ლეგენდა, სახელად „ლეილა აბაშიძე“

გარდაიცვალა ლეილა აბაშიძე. ჩაქრა ვარსკვლავი, რომლის ჩაქრობასაც აელვარების შემდეგ ცდილობდნენ. ებრძოდნენ, გზას უღობავდნენ, ათას ჭორს უყრიდნენ, ჩამოაშორეს ეკრანს, არ გააკარეს სცენას _ რეალურად კლავდნენ, ანადგურებდნენ, მაგრამ ის მაინც არ კვდებოდა, არც ქრებოდა, მისი წარსული მაინც ელვარებდა…

ვერ მოახერხეს ის, რომ მას ვინმეს ჩრდილქვეშ ეცხოვრა _ ვერავის ჩრდილქვეშ ვერ მოაქციეს, მაგრამ მოახერხეს ის, რომ თითქმის ნახევარი ცხოვრება იგი საკუთარ ჩრდილში აცხოვრეს…
იცოცხლა 88 წელი… ეკრანზე იყო 44 წელი…
12 წლისაც იყო, ეკრანებზე რომ „ქაჯანა“ გამოვიდა მისი მონაწილეობით, „ქაჯანას“ მიჰყვა „ოქროს ბილიკი“, „აკაკის აკვანი“, „ქეთო და კოტე“. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩააბარა, უკვე გამოცდილი მსახიობი იყო _ ოთხ ფილმში გადაღებული…. 25 წლისა უკვე ვარსკვლავად აღიარეს.
ის ერთადერთი ქართველი კინოვარსკვლავია, რომელიც კინოვარსკვლავად აღიარა არა საბჭოთა ან, თუნდაც, შემდეგ ქართულმა პრესამ, არამედ… ამერიკულმა პრესამ…
1954 წელს ამერიკაში, საბჭოთა ფილმების კვირეულში, სხვა საბჭოთა ფილმებთან ერთად „ჭრიჭინაც“ იყო წარდგენილი, სწორედ „ჭრიჭინას“ ნახვის შემდეგ „დეილი იორკში“ კინოკრიტიკოსი წერდა: „ახლა საბჭოელებს თავისი ეკრანის ვარსკვლავი, თავისი მერი პიკფორდი ჰყავთ“…
ლეილა აბაშიძეს არც ეს აღიარება შეარგეს, არც ის როლები, რომელსაც მისთვის წარმატება მოჰქონდა… უბინძურეს ჭორებს უყრიდნენ, მაგრამ ხალხს მაინც ვერ აიძულებდნენ… ხალხს მაინც უყვარდა…
ის მართლაც იყო ლეგენდა… მართლაც კაშკაშა ვარსკვლავი, მის ფოტოებს ნახავდით ყველგან _ „ცეკაშიც“ და „საპოჟნიკებთანაც“. იშვიათად, რომ ვინმე ყოფილიყოს ლეილა აბაშიძესავით პოპულარული…
„ვარსკვლავი არ ნიშნავს, იბეჭდებოდე დიდი შრიფტით, შენი სახელით აჭრელებული იყოს პრესა ან გამუდმებით ჩანდე ტელეეკრანებზე. ვარსკვლავი მაშინ ხარ, როდესაც ადამიანთა გულებს დაიპყრობ. ეს ჩემი კი არა, დევიდ გრიფიტის სიტყვებია. რამდენად მოვახერხე ამ მძიმე ტვირთის ზიდვა, ვერ გეტყვით, მაგრამ ხალხის უსაზღვრო სიყვარულს კი ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ, ალბათ, ეს მაცოცხლებს და მასულდგმულებს“, _ ეს სწორედ ლეილა აბაშიძემ მითხრა 22 წლის წინათ ჩემთვის მოცემულ ვრცელ ინტერვიუში…
ბოლო ფილმი, რომელშიც ლეილა აბაშიძეა გადაღებული, იყო ლანა ღოღობერიძის „ორომტრიალი“, რომელიც ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა… მას შემდეგ სრული 32 წელი გავიდა… გავიდა უროლოდ… უფუნქციოდ…
ეკრანიდან გაუჩინარებული ლეილა აბაშიძე 1991 წლის ბოლოს გამოჩნდა პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერ მიტინგზე… გამოჩნდა მის მიერ განსახიერებული მაია წყნეთელივით… შემდეგ უკვე მის ამ პოზიციას იყენებდნენ მის წინააღმდეგ, მის გასარიყად… მას თითქოს განუახლდა ის შიშნარევი ემოცია, რასაც განიცდიდა ბავშვობაში, როდესაც მათი ოჯახი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა მამის დახვრეტის შემდეგ… უარს ამბობდა ინტერვიუებზე… ყველაფერზე დუმილს ამჯობინებდა… ეს დუმილი 1996 წელს დაარღვია ჩემთვის მოცემულ ინტერვიუში, მაგრამ მისივე კატეგორიული მოთხოვნით _ ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე… პოლიტიკაზე არც შემდეგ არასოდეს დაუძრავს კრინტი…
ლეილა აბაშიძეა ერთადერთი მსახიობი, რომელსაც წერილი მივწერე, ჯერ კიდევ, სკოლის მოსწავლემ… მახსოვს, მისი მისამართისთვის გაზეთ „ეკრანის“ რედაქციას მივწერე… შემდეგ ინტერვიუსთვისაც დავურეკე ისევ სკოლის მოსწავლემ _ იმხანად საყმაწვილო გაზეთ „ნერგში“ იბეჭდებოდა ჩემი წერილები… უარი მითხრა. შემდეგ, 18 წლისამ, გაზეთი დავაარსე _ „ფიქრები“ და ახლა უკვე „ფიქრებისთვის“ ვთხოვდი ინტერვიუს… პერიოდულად ვურეკავდი. კვლავ უარზე იყო… ბოლოს უფროსი კოლეგის, ქალბატონ ლალა გორდაძის ძალისხმევით მოხდა ჩვენი შეხვედრა. ქალბატონმა ლალამ დაითანხმა ინტერვიუზე და წამიყვანა. კარი ახალგაზრდულად შემართულმა ვარსკვლავმა გაგვიღო… ინტერვიუ იმ დღეს არ შედგა, სუფრასთან მიგვიწვია… ინტერვიუსთვის შემდეგ დამიბარა. საუბრის დიქტოფონით ჩაწერაზე უარი თქვა. საუბრობდა და ხელით ვიწერდი მის საუბარს… კვირაზე მეტ ხანს მოგვიწია ინტერვიუზე მუშაობა, თავის ყველა სიტყვას ასჯერ წონიდა, შლიდა, ცვლიდა, ასწორებდა… გაზეთის ფურცლებზე ინტერვიუთი გამოჩენა მისთვის როლით ეკრანზე გამოჩენის ტოლფასი იყო…
მისი სურვილით ჩვენი საუბარი იწყებოდა იმ წინასწარმეტყველებით, რომელიც ბავშვობაში მის შესახებ დაიბეჭდა „სიბირსკაია პრავდაში“ და სრულდებოდა უკვე მისი წინასწარმეტყველებით ჩემ შესახებ…
„ვისურვებდი, როცა შენი გაზეთი „ფიქრები“ გამოვა უდიდესი ტირაჟით და ყველაზე მეტი მკითხველი ეყოლება, რედაქტორობასთან ერთად კინორეჟისორიც ყოფილიყავი და ინტერვიუ კი არა, როლი შემომთავაზო. მე შენში ვხედავ ჭკუას, ნიჭს, ადამიანის სიყვარულს, შებრალების უნარს, მსახიობის შრომის ფასის ცოდნას, მიზანდასახულობას, ემოციურობას, რომელიც ყველა რეჟისორს დაამშვენებს. ეს ჩემგან იყოს წინასწარმეტყველებად და დიდ სურვილად…“ _ ასე მაგულიანებდა 19 წლის ბიჭს სახელგანთქმული ვარსკვლავი…
ჩემს არქივში დღესაც ინახება მისი ფოტო, მის მიერ ექსპრომტად ლექსად მიწერილი სტრიქონებით „ფუტკრებად მესევა ფიქრები, ფიქრები… წახვალ და სულ ერთად ვიქნებით, ფიქრებით, ფიქრებით, ფიქრებით…“
სურვილი სურვილად დარჩა… ფინანსური სიძნელეების გამო, მომდევნო წელს, 1997 წელს „ფიქრები“ დაიხურა… მაგრამ მოგვიანებით, მისი წინასწარმეტყველება, ერთგვარად, მაინც ახდა _ გავიდა წლები და მე რეჟისორი გავხდი… თუმცა თეატრისა და არა კინოსი… მე მას როლი ვერ შევთავაზე…

ლეილა აბაშიძე იყო ბედის ნებიერიც და უკიდურესად უბედურიც. ბედნიერება და უბედურება თითქოს ზოლებად გასდევდა მთელ მის ცხოვრებას _ როგორც ზებრას შავ-თეთრი ზოლები… და ეს ასე იყო იმთავითვე, ადრეული ბავშვობიდანვე….
1937 წელს მამა დაუპატიმრეს, გაუციმბირეს და შემდეგ დაუხვრიტეს… დახვრეტამდე, ერთხანს, იქ, ციმბირში ცხოვრობდა პატარა ლეილაც და პატიმრებისთვის გამართულ კონცერტებშიც მონაწილეობდა. როგორც თავად ამბობდა, ცეკვავდა, ლექსებს კითხულობდა და წუთით მაინც ავიწყებდა პატიმრებს მათ მძიმე ხვედრს. სწორედ იმ კონცერტებს ეხებოდა „სიბირსკაია პრავდაში“ დაბეჭდილი ის სტატიაც, სადაც პატარა ლეილას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს… „როდესაც პატარა ლეილა სცენაზე გამოჩნდება, დარბაზი მქუხარე ტაშით ხვდება მომავალ დიდ მსახიობს“, – წერდა „სიბირსკაია პრავდა“…
„შემდეგ უკვე აღიარებულ მსახიობს, მამიდაჩემმა ერთ-ერთ დაბადების დღეზე გამომიგზავნა ეს გაყვითლებული და გაცრეცილი გაზეთი, რომელიც, თავის დროზე, დედას გამოუგზავნია ციმბირიდან და სასწაულებრივად გადარჩენილა. აი, ეს იყო პირველი რეცენზია _ წინასწარმეტყველება ჩემზე“, _ იხსენებდა ლეილა აბაშიძე… იხსენებდა იმასაც, რომ სწორედ იქ, იმ „სიბირსკაია პრავდაში“ დაიბეჭდა მამამისთან გადაღებული ერთადერთი ფოტოც, რომელიც შემორჩა. იხსენებდა იმასაც, რომ მამა, რომელიც უზომოდ უყვარდა, კარგად არც კი ახსოვდა… ახსოვდა მხოლოდ მისი თვალები _ დიდრონი და სევდიანი, ახსოვდა გამოხედვა _ ცრემლნარევი და იტყოდა ხოლმე: „ამბობენ, რომ თვალებით მამას ვგავარ…“
მამა კარგად არ ახსოვდა, მაგრამ კარგად ახსოვდა ის, რასაც მამა მუდამ ჰპირდებოდა _ სანადიროდ წაყვანას… ახსოვდა ისიც, რომ ძმის გაჩენამდე ბიჭურად აცმევდნენ, რადგან მამა ბიჭზე ოცნებობდა.
„სადღაც მაქვს შემონახული ფოტო _ ფაფახიც კი მახურავს. ეტყობა, ამანაც განაპირობა, რომ ასე ადვილად შევძელი მაია წყნეთელად გარდასახვა… ბავშვობაში მამისგან ნასწავლი „მთიულურის“ რამდენიმე ილეთი ფილმშიც გამომადგა. სხვათა შორის, ბატონ ილიკო სუხიშვილს, რომელიც ცეკვაში მამეცადინებდა, გაუკვირდა კიდეც, რომ პირველივე რეპეტიციაზე ავითვისე _ ალბათ, ბავშვობის გამოცდილება გამომადგა, ციმბირში კონცერტებზე ხომ მთიულურს ვცეკვავდი…“ _ ამბობდა მსახიობი.
ციმბირული წინასწარმეტყველება მალევე ახდა. პატარა ლეილა დიდ კინოში გადაიღეს. კინოსტუდია „ქაჯანას“ იღებდა და პატარა გოგონებს არჩევდა ქაჯანას დის – კატოს როლზე. პატარა ლეილა კინოსტუდიაში „კასტინგზე“ მარტო წავიდა, იქ კი ასობით პატრონიანი გოგონა დახვდა, კულულებით, დიდი ბაფთებით. რეჟისორის ასისტენტებმა პატარა ლეილა „დაბრაკეს“ – უარით გამოისტუმრეს. პატარა ლეილა დახვეულ კიბეს ბიჭურად მოახტა და მეოთხე სართულიდან ძირს დაეშვა, დაეშვა და ერთი მამაკაცი კინაღამ ამოაყირავა. პატარა ლეილამ წაბორძიკებულ მამაკაცს დავარდნილი ქუდი მიაწოდა.
– აქ რა გინდოდა, გოგონა? – ჰკითხა მამაკაცმა.
– მე კინოში მინდოდა გადაღება, მაგრამ უარი მითხრეს, – უპასუხა ლეილამ.
– ძალიან გინდა გადაღება?
– ძალიან, ძალიან, – გამოუტყდა გულდაწყვეტილი ლეილა.
– აბა, წამოდი! – უთხრა მამაკაცმა. ის კინაღამ ამოყირავებული მამაკაცი ფილმის რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი აღმოჩნდა…
მისი ცხოვრების ამ გადამწყვეტ ეპიზოდს კი ნახევარ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგაც წინა დღეს გადამხდარ ამბავივით ცოცხლად იხსენებდა მსახიობი. ამბობდა, რომ რეჟისორმა, ალბათ, მის ამ სიანცეში და უცნაურ, თითქმის ბიჭურ საქციელში დაინახა კატოს ხასიათი. როგორც ჩანს, რეჟისორი თავისი არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რადგან შემდეგ 15 წლის ლეილა „ოქროს ბილიკშიც“ გადაიღო, შემდეგ _ „აკაკის აკვანშიც“ ნაზიბროლას როლში, მოგვიანებით კი უკვე აღიარებული კინოვარსკვლავი მთავარ როლში გადაიღო ფილმში „სად არის შენი ბედნიერება, მზია“…
იქ, „ქაჯანაში“ კი პატარა ლეილა ნატა ვაჩნაძის, ვერიკო ანჯაფარიძისა და სპარტაკ ბაღაშვილის გვერდით აღმოჩნდა. დედის როლს ნატა ვაჩნაძე თამაშობდა და პატარა ლეილამაც დედასავით შეიყვარა ნატა. ნატა ვაჩნაძე პატარა მსახიობს არც გადაღებების დამთავრების შემდეგ აკლებდა მზრუნველობას, საჩუქრებით ხელდამშვენებული ხშირად აკითხავდა ღარიბულ ბინაში _ ბინაში, რომელიც პატარა ლეილამ სწორედ „ქაჯანაში“ აღებული ჰონორარით შეიძინა – 12 კვადრატულ მეტრიანი პატარა ოთახი ვერის ბაღთან, ნავთის წერტის თავზე… იმიტომ, რომ მამის დაპატიმრების შემდეგ ოჯახს კონფისკაცია გაუკეთეს და უსახლკაროდ იყვნენ.
„ნატა ვაჩნაძე დედაჩემის როლს თამაშობდა და მე ის დედასავით მიყვარდა, რადგანაც მხოლოდ კადრში კი არა, მთელი ცხოვრების მანძილზე გასაოცარ დედობრივ მზრუნველობას იჩენდა ჩემდამი. ის საოცრად თბილი და კეთილი ადამიანი იყო. ჩვენი ურთიერთობა ფილმით არ შემოფარგლულა. ომის პერიოდი იყო და ყველას გვიჭირდა, მახსოვს, არაერთხელ დაეხმარა ჩვენს ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახს. მთელი ქუჩა გამოეფინებოდა ხოლმე, როდესაც სტუმრად გვეწვეოდა ჩვენს პატარა, ღარიბ ოჯახში… დედაჩემთან მეგობრობდა, მოჰქონდა საჩუქრები, ტანსაცმელი. გარდა იმისა, რომ უდიდესი მსახიობი იყო, ის ჩემს ცხოვრებაში კეთილ ანგელოზად შემოვიდა. ფილმში „აკაკის აკვანი“ ერთად თამაშის შემდეგ ქალბატონმა ნატომ, ამ ვარსკვლავმა, მე ჯერ კიდევც სკოლის მოსწავლეს, შემომთავაზა თავის კონცერტებში მონაწილეობა. მას გვერდს უმშვენებდნენ თამარ ციციშვილი, სპარტაკ ბაღაშვილი, კოტე დაუშვილი, ედიშერ მაღალაშვილი. ამ კონცერტებით მთელი საქართველო მოვიარეთ. საოცარი იყო ნატოს პოპულარობა და ხალხის მისდამი სიყვარული. ზღვასავით მოედინებოდა ხალხი, დაიძრა მთელი სოფლები, ხეიბრები საკაცეებით მოჰყავდათ, რათა ცოცხალი ნატა ეხილათ. მსგავსი პოპულარობა მე არ მსმენია. ნატო ღმერთქალი იყო და ჩვენ გვერდით დააბიჯებდა, ჭეშმარიტი ვარსკვლავი იყო და ცაში ვარსკვლავივით გაქრა. გაქრა იმ პერიოდში, როდესაც „ჭრიჭინას“ ვიღებდით. მას ხომ პროფესორის ცოლის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ალექსანდრა თოიძემ ითამაშა. ნატო სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა“, _ იხსენებდა ლეილა აბაშიძე. დღეს მისი ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავის გვერდით აგია კინო „რუსთაველის“ წინ…
„მე საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოვიარე და მუდამ დაუოკებელი სურვილი მქონდა, ბედნიერი ვყოფილიყავი და ეს სურვილი დღესაც მკლავს“, _ ამბობდა ვარსკვლავი, რომელსაც კლავდნენ ჭორებით, კლავდნენ პაუზებით…
კი, დღეს ძალიან ხშირად გვესმის, რომ ეკრანიდან გაქრა სილამაზე, რომ ვეღარ ვხედავთ ეკრანზე, გნებავთ, სცენაზე – ინდივიდს, რომ გვყავდა და აღარ გვყას უნიჭიერესი მსახიობები… და თამამად დავასახელებთ მართლაც უმშვენიერეს კინოვარსკვლავებს – მოყოლებულს ნატო ვაჩნაძით, თამარ ციციშვილით, დამთავრებულს – ლიკა ქავჟარაძით… ამაყად მოვიწონებთ თავს ლია ელიავათი, მედეა ჯაფარიძით, ლიანა ასათიანით, ლეილა აბაშიძით, დოდო ჭიჭინაძით, მედეა ჩახავათი… ანალოგიურად მოვიწონებთ თავს მამაკაცი მსახიობებით და ვიტყვით იმასაც, რომ იმ საბჭოთა წლებში გასაქანი ჰქონდა ნიჭსა და სილამაზეს. ამ ყველაფერში, ცხადია, არის სიმართლე, მაგრამ… არის დიდი სიცრუეც! დიახ, დღეს ლეგენდებად ქცეულ სახელებს სიცოცხლე ჩაუშხამეს მტკივნეული შემოქმედებითი პაუზებით, უამრავი წელი უქმად გაატარებინეს, ისინი წლობით ელოდნენ როლებს სწორედ იმ წლებში, როცა მათი სილამაზე მნახველს სუნთქვას უკრავდა. და ნურც იმ მეორე დიდი სიცრუით დავიწყებთ ამ ყველაფრის ახსნას, რომ მაშინ ცოტა ფილმებს იღებდნენ. ცოტას კი არა, სწორედაც რომ ბევრს იღებდნენ, მაგრამ საკითხავია, ვის იღებდნენ?
ლეილა აბაშიძემ სულ 22 ფილმში ითამაშა. „ქაჯანა“ რომ ეკრანებზე გამოვიდა, ის მხოლოდ 12 წლის იყო. „ქაჯანას“ მოჰყვა „ოქროს ბილიკი“, „აკაკის აკვანი“ „ქეთო და კოტე“, „გაზაფხული საკენში“… ნიადაგი შემზადდა ვარსკვლავობისთვის და ის მართლაც ვარსკვლავად იქცა. 1954 წელს ეკრანებზე ორად ორი ფილმი გამოვიდა და ორივეგან ლეილა აბაშიძე იყო მთავარ როლში: „ჭრიჭინა“, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“. 1956 წელს ეკრანებზე გამოვიდა „აბეზარა“, „ჩვენი ეზო“. მომდევნო, 1957-58 წლებში ეკრანზე 9 ფილმი გამოვიდა, ცხრავე მის გარეშე, მაგრამ დანაკლისი მალევე ანაზღაურდა _ 1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა „მაია წყნეთელი“, „სად არის შენი ბედნიერება, მზია“. მზიას ბედნიერებისა რა გითხრათ, მაგრამ ამ ფილმის შემდეგ 31 წლის ლეილას ეკრანული ბედნიერებაც დაპაუზდა – 4 წლით. ამ ოთხი წლის მანძილზე 46 ფილმი გამოვიდა. ყველა მის გარეშე! ამ პაუზის დროს ის აზერბაიჯანმა გადაიღო მთავარ როლში და ლეილა აბაშიძემ ბედი თეატრში სცადა. მაგრამ არც აქ დაჰყვა იღბალი… რეალურად კი ის გაწირეს… თეატრში მისულ სახელგანთქმულ კინოვარსკვლავს როლი მისცეს წყალწყალა პიესაში, წინასწარ მარცხისთვის განწირულ სპექტაკლში. ქართული თეატრის ისტორიას გაკვრით ახსოვს ეს ცრუპათეტიკური სპექტაკლი „ამირანი“ (დაიდგა 1963 წელს, რუსთაველის თეატრში), ეს ჩავარდნილი სპექტაკლი არც იქნებოდა გამორჩეული სხვა ასეთივე აურაცხელი უღიმღამო, გაფუყული სპექტაკლებისგან, რომ არა ისევ ლეილას ფაქტორი… თეატრში როლის ჩავარდნამ გული გაუტეხა მსახიობს, აგორდა ტალღა, რომ კინომსახიობმა თეატრში ვერ ივარგა… არადა, თეატრალურ ინსტიტუტში სწავლისას ლეილა აბაშიძემ გურამ საღარაძესთან ერთად წარმატებულად ითამაშა თუმანიშვილის დადგმულ ტურგენევის პიესაში „ერთი თვე სოფლად“. ქართული თეატრმცოდნეობის პატრიარქი, აღიარებული მეტრი, ნოდარ გურაბანიძე, ლეილა აბაშიძის ამ თეატრალური როლის შესახებ წერს: „ლეილა აბაშიძე შემდეგ არსად მინახავს უფრო ლაღი, ორიგინალური, რაღაც მოუხელთებელი სიწმინდით სავსე“…
1964 წელს ლეილა კინოში ბრუნდება ფილმით „ხევისბერი გოჩა“. იმ წელს ეკრანებზე გამოსული 11 ფილმიდან ის მხოლოდ ამ ერთ ფილმშია, 1965 წელს გამოსული 14 ფილმიდან არც ერთშია. 1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა 10 ფილმი, ლეილა ორ ფილმში იყო, ორივეგან მთავარ როლში: „შეხვედრა მთაში“, „შეხვედრა წარსულთან“. და კვლავ 2-წლიანი პაუზა როლის მოლოდინში. იგი თავად წერს სცენარს და თამაშობს მთავარ როლს ფილმში „მოლოდინი“ (1969წ.). 1970 წელს მხოლოდ ვარდისახარს ასახიერებს „დიდოსტატის მარჯვენაში“. იწყება კვლავ ხანგრძლივი პაუზა – ამჯერად, 5-წლიანი… ლეილა მხოლოდ 41 წლისაა… 1971-75 წლებში ეკრანებზე გამოდის 97 ფილმი – ლეილა არც ერთგანაა!!! კინოში 47 წლის ბრუნდება, 1976, 1977, 1978 წლებში თითოჯერ გაიელვებს ეკრანზე და ისევ პაუზა. ისევ პაუზა, სანამ თავად არ გადაიღებს საკუთარ თავს ფილმში „პარიზი-თბილისი“ (1980 წ.). 1982 წელს ეკრანებზე გამოვა „ყველა კომეტა როდი ქრება“ – ლეილა აბაშიძის მონაწილეობით. ისევ პაუზა, ვიდრე 1986 წელს ლანა ღოღობერიძის ფილმი არ გამოვა ეკრანებზე – ლეილა მსახიობ ქალს თამაშობს – მანანა იაშვილს. „ორომტრიალი“ წარმატების ორომტრიალში ეხვევა _ ტოკიოს საერთაშორისო ფესტივალზე ფილმი ჯილდოვდება საუკეთესო რეჟისურისთვის, ჟიურის თავმჯდომარე გრეგორი პეკი კი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად ასახელებს ლეილა აბაშიძეს… წარმატება და… და ისევ პაუზა… დიდი, უკიდეგანო, 32-წლიანი პაუზა მის შემოქმედებაში, რომელსაც მარადიული პაუზა _ სიკვდილი დაასრულებს.
ის 57 წლის ასაკში საბოლოოდ ჩამოაშორეს ეკრანს. ეს საბოლოოდ, რეალურად კი იგი ბრიჯიტ ბარდოსავით 40 წლისა ჩამოაშორეს ეკრანს, თუმცა ბრიჯიტ ბარდოსგან განსხვავებით _ ბრიჯიტ ბარდო თავისი ნებით ჩამოშორდა ეკრანს, ლეილა _ ჩამოაშორეს.
ის მაინც გამოუსწორებელი, თითქმის, უკურნებელი ოპტიმისტი იყო და როლს ელოდა იმ შავბნელ 90-იან წლებშიც კი, როცა უკვე კინოს აღარავინ იღებდა. მახსოვს, ინტერვიუდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მაგულიანებდა კიდეც, კინოსცენარი დამეწერა… იმედი ჰქონდა, რომ მისი გადაღება მოხერხდებოდა…
ეკრანიდან გაუჩინარების მიზეზებზე ინტერვიუში ამბობდა: „ისევე როგორც თქვენთვის, მიზეზი ჩემთვისაც გაუგებარია. მე ვცდილობ, მუდამ კარგ აქტიორულ ფორმაში ვიყო და მუდამ ველი სამუშაოს… მე მებრძოლი არ ვარ, მე მხოლოდ ეკრანზე ვიქნევდი ხმალს… რაც ჩემს ადამიანურ ღირსებას მილახავს, მიუღებლად მიმაჩნია. მე ყოველთვის ცხოვრებისეული მოკრძალება და სიამაყე მჯაბნიდა. ალბათ, ეს ჩემი ნაკლია, რომელმაც წლები დამაკარგვინა“.
არ მალავდა, რომ უნდოდა თეატრში მუშაობა… ახლა, როდესაც უკვე ამქვეყნად არაა, წაიკითხეთ და ახლა მაინც ჩასწვდით, რამხელა ტკივილია მის ამ სიტყვებში:
„თეატრი ბედნიერებაა, ყოველდღიური ტრენაჟია და კიდევ მხატვრულ სახეზე დაუსრულებლად მუშაობისა და დახვეწის საშუალება. კინოში ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. ერთხელ ნათამაშევი და განცდილი სამუდამოდ რჩება. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვგრძნობ თეატრში მუშაობის აუცილებლობას, მაგრამ ეს უფლება, რატომღაც, წაგვართვეს. საოცარია, არსებობდეს კინომსახიობთა თაეტრი და ჩვენ (ვგულისხმობ ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს, რომელთაც ფასდაუდებელი ღვაწლი დასდეს ქართულ კინოს) ჯერ კიდევ კარგ აქტიორულ ფორმაში მყოფნი, თეატრის კარს მიღმა ვიყოთ, მათ შორის, მეც!
ბატონი მიხეილ თუმანიშვილი პირადად ჩემი, ჩემი პედაგოგია და დღესაც ამაყობს თავისი სადიპლომო სპექტაკლით „ერთი თვე სოფლად“ (ტურგენევი), სადაც მე ვთამაშობდი ნატალი პეტროვნას… ბევრი მეკითხება, თეატრში რატომ არ ხართო და ვერც წარმოუდგენიათ, როგორი სურვილი მაქვს ვიყო თეატრში. ნუთუ, კინომსახიობთა თეატრში მაინც არ არის ჩვენი ადგილი? მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჩემს საყვარელ პედაგოგ მიხეილ თუმანიშვილთან. მან ხომ თეატრალურ ხელოვნებას მაზიარა…“
ამბობდა, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ, როცა გმირთან დამშვიდობება უწევდა, საშინელი განცდა იპყრობდა: „ასე მგონია, უსაყვარლესი ადამიანი დავკარგე. დაობლებული დავდივარ. როცა ახალი სამუშაო გამოჩნდება, კვლავ ბედნიერი და ხალისიანი ვხდები“.
„ორომტრიალის“ შემდეგ მას არავინ აღირსა როლი, არავინ აღირსა გამხდარიყო კვლავ ბედნიერი, ხალისიანი… მას მიუსაჯეს წარსულით ცხოვრება…
ამბობდა, რომ მისი უსაყვარლესი როლი მაია წყნეთელი იყო.
„მაია ჩემი უსაყვარლესი როლია. იგი ამაღლდა მანამდე ნათამაშებ როლებზე იმით, რომ ჰეროიკულია და ღრმად ეროვნული. გარდა ამისა, მე თვითონ მაკვირვებს ის გარდასახვა, რომელიც ჩემში მოხდა, ზოგიერთ კადრში მართლაც პირწავარდნილი ბიჭი ვარ… უზომოდ მახარებს ის, რომ ამ ფილმის შემდეგ ძალიან გავრცელდა სახელი მაია, მივიწყებული გმირი ქალის პატივსაცემად ბევრი არქმევდა შვილს ამ სახელს“, _ ამბობდა მსახიობი და იხსენებდა იმ სირთულეებს, რაც თან ახლდა გმირი ქალის როლის განსახიერებას _ მძიმე აბჯრის ტარება, მთელი დღეები ცხენზე ჯდომა… იხსენებდა იმასაც, რომ ცხენით სიარული საგანგებოდ ამ როლისთვის, გადაღებების წინ შეასწავლეს, რაც შემდეგ სხვა ფილემბშიც გამოადგა, მას ცხენზე ამხედრებულს ვხედავთ ფილმებში: „შეხვედრა მთაში“, „მოლოდინი“.
ამბობდა იმასაც, რომ უკეთესი ცხენოსანი იყო, ვიდრე მძღოლი _ მიუხედავად იმისა, რომ განსახიერებული ჰქონდა მძღოლი გოგონას როლი ფილმში „აბეზარა“.
„ნამდვილად უკეთესი ცხენოსანი ვარ, ვიდრე მძღოლი… როცა „აბეზარას“ ვიღებდით, სულ ორი-სამი ქალი იჯდა საჭესთან და მოძრაობაც ისე იშვიათი იყო, ძალიანაც რომ მდომოდა, ვერავის დავეჯახებოდი. ახლა კი ძალიან გამიჭირდება საჭესთან…“
ამბობდა, რომ როლი, რომლის ეკრანზე განსახიერებაც სურდა, ფუფალა იყო აბულაძის „ნატვრის ხეში“…
ხანგრძლივმა პაუზებმა, ასაკის მატებამ დიდი მსახიობი დიდ აღმოჩენამდე მიიყვანა…
„ახალგაზრდობაში არ ვამჩნევდი, რომ ჩემი შურდათ. მეგონა, ყველას უხაროდა ჩემი წარმატება. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა, ბევრმა, ვინც მოკეთე მეგონა, მიმტრო, გზა გადამიღობა… ჩვენში ხომ ყველას პირველობა უნდა, პირველი ადგილი კი ერთია! ეს გრძნობა ჩემთვის უცნობია, არანაირი შური არავის მიმართ არასოდეს მქონია. შური დაავადებაა, რომელიც ადამიანს აბოროტებს. შური ისევე ჭამს და ღრღნის ადამიანის სულს, როგორც ჟანგი _ რკინას…“
მისი შურდათ, მას გზას უღობავდნენ და ამისთვის რაღას არ მიმართავდნენ, რაღას არ იყენებდნენ… მათ შორის, მსახიობის პირად, ბორგნეულ ცხოვრებას. თბილისში დღემდე ახსოვთ ლეილა აბაშიძის სკანდალური რომანი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან.
კინოსამყაროსთვის ერთობ ჩვეული რომანი იმით გაასკანდალურეს, რომ ისინი მოგვარეები იყვნენ… მოგვარეების რომანი ინცესტის სიმაღლეზე აზიდეს და ავიშვიშ-აქირქილდნენ… მალე ამ ყველაფერს გოჩა აბაშიძის ტრაგიკული აღსასრული _ თვითმკვლელობაც დაემატა და ლეილა აბაშიძის ცხოვრებას უკვე ეს დაღი დაასვეს _ თითქოს გოჩა აბაშიძემ ლეილა აბაშიძის გამო მოიწამლა თავი… სახელგანთქმულ მსახიობს თან იმაში სდებდნენ ბრალს, რომ გულგრილი არ იყო და პასუხობდა მოგვარის გრძნობებს და თან იმაში, რომ მის გამო მოიკლა თავი გოჩა აბაშიძემ… ლეილას შურით აღვსილ ჭორთა ამგორებლებს ოდნავაც არ აღელვებდათ ეს ალოგიკური შეუსაბამობა… ისიც გადასარევად იცოდნენ, რომ მათ რომანში არც ინცესტუალური იყო რამე და ისიც გადასარევად იცოდნენ, რის გამოც მოიკლა თავი ახალგაზრდა, 24 წლის მსახიობმა…
აუგორეს ვარსკვლავს ჭორი და ამ შლეიფით აცხოვრეს წლების მანძილზე…
გოჩა აბაშიძემ სიცოცხლე 1961 წელს დაასრულა თვითმკვლელობით… ამ თვითმკვლელობიდან ზუსტად 35 წლის შემდეგ, 1996 წელს, მსახიობის მეუღლემ, ქალბატონმა ნუნუ გაბუნიამ პირველად და საჯაროდ გაზეთ „ფიქრების“ ფურცლებზე ჩემთან ინტერვიუში უარყო გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობაში ლეილა აბაშიძის ბრალეულობა. ნუნუ გაბუნიას არ დაუმალავს, გოჩა აბაშიძეს სწორედ ლეილა აბაშიძის გამო დაშორდა, მაგრამ პირდაპირ აცხადებდა, რომ გოჩა აბაშიძეს ლეილა აბაშიძის გულისთვის არ მოუწამლავს თავი.
„გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა მის ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. მამა გარდაეცვალა, დედას სხვა ოჯახი ჰქონდა, განიცდიდა, გოჩამ თავისი „პობედა“ გაყიდა, მაგრამ ვინც იყიდა, იმ კაცმა ვერ გადაიფორმა და უკან მოუბრუნა და ფულს სთხოვდა, რომელიც ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა. მოვალე ყოველდღე აწუხებდა, ურეკავდა, სახლში აკითხავდა, კართან ელოდებოდა. გოჩა აივნიდან შედიოდა შინ. ჩვენ მაშინ უკვე აღარ ვცხოვრობდით ერთად, მისი საკმაოდ გახმაურებული რომანის გამო. გოჩა კინოსტუდიაში წასულა იმ იმედით, რომ ჰონორარის ავანსს აიღებდა და ვალის ნაწილს მაინც გაისტუმრებდა. იმხანად დამტკიცებული იყო მთავარ როლზე ფილმში „თეთრი ქარავანი“. რომ მივიდა, ბატონ ელდარს სთხოვა ავანსი, მან უთხრა, რომ მოხსნილი იყო როლიდან. ე. ი. ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდისა და ამასთან მთელი წელიწადნახევარი უხელფასოდაც რჩებოდა, როლები უკვე განაწილებული იყო და მას ვეღარც სხვა ფილმში აიყვანდნენ. გაცეცხლებული შევარდა დირექტორთან. მათ საუბარს შეესწრო მდივანი ქალი, რომელმაც გაიგონა დირექტორის სიტყვები, _ შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაჰყოლია და შენ ვინ გადაგყვებაო. ეტყობა, გოჩამ უთხრა, _ ან თავს არ ვიცოცხლებ, ან რაღაც… იმან კი დაწყნარების ნაცვლად თავხედურად მოიშორა თავიდან. როდესაც გოჩა კაბინეტიდან გამოვარდა, მისაღებში ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე ისხდნენ. დევიმ ლეილას სთხოვა, გაყევი ამ ბიჭს, თავს არაფერი აუტეხოსო. გოჩა მანქანაში ჩაჯდა და გავარდა. მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე სადმე გადაიჩეხებოდა. მას შეშინება უნდოდა. გოჩამ საწამლავი დალია და ლეილამაც მიაკითხა. ეს რომ დაინახეს, ყველაფერი ლეილას დააბრალეს. ეს რომ ტყული იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…“
მახსოვს, გოჩა აბაშიძეზე ნარკვევს რომ ვამზადებდი, თავად ქალბატონ ლეილასაც ვთხოვე ესაუბრა ამ ყველაფერზე და ეთქვა სიმართლე. დღემდე მახსოვს მისი მუდარა, საერთოდ არ შევხებოდი ამ თემას… არ მავიწყდება შემდეგ უკვე მისი მადლიერებით სავსე საუბარი, როცა გაზეთი დაიბეჭდა…
1995 წელს ამერიკაში, ჰოლივუდში იმოგზაურა ოპერატორის თანხლებით, ბევრი რამ ფირზე გადაიღო, ფილმად აკინძვაც სურდა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა…
„მე კარგად მაქვს გაცნობიერებული ის, რომ ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლე გასეირნებაა მარადიული ძილის წინ, რასაც გარდაცვალება ჰქვია. ასე რომ, მე არ მესმის იმ ადამიანების, რომელნიც არ აფასებენ სიცოცხლის ყოველ წუთს…“ _ ამბობდა მსახიობი, რომლის „ხანმოკლე გასეირნებაც“ სულ ახლახან დასრულდა…

რეზო შატაკიშვილი