ლევან ალაფიშვილი: „რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და პოლიტიკოსები 2020 წელს ასამოქმედებელ საარჩევნო სისტემაზე საუბრობენ!

შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. წინა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები პირველი იყო, როცა საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეებმა პირდაპირი წესით აირჩიეს 12-ვე ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი. მანამდე პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისის მერს ირჩევდნენ.

მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში მან ახალი და ძლიერი პოლიტიკური აქტორების გამოჩენა ისურვა:

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა, გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და ამ საკითხებში თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას ვუჭერ მხარს. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი“, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მედიის წინაშე წარდგა და რამდენიმეთვიანი ტაიმაუტის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. ის დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, ერთობლივად შექმნან ახალი ცენტრისტული პარტია, რომელიც ახლებური ხედვებითა და მიდგომებით ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში. პარტია, რომელსაც ჯერ არც სახელი აქვს და არც გუნდი ჰყავს, ფორმირების პროცესშივე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ გუნდს საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს: „მე ვაცხადებ სადამფუძნებლო პრინციპებს, რომ ეს იქნება ცენტრისტული და არა რომელიმე უკიდურეს ფლანგზე. ეს იქნება ქვეყნის ტრადიციების, პოზიტიური ტრადიციების, სახელმწიფოებრივი ტრადიციების მისხალ-მისხალ აღმოჩენისა და შეკრების პარტია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი საფუძველი სახელმწიფოს წინ წაყვანისთვის. ეს პარტია ახლიდან არ დაიწყებს სახელმწიფოებრივ წელთაღრიცხვას, ეს პარტია არ დაანგრევს იმას, რაც სხვამ გააკეთა. ჩვენი კრედო იქნება: რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით და რაც ცუდია, ვცვლით. ეს არ იქნება ახალი საქართველო, ნულიდან დაწყებული საქართველო“, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

როგორ მიმდინარეობს მზადება მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის? უნდა ელოდოს თუ არა ამომრჩეველი ახალი პოლიტიკური პარტიების საარჩევნოდ აღმოცენებას? რა შანსები ექნება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული ცენტრისტული პარტიის შექმნას?

 

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორს _ ლევან ალაფიშვილს:

_ საკმაოდ პარადოქსულ დროებაში გვიწევს ცხოვრება იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, აბსოლუტურად ყველა, მსჯელობს და ძირითადი აქცენტი გადატანილი აქვს იმ არჩევნებსა და საარჩევნო სისტემაზე, რომელიც 2020 წლიდან უნდა ამოქმედდეს. მხოლოდ ამაზე მსჯელობენ და არა ადგილობრივ არჩევნებზე, როგორი სისტემით ჩატარდება. ეს უკვე, გარკვეულწილად, იმის ინდიკატორია, როგორი აქტოვობა შეიძლება ვიხილოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას და რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ადგილობრივი არჩევნები. თუ ჩავთვლით ასეთად ტელევიზიით გასულ „ევროპული საქართველოს“ კლიპებს, მხოლოდ და მხოლოდ, ეს არის, დანარჩენი _ მსგავსი არაფერი.

_ ამ მხრივ ხელისუფლება როგორ იქცევა?

_ რაც შეეხება ხელისუფლების ქცევას, მმართველ პარტიას, ჩემი აზრით, მან მისთვის მომგებიანი თემა აირჩია _ კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარი და თემები, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, სხვა ყველაფერი, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხელსაყრელ გარემოს შექმნის მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, _ შეიძლება, აქტივობა იმაზე დაბალი იყოს, ვიდრე სხვა შემთხვევაში სასურველი, ან შესაძლებელი ყოფილიყო. ამ პირობებში მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართავს და თვითმმართველობების აბსოლუტურ უმრავლესობას მართავს და პროცესებს წარმართავს, ბუნებრივია, მიზნის მიღწევა მეტად გაუიოლდება და ნაკლები რესურსით იქნება შესაძლებელი, კვლავ მოიპოვოს ის უპირატესობა, ის ტოტალური კონტროლი ყველა მუნიციპალიტეტზე, როგორც საკრებულოზე, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, გამგებელი იქნება ეს თუ მერი და, შესაბამისად, ასე უზრუნველყოს და განიმტკიცოს ძალაუფლება მთელ ვერტიკალზე _ თვითმმართველობა, ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნები და პარლამენტი, ეს ნიშნავს ტოტალურ კონცენტრაციას ერთი პარტიის ხელში მმართველობის ყველა დონეზე, რაც დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცებისთვის კარგი ნამდვილი არ არის. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამ მიმართებით არ აქტიურობენ, ერთი აღვნიშნე ე. წ. საიმიჯო კლიპები და მეორე _ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ამ კონტექსტში და ის ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა წამოაყენა.

_ დავით უსუფაშვილს ჯერ არც პარტია აქვს ჩამოყალიბებული და არც გუნდი ჰყავს შეკრებილი. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ფორმირების პროცესი მაისის ბოლოს დასრულდება. ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ ფონზე თქვენ როგორ შეაფასებთ უსუფაშვილის შანსებს?

_ ეს ძალიან საინტერესო სიახლეა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არა მხოლოდ ბოლო წლების, არამედ, მთლიანად. ჩვენ ასეთი გამოცდილება გვაქვს: რამდენიმე ადამიანი, რიცხოვნობას არ აქვს მნიშვნელობა, აცხადებდა, რომ ჩვენ შევქმენით პარტია, მერე მიდიოდა ხალხთან და აცხადებდა, მოდით, თუ გინდათ, შემოგვიერთდით. დავით უსუფაშვილმა კი თქვა, _ არა, ჩვენ არ ვქმნით პარტიას, ერთად შევქმნათ პარტია, ყოველგვარი პოლიტიკური მავალდებულებელი კავშირის გარეშე გავერთიანდეთ, გავიდეთ არჩევნებზე და შემდგომ გავერთიანდეთ პოლიტიკურ პარტიად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, ჩემი აზრით, ამავე დროს, ძალიან საინტერესო, რადგან ცენტრიდან, ზემოდან შექმნილი პარტიები საქართველოში არასოდეს ამართლებს, პოლიტიკური ინფრასტრუქტურა და პოლიტიკური პარტიების სიმრავლე ზუსტად ამის დასტურია, ორ ასეულს გადასცდა პარტიების რიცხვი და ყოველ მეოთხე ადამიანს საქართველოში საკუთარი პარტია აქვს და ფორმალურად პარტიაშია გაწევრიანებული. რეალურად, ეს პარტიები ვერც ქმნიან პოლიტიკურ ამინდს და განწყობას საზოგადოებაში, გარდა ამისა, ვერ ასრულებენ უმთავრეს ფუნქციას _ იყვნენ გამტარნი საზოგადოების განწყობასა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს იქნება საპარლამენტო ასპარეზზე თუ ავტონომიური რესპუბლიკის ასპარეზზე. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძლიერი პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, სანამ პარტიული სისტემა ისეთია, როგორიც ჩვენთან, ბუნებრივია, ძლიერ დემოკრატიულ სისტემაზე გართულდება. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოდ ჟღერს დავით უსუფაშვილის განაცხადი, ვიმეორებ: მან კი არ შექმნა პარტია თავის თანამოაზრეებთან ერთად და გვითხრა, _ მხარი დაგვიჭირეთო, არამედ საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდა. ეს სიახლე ძალიან კარგი იქნება, თუკი პოლიტიკურ სპექტრს დააფიქრებს და ერთადერთ პრეცედენტად კი არა, პრაქტიკად დამკვიდრდება და რეალური პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბდება. ეს თვისობრივად შეცვლის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას.

_ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებაზე იყო საუბარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ რა პოზიცია გაქვთ?

_ ეს იყო ძალიან უგუნური იდეა, ოღონდ ვისი, ვერ გეტყვით, დამაზიანებელი თვითონ მმართველი პოლიტიკური ძალისთვის და დააზიანა კიდეც, ეს შედეგები მიიღეს. შეგახსენებთ აქტივობებს თვითმმართველობების მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონში, ეს იყო კახეთი, გურია თუ სხვა, ხელმოწერებიც კი შეგროვდა, მცხეთაში საკრებულოს წევრებიც კი გამოვიდნენ ამის წინააღმდეგ და რეალურად განწყობა შექმნეს, რომ ეს არ იყო სასურველი იდეა მმართველი პოლიტიკური ძალისთვის. მეტიც, სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში იმის მოთხოვნაც კი გაისმა, _ ჩვენც გვინდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მიღებაო. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი იყო და ამ პროცესმა მათ ჭკუა ასწავლა.

_ შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ინიციატივის გაჟღერება ჯერ კბილის მოსინჯვა იყო?

_ ეს არ იყო მხოლოდ კბილის მოსინჯვა, ვფიქრობ, მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ზრახვების აღორძინებაზე ზრუნვა იყო, რომ კონტროლი გაეიოლებინათ, იგივე პოლიტიკურ პროცესებზე. მაგალითად, 7-ით ნაკლებ ქალაქში დასჭირდებოდათ ნაკლები მერობის კანდიდატი, ნაკლები საკრებულოს წევრობის კანდიდატები, მათთვის სასურველს უფრო ადვილად შეარჩევდნენ და გაიყვანდნენ, მით უმეტეს, ეს ყველაფერი უფრო საინტერესოდ წარმოჩინდება, თუკი გავიხსენებთ წინაპირობებს, თვითმმართველობების კონტექსტში ვსაუბრობ და მხედველობაში მაქვს ის ფაქტები, როდესაც იმჟამად მმართველ პოლიტიკურ კოალიციაში მყოფმა პოლიტიკურმა ძალებმა გაახმოვანეს, თუ ცალკეულმა პოლიტიკოსებმა: ალასანიას გუნდმა, რესპუბლიკელებმა და „ეროვნულმა ფორუმმა“. ბოლოს ამაზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც გააკეთა, ყველას შინაარსი ერთი და იგივე იყო, _ სუს-ი ერევა იქ, სადაც მისი საქმე არ არის. ბოლოს უკვე უფრო კონკრეტული რამ ითქვა, _ სუს-ი ადგენდა სიებს და, პრაქტიკულად, მან დააკომპლექტა თვითმმართველობებიო. ამ კონტექსტში ჯდება ეს ყველაფერი. თვითმმართველი ქალაქები რაც ნაკლები იქნება, რაც ნაკლები აქტივობები იქნება, შესაბამისად, მეტია მათთვის სასურველი კანდიდატურის გაყვანის საკითხი და ა. შ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებამ, მათ შორის, მედიამ, ეს ყველაფერი კარგად გააცნობიეროს და ყურადღების ცენტრში მოექცეს ის, რაც დაწყებულია. მხედველობაში მაქვს თვითმმართველობა, მისი რეფორმა და გაძლიერება. ძლიერ პარტიულ სისტემასთან ერთად საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას და ინსტიტუციური დემოკრატიის შეუქცევად პროცესად დამკვიდრებას, აუცილებლად სჭირდება ძლიერი პარტიული სისტემა და ძლიერი თვითმმართველობა. ამის გარეშე არსად, არც ერთ ქვეყანაში დემოკრატია ზემოდან არ აშენებულა, დემოკრატია ქვემოდან უნდა აშენდეს.

 

თამარ ბატიაშვილი