ლიზი გოზალიშვილის ტრიუმფალური გამოსვლა The Voice of Germany-ში

გიორგი საკარული

19 წლის ქართველმა მომღერალმა, ლიზი გოზალიშვილმა, The Voice of Germany-ის ბრმა კასტინგი წარმატებით გადალახა და 2023 წლის კონკურსის მონაწილე გახდა. ლიზი გოზალიშვილმა მაიკლ ჯექსონის სიმღერა Earth Song-ი შეასრულა და ჟიურის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

წლევანდელი გერმანული Voice-ის ერთ-ერთი ჟიური ცნობილი მომღერალი, ჯოვანი ზარელაა, რომელიც ბრმა კასტინგზე ლიზის თავიდანვე შემოუტრიალდა, შემდეგ კი მასთან სპონტანური დუეტიც შეასრულა. ჟიურიში ასევე არიან ცნობილი გერმანული ჯგუფის, Tokio Hotel-ის, წევრი ძმები _ ტომ და ბილი კაულიცები, რომლებსაც ლიზის შესრულება ძალიან მოეწონათ და შემოუტრიალდნენ კიდეც. ბოლოს კი ლიზიმ გადაწყვიტა, რომ ჟიურის წევრებიდან ჯოვანი აერჩია.
ლიზი გოზალიშვილმა ქართულ Voice-შიც მიიღო მონაწილეობა, ახლა კი ის გერმანიაში ცხოვრობს და სწავლობს. რაც შეეხება გერმანულ Voice-ს, ახალი სეზონის ჩვენება 21 სექტემბერს დაიწყო და წლევანდელი სეზონი 6 ივნისამდე გაგრძელდება.

„ქრონიკა+“-ს ლიზი გოზალიშვილი გერმანიიდან ესაუბრა:

_ საქართველო დავტოვე შარშან, ერთი წლის წინ. ბავშვობიდან, პირველი კლასიდან დავდიოდი გურამ რამიშვილის სახელობის მეოცე საჯარო სკოლაში, სადაც გაძლიერებულად ისწავლებოდა გერმანული. ბოლო კლასებში პერიოდულად გამოცდები გვქონდა. ამიტომ გვაძლევდნენ ენის დიპლომსაც. ზუსტად სკოლიდან წარმადგინეს ენის ერთ-ერთ სასტიპენდიო პროგრამაზე. არსებობს ყოველწლიური გაცვლითი პროგრამა და ყოველ წელს წარადგენს მოსწავლეს ხოლმე სკოლა, რომელსაც მსგავსი პროგრამა აქვს. გარკვეული ეტაპების შემდეგ ეს სტიპენდია მოვიპოვე და შარშან წამოვედი. ვიყავი ჰაიდელბერგში და იცით, რატომ? ზოგადად, ბონის უნივერსიტეტში მინდოდა სწავლა სამუსიკო მეცნიერებებზე, მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს 12-წლიანი სასკოლო განათლება და პლუს ის, რომ არ მაქვს აქ გერმანული განათლება მიღებული, ამისთვის სავალდებულოა, თუკი პირველი კურსი მაინც არ გაქვს გავლილი საქართველოში, აქ გაიარო კოლეჯი. ეს არც სკოლაა, არც უნივერსიტეტი, რაღაცა შუაშია. ეს კოლეჯი იყო ჰაიდელბერგში, სადაც მოვხვდი, აქ ვიყავი ერთი წელი. ახლა უკვე მოვხვდი ბონში და უნივერსიტეტში ვსწავლობ.
_ გერმანულ ენას ასე სრულყოფილად საქართველოში დაეუფლე?
_ დიახ, როგორც უკვე ვთქვი, მესამე კლასიდან ვსწავლობ გერმანულს გაძლიერებულად, თუმცა მეშვიდე კლასიდან ვემზადებოდი კიდეც გერმანულში. კი ბატონო, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ვისწავლე გერმანული.
_ ლიზი, სანამ წახვიდოდი სასწავლებლად, აქ უკვე გადაწყვეტილი გქონდა, რომ გერმანულ „ვოისში“ უნდა მიგეღო მონაწილეობა, თუ მანდ ექსპრომტად გადაწყვიტე?
_ ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროექტი. აპლიკაცია იყო რაღაც თამაში, „ვოისი“ ერქვა და იქ ტრიალდებოდნენ ან არ ტრიალდებოდნენ მწვრთნელები. მართლა მიყვარდა ეს პროექტი. 2021 წელს საქართველოშიც მივიღე მონაწილეობა პირველად „ვოისში“. გერმანიისკენ სულ მქონდა აღებული გეზი. გერმანულს ვსწავლობდი და მჭიდრო კავშირი მქონდა ენასთან, სწავლა მინდოდა გერმანიაში. სულ ვფიქრობდი, როცა გერმანიაში წავალ სასწავლებლად, „ვოისშიც“ მივიღებ მონაწილეობას-მეთქი. როცა განაცხადი გავგზავნე, იმ დროისთვის არაფერი მქონდა დაგეგმილი, ძალიან უბრალოდ და სპონტანურად გავგზავნე განაცხადი. როდესაც პასუხი მომივიდა, დავიწყებულიც კი მქონდა, იმდენად სპონტანური იყო განაცხადი, არც ველოიდი. მე ჰაიდელბერგში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და ეს ყველაფერი ბერლინში ტარდებოდა. ჰაიდელბერგიდან ბერლინში მატარებლით რომ წახვიდე, არის 5 საათის გზა.
საერთოდ არ მეგონა, სწავლასა და „ვოისს“ ერთმანეთს თუ შევუთავსებდი, ამიტომ არ მქონდა ასე მკაფიოდ განსაზღვრული, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი „ვოისში“. როცა პასუხი მომივიდა, რომ შენი განაცხადი მივიღეთ და გვინდა, რომ კიდევ გამოგვიგზავნო ვიდეოო, აი, მაშინ კი ძალიან მომემატა მოტივაცია, ცოტა უფრო შემართებით გავაგრძელე ყველაფერი. როცა განაცხადი გავგზავნე, არანაირი ვიდეო არ მქონდა, არაფრისთვის არ მრჩებოდა დრო, ამიტომ ახალი ვიდეო არ მქონდა და გავგზავნე ძველი. მივიღე პასუხი, რამე ვიდეო კიდევ გამოგზავნეო. გავგზავნე ვიდეო და იყო ეტაპი, როდესაც უნდა ჩავსულიყავი ბერლინში და ადგილზე მემღერა. მერე ან დამიბარებდნენ ბრმა კასტინგზე, ან _ არა. ესეც გავიარე და დამიბარეს ბრმა კასტინგზე.
_ გახვედი კასტინგზე, იმღერე. რა ემოცია გქონდა? ნერვიულობა თან ახლავს ამ ყველაფერს, როგორ გამართლდა შენი მოლოდინი?
_ სიმართლე გითხრათ, იმდენად ემოციურად ვიყავი, რომ ბოლომდე არ მჯეროდა ამ ყველაფრის. მაინც მქონდა ის განცდა, რომ არაფრის მჯეროდა. როგორც კი ჩაწერის დღე მოვიდა, არ ვნერვიულობდი. სცენაზე გასვლის წინ არ ვნერვიულობ ხოლმე, სიმღერაზე არასდროს ვნერვიულობ, რადგან ძალიან მიყვარს, არ ვისტრესები, მაგრამ დავიძაბე, როცა სცენაზე გავედი, კადრებშიც ჩანს, რომ სრული სიჩუმე იყო, ჩემი ნაბიჯების ხმა მესმოდა, დარბაზში უამრავი ხალხი იყო, ამდენი თვალი შენ რომ გიყურებს, 5 სკამი შეტრიალებულია, არ გამიხედავს ჩემი მშობლებისკენ, რადგან არ მენერვიულა. როცა გავედი, ცოტა ავღელდი, ვფიქრობდი, ხმა რომ ვერ ამოვიღო, რა ვქნა, რა გავაკეთო-მეთქი, მაგრამ როგორც კი მუსიკა გაჟღერდა, აღარ მინერვიულია, აღარაფერზე ვფიქრობდი. თვითონ ისე მომწონს ეს სიმღერა, არაფერზე მიფიქრია, მაგრამ ისეთი საპასუხისმგებლო იყო, თან ბევრი კარგი ვერსია არსებობს, რთულია ამ სიმღერით ვინმეს გაკვირვება.
_ სიმღერაზე მინდა გკითხო, რატომ მაინცდამაინც მაიკლ ჯექსონის ეს სიმღერა? შენ შეარჩიე თუ? გვიამბე ამაზე…
_ სიმღერის არჩევის პროცესში რამდენიმე სიმღერა შემომთავაზეს. იქ იყო ერთი გრაფა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევდა, ერთი სიმღერა შეგეთავაზებინა, შემდეგ კი მათზეა დამოკიდებული _ ან დაგიდასტურებენ, ან _ არა. მე იქ ვიმღერე ეს სიმღერა და, საბედნიეროდ, დამიდასტურეს. ეს თემა ძალიან აქტუალურია, სასიამოვნო სამღერი და მოსასმენია. ჯერ კიდევ როდის დაიწერა ეს სიმღერა და მაშინაც ომის თემა აქტუალური იყო და ერთგვარად მშვიდობისკენ მოწოდებაა. იმდენად ხშირად ხდება უბედურებები ჩვენ გარშემო, რომ ჩვენთვის აღარაა უჩვეულო და თითქოს ვეგუებით მსგავს რაღაცას, ვიგებთ და ვეცნობით ომის სიახლეებს, განვიცდით, შემდეგ გაივლის და აღარ გვახსოვს ხოლმე. მე არ გამოვირჩევი ხმამაღალი განცხადებებით, მაგრამ ჩემი მუსიკა ყოველთვის არის იმის საშუალება, რომ საკუთარი სათქმელი ბოლომდე ამოვთქვა. ამ სიმღერით ამოვთქვი იქაც ჩემი სათქმელი, გულწრფელად ვხვდებოდი და ვგრძნობდი, რასაც ვმღეროდი და გულწრფელად მტკიოდა. მე შევასრულე ჯესი ჯეის ქავერი, თუმცა რაღაცები ჩემი ინტერპრეტაციით იყო. ეს ვოკალის პედაგოგებმა მირჩიეს და, საბოლოო ჯამში, განსხვავებული ვერსია შედგა… თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც ეს ჯესი ჯეის ქავერი იყო. მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ მე მთლიანად ვერ შევასრულებდი ამ სიმღერას, მომიწია რაღაცების შეცვლა, რომ მეჩვენებინა ის, რაც მე მინდოდა.
_ ლიზი, ერთ მშვენიერი დღეს, როდესაც შენი გამოსვლა გერმანულ „ვოისში“ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძალიან პოპულარული გახდი და გულშემატკივრების უზარმაზარი არმია შეიძინე. ელოდი ქართველების ასეთ რეაქციას? ატირებულ ჟიურისა და მასთან ექსპრომტად დუეტს?
_ სიმართლე გითხრათ, ამის გააზრება ძალიან მიჭირს. ჩემთვის ეს უჩვეულო მდგომარეობაა, უამრავი შეტყობინება შემომდის. კონკრეტულ პლატფორმაზე იდება „ვოისის“ გადაცემები, რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომია 2-3 დღით ადრე, რომ წინასწარ ვუყურო. ჩემი გამოსვლა წინასწარ მქონდა ნანახი. ვერ მოვითმინე, ცხადია. როცა ეთერში გავიდა, მაშინაც ვუყურე, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ქართველები გამოვირჩევით იმით, რომ თუ ჩვენიანი საზღვარგარეთ მონაწილეობს, მას განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობთ და სხვანაირი მხარდაჭერა გვაქვს. ამას იქაც გავუსვი ხაზი. ვთქვი, რომ ზუსტად ვიცი, საქართველო მგულშემატკივრობს-მეთქი. მაგრამ ასეთს, მსგავსსაც კი, მართლა არ ველოდი. შეტყობინებებში შემომდის ათიდან ცხრა წერილი და მადლობას მიხდიან. პირიქით, თქვენ გიხდით დიდ მადლობას! სიმართლე გითხრათ, ვერ აღვიქვამ ჩემს გამოსვლას, რომ აქ მართლა რამე განსაკუთრებული გავაკეთე. გულწრფელად გეუბნებით, რომ კიდევ ვერ ვაანალიზებ, რა ხდება ჩემს თავს. როცა ჩემი მეგობრები მეუბნებიან, რომ, აი, ქუჩაში გიყურებდა ვიღაცა, ლექტორი გიყურებდა, ის გიყურებდა, ბოლომდე ვერ აღვიქვამ. ალბათ მე რომ არ ვარ მანდ, საქართველოში, ბოლომდე ვერ ვიაზრებ რეალობას.
რაც შეეხება მწვრთნელს: თითოეული მწვრთნელი (სრულად ახალი შემადგენლობაა), არ ყოფილა არასოდეს გერმანული „ვოისის“ ჟიურის წევრი, თუმცა ერთ-ერთი ავსტრალიის „ვოისის“ მწვრთნელი იყო. ისინი განსხვავებულები არიან თავისი ჟანრით, სტილით. არ ვიცოდი, რომელთან წავსულიყავი იმიტომ, რომ მე როკს ვმღერი ძალიან აქტიურად და როკის შემსრულებლები მანდ არიან ის ძმები, რომლებიც მე შემომიტრიალდნენ, თუმცა როცა სცენაზე გავედი, რჩევის სახით გვქონდა მიღებული, რომ აუცილებლად მოუსმინეთ იმას, ვინ რას გთავაზობთ, თუ ერთზე მეტი შემოგიტრიალდება. ამბობდნენ, რომ შეიძლება რომელიმეზე საერთოდ არ ფიქრობდე, მაგრამ ისეთი რაღაც შემოგთავაზოს თავის გუნდში, რომ მასთან წასვლა მოგინდეს.
ვფიქრობ, ჯოვანისთან ეს დუეტი იყო ძალიან გადამწყვეტი, 50/50-ზე ვიყავი, ამ დუეტის დროს კი ისეთი ჰარმონია, ემოციური კავშირი ვიგრძენი, რომ რაღაც მომენტში ადამიანურად და მუსიკალურად იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ გადავწყვიტე ჯოვანისთან დარჩენა. მით უმეტეს, როდესაც ეს სიმღერა ჩემთან ერთად შეასრულა, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. ვერც მივხვდი, რომ ჩემთან ასრულებდა სიმღერას და ძალიან გამიკვირდა, გამეხარდა, ფრთები შემესხა და ისე ჩამოვფრინდი სცენიდან. პირველ გამოსვლას თავისი ემოცია და ღელვა ახლავს. რაც არ უნდა ვთქვა, რომ არ ვნერვიულობ, მაინც ღელავ. დუეტთან ერთად იყო მისი მხარდაჭერა, სიმღერის დროს მანიშნებდა, რომ ცოტა ძლიერად მემღერა, ვფიქრობდი, მწვრთნელიც ზუსტად ასეთი იქნებოდა ჩემთვის და შესაბამისად ნამდვილად მოვხვდი იმასთან, ვისთანაც მინდოდა იმ მომენტში, თორემ მართლა არ მქონდა წინასწარ პრიორიტეტები დალაგებული, ვისთან მინდოდა და ვისთან მოვხვდებოდი. ღმერთმა იცის, რა მოხდება, როცა გადიხარ, მაშინ როცა ვერ გხედავენ. ერთ-ერთმა მწვრთნელმა იტირა და გავიგე, რომ თურმე კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას და ჩემმა ჩაცმულობამაც გავლენა იქონია. „ვოისი“ ამითაა საინტერესო პროექტი, რომ შეიძლება სიმღერის მომენტში ხმაში რაღაც ვერ დაინახონ, როცა შემოტრიალდებიან. ვუშვებდი იმასაც, რომ შეიძლებოდა საერთოდ არავინ შემოტრიალებულიყო.
_ კონკურენცია დიდი იქნება მონაწილეებს შორის. რა ეტაპზე ხარ ახლა და როგორ მიდის მუშაობის პროცესი?
_ ჯერ არ დასრულებულა ბრმა კასტინგის გადაცემები. პარასკევს იხილავთ ჩემს გამოსვლას მეორე ეტაპზე, რინგზე, სადაც ვეჯიბრებით ერთმანეთს წყვილები. კონკურენციას რაც შეეხება, აქ ძალიან ბევრი საერთაშორისო მონაწილეა, საფრანგეთიდანაც არიან, სამხრეთ ამერიკიდანაც და მოკლედ, ბევრი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ მონაწილეები. კონკურენციას ეს უფრო მეტად ზრდის, ძალიან ძლიერი კონკურსანტები არიან არჩეულები და რინგებამდე ვინც მოვიდა, გუნდების თვალსაზრისით თუ შევხედავთ, ვის უფრო მეტი შანსი აქვს, რომ გუნდის შემადგენლობით უფრო წინ წავიდეს, მართლა ვერ ვხვდები, რადგან შანსები ძალიან თანაბარია.
_ 2021 წელს ქართულ „ვოისში“ მონაწილეობდი. რა განსხვავებაა ამ კუთხით გერმანულ პროექტსა და საქართველოს შორის, გარდა იმისა, რომ გერმანული შოუბიზნესის ბაზარი დიდია და განვითარებული?
_ ვერ ვიტყვი, რომ ქართულ „ვოისში“ გერმანულზე ნაკლები კონკურენციაა, ჩვენი ერი ძალიან მუსიკალურია, გერმანულ ვოისშიც არაერთხელ ყოფილა ქართველი მონაწილე, მაგალითად, ნათია თოდუა, რომელიც ამ პროექტის გამარჯვებულია და შარშანაც ძალიან კარგი ქართველი გოგონა ჰყავდათ საქართველოდან, რომელსაც ლიზი ერქვა. თავადაც არაერთხელ აღუნიშნავთ კადრს მიღმა, რომ ქართველებს გაქვთ განსაკუთრებული ხმა და ძალიან განსხვავებული, განსაკუთრებული ენერგია მოდის თქვენგანო. მე ბევრჯერ მითხრეს და მიხაროდა.
ჩემს შემთხვევაში ქართულ „ვოისში“ როცა ვმონაწილეობდი, მაშინ ვიყავი შედარებით პატარა, 16-17 წლის. როცა ვადარებ ერთმანეთს მაშინდელ მეს და ახლანდელ მეს, უფრო თავდაჯერებული გავხდი, წლების წინათ, ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. ისე მარტივად ჩაიარა საქართველოში ბრმა კასტინგიდან ნახევარფინალამდე პერიოდმა, რომ თითქოს პეპელასავით ვიყავი და ყველაფერი კარგად იყო. არ მიფიქრია, თუ რამხელა ამბავში ვიყავი. ალბათ ასაკის ბრალია. ახლა კი გავიზარდე, ბევრი რამ მოხდა ძალიან მოკლე პერიოდში, ბევრი რამ გავიაზრე, ახლა კარგად ვიაზრებდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, ქართული „ვოისი“ იყო ძალიან კარგი ბიძგი ჩემთვის, რადგან სწორედ მაგ პერიოდში მივხვდი, რა პრიორიტეტი მქონდა, კონკრეტულად ის, რომ მუსიკა მინდოდა მესწავლა. იქამდე კი მოყვარულის დონეზე ვუყურებდი მუსიკას და ვფიქრობდი, თან პროფესია მექნება და მოყვარულის დონეზე შევხედავ სიმღერასაც-მეთქი. ქართული „ვოისის“ შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამ გზით წავსულიყავი პროფესიულადაც.
_ დარწმუნებული ვარ, გერმანიაში ძალიან ბევრი შემოთავაზება გექნება მუსიკოსებისგან, პროდიუსერებისგან. არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მანდ დარჩე და გერმანიაში განაგრძო მუსიკალური კარიერა?
_ ზოგადად რომ გითხრათ, ახლა დავიწყე სწავლა და, მინიმუმ, 3 წელი მომიწევს, რომ აქ ვიყო. პროფესია, რომელიც ავირჩიე, სამომავლოდ ძალიან პრაქტიკულია იმ თვასაზრისით, რომ შესაძლებელია ადამიანმა მრავალმხრივ სცადოს ბედი, ეს იქნება საქართველო, გერმანია თუ სხვა ქვეყანა. ეს შეიძლება არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ გერმანიის ფარგლებს გარეთაც მოხდეს. „ვოისის“ პროექტი მასშტაბურია, რამდენიმე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი და მიცნეს. ისე გამიხარდა, ლამის აქეთ ვთხოვე ფოტოს გადაღება. ქართველები ხომ არ ვართ ბევრნი სხვა ერებთან შედარებით და როცა ამხელა ქვეყანაში ვიღაც შეგამჩნევს, ჩემთვის არის მოულოდნელი და სასიამოვნო. ამ ეტაპზე, სიმართლე გითხრათ, არანაირი გეგმა არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ვისწავლო და ამ პროექტში ვთქვა ჩემი სათქმელი. მე მაინც საქართველოსკენ ვარ. ჩემი პირველი სიმღერები საქართველოში გავაჟღერე, მანდ ავიდგი ფეხი. ამიტომ აღვნიშნე, რომ ეს პროფესია მაძლევს შესაძლებლობას, ორ ან მეტ ადგილას ვიმუშაო, ვიმღერო. ვნახოთ, როგორ და რა გამოვა, ჯე ჩემს თავს ბოლომდე ვერ ვუბედავ, მუსიკოსი ვუწოდო.
_ ლიზი, რისი მომცემია მომღერლისთვის ან თუნდაც დამწყები შემსრულებლისთვის მსგავსი კონკურსები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში? გასაგებია, რომ პოპულარობას იძენ. რა ხდება მერე პროფესიული თვალსაზრისით?
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსები ძალიან დიდ სტრესთანაა დაკავშირებული, ამის გარეშე არ არსებობს არც ერთი პროექტი. რა პროექტშიც არ მიმიღია მონაწილეობა, ყველგან შემიყვარდა ის სტრესი, რაც ამ ყველაფერს თან სდევს. ნერვიულობა და ღელვა ძალიან მომწონს, შემდეგ კი, როდესაც აღარ ხარ ამ მღელვარებაში, ყოველთვის გენატრება ხოლმე. თუ დამწყები ხარ, ყოველთვის რთულია პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სტრესი და მომზადების ჩქარი ტემპი იმდენ რაღაცას აღმოგაჩენინებს საკუთარ თავში, რომ შეიძლება შენი თავის რწმენა მოგემატოს. ჯერ ჩემი თავის რწმენა ბოლომდე არ მაქვს. როცა მეუბნებიან, რა კარგად იმღერეო, მგონია, რომ ისე ვერ გავაკეთე, როგორც უნდა გამეკეთებინა. თვიკრიტიკულობა კარგია, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება საქმე გაგიფუჭოს. ყოველთვის გამოვძებნი რაღაცას, რაც არ მომწონს ჩემში. რაც შეეხება კარიერულ განვითარებას, ასეთი კონკურსებისას სიყვარული გემატება ამ საქმის. გერმანულ „ვოისს“ ხშირად ვუყურებდი და მას შემდეგ, რაც მონაწილეები ხალხმა გაიცნო, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მიეცათ მათ. ჯერჯერობით არ ვიცი, რას უნდა ველოდე ჩემს შემთხვევაში.
მნიშვნელოვანია, საავტორო მუსიკა ისეთ დონეზე შევქმნა, რომ ხალხმა მოისმინოს ჩემი მიმდინარეობა, რათა ნიშა დავიმკვიდრო. მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიდან ვწერ სიმღერებს, მაინც ვერ ვიპოვე ჩემი, ერთი კონკრეტული ჟანრი. მიყვარს როკი და ვმღერი კიდეც მას, ჩემი სიმღერები ხან ქანთრია, ხან პოპ-როკი, ხან კი სოული, ვერ ვიპოვე ერთი მიმართულება, მაგრამ ეს ძალიან მომწონს, რადგან ძიების პროცესში შეიძლება აღმოვაჩინო ის მიმართულება, რაც ნამდვილად ჩემია.