ლევან ხაბეიშვილი: „უამრავი დოკუმენტი არსებობს, დაიწყოს ნარმანიას მიმართ სამართლებრივი დევნა!”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება ის პრობლემები, რომლებიც, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა თვითმმართველ ქალაქებსა და რაიონებში მოსაგვარებელია. „სამოქალაქო პლატფორმა _ ახალმა საქართველომ“  დაიწყო თბილისის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა, რომელშიც 500-მდე მოხალისეა ჩართული.

„ქრონიკა+“-ს ამ თემაზე ესაუბრება „სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი _ ლევან ხაბეიშვილი:

_ პირველ რიგში, მოხდა იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებლებს აწუხებთ.

_ აქცენტი უფრო მეტად რომელ პრობლემებზეა?

_ 1. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე აქტუალურია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რასაც ჩვენივე წევრის, თეონა ჭალიძის კვლევა ადასტურებს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში 39 000 ბენეფიციარია და დამატებით 7 000 მოქალაქე ელოდება საკუთარ რიგს უფასო სასადილოში.

ამ ციფრებში დამატებით საგანგაშო ის არის, რომ 6 ათასზე მეტი 0-6 წლამდე ბავშვია;

  1. მოუგვარებელი საცობები, რაც გამოწვეულია ავტომობილების სიმრავლით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით, გზებით, ესტაკადებით და ა. შ. აღნიშნულის გამომწვევი მიზეზია მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რის გამოც ადამიანები იძულებულები არიან, საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდნენ;
  2. რეკრეაციული ზონების განადგურება, რომელშიც იგულისხმება, ფაქტობრივად, სკვერებსა და ტროტუარებზე დაწყებული მშენებლობები; თუნდაც „მზიურის“ მაგალითი, ან სპორტის აკადემიასთან მიმდინარე მშენებლობა, „პანორამა თბილისისთვის“ გაჩეხილი ასობით ხე;
  3. ეკოლოგიური პრობლემები, _ გამონაბოლქვი, უხარისხო საწვავი.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, საქართველოსა და, განსაკუთრებით, თბილისში ამ მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა.

საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა თბილისში, რომელიც მსოფლიო ქალაქებს შორის 473-ე ადგილზეა.

წარმოიდგინეთ, 1 მილიარდი ლარი დახარჯულიყო მიზნობრივად, სწორად, გონივრულად, არა კორუფციულად, დღეს ერთ-ერთი საუკეთესოები უნდა ვიყოთ ეკოლოგიური მიმართულებით;

  1. უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით ჩვენ მიერ მოძიებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ, ყოველწლიურად, ავტოსაგზაო შემთხვევით საქართველოში 200 ქვეითი იღუპება.

მოუწესრიგებელია როგორც ე. წ. ზებრაგადასასვლელები, ასევე მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, რომელიც ასევე არ არის ადაპტირებული და დამატებით პრობლემებს უქმნის შშმ პირებს;

  1. ხელოვნურად გაზრდილი საშტატო ერთეულები, რაზედაც ასევე ჩვენი კვლევებიც მეტყველებს, რომელიც ლონდონის, ბუდაპეშტისა და პრაღის მუნიციპალიტეტებს ეხებოდა. აღნიშნულ სამ ქალაქზე ბევრად მეტი ადამიანი მუშაობს თბილისის მერიაში, რამდენად ეფექტიანად, საზოგადოებამ თავად განსაჯოს.

თამთა შამათავას მიერ მოძიებული ინფორმაციით, ფინეთის განათლების სამინისტროში, რომელშიც, ასევე, შედის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტები, ჯამურად, მუშაობს 248 ადამიანი. მაშინ, როცა საქართველოში ამ მიმართულებით სამი სამინისტროა და 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული (ამაში არ შედის ამავე სამინისტროების სსიპები და ა(ა)იპები);

  1. არაეფექტიანი სერვისები _ რაც გულისხმობს ისედაც პრობლემებით გაწამებული მოქალაქეების კიდევ უფრო გაწვალებას. ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გაგზავნას და დიფერენცირებულ თბილისელებს. ანუ ზოგიერთისთვის ხელმისაწვდომია 100 ათას ლარზე მეტი დაფინანსება ჯანდაცვის მიმართულებით, ზოგიერთი თბილისელისთვის კი 100, 200 ან 300-ლარიანი მედიკამენტიც კი ხელმიუწვდომელია;
  2. პარკირების პრობლემა _ ვგულისხმობთ ყბადაღებულ „სითი პარკის“ თემას და არასაკმარი პარკირების ადგილებს. დედაქალაქში (მაშინ, როცა 400 ათასზე მეტი ავტომობილია) პარკირებისთვის, მინიმუმ, სამჯერ მეტი ადგილია საჭირო. ამისთვის აუცილებელია ვერტიკალური პარკირების უზრუნველყოფა, რაც წარმატებით მუშაობს ევროპის წამყვან ქალაქებში;
  3. ავტოფარეხები, რომლებიც სოკოებივით მომრავლებულია დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში და ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რომ ამ სერვისით ადგილობრივი მცხოვრებლების მხოლოდ 20% სარგებლობს, დანარჩენი 80% კი ამ სიმახინჯეებს უყურებს, რის ადგილზეც, წესით, სარეკრეაციო ზონები, სკვერები, ან სპორტული მოედნები უნდა იყოს;
  4. კორუფცია და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაუმჭვირვალობა. რაც შეეხება კორუფციას, ეს დადასტურებული ფაქტია და ამას მარტო ის ათობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული თანამდებობის პირიც მოწმობს, რომელთა საქმეებიც ძალოვანმა უწყებებმა გამოიძიეს. ამ მიმართულებით კიდევ უამრავი დოკუმენტური დასტური არსებობს იმისა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც დედაქალაქის მერის, ასევე მისი მთავრობის მიმართ.

რაც შეეხება ბიუჯეტის გაუმჭვირვალობას, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ონლაინ-რეჟიმში უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, თუ რომელი მიმართულებით რამდენია მიმდინარე ბიუჯეტი ამა თუ იმ საქალაქო სამსახურის, ან თუნდაც გამგეობების. რასაც მაღალჩინოსნები პოლიტიკურად იყენებენ და გარკვეული თანხების ათვისება სწორედ საარჩევნო კვარტალში იწყება;

  1. მოუწესრიგებელი საზოგადოებივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით ძველი ავტობუსები, რომელთაც გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მეტროპოლიტენის განვითარება;
  2. დასუფთავების მიმართულებით შექმნილი პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს;
  3. ქაოსური მშენებლობები…

_ პრობლემების გადაჭრის რა გზებს სთავაზობთ ქართულ საზოგადოებას?

_ ზემოხსენებულ პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები გადაჭრის ინოვაციურ გზებზე მუშაობს, რომელსაც დედაქალაქის მთავრობას შევთავაზებთ.

ამ ეტაპზე სოციალური მიმართულებით გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომლითაც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება მოშიმშილე ადამიანების პრობლემა დედაქალაქში. ამ ინიციატივის შესახებ ვაცნობეთ დედაქალაქის მთავრობას და მათგან მზაობას ველოდებით, მთავრობის სხდომაზე მოვახდინოთ ამ თემის პრეზენტაცია და გადაჭრის გზები შევთავაზოთ.

ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პარკირებისა და მახინჯი ავტოფარეხების პრობლემების გადაჭრის გზებზე. დედაქალაქში 4-წლიანი პროგრამის ფარგლებში აღარ უნდა იყოს აღარც ერთი ავტოფარეხი და მთლიანად უნდა გადავიდეთ ვერტიკალურ და ეკოპარკინგებზე.

იგივე კერძო ბიზნესის დაინტერესებით, აბსოლუტურად უდანახარჯოდაა შესაძლებელი ვერტიკალური პარკირების მოწყობა, როგორც დედაქალაქის ცენტრში, ასევე ქალაქის სხვადასხვა უბანში.

მნიშვნელოვანია, ბიუჯეტიდან წახალისდეს ე. წ. ეკოპარკინგები, რომლის მოწყობისა და ხარჯების შესახებაც შეგვიძლია დედაქალაქის მთავრობას დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ.

თუ, რეალურად, დედაქალაქის მერი და მისი მთავრობა მოახდენს კადრების ოპტიმიზაციას, რაც გამოიწვევს, მინიუმ,  ბიუროკრატიული ხარჯის განახევრებას, ასევე უარს იტყვიან ფუფუნებაზე, კოლოსალურ პრემია-დანამატებზე და რეალურად მოტივირებულები იქნებიან ამ პრობლემების გადასაჭრელად, დედაქალაქის ბიუჯეტში ამ მიმართულებით საკმარისზე მეტი თანაა.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გადაჭრის შემთხვევაში, თავად მოქალაქეები ვიქნებით ინიციატორები იმისა, რომ მთავრობის წევრებმა მიიღონ პრემიაც, დანამატიც და უზრუნველი იყოს მათი ცხოვრებაც.

რაც შეეხება ეკოლოგიას, ამ მიმართულებით კონკრეტული ინიციატივები გვაქვს, რომელიც უნისონში მოდის ავტოფარეხების აღებასთან და ამ ადგილებში სარეკრეაციო ზონების მოწყობასთან.

ასევე, მიშვნელოვანი ინიციატივაა კორპუსის სახურავებზე მინიმალური გამწვანების მოწყობის შესახებ. ამ პრობლემაზე ვმუშაობთ საფუძვლიანად და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს თბილისში კორპუსების 20-30% აბსოლუტურად მზად არის მსგავსი პროექტის განხორციელებისთვის.

რაც შეეხება იმ კორპუსებს, რომელთაც ამის საშუალება არ გააჩნიათ ავარიულობის, ან სხვა პრობლემის გამო, ეტაპობრივად უნდა მოხდეს მათი ადაპტირება იმისთვის, რომ ამ სახურავებზე იყოს  მწვანე, მსუბუქი ზოლი, რაშიც, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ხეების დარგვას.

ჩვენმა ჯგუფმა მოიძია ის მცენარეები, რომლებიც გამოიყენება ვერტიკალური გამწვანებისას და თავიდან ავიცილებთ ყველანაირ რისკს.

საბოლოოდ, ჩვენ მივიღებთ დამატებით ჟანგბადს, კორპუსებისთვის დამატებით დასასვენებელ ფართს და ქალაქს, რომელზე გადმოხედვაც მაღალი ადგილებიდან არ შეგვეზარება.

ასევე, ეკოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ წაახალისოს მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან ძველ ავტომანქანებზე და იყიდიან ჰიბრიდულს, ან ელექტრომობილს. ჩვენი დათვლით, ამისთვის 4 წელიწადში საჭიროა 500 მილიონ ლარამდე, რაც უზრუნველყოფს დედაქალქში ავტოპარკის 40-50%-ით განახლებას.

მაშინ, როდესაც ჩვენ ამ პობლემებზე ვმუშაობთ და ვცდილობთ ვიპოვოთ გადაჭრის ეფექტიანი გზები, პარალელურად, თბილისის საკრებულო აპირებდა 12 ათას ლარად შეეძინა ფოტოაპარატი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა, რომ „სამოქალაქო პლატფორმა _ ახალმა საქართველომ“ ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა.

პარალელურად მოვიძიეთ ის ხარჯები, რომელიც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დავხარჯეთ საკრებულოს 50 დეპუტატისთვის. ჯამში, მათმა ანაზღაურებამ ამ დროში 2 მილიონ 464 ათას 298 ლარს მიაღწია. საწვავით მათი მომსახურება 550 ათას ლარზე მეტი დაგვიჯდა, მათმა სამივლინებო ხარჯმა 402 ათას 885 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება მათ წარმომადგენლობით ხარჯს, 100 ათას 422 ლარია.

ჯამურად: 27 თვეში ყველაზე დიდი ნოტარიუსთა პალატის 50-კაციანი შემადგენლობა (სხვანაირად ვერ მოვიხსენიებთ თბილისის საკრებულოს) 4 მილიონ ლარამდე დაგვიჯდა.

გიორგი მეფარიძე