან, თორემ მომკლავენო…
დარწმუნებული ვარ, ნაზი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცემით მოკლეს და, კვალის დამალვის მიზნით, გვამი მე-9 საავადმყოფოში გადაიტანეს.
სხვათა შორის, მიცვალებულს მარცხენა ხელი და ფეხი მოტეხილი ჰქონდა, თავი _ სისხლიანი და შუაზე გადახეთქილი. ნაზის დედას, სარას, შვილის ცხედარიც არ აჩვენეს და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დასაფლავების მეორმოცე დღეს გამოუშვეს. სარას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ნაზი საქმეზე იყო წასული, ეგონა, მალე დაბრუნდებოდა, სახლს ალაგებდა, ნაზის საყვარელ ხაჭაპურებსა და ქადებს აცხობდა, _ გოგო ნამგზავრი იქნება და ეშიებაო…“

ხმა ფსიქიატრიულიდან

ნაზი შამანაური დისიდენტი არ ყოფილა, მას კომუნიზმის სწამდა და იმ ჩინოსნების წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომლებიც ლენინიზმის იდეას ამახინჯებდნენ.
ტარიელ ინაშვილი, ნაზის ბიძაშვილი:
„ნაზი კომუნისტური წყობის წინააღმდეგი არ იყო. პირიქით, ყოველთვის ამბობდა, რომ ლენინური სამხილით უნდა გვეცხოვრა. ის იმ პარტიულ ფუნქციონერებს ვერ იტანდა, ვინც ხალხის შრომით მდიდრდებოდნენ. სხვათა შორის, ნაზი მორწმუნე და ეკლესიური იყო. დღე არ გავიდოდა, სანთელი არ დაენთო და არ ელოცა…“
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ჟურნალისტი დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა.
ირაკლი აბაშიძეს 60-გვერდიანი წერილი გაუგზავნა, სადაც წერდა:
„…ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, კომუნისტის უმწიკვლო სახელიც…
დუშეთის რაიონის მწვავე პრობლემებზე მე, როგორც ჟურნალისტმა, საკითხი აღვძარი 1973 წლიდან საქ. კპ ცენტრალურ კომიტეტში. ამხანაგმა სირაძემ მადლობა გადამიხადა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისათვის და მითხრა, ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში ცენტრალური კომიტეტი იმსჯელებსო, მაგრამ ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არათუ მე, არამედ ჩემს ოჯახს…
რედაქციებში ამიკრძალეს თანამშრომლობა. 1978 წლის 28 ივნისს, ფლოტის დღეს, რადიო-რედაქციამ (ამხ. პ. შამათავა) პროგრამათა ფურცლიდან ამოიღო სევასტოპოლის გმირი დამცველის ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი ნარკვევი. რედაქციაში მითრხეს, _ ვინ გყავს ასეთი ძლიერი მტერი, რომლის ძალითაც ასე გზღუდავს პეტრე შამათავაო.
ჩემი მტერი ეს ჩემი სიმართლე იყო!.. სწორედ ამ შეულამაზებელი სიმართლის, ხალხის გამოქომაგებისა და მაღალი იდეებისთვის მოგვათავსეს ხალხის მტრებმა სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში!.. რატომ ეშინიათ სიმართლის მხილების? კონსტიტუციით ხომ ნებადართულია საჯაროდ სიტყვის თქმის უფლება? თუკი ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესებისთვისაა ნაკარნახევი. მაშ, რა ხდება?!.
ნუთუ, სამშობლო ცოცხლად დაგვმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი შეურყვნელი წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე?
თუკი ბოროტ ძალებს შეუძლიათ, გაერთიანდნენ თავიანთი მზაკვრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ, რატომ არ გვძალუძს, მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად?“

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
„20.10.82.
მთელი კბილები ჩამიმტვრიეს. სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი.
ვალიდა აბუსერიძე: მე შენ გიჩვენებ! მოგხვდა თუ არა ცხვირ-პირში, გიტირეთ ყოფა, დედა-შვილი გველებივით რომ დაძრწოდით თბილისში, ეყარენით და ამოლპით, კაციშვილი ვერ გაიგებს თქვენს გზებს, აქ ამოლპებით…“
22 წლის წინ, როცა ნაზი შამანაურის ტრაგიკულ ისტორიას პირველად გავეცანი, ვალიდა აბუსერიძესაც შევხვდი, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისად მუშაობდა და რომელსაც ნაზი შამანაური განსაკუთრებულ სისასტიკეში ადანაშულებს, თუმცა ქალბატონმა ვალიდამ ყველაფერი უარყო:
_ ნაზისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუ რამე უნდოდა, მარტო მე მეუბნებოდა და გამიკვირდა, დღიურებში ჩემზე ცუდი რატომ დაწერაო…

ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
„31.12.82 წ.
…ვალიდა აბუსერიძის ჯოჯოხეთური ყვირილი, ღრიალი, წიხლები. ექიმებმაც იციან მისი დესპოტური ხასიათი, მაგრამ ითმენენ… აბა, დააკვირდით, გესტაპოს ტყვეებივით აცვიათ აქ მყოფ ავადმყოფებს… 7 დეკემბერს შემოვლაზე ავლიპ ზურაბაშვილმა პროფესორებს განუცხადა ჩვენი, დედა-შვილის განთავისუფლება, მაგრამ როგორც ზინაიდა არტემოვნამ განგვიცხადა, ეს ისე თქვა აკადემიკოსმა. ასეთია ზევიდან ბრძანება. თქვენ სოციალურად საშიშ პიროვნებად ხართ მიჩნეულნი და თქვენ არავინ გაგათავისუფლებთ, თქვენისთანები აქ წლობით არიანო.
01.01.83 წ.
ახალი წელი გათენდა საგიჟეთში. ყველა დაღონებულია. ყვირილი, ჩხუბი. ნუნუ გოგინაშვილი მეუბნება, საპატიმროში ვართ, არა, ნაზი? რა მეთქმის…
05.01.83 წ.
კვლევითი ინსტიტუტი კი არა, ტიპური საწამებელი კონცლაგერია, სადაც ავადმყოფ ადამიანზე, როგორც საცოდავ კურდღელზე, ცდებს ატარებენ. ჯერ ხომ სანამ სისხლს გამოსწოვენ, თითოეულს წაქცევამდე, ვენიდან რამდენჯერმე უღებენ სისხლს. მერე ამ სისხლს მამასისხლად ყიდიან. ამიტომაა თითოეული ავადმყოფი ჩონჩხადქცეული მოარული არსება. ყიდიან არა მარტო სისხლს, ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პერანგებს, ნიფხავს, წამალს თუ ზეწარს… ავადმყოფები კი, გესტაპოს ტყვეებივით, ფეხშიშველა, დახეულ პერანგებში დაბორიალობენ…“

ნაზი შამანაურმა დღიურში ბოლო ჩანაწერი 1983 წლის 11 იანვარს გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ სასიკვდილო არაფერი სჭირდა:
„კატო ექიმი მოვიდა ჩემთან:
_ როგორ ხარ, ნაზი?
_ აბა, როგორ ვიქნები, ქალბატონო? ამნისტიაც გვეხება და არ გვიშვებენ.
მზია ექიმი: ნაზი, გვემდური ჩვენ?.. ჩვენ არაფერ შუაში ვართ!
მინდოდა მეთქვა: ყველა შუაში ხართ, ადამიანის ბედი როცა წყდება…“
1983 წლის 12 იანვარს ნაზი შამანაური თბილისის მეცხრე საავადმყოფოში უგრძნობ მდგომარეობაში მიიყვანეს და რამდენიმე დღეში გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა…
ისტორიის განმეორება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის არ იქნება კარგი, რადგან წარსულში დაბრუნებით ევროატლანტიკურ სივრცეს, რომელიც საქართველოს ჰაერივით სჭირდება, კიდევ ძალიან ბევრი წლით დავშორდებით!

გიორგი აბაშიძე