ლაშა ჩხარტიშვილი: „ივანიშვილი არჩევნებს წააგებს, მაგრამ შედეგებს არ აღიარებს“
შორენა მარსაგიშვილი
რა შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ? რამდენი ამომრჩეველი ჰყავს რეალურად ივანიშვილის პარტიას? რატომ არის ქუჩის აქციები გარდაუვალი? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი:
_ ლაშა, სულ მალე საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდება. ამ არჩევნებზე წყდება, თუ რა გზას დაადგება საქართველო? ოპოზიციის ფორმულირებით, ერთ მხარესაა ივანიშვილის პარტია და რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს _ ოპოზიციური პარტიები და დასავლეთი. გამოიყვანს ასეთი ფორმულირება ხალხს არჩევნებზე?
_ მარტო სიტყვიერად იმის თქმა, რომ პროდასავლური ხარ, არაფერს ნიშნავს. ეს საქმით უნდა დაამტკიცო. პროდასავლური ძალა არც წინა რეჟიმი ყოფილა. თუმცა „ნაციონალური“ მოძრაობა, „ქოცებისგან“ განსხვავებით, იმას მაინც არ კადრულობდა, რომ ასე ღიად გამოეხატა რუსული პოლიტიკა. გავიხსენოთ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც, საბოლოო ჯამში, ამ ხელისუფლებამ მიიწერა. წინა რეჟიმი ამბობს, რომ ჩვენი დამსახურებაა. არადა, ძალიან ბევრ ევროპულ სტანდარტს არ ცნობდნენ. „ნაციონალური“ მოძრაობა „ქართული ოცნების“ შემდეგ ყველაზე შეუსაბამო დაპირებებს გასცემს. მოკლედ, ასეთი სიტუაცია გვაქვს: „ქოცები“ შეწვი, „ნაცები“ მოხარშე და ბანკირები-თვალთხარიების პარტია მოთუშე. ფაქტობრივად, ერთნაირები არიან. ივანიშვილის რეჟიმი საშინელებაა, მაგრამ არც ესენი ჩამოუვარდებიან.
ამომრჩეველი სანამ რომელიმე პარტიას გააფერადებს, კარგად დაფიქრდეს, საიდან მოიტანა ამ ხალხმა ფული. არც მილიონერ პოლიტიკოსებს და პარტიებს უნდა მიეცეს ხმები. ჩვენი მოწოდება ასეთია და აწი არჩევანი მათზეა. ის, რომ „ქართული ოცნება“ სამმაგსა და ოთხმაგს იპარავს, დანარჩენის მოპარულს არ ამართლებს. საუბარი მაქვს იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც, რატომღაც, ელიტურ კლუბს უწოდებენ თავს. გეგონება, მათ გარდა ქვეყანაში სხვა ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ. ჩვენ საერთოდ არ გვაღიარებენ, არადა ძალიან კარგად იციან, რომ ბარიერის გადალახვის შანსები გვაქვს.
_ გული გწყდებათ, რომ ოპოზიციური პარტიების ელიტურ კლუბში არ შედიხართ?
_ გული არ მწყდება. უბრალოდ, უცნაურია, ამ პარტიებმა ერთგვარი ელიტური კლუბი რომ შექმნეს და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს არ გვაღიარებენ. ამის საპასუხოდ ხალხს ვეტყოდი, რომ არცერთი ხმა ივანიშვილის რუსულ ხელისუფლებას და არცერთი ხმა ხალხის მძარცველ მილიონერ პოლიტიკოსებს და პარტიებს. კარგად დაფიქრდით, სად იშოვა ამ ხალხმა ფული და მხოლოდ ევროკავშირის დროშის ფრიალი არ არის საკმარისი, რათა დავიჯეროთ, რომ ეს ხალხი არის ევროპული ღირებულებების მქონე. ევროპა მარტო დროშის ფრიალი არ არის. ევროპა იმით არის კარგი, რომ იქ ღირებულებები არსებობს და ადამიანის უფლებებია დაცული.
ასევე ძალიან მაწუხებს ბომბსაცავების ამბავი. ღმერთმა ომი გვაშოროს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, მზად ვართ ამისთვის? ომის დაწყების წინ უკრაინელები წუხდნენ, რომ ბომბსაცავების მხოლოდ 14% გვაქვს აღდგენილიო. ჩვენთან ბომბსაცავები არც სააკაშვილს, არც შევარდნაძეს და არც ივანიშვილს არ აღუდგენია. ისინი თავდაცვაზე არ ზრუნავენ. არც ის 2008 წლის ომი დაგვავიწყდება, რომელიც, რა თქმა უნდა, რუსეთის ბრალი იყო და ამ საკითხზე სააკაშვილთან დავა არის პირდაპირ ღალატი. სააკაშვილთან და „ნაციონალებთან“ დავა თუ გინდა, უამრავი თემაა სადავო. იმაზე შეგვიძლია ვაკრიტიკოთ, რომ მოსახლეობის დაცვის არანაირიი ზომები არ ჰქონია გატარებული. ბომბსაცავი უბრალოდ არ გვაქვს და არც სასიგნალო სისტემა არსებობს.
_ ზემოთ თქვენ თქვით, რომ არცერთი ხმა არც მილიონერ პარტიებს და არც ივანიშვილსო. აბა, ხალხმა ვინ უნდა აირჩიოს? გასაგებია, რომ თქვენ ლეიბორისტულ პარტიაზე იტყვით, მაგრამ მარტო თქვენ რომ არ მოგცემენ ხმას, ეს ხომ კარგად იცით?
_ მე არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ უნდა მოგვცენ ხმა. ხმა მისცენ იმ პარტიებსაც, ვისაც ხალხისთვის არაფერი აქვს მოპარული. რახან ივანიშვილის ხელისუფლება იპარავს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტის სხვა მძარცველები დავაბრუნოთ ხელისუფლებაში.
_ ეს გავიგე, მაგრამ პარლამენტში ვიღაც ხომ უნდა შევიდეს?
_ მეც გავიგე, მაგრამ ის არ მესმის, ხალხმა რატომ უნდა აირჩიოს ხალხის ფულებით გამდიდრებულები? ჩვენ არავინ გაგვიძარცვავს და არც ხალხი დაგვიხოცია სხვა პარტიებისგან განსხვავებით. ამ პარტიების წარმომადგენლებმა ხოცეს ხალხი. ზოგმა პირდაპირ და ზოგმა შიმშილით. ზოგმა თვალები დათხარა. ყველას გავახსენებ, ვინ იყო მურუსიძე, ვინ იყო იგივე ხარება, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ეს გახლავთ ზვიად ხარაზიშვილი, რომელზეც პირველმა მე დავიწყე ლაპარაკი. ჩემთან გადაცემაში კობა ოთანაძემ ის დაასახელა, როგორც მათი ჩამცხრილველი.
_ იმ ოპერაციის დროს დაღუპული გია კრიალაშვილის ახლობლებიც ხარებას ადებდნენ ხელს.
_ ოთანაძემ თქვა, რომ ხმაზე ვიცანი ეს ადამიანიო. ამის მიუხედავად, ის „ოცნების“ ხელისუფლებას არ დაუკითხავს. ხარება არათუ დატოვეს ძალოვან სტრუქტურაში, არამედ დააწინაურეს კიდევაც. დააწინაურეს იმიტომ, რომ ასეთი კაციჭამიები ყველა ხელისუფლებას სჭირდება. ასეთი კაციჭამიები რომ სჭირდებათ, მაგიტომაც ვცხოვრობთ ასეთ ბაკქანალიაში.
ივანიშვილისა და ელიტური ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა ევროპული სოციალიზმი. სკანდინავიური სისტემა გვინდა. სოციალიზმისა და კაპიტალიზმის ნაზავზე უკეთესი ჯერ კაცობრიობას არ მოუფიქრებია. ამან სკანდინავიის ქვეყნებში შექმნა სამოთხე. გადახედეთ რეიტინგებს ნებისმიერ სფეროში და ნახავთ, რომ ყველაფერში ლიდერები არიან.
ელიტკლუბი სინამდვილეში არის ძალიან მძიმე წარსულის პარტიების ნაზავი და მეორე მხროვ, არიან ულტრამემარჯვენე პარტიები, რომლებიც ლობირებენ ან საკუთარ ბიზნესს, ან _ სხვის ბიზნესს. მათი პარტიული იდეოლოგია აქეთკენ არის მიმართული. ხალხი არჩევნების წინ ახსენდებათ ხოლმე. ჩვენ გვპარავენ იდეებს. უფასო სასადილოებიც ჩვენი იდეა იყო. კარგია, რომ ეს წალენჯიხაში მაინც გააკეთეს. ივანიშვილის დასანქცირებაც ჩვენი ინიციატივა იყო და ახლა ყველა ამას ითხოვს.
26 ოქტომბერს ყველა უნდა წავიდეთ არჩევნებზე და მერე ქუჩაში. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, არჩევნებზე ივანიშვილი, საბოლოო ჯამში, დამარცხებას არ აღიარებს. ეცდება, მაქსიმალურად მოეჭიდოს სკამს, ყველაფერი გადაწყდება ქუჩაში. არჩევნები, აქციები და სანქციები _ ეს სამი რამ არის საჭირო ხელისუფლების შესაცვლელად.
ჩვენ, ლეიბორისტები, ვიყავით ერთადერთი ძალა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ითხოვდა რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. მაგრამ სანამ უკრაინელებმა არ წამოწიეს მისი დასანქცირების თემა, მანამდე არცერთ პარტიას ხმა არ ამოუღია საქართველოში.
_ ხმა როგორ არ ამოუღიათ, თავიდან ცოტა არასერიოზულად უყურებდნენ ამ ამბავს.
_ ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობების გამო არ უნდა დასანქცირებულიყო. დასავლეთს ივანიშვილი უფრო ადრე უნდა დაესანქცირებინა იმის გამო, რასაც ის საკუთარ ხალხს უკეთებდა. საყდრისიც აგვიფეთქა და გელათიც დაგვინგრია და კიდევ ათასი უბედურება მიგვიტანა. მოგვიწყო სოციალურ-ეკოლოგიური გენოციდი. ჩვენთან აშკარაა აქტიური ფაზა სოციალურ-ეკოლოგიური გენოციდისა, რაც გამოიხატება იმით, რომ საარსებო საშუალებას არ უტოვებენ ადამიანებს და აიძულებენ, დატოვონ ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული პოლიტიკა. ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ღიად რუსული რეჟიმი საქართველოში და ერთადერთი კაცი, რომელმაც დაუფარავად განაცხადა. რომ საქართველოს დაცლის მომხრეა. მან პირდაპირ და ღიად გვითხრა, აქ არაფერი გეშველებათ, წადით ამ ქვეყნიდანო. ადამიანები ამ განცხადების შემდეგ უნდა მიმხვდარიყვნენ, ვისთან გვქონდა საქმე.
მე არ ვიცი, ვინ მიხვდა და ვინ _ არა, ვინაა ეს კაცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ძალიან ცოტა მომხრე დარჩა მას. გულწრფელი მომხრეები მას 20%-იც კი არ ჰყავს. არჩევნებს ივანიშვილი აუცილებლად წააგებს, მაგრამ ამ წაგებას არ აღიარებს. ის გააყალბებს მაქსიმალურად არჩევნებს. რაც მეტნი მივალთ არჩევნებზე, მით ნაკლები იქნება გაყალბების შანსი. ბრძოლა გაგრძელდება ქუჩაში და ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მზად. მეტსაც გეტყვით: ქუჩის აქციები არც უნდა შეწყვეტილიყო და ეს არჩევნები საპროტესტო აქციებიის ფონზე უნდა ჩატარებულიყო. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში რომ არ შესულიყო, ეს რეჟიმი დასრულებული იქნებოდა. სამწუხაროდ, მაშინ ოპოზიციამ ცდუნებას ვერ გაუძლო და ჩვენ გარდა ყველა შევიდა პარლამენტში. ყველა უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ივანიშვილი ახლაც გააყალბებს არჩევნებს და ჩვენი ხმების დასაცავად მოვემზადოთ. არჩევნები ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს, მაგრამ ამ შედეგს დაცვა სჭირდება.