ლევან ხაბეიშვილი: „უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, გასდით და აკეთებენ!“

 

რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორც იტყვიან, წიწილები შემოდგომაზე დაითვლება. მანამდე, ა/ო „მონიტორინგის ცენტრი მედიატორის“ დამფუძნებელი, ლევან ხაბეიშვილი, ადგილობრივი თუ ცენტრალური „ოცნების“ ხელისუფლების ბოლო წლების მუშაობას აფასებს.

ლევან ხაბეიშვილი:

_ დავით ნარმანიას მერობის სამი წლისთავზე აღმოვაჩინეთ, რომ ამ უნიათო, მავნებელმა, კორუმპირებულმა მერმა 3 მილიარდი ლარი გაფლანგა. მისი მერობისას ბიუჯეტიდან სწორედ 3 მილიარდამდე ლარი დაიხარჯა.

ამ 3 მილიარდიდან 229 000 000 ლარი უშუალოდ ხელფასებში, პრემიასა და დანამატებში წავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარმანიას მენეჯმენტი 229 მილიონი დაგვიჯდა. მარტო მის ადმინისტრაციას 43 მილიონი ლარი გადავუხადეთ. ხელფასები, პრემია-დანამატები ხომ ვუხადეთ, დაზღვევის თანხასაც ჩვენ ვუხდით, ავტომობილებსაც ჩვენ ვაძლევთ, შემდეგ საწვავსაც ვუსხამთ, თუ გაფუჭდა, ვურემონტებთ, რესტორნებში ჩვენ ვუხდით, ის კი არა, ჭამა-სმა რომ ისწავლონ და ზედ არ ჩამოისხან მაისურზე, მაგის სწავლაშიც ჩვენ ვუხდით.

თავად გამაძღრები არიან და ხალხი პირდაღებული (ტყუილებისგან) შეჰყურებს კიდევ იმედის თვალით. ევროპა მოიარა ჩვენს ხარჯზე იმ ხალხმა, „გვირაბს“ აქეთ რომ არ იყვნენ ნამყოფი და რომ იკითხო, იქ რისთვის იყვნენ, თავადაც არ იციან. ისე, უბრალოდ, „იგულავეს“ და ეგ არის.

მათ ხელფასებს, პრემიებსა თუ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯს თუ დავუმატებთ, რომელიც 441 მილიონი ლარია, გამოდის, რომ 670 მილიონი „გავისროლეთ“ ბიუჯეტიდან თბილისის მერისა და მისი თაღლითების ფუფუნებისთვის. იმის მაგივრად, სისხლის სამართლის საქმეები იყოს აღძრული ამ კორუმპირებულ და მავნებელ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებზე, ყველაფერი პირიქით ხდება. ხალხი დაგვახრჩვეს და თავად ჩვენს ხარჯზე  ბედნიერად ნებივრობენ.

წარმოუდგენელი ხარჯი გაწიეს სოციალური მიმართულებით და ამ თანხამ სამ წელიწადში 600 მილიონი ლარი შეადგინა. წარმოგიდგენიათ?! 600 მილიონი ლარი დახარჯეს და რეალურად რა მოაგვარეს ამ მიმართულებით? ეს თანხა რომ სწორად დახარჯულიყო, დღეს, მინიმუმ, 2-ჯერ ნაკლები პრობლემა უნდა იყოს დედაქალაქში ამ მიმართულებით.

რეალურად კი, სურათი ბევრად მძიმეა ვიდრე ეს 3 წლის წინ იყო. კიდევ უფრო მეტ ადამიანს უჭირს, გართულდა ცხოვრება, კიდევ უფრო შეჭირვებულია მოსახლეობა. სამაგიეროდ, ჯიბეები გაისქელეს და უფასო სასადილოში ბენეფიციარის ულუფას იპარავენ.

ეს ყველაფერიც ნათელი მაგალითია, თუ როგორ დახარჯეს ამ მიმართულებით აღნიშნული 600 მილიონი ლარი.  დახარჯული კოლოსალური თანხის მიუხედავად, შედეგი არსად ჩანს. კიდევ უფრო გაღარიბებული და გაღატაკებულია ხალხი და ამაზე უფასო სასადილოებში ბენეფიციართა ცოცხალი რიგებიც მეტყველებს.

დღევანდელი მერის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პრობლემად ინფრასტრუქტურა და საგზაო მიმართულება იქცა. იცით, ამ მიმართულებით მოსახლეობის ჯიბიდან რამდენი დაიხარჯა?! ვერ გამოიცნობთ! ჯამში, მერიამ ამ მიმართულებით 368 მილიონი ლარი დახარჯა. ახლა მითხარით, მინიმუმ, 368 ქუჩა არ უნდა მოეწყო? ან, მაგალითად, ერთი ესტაკადა ამ თანხით არ აშენდებოდა? რეალურად, ამ ფულით ერთიც აშენდებოდა და  ათიც, მაგრამ სადმე რამე გაკეთებული გინახავთ?

ამ ფონზე ერთი ქუჩის დაგებას და მოწყობას წელიწადს ანდომებენ. ისანში დოესის ქუჩას ერთი წელი აგებდნენ. სამგორში გახოკიძის ქუჩას 8 თვე მოანდომეს და დღეს ფეხით ვერ გაივლით, იქაურობა ისეთი გავერანებულია. არადა, მხოლოდ ამ მონაკვეთზე კომპანიას 8 მილიონი ლარი გადაუხადეს…

დადიანის ქუჩაზე 6 თვეზე მეტი იმუშავეს, ზაჰესის ხიდს 3 წელი აშენებდნენ და, საბოლოოდ, ერთ კვირაში მისი დასაწყისი ჩამოიშალა.

368 მილიონის კი არა, 368 კაპიკის გაკეთებული არ ჩანს! სად წავიდა ეს კოლოსალური თანხები? სად და ჩინოვნიკების გასქელებულ ღიპებში და ჯიბეში! ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამისთვის მერს ფეხებით გადმოკიდებდნენ, მისი საქალაქო სამსახურის უფროსებთან და გამგებლებთან ერთად. მართალია, დამძიმებულები იქნებიან (რაც ამათ ხალხის ფული და ნერვები შეჭამეს), მაგრამ მაინც.

დედაქალაქში ეკოლოგიური კატასტროფაა. თბილისი 467 ქალაქს შორის 1-ლ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით! ეს ყველაფერი იწვევს სიკვდილიანობას სასუნთქი გზის დაავადებით და კიდევ უამრავ ჭირს. რეალურად, იმდენი მილიონია დახარჯული ამ მიმარრთულებით, რომ ეს პრობლემა ნელ-ნელა მაინც უნდა გვარდებოდეს. ნარმანიამ ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 220 მილიონი ლარი გააქრო.  მარტო გამწვანებაში 42 მილიონი ლარი დაიხარჯა,

რეალობაში კი გადამხმარია თბილისი, უამრავ ხეებს უკანონოდ ჭრიან და სკვერებში კორპუსებს აშენებენ! ადით და ნახეთ, დენდროლოგიურ პარკში მილიონები დახარჯეს, თითქოს ასიათასობით ხე დარგეს და რეალურად გადამხმარია. არ ხდება ნაძვების შეწამვლა და დააკვირდით თქვენს უბნებში, ნაძვების უმრავლესობამ ხმობა დაიწყო.

ფაქტობრივად, ბეტონის ჯუნგლებად აქციეს ქალაქი და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ. ამ დროს აღნიშნულ მილიონებს გაჭირვებული ხალხი ვიხდით.

ახლა „ნაოცნებარმა“ ხელისუფლების კანდიდატმა საუბარი დაიწყო, რომ თურმე თბილისი ღამის ქალაქი უნდა გახდეს. ძალიან კარგი, მაგრამ როცა ახალგაზრდებს სამუშაო არ აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის გარეშე არიან, ამ ღამის კლუბებში რით უნდა იარონ? „ჩუსტებით“?

ათიათასობით ახალგაზრდას სტატუსი აქვს შეჩერებული და სწავლას ვერ აგრძელებს, ამ ახალგაზრდებს რა ეღამისკლუბებათ? ან კალაძეს რა მორალური უფლება აქვს, ახალგაზრდებს პერსპექტივას დაჰპირდეს? ეს ის კახი არ არის, განათლების სამსახურის უფროსად მისი ცოლისძმა რომ დანიშნა, რომელსაც დიპლომი არ ჰქონდა? რა გამოდის, რომ განათლება საჭირო არ არის? მთავარია გავლენიანი სიძე ან ნათესავი გყავდეს! ეს ის ბიჭი არ არის, მისი ცოლის ბიძა, ცოლის დეიდაშვილი რომ დაასაქმა მერიაში?

ნეპოტიზმიო, როცა ვსაუბრობთ თბილისის მერიაზე, ყველაზე მსხვილი „ნეპოტიორი“ კალაძე და მისი სანათესავოა! უხერხულია მისგან ასეთი „დაპირებები“.

განახევრებულ ტარიფებს  რომ დაგვპირდა, იმიტომ არის, რომ ყველა წელიწადს იზრდება გადასახადები, როგორც ელექტროენერგიაზე, ისე ბუნებრივ აირზე. ან რა მაგალითის მიმცემია კალაძე? გარდაბნის გამგებლად ფეხბურთელი გაიყვანა (ჯამარაული), დღემდე გასახურებელი ოთახი რომ ჰგონია მისი კაბინეტი.

ან პარლამენტში რომ მიიყვანა კობიაშვილი და ყაველაშვილი, ვინ ნახა მათი კანონშემოქმედება?! კალაძის არჩევა და მხარდაჭერა პირდაპირ ნიშნავს, რომ მწვანე შუქს ვუნთებთ გაუნათლებლობასა და განათლების აზრს საერთოდ ვკლავთ ქვეყანაშიც და ქალაქშიც.

სხვა კი არა, მისი განთლებაც კარგად მოსაკითხია, სკოლა თუ აქვს დამთავრებული მაინც. მოკლედ, ჩემო კახი, დიდი მატყუარა ვინმე ხარ და ეჭვი მაქვს, ამას კარგად აცნობიერებენ თბილისელები. მანამდე, მინდა შეგახსენო და აგიხსნა, რომ ღამისა და დღის ცხოვრებაც ერთნაირად კარგი იქნება, როცა ეკონომიკური წინსვლა გვექნება ქვეყანაში და შენნაირი კრიმინალური მენტალობის ტიპები ჩამოშორდებიან მართვის სადავეებს.

ამასთან, მხოლოდ მერია არ არის ადგილი, სადაც ჩვენს ხარჯზე „გულაობენ“, ამას ჩვენი ბოლო კვლევებიც ცხადყოფს. მაგალითად ის, რომ 41 მილიონერს პარლამენტში 96 ავტომობილი ემსახურება ჩვენს ხარჯზე და ჯამში ამ ავტომობილების ღირებულება 5 მილიონ 400 ათას ლარზე მეტია.

წარმოგიდგენიათ, როგორი არანორმალური სიტუაციაა? ხალხი გაღარიბებული და მშიერია, ეს დეპუტატები კი ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრდნენ, რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო? მაკრახიძით დაწყებული და ოქრიაშვილით დამთავრებული. თვეში 5000 ლარამდე ანაზღაურებას ვაძლევთ იმაში, რომ მერე ბიუჯეტს მოასხდნენ და იქიდან მილიონები იშოვონ.

პარალელურად, ძვირადღირებული ავტომობილებით დავასეირნებთ საწვავის ჩასხმით და ჩვენ მშივრები შევყურებთ, როდის გამოიღებენ მოწყალების ხელს. ამას დაუმატეთ მინისტრების ბიზნესინტერესები, რომელზეც საჩივარიც შევიტანეთ. მინისტრები ერთმანეთს უფორმებენ ხელშეკრულებებს ბიუჯეტის ხარჯზე. არა, არ მოგეჩვენათ! ნამდვილად ასეა. სპორტის მინისტრის კომპანიას ბოლო 3 წელიწადში შს მინისტრებმა 30 მილიონის ხელშეკრულება გაუფორმეს. აბა, როგორია? არის თავისუფლად სუნთქვის მაგალითი?! ამაზე აუცილებელია, ხალხმა ამ არჩევნებზე მაინც გასცეს პასუხი, თორემ მე პირადად ვიფიქრებ, რომ მართლა მეტის ღირსები ვართ!

სასამართლო სისტემისთვის ცნობილმა მურუსიძემ ბიუჯეტიდან ამ თვეში 55 500 ლარად ღირებული „ჰიუნდაი ტუქსონის“ ჯიპი იყიდა! ხედავთ, ხომ თავხედობის ხარისხს? იმის მაგივრად, ეს კაცი დღეს პასუხისგებაში იყოს მიცემული, „ქართული ოცნების“ მთავარი მოსამართლეა და ჩვენს ხარჯზე კარგადაც ნებივრობს.

არადა, 2015 წელსაც იყიდა ორი ავტომობილი, „კიას“ ჯიპი და სედანი, ჯამში 100 000 ლარი გადაიხადა.

ასეა, ბატონო, უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, გასდით და აკეთებენ!

 

გიორგი მეფარიძე