ლევან ტატურაშვილი: „ჩვენს ხელისუფლებას გახრწნილი, გაბოროტებული და ღმერთის გზას აცდენილი ეკლესია აწყობს, რადგან მსგავსი სისტემები მარტივად სამართავია“

თამუნა მჭედლიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 375-ე დადგენილებით, 15 მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს.

„დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის _ „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება“ _ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 0000.00 ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით“, _ ვკითხულობთ განკარგულებაში.

დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვ.

საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარით ფინანსდება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაფინანსების გამოყოფა წლევანდელ ბიუჯეტში შარშან ჩაიდო. როგორც ის განმარტავს, საჭირო გახდა, რომ გამოყოფილი 30 მილიონი კიდევ 5 მილიონით გაზრდილიყო, რათა „საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები სათანადოდ განხორციელდეს“.

ხელისუფლებისგან საქართველოს საპატრიარქოს 60 მლნ ლარით დაფინანსება საარჩევნო წელს საეჭვოდ „დაემთხვა“.

რას ხმარდება რეალურად ათეულობით მილიონი ლარი? რატომ არ აქვს სასულიერო სემინარიას ბიბლიოთეკა? რას ნიშნავს ერთ ლარად გადაცემული მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწები, ძვირადღირებული მანქანები და რელიგიური ღონისძიებების სამსახურისთვის გამოყოფილი 22 მლნ ლარი? რა რეალობას ასახვს მექსიკის გზით ამერიკაში გაქცეული მშიერი მღვდლები და მოსამართლეების კეთილსინდისიერების „გაზომვა“ ამბიონიდან? _ ამ პრობლემური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება თეოლოგი ლევან ტატურაშვილი:

_ ბატონო ლევან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 19 მარტს განაცხადა, რომ გასულ წელს მთავრობამ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების მხარდასაჭერად 30 მილიონი ლარი გამოყო, რომელიც მოგვიანებით 5 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი განკარგულება საპატრიარქოსთვის 35 მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე მთავრობამ 15 მარტს გამოსცა. გარდა ამ თანხისა, საპარტრიარქო 25 მილიონი ლარის ყოველწლიურ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შედეგად, საპატრიარქოს მთლიანი დაფინანსება 2024 წელს 60 მილიონ ლარს შეადგენს. ეს დამთხვევაა თუ „ოცნებს“ მიზანმიმართული ქრთამი საპატრიარქოსთვის საარჩევნოდ?

_ სამწუხაროდ, საქართველოს არ ჰყავს მთავრობა და მმართველები. უფრო დამანგრევლები ჰყავს, ისევე, როგორც საეკლესიო ინსტიტუტს. ფაქტობრივად, ორივე ამ მეტად მნიშვნელოვან საეკლესიო და საერო ინსტიტუტს ჰყავს მმართველობა, რომელიც ფიქრობს არა ქვეყნის ან ეკლესიის გაჯანსაღებასა და კეთილდღეობაზე, არამედ გამდიდრებასა და განუზომელ ფუფუნებაზე. მათი მთავარი საფიქრალ-საზრუნავი არის ის, თუ როგორ გაათეთრონ ბნელი საქმეებით მოპოვებული შავი ფული. მათი მმართველობის პერიოდი დაუოკებლად უნდათ გამოიყენონ საკუთარი კეთილდღეობისთვის. რამდენიც არ უნდა ისაუბროს ხელისუფლებამ და მასთან, ასე ვთქვათ, უკანონო ქორწინებაში შესულმა ეკლესიამ იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი არ უკავშირდება არჩევნებს, არ უკავშირდება ეკლესიის ინსტიტუტის მოსყიდვას, ფაქტია, ვხედავთ იმას, რომ ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება არჩევნების წინა პერიოდს და ეკლესიის სიწმინდის შებღალვის ფასად ერთი მხარე ყიდულობს მხარდაჭერას, მეორე კი ყიდის ღირსებას.

მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი ე. წ. ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრქ ილია მეორის მმართველობის თითქმის ნახევარსაუკუნოვან დროში, პირველია, ვინც ხელისუფლებაში ეკლესიამ მოიყვანა. შეიძლება თქვან, რომ ეს ასე არაა, მაგრამ  ეს რეალობაა. ჩვენ გვახსოვს, ვართ იმ ასაკში და ჩართული ვიყავით იმ პროცესში, რაც ხდებაოდა 2012 წელს. ვიხილეთ, თუ როგორ შეიტანა ლომის წვლილი ეკლესიამ, საპატრიარქომ, სინოდმა და სინოდს დაქვემდებარებულმა მთელმა იერარქიამ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლების ხელისუფლებაში მოსაყვანად და როგორ გაისტუმრა ის ხელისუფლება სანაგვეზე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ეკლესიაში ამჟამინდელ მმართველთა გათავხედებაში. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ბევრი კრიზისი აქვს დღევანდელ ეკლესიას, მაგრამ განსაკუთრებულად იმ თემით, რომლითაც „ქრონიკა+“ ხართ დაინტერესებული, დიდ მადლობას გიხდით ამისთვის, ესაა ყველა უბედურების თავი და მას ფინანსური გახრწნა ქვია. პრესა თავს არიდებს ასეთ საკითხებს, ფინანსურს ვგულისხმობ, რომელსაც დიდი ისტორია აქვს ეკლესიაში თავისი სირთულით და რომელიც მშობელია და შობს იმ უღმერთობას, უმსგავსობას, იმ ისტორიულ საშინელებებს, რაც ჩვენს ეკლესიაში ბოლო რამდენიმე ათწლეულების მანძილზე განსაკუთრებით მკვეთრად მიმდინარეობს. ეს ეხება ყველა იმ მორწმუნეს, ვისაც ადარდებს ეკლესია, ვისაც აწუხებს, უყვარს ეკლესია და სწამს ღმერთი და ვინც თავისი ბუნებითა და აღმსარებლობით განუყოფელი ნაწილია წმინდა ეკლესიისა, მთელი მისი უფლებებითა და მოვალეობებით. ეკლესია, მაგალითად, საბჭოთა პერიოდში, განსხვავებული იყო. დღეს კი ვხედავთ, როგორი ამბიციურია, როგორი მოთხოვნები აქვს, რამდენი ათასობით წერილის ავტორია ესა თუ ის მღვდელი და ეპისკოპოსი ან საპატრიარქოს ადმინისტრაცია, სხვადასხვა მოთხოვნით, რომ მათ გადაეცეს მიწები, დაწესებულებები, ინვენტარი, სამშენებლო მასალები და ა. შ. მათი მადა არ ჰგავს ქრისტიანის მადას. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ რამე აქვთ ამ იდეურად წარმართებს ქრისტიანულ უბრალოებასა და უქონელობასთან საერთო? გაოცდებით, მათი მოთხოვნები რომ ნახოთ. საქართველო ჩაიღობეს, ფაქტობრივად. შედარება რომ გავაკეთოთ ძველი ეპოქისა და დღევანდელობისა, ცა და დედამიწაა. მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ეკლესია წერილის დაწერასაც კი არიდებდა თავს  ისტორიული ეკლესია-მონასტრების უკან დაბრუნების თაობაზე, როცა ეკლესიებში ზოგში აბანო იყო, ზოგშიც რესტორანი და ზოგშიც _ კინოთეატრი, ბიბლიოთეკა ან დენის გამანაწილებელი სადგური. იმ დროს საკუთარის დაბრუნებისთვის წერილის დაწერის შიში და კომპლექსი ჰქონდათ მათ… მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით მაგალითები იმისა, რომ როდესაც ვიღაცას სამღვდელო კურთხევა უნდა, ეპისკოპოსი მას ეუბნება: _ წადი, მოიძიე მიწა, ააშენე ეკლესია და გაკურთხებ მღვდლად! არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგარამ მრევლისთვის უფრო მარტივი გასაგები იქნება _ ფულის დაზგები, „ბუტკები“ შენდება. არ მინდა, ასე უხეში ფორმით მოვიხსენიო ეკლესია, მაგრამ როდესაც ამ მიზეზით შენდება ეკლესია, _ აი, იქ ვიღაცას უნდა, რომ თავისი ფულის საშოვნი არეალი შექმნას და ეკლესიაც ვიღაც კრიმინალს ააშენებინებს ტაძარს, დიახ, კრიმინალს, რადგან დღეს სხვა სიტყვას ვიყენებთ _ ბიზნესმენს… მაგრამ რა ბიზნესმენებიც გვყავს  და რა მასას და ჯგუფებსაც აქვთ ფული, კარგად ვიცით ტანჯულმა ერმა…

_ დარწმუნებული ვარ, მართალი მღვდლები და მართალი ეპისკოპოსებიც გვყვანან, ბატონო ლევან…

_ დაგეთანხმებით, რომ არიან მართალი მღვდლებიც, რომლებიც არიან დაშინებული მღვდლები, პირდაპირ მინდა ვთქვა. არიან მართალი ეპისკოპოსებიც. არ ვარ რადიკალი, ჩემი, ლევან ტატურაშვილის სურვილი ის არის, რომ ეკლესია იყოს ჯანმრთელი და ეკლესია იყოს ეკლესიური, ეკლესია იყოს ქრისტიანული, ამიტომ თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენთან კომუნიკაცია არ აქვთ მღვდლებს ან მღვდელმთავრებს?! რა თქმა უნდა, აქვთ და მაქვს მათი სრული მხარდაჭერა, ისე როგორც არსებობს მხარე, რომელიც ეკლესიის მტრად მაღიარებს, მაგრამ წმ. მამათა სწავლებას გავიხსენებ, რომელიც აქ უნდა დაიწეროს. სამი სახის უღმერთობა არსებობს, სამი სახის ათეიზმი: პირველი ეს არის, როდესაც ადამიანი ათეისტია; მეორე არის ერესი, რომელიც ჭეშმარიტების სწავლებას დამახინჯებულად გადასცემს; და მესამე, როდესაც ეკლესიაში უღმერთობა მიმდინარეობს და საეკლესიო გაგებით, მსოფლმხედველობით მიდის ყოველგვარი ბოროტმოქმედება და უმსგავსობა  რაზედაც ე. წ. პატიოსანი საზოგადოება დუმს. დღევანდელ ეკლესიაში, უნდა ითქვას, რომ ეს მესამე ფორმა, ე. წ. მდუმარე, პატიოსანი მღვდლები და მღვდელმთავრები არიან აი, ამ მესამე ფორმის უღმერთობაში და ისინი იგუდებიან. ამას სიყვარულით ვეუბნები მათ და ჩემი თუ არ სჯერათ, ჩაიხედონ მამათა სწავლებაში და როგორმე გაბედონ და საკუთარი კომფორტიდან გამოვიდნენ. მათი კომფორტი არც თუ ისე კომფორტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც მათ მმართველებს აქვთ ყოველდღიურობაში. ეს მათთვის უბრალოდ აუხდენელია. მმართველებში ვგულისხმობ მათ მღვდელ-წინამძღვრებს, ეპარქიაში მმართველ მღვდელმთავრებს და ა. შ. მაგალითისთვის შევეხოთ, როგორი იყო 70-80-იან წლებში ფინანასური საკითხები და შემდეგ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში ეკლესია ფინანსური კუთხით იბეგრებოდა. ეკლესიის ფინანსები, აბსოლუტური დიდი შემოსავლები, მიდიოდა ე. წ. სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ უამრავი დოკუმენტისა და წყაროს მტკიცებულებით, რომლებიც არქივში ინახება, ეს თანხები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტში არ მიდიოდა. დღევანდელი „ქართული ოცნების“ კორუფციული სახე ეს არის ხატი, სახე საბჭოთა კორუფციისა. მდაბიო კორუფციის ეს სახე, რაც ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს, ამაზე უფრო აკადემიური სახე ჰქონდა და უფრო ადეკვატური იყო კორუფცია კომუნისტების დროს და ის თანხები, რაც ვითომ ბიუჯეტში შედიოდა, სინამდვილეში კორუმპირებული რელიგიის რწმუნებულების ჯიბეებში ჩადიოდა… მაგალითად, შალუტაშვილის, ონოფრიშვილის და ა. შ. ამ ბეგარით შეწუხებულ და შეშინებულ იერარქებში კი მასობრივად ხდებოდა ფულის გადამალვა და „მღვდელმთავრები“, „ეპისკოპოსები“ „მშივრები“ რომ არ დარჩენილიყვნენ და შემოსავლების გარეშე არ აღმოჩენილიყვნენ, ცდილობდნენ, სახელმწიფოს გვერდის ავლით ეშოვათ და გადაემალათ შემოსავლები. ასეთი ხუმრობაც კი არსებობს, _ მღვდელს რომ მღვდელი შეხვდებოდა ძველად, ერთმანეთს ასე ლოცავდნენ: _ ღმერთმა გიმრავლოს წესის ასაგები მკვდარიო…

_ დღეს სამღვდელოება, მთლიანად საპატრიარქო, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბეგარისგან…

_ როდესაც ცეკას მდივნად შევარდნაძე მოდის, იწყება გარკვეული დათმბობა ურთიერთობების და ეს იწვევს ფინანსურ დამოუკიდებლობას თითქოს. ამას ეტაპობრივად მოჰყვა ჩამორთმეული ეკლესიებისა და სხვადასხვა დაწესებულების დაბრუნება. ამყოველივეს შეკეთება-აღსადგენად და მოქმედებაში მოსაყვანად დიდი თანხები იყო საჭირო, აქ დიდი ფულის საშოვარი პირობებიც იქმნებოდა და ნელ-ნელა პირველმა იერარქებმა იწყეს ოჯახების ჩართვა ამ საქმეში. ამის საუკეთესო მაგალითი გახლდათ თავად ეკლესიის თავი, უწმინდესი პატრიარქი. მან არც და დაიშურა, არც ძმა, აღეჭურვა ისინი განუზომელი ძალაუფლებით ეკლესიის ფინანსებში ჩარევისა და გაკონტროლების კუთხით. ღმერთმა აცხონოს ერთი და აცოცხლოს მეორე, მაგრამ ისე მიაკაკუნეს სიკდვილის კარს, არცერთი დაღლილა ეკლესიისა და მღვდელთა ძარცვით. განსაკუთრებით დამეთანხმება დიდუბის ტაძრის სამღვდელოება, რომელთა წამება პატრიარქის დის მიერ დღემდე გრძელდება. საერთოდ მინდა გითხრათ, მღვდელი ან მღვდელმთავარი თვალს ადგამს ისეთ ობიექტს ან საშემოსავლო წყაროს და მასში დებს ფულს, საიდანაც ზუსტად იცის, რომ მის ტრაპეზს ხიზილალა ფერის მიხედვით ექნება. იერარქია შეიძლება იყოს, ბოდიში და, უვიცი, მაგრამ ფული როგორ იშოვოს ან სად დააბანდოს მუქთად მიღებული მილიონები, ეს ზუსტად იცის. ალბათ ფინანსისტზე უკეთაც კი. ზოგადად, ფინანსური გათვლა ან ფინანსური ზრუნვა საეკლესიო სისტემისთვის ცოდვა არ არის, მაგრამ აქ არსებობს ზღვარი! ეს უნდა იყოს არა განდიდებისა და გამდიდრებისთვის, არამედ საარსებო ფინანსური საჭიროებისთვის, რაც ეკლესიას უნდა ჰქონდეს. ასევე იმისთვის, რომ ეკლესიას ჰქონდეს ძალა, ქველმოქმედებით რომ დაკავდეს. მაგრამ როდესაც დღევანდელ იერარქიას ვუსმენთ, ეპისკოპატი ხაზგასმით გვიმტკიცებს, რომ ეკლესიის ვალდებულება ქველმოქმედება არ არისო. ეს აბსურდია _ ეკლესიურობაში, რელიგიურობაში გაუცნობიერებელი, გაურკვეველი საზოგადოების მოტყუებაა. ე. ი. ქველმოქმედება ვიღაცის საქმეა და ქრისტიანობის მქადაგებლის საქმე  არ არის?! სახარებაში პირდაპირ წერია, რომ ადამიანის დაპურება, ადამიანის გვერდით დგომა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი სათნოებათაგანი

2020 წელს, როდესაც მესამეჯერ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენი ე. წ. მთავრობა, დაიწყო ზრუნვა, რომ 2024 წლისთვის მეოთხედ მოსულიყო ისევ ხელისუფლებაში. ყველა შეამჩნევს, რომ მაგალითად, ხიდის შესაკეთებლად 8 თვე თუ არის საჭირო, რამდენიმე წელი კეთდება, ხელოვნურად წელავენ დროს იმისთვის, რომ მაინცდამაინც საარჩევნო წელს დასრულდეს და გაკეთდეს ესა თუ ის ადრე წამოწყებული პროექტი. სწორედ საარჩევნო წელს იხსნება ხოლმე ობიექტები და მატულობს ხელფასები, სისტემების დაფინანსებები… ერთ-ერთია ამათგან ეკლესიის დაფინანსებაც, რადგან ეკლესია არის ძლიერი, მრავლრიცხოვანი ინსტიტუტი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია თქვას პოლიტიკურად თეთრზე, რომ არის შავი და პოლიტიკურად შავზე, რომ ის  თეთრია! და ასე ტყუილით მოაგებინოს კონკრეტულ ძალას, როგორც 2012 წელს. ეკლესია უკვე რამდენიმე ათეული წელია, ქრისტიანობის ქადაგებითა და თავისი ბუნებითი მოვალეობებით არ არის დაკავებული. რა არის ბუნებითი მოვალეობა? ერთგულად და ღირსეულად მსახურება, ქრისტეს სიტყვის გადაცემა, ანუ ქადაგება! ჩვენ ვუყურებთ მღვდელმთავრებს, რომლებიც გამოდიან ამბიონებზე დღესასწაულებზე… და მინდა შეგახსენოთ, ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობის ქადაგება, ის შენდობის დღეს გამოდის და საუბრობს, მოსამართლეები უნდა გადამოწმდნენ თუ არა კეთილსინდიერების კუთხით, როგორი უნდა იყოს ფინანსური კუთხით სახელმწიფო, როგორი უნდა იყოს სასამართლო სისტემა. ის მღვდელმთავარია, ქრისტეს ეპისკოპოსია, შენდობის საღამოა! ის არ საუბრობს სინანულზე, მარხვაზე, აღსარებაზე, მარხვის დანიშნულებაზე, ლოცვის, ასე ვთქვათ, არსზე მორწმუნის ცხოვრებაში და ლოცვის როლზე ადამიანის სულიერებაში. ის საუბრობს სასამართლოს სისტემაზე, ევროპაზე, ამერიკაზე, რაშიც და საერთოდ ვერ ერკვევა. მაგალითად, ის ვერც საუნივერსიტეტო საქმეებშიც ერკვევოდა, მაგრამ სერგო ვარდოსანიძის მიერ აყვავებულ, აშენებულ, აღორძინებულ უნივერსიტეტში დაუმსახურებლად იძულებულს ხდიან პროფესორს, რომ დატოვოს უნივერსიტეტი, რომლის აღორძინებაში ლომის წვლილი გასწია და იქ ყოვლის გამგებლად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც კალაშნიკოვის დაშლისა და აწყობის იქით არაფერი გაეგება.

_ რას მოხმარდება 60 მლნ. ლარი, ბატონო ლევან, საპატრიარქოსთან არსებული სასწავლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების გარდა? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და თუნდაც გელათის რესტავრაციისა და გადარჩენის შესახებ, ჯერჯერობით, საპატრიარქო არ საუბრობს… რატომ არ მონაწილეობს გელათის გადარჩენაში?

_ კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც, ფაქტობრივად,  ისტორიულად და ყოველდღიური  ხაზით პირდაპირ კავშირშია საქართველოს სამოციქულო ეკლესიასთან, იმიტომ რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის აბსოლუტური უმრავლესობა სივრცეა ჩვენი ეკლესია-მონასტრებისა, დავინახეთ არაერთგზის, რომ საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციას, ცენტრალურ ინსტიტუტს, დიდად არ ადარდებს. ვხედავთ, რამდენი წელია, გელათი ირეცხება პირდაპირი მნიშვნელობით, მიშვებულია მასზე წვიმა. იმის გამო, რომ სახელმწიფოსთან არ გააფუჭოს ეკლესიამ კომუნიკაცია, რომელიც გარკვეულწილად შეწყვეტს იმ მიწების, ჭალებისა თუ ობიექტების გადაცემას ერთ ლარად მათთვის და მილიონების გადაცემას, რაც ყოველი არჩევნების წინ ეზრდებათ რაოდენობაში დაფინანსების სახით, რატომღაც, ხმას არიღებს. ნუთუ, ეს არ არის ამ კულტურული მემკვიდრეობის ღალატი და გაწირვა საპატრიარქოს მხრიდან?  მაგრამ როცა რომელიმე კონკრეტული ძეგლის საკითხი წინასაარჩევნი სკანდალისთვის სჭირდება ხელისუფლებას, მაშინ ერთ ხმაში გაჰკივის ეს ორი ინსტიტუტი. ამისი დიდებული მაგალითია გარეჯის სკანდალი. როგორ შეიძლება დაიჯეროს ვინმემ, რომ ეს არ არის მოსყიდვა? რა თქმა უნდა, ეს არის მოსყიდვა ეკლესიისა და ეკლესია ძალიან ლმობიერ მორჩილებაშია ამ მოსყიდვებთან. ეს არის უკვე ორმხრივი უფლის გმობა და შებილწვა ეკლესიისა: ერთი ცდილობს ეკლესიის მოსყიდვას, ეს ერთი მხარეა უღმერთობისა, მაგრამ როცა  ეკლესია შედის მასთან ჰარმონიულ კომუნიკაციაში და თანხმობაში და აფორმებს ორმხრივად, უკვე ეკლესია შედის ღვთისმგმობ მოქმედებაში. ახლაც ეს დავინახეთ ამ დაფინანსებების ზრდით. რთულია ისაუბრო ეკლესიაზე, რომ ის დარდობს ისტორიულ ძეგლებზე ან ახალაშენებულ ეკლესია-მონასტრებზე. ეკლესია, რომელიც არც კი აკონტროლებს, რა შენდება, როგორი სახის არის ის ახალი აშენებული მონასტერები, რამდენად კანონიკის დაცვით შენდება და რამდენად ხარისხიანია… იცით, რომ სამების ლავრა ორი ათეული წელია მოქმედია და დაუსრულებელია ჯერ კიდევ… ამავე ლავრაში ვიხილეთ უზარმაზარი თანხის _ 8-მილიონიანი ოქროს ხატი, შემოწირული უთვალავი ოქროთი, ძარცვა ხატებიდან და შემდეგ ამის გადასაფარად ხელოვნურად გაჩენილი ცეცხლი. ტაძრში არსებული ახალგაზრდული ცენტრიც კი გადაწვეს, ესენი ვის დაინდობენ? შემდეგ რამდენიმე მილიონი ხანძრის ზარალის აღსადგენად გამოიყო და ისიც კი მოიპარეს. რისთვის სჭირდება მორწმუნეს რვამილიონიანი ხატი? მე ხატებს არ ვებრძვი, დიდება ყოველივე სიწმინდეს, რაც ეკლესიას აქვს, მაგრამ ვსვამ კითხვას: რა საჭირო იყო ოქროს ჩამოსხმა ხატების სახით, როდესაც იგივე ეკლესია-მონასტერი გვაქვს დაუსრულებელი? დაუსრულებელია მისი მოხატვაც… პირადად მე მინახავს ბევრი სიყალბე, მაგრამ სასწავლებლებზე ზრუნვით გამოყოფილი ეს ათობით მილიონი ლარი არის სიყალბეთა სიყალბე! განსაკუთრებული სიმძაფრის სიყალბე! პირადად გახლდით წლების მანძილზე სასულიერო აკადემიის სტუდენტი. იქიდან ადამიანი გამოდის ზოგადად ორი  ტრავმით: ერთი არის გონებრივი, მეორე კი _ ხერხემლის ტრავმა. საბედნიეროდ, მე გონებრივი ტრავმით არ გამოვსულვარ, მაგრამ ხერხემლის ტრავმა ნამდვილად გამომყვა და რატომ: საბჭოთა დროინდელი მერხები და სკამები აქვთ სემინარიაში! არ გააჩნიათ ბიბლიოთეკა! ელემენტარულად ინვენტარს ვერ ცვლიან, ვერსად მსოფლიო ჩამონათვალში ჩვენს სასულიერო აკადემიის რეიტინგს ვერ იპოვით… უცხოეთში განათლება მიღებული სტუდენტები აქ დაბლოკილები არიან, რადგან ისინი არ შემოიტანენ პრორუსულ იდეებს, არ შემოიტანენ აქ  ფუნდამენტალურ სიგიჟეებს, იმიტომ, რომ ისინი აქ ისაუბრებენ რეალურ ქრისტიანობაზე და არა რუსულ ზღაპრებზე, ამით კი დაჩრდილავენ ამ საბჭოთა ბობოლებს, ვინც ჰყავთ იქ დაწინაურებულ ბრძენკაცად გამოცხადებული. დღეს ძალიან კრიზისულია ჩვენი სემინარია, აკადემია. რადიკალიზმის ჭაობი დღითი დღე ფარავს ყველაფერს. სასწავლებელი, რომელიც უბრალოდ რადიკალების თავშესაფარია, აი, ეს გვიჯდება საქართველოს ათობით მილიონი ლარი!

_ სამაგიეროდ, მათ ოჯახებს აქვს დიდძალი უძრავი ქონება, შავი ჯიპები, ფუფუნება, პრივილეგიები და ხელშეუხებლობა! მათ დეკლარაციის სავალდებულო შევსებაც არ ეხებათ, რამდენადაც ვიცი…

_ მინდა აღვნიშნო, რომ იმდენად მტკივნეულ საკითხებს ეხებით და ისეთს, რომელიც ეკლესიას აწუხებს და ისტორიულ ზიანს აყენებს ეს თქვენი თითოეული შეკითხვა, ვეცდები, შეძლებისდაგვარად ყველაფერზე გიპასუხოთ. სანამ ჯიპებზე გიპასუხებთ და დეკლარაციებზე, მაგალითად, დეკანი კეკელია, მახსოვს, ჩვენთან შემოდის აუდიტორიაში და სიხარულით გვაუწყებს სემინარიის სტუდენტებს, რომ მისმა ლიტურგიამ, ანუ წირვამ, რომელიც სავედრებელი სახით აღასრულა, მოწონება დაიმსახურა და ვაკეში გადმოცემულ შენობას მე-9 საავადმყოფოს სახით, სადაც უნდა გადასულიყო ჩვენი სასწავლებელი სემინარია-აკადემია, შემოსწირეს 5 მილიონი. სხვათა შორის, ეს ის შენობა გახლავთ, ყოველ სექტემბერს რომ „გადავდივართ“…

სამწუხაროდ, სწორედ ეს შენობა განსაკუთრებული ობიექტი გახდა ფულის გათეთრებისა და მიტაცების. როგორც უკვე ზემოთ ითქვა 5 მლნ. დოლარი თუ ლარი, არ ვიცი ზუსტად, შემოწირა ერთმა პიროვნებამ ამ შენობის გასარემონტებლად. ერთი თეთრიც კი არ მოხმარებია ამ საქმეს! ეს არ არის პირველი ხუთი მილიონი, რომელიც მიტაცებულია… საქმეც არ აღძრულა! დღემდე შენობა არის გაურემონტებელი და დღემდე ყოფილი ციხის შენობაში სწავლობენ სტუდენტები სემინარია-აკადემიაში. მინდა გითხრათ, რომ ის პირადაპირი მნიშვნელობით ციხეა იმ მიდგომებითა და მმართველობით, რაც იქ დღეს ხდება ხელმძღვანელი პირების მხრიდან. მიმდინარეობს გოშია პირების დაწინაურება, ხოლო პროფესიონალი ლექტორატის _ ჩაწერა, დევნა-შევიწროება და სამსახურებიდან გაყრა.

დეკლარაციებს რაც შეეხება, თუ სხვა ქვეყნებში მაღალი საეკლესიო იერარქიების წარმომადგენლები და მმართველები კანონით ვალდებულები გახლავთ, რომ ყოველწლიური ქონებრივი დეკლარაცია შეავსონ, ჩვენი, ქართული ეკლესია არის გამონაკლისი ამ კუთხით. ჩვენი მღვდელმთავრები არიან უკონტროლო მდგომარეობაში. ამით ისინი, ფაქტია, სარგებლობენ და, ასე ვთქვათ, სარგებლობენ უტიფრად და უსაზღვროდ. დიახ, ისინი არ არიან ვალდებულნი, რომ შეავსონ ქონებრივი დეკლარაცია, რაც ეკლესიაში იწვევს განუზომელი სახის კორუფციას და მაფიას. სწორედ ამ მიშვებულობით გახდა პოპულარული გზა გამდიდრებისა და კრიმინალურად მოპოვებული ფულის გათეთრებისა ჩვენი საეკლესიო სივრცე. ჩვენ ვერ ვნახავთ ეპისკოპოსს წმინდა სინოდში, რომელიც ავსებს დეკლარაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკლესიაში ეპისკოპოსები ისე გათავხედნენ, ქორწინდებიან კიდეც და ეს არ არის ერთეული შემთხვევა… ნაწილობრივ ხუმრობითაც მინდა ვთქვა, საკმაოდ ძვირი გვიჯდება ეს ქორწილები, იმედია, ამაშიც მთავრობა შეგვეხიდება.

აქვე გეტყვით, რომ ბათუმის ეპარქიას 8 მილიონი მიაქვს იქაური სასაწავლებლისა და უპატრონო ბავშვთა სახლისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ლარია საჭირო ბავშვთა სახლისთვის ან იმ გიმნაზიისთვის… არ არის გაწერილი ოფიციალურად თანხები… თუმცა გვესმის და ვხედავთ, რომ ძვირი ჯდება იქაური ეპარქიის ცხოვრება. ჩემთან ამაზე სხვადასხვა ეპიკოპოსსაც უსაუბრია. სამწუხაროდ, მხოლოდ ბათუმი არ არის გამონაკლისი… არ ფიქსირდება არსად, რა თანხებით მოგზაურობენ ჩვენი მღვდელმთავრები, როგორ იძენენ ასეთ ძვირადღირებულ სახლებს, რატომ და როგორ იცვლიან ძვირადღირებულ მანქანებს მღვდელმთავრები და აუცილებლად მიმდინარე წლის გამოშვება რატომ უნდა იყოს? რამდენ ლარს იხდიან ეპისკოპოსები სამოსში, რომელსაც უცხოეთში უკვეთენ? არ ვიცით, რა ჯდება ოფიციალური შეხვედრები და ტრაპეზები. ახლა ვიგებთ, რომ შეუქმნიათ „რელიგიური ღონისძიებების სამსახური“, რისთვისაც 22 მლნ. ლარი გამოყვეს… ჯაღმაიძის ტენდერებზე ყველამ იცის უკვე და ა. შ.

_ ეკლესიაში არსებულ სიმდიდრეებსა და ფუფუნებაზე საუბრობთ, ბატონო ლევან, ამავდროულად, მღვდლებმა კაბები გაიხადეს, მექსიკის საზღვრის გავლით ამერიკას თავშესაფარს სთხოვენ და „ბარდებიან“… პარადოქსია… რატომ გარბიან მღვდლები საპატრიარქოდან?

_ ეკლესიაში ფინანსები კანონიერად რომ ნაწილდებოდეს, ეს ფული 30 მღვდლიდან მხოლოდ 5-ზე რომ არ იყოფოდეს და 25 მშიერი არ რჩებოდეს, ფინანსური გამჭვირვალობა რომ იყოს იმ უდიდეს კორუფციაზე, რაც ეკლესიაშია, სახელმწიფოს მხრიდან მწვანე რომ არ იყოს ანთებული და კონტროლდებოდეს, გარკვეული სავალდებულო დეკლარაციები რომ არსებობდეს მღვდლებისთვის და მღვდელმთავრებისთვის, ქვეყნის პირველი იერარქიის ოჯახისთვის, შიოლაშვილების დაუნაყრებელი დინასტიისთვის, რომელიც განსაკუთრებულად კორუმპირებულია, ფინანსური კუთხით მაინც რომ იყოს გამჭვირვალობა და წესრიგი, ჩვენი დამშეული მღვდლები, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად გადადიან მექსიკის საზღვრზე და ბარდებიან ამერიკას იმის გამო, რომ ოჯახები გამოკვებონ და გადაარჩინონ, ჩვენ ამ ისტორიული სამარცხვინო ფაქტის წინაშე აღარ აღმოვჩნდებოდით… კიდევ ერთხელ ვიმეორებ: განუზომელი მიწები და თანხები, რაც ეკლესიის ხელში გადადის, ზოგადად, ეკლესიას არ ხმარდება. ხმარდება ეკლესიაში დამდიდრებულ გარკვეულ კრიმინალებს, რომლებსაც უგროვდებათ საშვილთაშვილო დონის ფინანსური სიძლიერე.

ასევე არ დაგვავიწყდეს, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც უკავშირდება ციანიდის სკანდალი, ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც უკავშირდება კრებსების სკანდალი, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც ერთი ხელით ეფერება ეკლესიას, განსაკუთრებით არჩევნების წინ, ხოლო მეორე ხელით გამანადგურებელ ისტორიულ დარტყმებს აყენებს და ყველა იმ უღმერთობას მიზანმიმართულად აპურებს, ასაზრდოებს ეკლესიაში, რაც დღეს გვაქვს სახეზე! როგორც ჩანს, ჩვენს ხელისუფლებას გახრწნილი, გაბოროტებული და ღმერთის გზას აცდენილი ეკლესია აწყობს, რადგან მსგავსი სისტემები მარტივად სამართავია.