ლევან იზორიას კომფორტის ზონა

ცენტრალურ ვაკეში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მუდმივად გადატვირთული მოძრაობაა და მანქანების ნაკადი არასდროს წყდება. ეს ის ტერიტორიაა, რომელზეც ამბობენ, რომ თუ ამ უბანში ცხოვრობ, ე. ი. შენი საშუალო შემოსავალი საცხოვრებელ მინიმუმზე ბევრად მაღალი და, საერთოდაც, გამართულია (ან იყო და შენ შემორჩი იქაურობას), მაგრამ ამ საუბარს რომ თავი დავანებოთ, პირდაპირ საქმეზე უნდა გადავიდეთ…

საქმე კი შემდეგია:

პარასკევს, შუადღის 15:00 საათზე, ხსენებულ ჭავჭავაძის ქუჩას მივუყვები. დანიშნულების ადგილი ნაფარეულის ქუჩაა, სადაც დღევანდელი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას კომფორტის ზონაა განთავსებული. უკვე ვხვდები, რომ რამდენიმე თანამდებობის პირის საცხოვრებელი ზონის კვალობაზე იზორია ყველაზე მარტივად მისაგნებ ადგილას დასახლებულა და მეც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ხელმარცხნივ, შედარებით მაღლა ვაგრძელებ გზას (თან გულში ვფიქრობ, რატომ ჰქვია ამ ადგილს ვაკე, როცა უფრო და უფრო მაღლა გიწევს ასვლა და, ამასთან ერთად, ტემპერატურის მაჩვენებელიც დაბლა ეცემა).

ხსენებული ცენტრალური ჭავჭავაძის ქუჩის პარალელურად ფალიაშვილის ქუჩას შეხვდებით, მისი გადაკვეთისას კი  ნაფარეულის ქუჩაზე აღმოჩნდებით და იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის მინისტრის კომფორტის ზონას ეძებთ, ძალიან მაღლა ასვლაც არ დაგჭირდებათ, რადგან ნაფარეულის ქუჩის დაწყებისთანავე, არცთუ ისე მაღალი შენობებიდან, „ვაკური“ ბუტიკებიდან მომზირალი მანეკენებით და სილამაზის სალონებით დატვირთულ თბილისურ ქუჩაზე არაფრით გამორჩეულ ერთ შვიდსართულიან ბინას მიადგებით. ერთი ისაა, რომ შეამჩნევთ, მთლად ძველი აშენებულიც არ უნდა იყოს და მისი ფასადის შუა ნაწილებიდან გამობურცული ნახევარწრიული მიშენებიდან გამომდინარე, იფიქრებთ, რომ ბინის პატრონს კარგად „უწვალია“, რომ ცოტათი მეტი კომფორტი შეექმნა თავისთვის, ვიდრე ამ ნახევარწრის გარეშე ექნებოდა.

არცთუ ისე მაღალი ხე, რომლის ტოტების სიმაღლეც მინისტრის სახლს ვერ სწვდება, სეზონის შესაბამისად ფოთლებგაცვენილი და ნახევრად კირით შეთეთრებულია.

მთავარი შესასვლელი კოდირებულია და ისე ვერ შეხვალ, თუ კონკრეტული კოდი არ იცი, მე კი მიმართლებს, როგორც წინა შემთხვევებში და კარიც ღია მხვდება.

ყვითელ და ნახევრად შემინულ კარს, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ ადრე რაღაც პოსტერები იყო გაკრული და უკვე ჩამოხიეს, სადარბაზოში შეყავხარ, სადაც უდავოდ მოწესრიგებული გარემოა და აღმოჩნდა, რომ სადარბაზოს მეორე გასასვლელიც აქვს უკანა მხრიდან, რომელსაც საპირისპირო მხარეს გაჰყავხარ. ამ ადგილის დათვალიერების შემდეგ კი ჯერი გადადის კონკრეტული ოჯახების მონახულებსა და მინისტრზე უშუალო ინფორმაციის მოპოვებაზე.

პირველ სართულზე პლასტმასის ყუთისგან გაკეთებულ, ქვითრების მოსათავსებელ, გადაჭრილ კონტეინერს ვხედავ და ქვითრებს ვათვალიერებ იმ იმედით, რომ აღმოვაჩენ, რამდენს ხარჯავს მინისტრი კომუნალურ გადასახადებში, მაგრამ თავდაცვის მინისტრი ან ძალიან წინდახედული აღმოჩნდა და არ ტოვებს თავის ქვითრებს ამ ყუთში, ჯერ არ მიუღია იგი, ანდა პირდაპირ სახლში მიიღო და გადაიხადა კიდეც. მოკლედ, როგორც უნდა იყოს, საბოლოოდ, ვერ ვპოულობ ვერც მის და ვერც მისი მეუღლის გვარს აქ მოთავსებული ქვითრების სიაში და უკვე კიბეებს მაღლა მივუყვები, ლიფტთან წარწერას ვაწყდები, სადაც პატარა დაფაზე, შავი ფლომასტრით (მარკერი) და ორი ძახილისნიშნით (სამით უნდა იყოს, _ ნ. ტ.) დიდად აწერია, რომ კორპუსში:

გ ა დ ა ს ა ხ დ ე ლ ი ა !!

ლიფტის მომსახურების

ივლის-აგვისტო-სექტემბერი _ 18 ლარი

დენი _ 5 ლარი                              სულ _ 23 ლარი.

 

თავად ლიფტი კი შესანიშნავ მდგომარეობაშია და საკმაოდ ახალიც.

უკვე პირველ კარზე ვაკაკუნებ, თან ვამჩნევ, რომ ერთგვარი სტერეოტიპული წარმოდგენა, მსგავს ადგილებში კარგი ფინანსური შემოსავლების მქონე ადამიანების ცხოვრებასთან დაკავშირებით, ჯერერობით, მართლდება. ეს დასკვნა კი იმ კარისა და მოპირკეთებული შესასვლელების დაკვირვებიდან გამომაქვს, რასაც ერთი მეზობლიდან მეორეზე გადასვლისას ვაწყდები (შეიძლება, ვცდები, ვარაუდია მხოლოდ).

ვაკაკუნებ წითელ კართან, კარი მალევე იღება და შუახანს გადაცილებული, ქერა ქალი გამოდის. ვესალმები და ვუხსნი:

_ გამარჯობა, გაზეთ „ქრონიკა+“-დან ვარ, ლევან იზორიაზე მაქვს ორიოდე კითხვა, მინისტრზე.

_ იზორია, მინისტრი.

_ დიახ, გქონიათ რაიმე შეხება? იცნობთ?

_ მეშვიდე სართული, _ მეუბნება რუსული აქცენტით.

_ გასაგებია, მადლობა ინფორმაციისთვის და თქვენ უშუალო შეხება გქონიათ მასთან? იცნობთ?

_ კი, ჩვენ რომ ამ ბინას ვაშენებდით, მაშინ ვხვდებოდით ხოლმე და ძალიან კარგი პიროვნებაა, ძალიან კონტაქტურია და ყველასთან კარგად არის, ნამდვილად მინისტრს არ ჰგავს, ჩვეულებრივია, თავმდაბალი, ყველას ელაპარაკება, ესალმება, იკითხავს და ძალიან უშუალოა.

_ ძალიან კარგი, _ ვეუბნები და ისიც კარს იხურავს, მე კიბეზე ასვლას ვაგრძელებ.

_ ლიფტით ადით, _ მთავაზობს ქალბატონი.

_ არა, ფეხით მირჩევნია, _ ვეუბნები და თან იმაზე ვფიქრობ, რომ დავალიანების მიუხედავად, მაინც ამუშავებენ ამ ლიფტს.

შემდეგ სართულზე განთავსებული სამი ბინიდან კარებს არ მიღებენ. მეც მესამე სართულზე ვინაცვლებ და თან ვფიქრობ, როგორი განსხვავებულია ამ მეზობლების კარის სტრუქტურა და რამდენად კარგად ექნებათ საცხოვრებელი ბინა მოწესრიგებული. ამასობაში შემდეგ კარს მივადექი და აქ უკვე ურდულიც ჰქონიათ, მეც ამ ურდულზე დავიწყე კაკუნი, თუმცა რამდენიმე ცდის მიუხედავად, იგი უშედგო აღმოჩნდა, ამიტომ ზარზე გადავედი, აქაც არავინ გამოიხედა. მივხვდი, რომ სხვა კარისკენ უნდა წამოვსულიყავი და გადავინაცვლე კიდეც.

აქ უკვე ყავისფერ კართან მიკაკუნებისას შიგნიდან ბიჭის ხმა მოისმა:

_ ვინაა?

_ ჟურნალისტი ვარ, ერთი-ორი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

მცირე პაუზის შემდეგ კი მესმის:

_ მშობლები სახლში არ არიან, ვერ გაგიღებთ.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვუთხარი და შემდეგ სართულზე გადავინაცვლე.

აქ უკვე იმ ბავშვზე ვფიქრობდი, მშობლების არყოფნის გამო რომ კარს არავის უღებს. ნუთუ, ასეთი რამ დღესაც ხდება-მეთქი, მაგრამ ამ ფიქრებიდან მორიგმა კარის მოხაზულობამ და ფერმა გამომიყვანა. ვაკაკუნე, ზარი დავრეკე (საკმაოდ უცნაური ხმა ჰქონდა, ტელეფონის ზარს ჰგავდა), თან ვფიქრობდი, შემთხვევით მინისტრის კარს არ მივადგე-მეთქი, მაგრამ ჯერ ბოლო სართულზე არ ვიყავი და ამის საფრთხეც არ იყო. აქაც არავინ გააღო.

ლიფტის კართან გარეთ, ყველა სართულზე, 5-იანი ანათებდა. ეტყობა, მეხუთე სართულზე იყო გაჩერებული, თან ამ „41-იანი კაცის“ სადარბაზოში რომ ლიფტიდან 5-იანი ანათებდა, ცოტა „უხერხულად“ მეჩვენა, მაგრამ მთავარი ახლა მეზობლების აზრის გაგება და არა ჩემი ფიქრების „გადმოღვრა“ იყო და, შესაბამისად, შემდეგ სართულზე მორიგ კარს მივადექი.

ვაკაკუნე, კარი გამიღეს. ავუხსენი, ვინც ვიყავი და რაც მინდოდა.

_ ლევან იზორია ცხოვრობს ხომ აქ, როგორც ვიცი.

_ კი, აქ ცხოვრობს.

_ თქვენ უშუალო შეხება გაქვთ? როგორი პიროვნებაა, მაინტერესებს, როგორც მეზობელი.

_ ლევანი?

_ დიახ.

_ ძალიან ახლოს არ ვიცნობ, ისე, ზოგადად, კარგი პიროვნებაა.

_ შეხვედრიხართ ოდესმე?

_ კი, როგორ არა, კი.

_ გესალმებათ ხოლმე? როგორია ურთიერთობაში?

_ აუცილებლად, გვესალმება. სახლშიც ვიყავი მასთან, იურისტი ვარ თვითონაც და ძალიან მომეწონა მასთან სახლში, რადგან საუკეთესო იურიდიული ლიტერატურა აქვს.

(აქ ვიფიქრე, რომ ამდენი ხნის მანძილზე კარგი ლიტერატურაც შეუგროვებია, თავის დროზე, ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი გერმანიაში, გოტინგენში, გეორგ-აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაზე, ამავე უნივერსიტეტში დოქტორანტურა დამთავრებულ მინისტრს-მეთქი.)

_ მართლა? _ ვკითხე და თან ძალიან გამიხარდა, რომ გულწრფელად აღიარა მინისტრის მეზობელმა, იურიდიული ლიტერატურით რომ მოიხიბლა იზორიას სახლში.

_ კი, კი, _ მითხრა და უფრო დეტალურად მიმასწავლა ადგილი, სადაც მთავარი ობიექტის კარს მივადგებოდი, _ ეს მეხუთე სართულია და აქედან მეორე სართულზე მარჯვენა კარიაო.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის, _ მითხრა და წამოვედი.

შემდეგ უკვე მე-6 სართულზე გადავინაცვლე. აქ პირველივე მცხოვრებმა გამომხედა თეთრი კარიდან. ახალგაზრდა გოგო იყო, ხალათში გახვეული.

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ გაზეთ „ქრონიკა+“-დან.

_ მოდით, _ მეუბნება.

_ არა, არა, სულ ორიოდე კითხვა მაქვს, თუ შეიძლება.

_ გარეთ ცივა და მოდი, შემოდი დერეფანში მაინც, არ მოგერიდოს.

_ არა, გმადლობთ (ისევ უარზე დავდექი და ცოცხალი თავით გარეთ გაყინვა ვამჯობინე), მაინტერესებს, ლევან იზორიას თუ იცნობთ?

_ კი, როგორ არა, როგორც მეზობელი.

_ გესალმებათ, მოგიკითხავთ ხოლმე? როგორია ურთიერთობაში?

_ ძალიან უბრალოა და სულ მოგვიკითხავს ხოლმე.

_ ხშირად ხედავთ?

_ თვითონ არა, არც ისე ხშირად, მაგრამ ცოლს ვიცნობ და ისიც ძალიან უბრალოა და ურთიერთობაში _ კარგი.

_ დიდი მადლობა.

_ არაფრის, _ მითხრა და კარი მიიხურა.

ამავე სართულზე მეორე მეზობელთან გადავინაცვლე, რომელმაც კარი არ გააღო. ვიფიქრე, რომ სახლში არ იყვნენ და მესამე ბინასაც მივადექი. აქ კართან ის მოწყობილობა ჰქონდათ მიმაგრებული, რომლითაც შეგიძლია, გარედან დაელაპარაკო შიგნით მცხოვრებს, კარის გაღების გარეშე.

მეც ამ მოწყობილობას მივაჭირე და შედეგმაც არ დააყოვნა, ზარის დარეკვა და ძაღლის ყეფის ხმა ერთი იყო, ხმა კიდევ ისეთი ჰქონდა ამ „ფინიას“, რომ ვიცოდი, კარი დახურული იყო, მაგრამ მაინც ელვის სისწრაფით მოვქუსლე ბოლო სართულისკენ. როცა გავაანალიზე, რომ ყეფა შეწყვიტა, ქვემოთ ჩამოვედი და დაველოდე, იქნებ, კარი გაეღოთ (თან გულში ვიმეორებდი: კარგი „ცუგა“ ხარ, კარგი-მეთქი).

კარიც გაიღო. შუახნის ქალი შედგა კარებში გრძელი კაბით და პირველი, რაც ვუთხარი:

_ გამარჯობა, უკაცრავად, ძაღლი ხომ არ გამოვა?

_ არა.

(არადა რომ ვაანალიზებდი, ჩემსა და იმ უზარმაზარ ძაღლს შორის მხოლოდ ამ ქალის სიფრიფანა კაბა იდგა, ლამის გული მიმდიოდა, თუმცა მედგრად ვიდექი და ვეკითხებოდი ყველაფერს, რაც მაინტერესებდა).

_ ჟურნალისტი ვარ, ბატონ ლევანზე მაინტერესებს ორიოდ სიტყვით, როგორც მეზობელზე (ჩანაწერს რომ მოვუსმინე, საოცარი სისწრაფით წარმომითქვამს ეს სიტყვები, ქალმა როგორ გაიგო, ეგ გამიკვირდა).

_ არაჩვეულებრივი მეზობელია.

_ ხვდებით ხოლმე? იცნობთ?

_ დიახ, დიახ. კარგის მეტს ვერაფერს გეტყვით.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვუთხარი და ზემოთ ამოვუყევი კიბეს (ერთი სული მქონდა, კარს როდის დახურავდა, ამოვისუნთქე. ჰოდა, გზაც მაღლა გავაგრძელე, უკვე ლევანის სართულზე).

კიბეებზე ასვლისას ზედიზედ ერთმანეთის თავზე დამაგრებული კამერა შევნიშნე, რომელიც ქვემოთა სართულებზე არ ყოფილა და ეტყობა, სპეციალურად მინისტრის სართულისკენ მიმავალ გზაზე დაამაგრეს.

უკვე ლევან იზორიას საცხოვრებელ სართულზე ვიყავი, რომ აქაც მესამე კამერა შევნიშნე. კარის მეზობლებთან დაკაკუნება და ამბების კითხვა აღარ გავრისკე, თავდაცვის მინისტრის კარს ფოტო გადავუღე, იქიდან გამომავალი ხმაური გავიგე, ხალიჩა გავუსწორე და წამოვედი.

გეგმაში ბინის გვერდით მდებარე დაწესებულებებში შესვლა და ამბის მოკითხვა მქონდა. ქვემოთ ლიფტით ისევ არ ჩამოვსულვარ, ესეც იმ იმედით, რომ გზად რამე საინტერესო შემხვდებოდა. ძაღლი სადაც ცხოვრობდა, იმ კარს ფრთხილად ჩავუარე, ხმა არ ამოუღია, უკან დაბრუნებისას კიდევ ერთი კარი შევნიშნე, სპილოსძვლისფერი იყო და დასაწყისსა და ბოლოში შავი ზოლი მიჰყვებოდა _ ამ კარის უკან მდებარე ბინის მფლობელ „ტიპთან“ შედარებით მინისტრი ბევრად თავმდაბალი აღმოჩნდა (კარით თუ ვიმსჯელებთ).

პირველ სართულზე ჩამოვედი, ქვითრები ხელახლა დავათვალიერე, თუმცა კვლავ უშედეგოდ, სადარბაზოს უკანა კარი კვლავ ღია იყო, ქარს მწვანე პოლიეთილენის ცელოფანი ჰქონდა შემოტანილი. გარეთ გამოვედი და გვერდით მდებარე სილამაზის სალონში შევედი.

აქაც გავაცანი ჩემი თავი და ვუთხარი, რომ ლევან იზორიაზე მაინტერესებდა რაღაცები, _ თუ იცნობდნენ და რაიმე შეხება თუ ჰქონიათ (მინისტრის თმების გადამკიდე, ხომ არ ვკითხავდი, თქვენთან თმას ხომ არ იჭრის-მეთქი?). ლამაზად გამოწყობილმა და ნამდვილად მეგობრულად განწყობილმა იქ მომუშავე ადამიანებმა შესვლისთანავე გამიღიმეს და მკითხეს, რით შეეძლოთ დახმარება.

_ გამარჯობა, ლევან იზორიას თუ იცნობთ?

_ კი, თავდაცვის მინისტრი, ხომ? _ თითქმის ერთდროულად მიპასუხეს ქერა და შავგრემანმა ქალბატონებმა და ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა.

_ დიახ, თუ ხედავთ ხოლმე? ხშირად დადის ამ ქუჩაზე?

_ ნახვით კი ვხედავთ, მაგრამ არც ისე ხშირად და შეხებაც ნაკლებად გვაქვს, აქ არ შემოდის.

_ კარგი, გმადლობთ, _ ვუთხარი და წამოვედი.

მთავარი ინფორმაცია მქონდა, ვიცოდი, სად და როგორ გარემოში ცხოვრობდა გერმანიაში განათლება მიღებული დოქტორი და უკვე თავდაცვის მინისტრი. ვიცოდი, რომ მეზობლები დადებითად ახასიათებდნენ და ის, რომ მისი კომფორტის ზონა ცენტრალურ ვაკეში მდებარეობდა. მისი სახლის წინ კი ქართული ეკონომიკის მსგავსად „აყვავებული“ ხე იდგა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ხელახლა „აყვავდება“ ზუსტად ისე, როგორც ხსენებული ეკონომიკა.

 

ნინო ტაბაღუა