ლევან ხაბეიშვილი: „ნარმანიას კორუფციულ აწმყოს კიდევ რამდენიმე ფაქტი შეემატა“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში პოლიტიკური პარტიები, როგორც წესი, კიდევ უფრო აქტიურდებიან. პლატფორმა „ახალმა საქართველომ“ ერთ-ერთი გამორჩეული კამპანია უკვე დაიწყო. პარტია სხვადასხვა დარგობრივ წრესთან არსებულ პრობლემებს განიხილავს და მათთან ერთად გადაჭრის გზებსაც სახავს. ორგანიზაცია საკუთარი კვლევებით სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის შემთხვევებს ააშკარავებს და შესაბამის ორგანოებს ამაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ბოლო კვლევების შედეგებზე „ქრონიკა+“ პარტია „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება:

_ ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დავით ნარმანიას მერობის შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს. ამ ფონზე, მის კორუფციულ-ნეპოტისტურ და მავნებლურ აწმყოს კიდევ რამდენიმე ფაქტი შეემატა. საუბარია უფასო სასადილოებში არსებულ მასშტაბურ კორუფციაზე.

კერძოდ, ჩვენი კვლევიდან, რამდენიმეთვიანი მონიტორინგიდან ირკვევა, რომ 39 250 ბენეფიციარიდან (რომელიც დედაქალაქში არის რეგისტრირებული და მათი კვებისთვის ბიუჯეტიდან 1.18-ს ვიხდით) 19 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ამ სერვისით არ სარგებლობს. ამ ფაქტს რამდენიმე მიზეზი აქვს:

პირველი ის, რომ 1.18-ად რეალური ხარისხის უზრუნველყოფა შეუძლებელია; მეორე კი წმინდა წყლის კორფციული სურვილებია.

უხარისხო საკვების მიღება მოქალაქეებს არ სურთ. მიუხედავად ამისა, რაოდენობა ხელოვნურად გაზრდილია და 19 000-ის ნაცვლად გაფორმებულია 39 000-ზე მეტი ადამიანი. ე. ი დავით ნარმანია და მისი კორუმპირებული ჩინოვნიკები ყოველდღე ბიუჯეტიდან, ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე, 23 600 ლარს იპარავენ, რაც თვეში 700 000 ლარზე მეტია, ხოლო წელიწადში _ 8 496 000 ლარს შეადგენს.

ამ კორუფციული სქემის აგებაში ჩართული არიან თბილისის მერი და მისი მთავრობის წევრები, უფრო კონკრეტულად, რაიონის გამგებლები და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.

კვლევის დასრულებისა და გასაჯაროების შემდეგ „ახალი საქართველოს“ წევრები პროკურატურის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციის უფროსსა და მთავარ გამომძიებელს შევხვდით. მათ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სქემის შესახებ, რომლის საშუალებითაც უკვე რამდენიმე წელია, მილიონობით ლარის ბიუჯეტი და ასევე სოციალურად დაუცველები ზარალობენ.

უფასო სასადილოებში გაყალბებულია ხელმოწერები, რომელიც, თითქოსდა, ბენეფიციარების მისვლას და საკვებით უზრუნველყოფას ადასტურებს, ამას ნებისმიერი ექსპერტიზა დაამტკიცებს.

ასევე ხელშეკრულების დადებისას, ფაქტობრივად, კომპანიებს შეუსრულებელი ვალდებულებები აქვთ აღებული.

მაგალითად, ლეონიძეზე არსებულ უფასო სასადილოში, სადაც 850 ბენიფიციარია, ერთ-ერთი შემოწმებისას მომსახურე პერსონალმა გვითხრა, რომ 850 მოქალაქე 3 საათში გაისტუმრეს. არ დაგვავიწყდეს, რომ საკვების გასაცემად ერთი „ფანჯარა“ ფუნქციონირებს. მათი მტკიცებით, 10-დან 20 წამამდე დროში უზრუნველყოფენ საკვების აწონას, დახარისხებას, შემდეგ ქილებში მოთავსებას და ბენეფიციარების გასტუმრებას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი არგუმენტები რამდენიმე დღეში გაიზიარა პროკურატურამ და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახლა მთავარია, საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და რეალურად დაისაჯონ ის ჩინოვნიკები, რომლებიც ამ კორუფციულ სქემაში მონაწილეობენ.

ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ხელისუფლებას აიძულებს, უზრუნველყოს სამართლიანობა და, მინიმუმ, შევაჩეროთ მილიონობით ლარის ფლანგვა და მიტაცება ბიუჯეტდან.

ასევე უფასო სასადილოების გარდა, კიდევ ერთ მასშტაბურ კორუფციაზე გავაკეთეთ განცხადება, რომელიც თბილისის მეტროს ვაგონების შეკეთებას და მოდერნიზაციას ეხება. უკანასკნელ პერიოდში დედაქალაქის მერიამ 7 500 000 ლარის და 3 100 000 ლარის ხელშეკრულება გაუფომა კომპანია სს „ელექტროვაგონშემკეთებელს“, რომელმაც გარკვეული სამუშაოების ვალდებულება აიღო.

ჩვენ ხელთ ვიგდეთ ეხცელ-ის ფაილები, რომელზეც რეალური ფასთაწარმოება არის ნაჩვენები. შესაბამისად, ამ ხელშეკრულებებით დავინტერესდით და სპეციალისტებთან ერთად დავიწყეთ საქმის შესაწავლა.

როგორც რამდენიმეთვიანმა კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ამ ორი ხელშეკრულებიდან ბიუჯეტმა 5 000 000 ლარზე მეტი იზარალა. ამ შემთხვევაშიც საქმის გამოძიება ძალიან იოლია და პროკურატურას შეუძლია, მარტივად ამოიღოს ამავე კომპანიის მიერ სომხეთში მიღებული ტენდერი, სადაც ნაჩვენებია ფასთაწარმოება, რომელიც თბილისის მერიისთვის შეთავაზებულ ფასზე რამდენჯერმე ნაკლებია.

ასევე ხელშეკრულების ამოღების შემთხვევაში და ფასების გადამოწმებისას იოლი გახდება მარტივი ჭეშმარიტების დადგენა.

ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ვაგონების შეკეთებისას და მოდერნიზაციისას ხელშეკრულებაში ნაჩვენები მოქმედებები არ ტარდება. ასევე ვითხოვთ მიღება-ჩაბარების აქტების ამოღებას, შეკეთებული ვაგონების ექსპერტიზას იმ ნაწილში, რა ნაწილშიც, თითქოსდა, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უზრუნველყო.

ის, რომ დავით ნარმანია და მისი გუნდი თავიდან ფეხებამდე კორუფციაშია ჩაფლული, ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. ჩვენ მიერ 2 კვირაში აღმოჩენილი მილიონობით ლარის ზიანს, რამაც ჯამში, 13 000 000 მილიონ ლარს გადააჭარბა, დაემატა ფარცხალაძისთვის გადაცემული მიწები, რომელთა ღირებულება, მინიმუმ, 2-ჯერ აღემატება იმას, რა ვალდებულებაც შეიძლება დედაქალაქის ბიუჯეტს ჰქონოდა.

ასევე ახალი არაფერია იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურისგან მოსამართლე ნაზღაიძის და მისი ოჯახის მფლობელობაში გადაცმული მილიონობით ლარის ქონების გამოძიებას ითხოვენ.

ზემოთ საუბარი გვქონდა მხოლოდ უკანასკნელ კვირებში გამოვლენილ კორუფციულ ფაქტებზე, რის შემდეგადაც, ალბათ, უკვე შუშის სასახლის მბრძანებელი ვერ გარისკავს ნარმანიას მერობის კანდიდატად წამოყენებას. თუმცა ამავე პერიოდში შემოგვაპარეს, რომ  შესაძლოა, ნარმანია მთავარ აუდიტად მოგვევლინოს, რაც იგივეა, ცხვრის ფარა მგელს მიაბარო.

ამ ფონზე, პოლიტიკური პარტია „ახალი საქართველო“ აქტიურად აპირებს ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონსულტაციები დედაქალაქის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საკითხი პარტიული აქტივის მაღალი ჩართულობით და გამჭვირვალობით გადაწყდება.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აღარ ვაპირებთ დროის კარგვას უაზრო მოლაპარაკებებით პარტიებთან, რომლბსაც გამჭვირვალობის, ღიაობისა და პრინციპულობის აღქმა არ გააჩნიათ. ჩვენი გენერალური ხაზი 25-წლიანი პოლიტიკური კლასის შეცვლა იქნება.

ბიძინა ივანიშვილის კომფორტის ზონა არის იქ, სადაც იწყება დღევანდელი ე. წ. ოპოზიცია, _ ბოკერიები, გაბაშვილები, თარგამაძეები და თუნდაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კარზე ვაჭრობით არის დაკავებული.

 

გიორგი მეფარიძე