ლაშა კილაძე: „ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთადერთი და უალტერნატივო მიმართულებაა“

 

საქართველოში დრომოჭმული ნარკოპოლიტიკა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა, პარლამენტში ინიცირებულია. შემუშავებული ცვლილებების ავტორი „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა“, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა წარადგინეს.

პარლამენტს განსახილველად წარედგინა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ სრულიად ახალი კანონი, ასევე რვა სხვადასხვა კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი.

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

მომხმარებლების მიმართ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, ასევე,  მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

 

„ქრონიკა+“ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურ დირექტორს, ლაშა კილაძეს ესაუბრება:

_ ზოგადად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულება ერთადერთი და უალტერნატივოა. დღევანდელ მოცემულობაში ეს, უბრალოდ, აუცილებელია. ინიცირებული კანონპროექტის ნიუანსებს დაწვრილებით არ ვიცნობ, თუმცა ლიბერალიზაციის, მინიმალური ოდენობების თემა, რომელიც ამ კანონპროექტის ფარგლებშიც განიხილებოდა, რასაკვირველია, აუცილებელია და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია.

_ ამ ლიბერალიზაციას რა შედეგები ექნება?

_ შედეგი ის იქნება, რომ, მინიმუმ, განისაზღვრება და ერთმანეთის გაემიჯნება პირადი მოხმარების ფენომენი და კომერციული ინტერესები, ვთქვათ, ამ გაყიდვასთან დაკავშირებით. ასევე განისაზღვრება მინიმალური ოდენობა, დიდი ოდენობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ეს გაცილებით რეალური რიცხვები მოხდება, ვიდრე დღემდე ხდებოდა.

დღესაც ზოგიერთი ნარკოტიკის მინიმალური ოდენობა საერთოდ არ არის განსაზღვრული და უმცირესი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომას ითვალისწინებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის რეალური და ვალიდური მიდგომა.

ამიტომ, ზოგადად, ლიბერალიზაცია ერთმნიშვნელოვნად დადებითია, მაგრამ, პარალელურად, აუცილებელია ძალიან დიდი საგანმანათლებლო და პრევენციული აქტივობა. ეს, პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოხმარება განსაკუთრებით დიდი ტემპებით არ გაიზარდოს; არ მოხდეს ამის პოპულარიზაცია, მოსახლეობაში აგრესიული აგიტაცია, პირველ რიგში, ეს ახალგაზრდა თაობას ეხება. ამ ყველაფერში აუცილებლად რისკის ფაქტორების გათვალისწინება და ამ რისკების სათანადო პრევენცია უნდა განხორციელდეს.

მოკლედ, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ცალმხრივი რეაქტიული პროცესი კი არ უნდა იყოს, არამედ მასთან რაც უფრო თანმდევი და პროაქტიური ნაბიჯები გადაიდგმება, მით უკეთესი იქნება.

_ ლიბერალიზაციის პირობებში ნარკომოხმარების ზრდის შესაძლებლობას მაინც არ გამორიცხავთ?

_ ნამდვილად არ გამოვრიცხავ და გარკვეულ ეტაპზე მოხმარების ზრდა იქნება. სწორედ იმისთვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რისკია, საჭიროა ის შემაკავებელი მექანიზმები, რაზეც წეღან გესაუბრეთ. კერძოდ, პრევენციული, სწორად დაგეგმილი ღონისძიებების  განხორციელება, პრევენციული და საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ძალიან ადრეული ასაკიდან უნდა განხორციელდეს. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესის აგიტაცია და ნარკოტიკების მიერ მიყენებული ზიანის სრული მასშტაბურობით გაცნობა საქართველოს მოსახლეობისთვის.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიბერალიზაციის პროცესი, ზოგადად, უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება, რაც მოხმარების ზრდის ტენდენციას უკავშირდება. ამით ახალს არაფერს ვამბობ, ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა.

თუ არ იქნება შემაკავებელი მექანიზმები, რასაკვირველია, ლიბერალიზაცია მოხმარების ზრდას გამოიწვევს.

_ განათლებისა და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობა გაიმეორეთ, ამ მიმართულებით რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

_ ეს ყველაფერი კანონმდებლობაში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული უნდა იყოს. სადღეისოდ, კანონმდებლობაში ეს მუხლი კი არის, მაგრამ ძალიან ხშირად მისი იგნორირება ხდება, რაც ნარკოტიკების მიღების პროპაგანდის მხრივ პასუხისმგებლობის განმტკიცებას შეეხება.

ერთმნიშვნელოვნად უნდა დაისვას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიაში ჩართული, გამსაღებელი ორგანიზაციების მიმართ; ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს განსაზღვრული (და ეს ძალიან მოკლე დროში უნდა მოხდეს) სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი იქნება.

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არ შეიძლება არასამთავრობო სექტორი იყოს. ეს უნდა იყოს კონკრეტული სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთელ ამ პროცესს დაგეგმავს, განახორციელებს, მეთვალყურეობას, მონიტორინგს გაუწევს, კვლევებს გააკეთებს, ამ პრევენციულ კამპანიას დაგეგმავს, საგანმანათლებლო აქტივობებს განახორციელებს საბავშვო ბაღიდან, ადრეული ასაკიდან დაწყებული…

მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია ექნება იმის თაობაზე, თუ რაოდენ მავნებელია ნებისმიერი ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკიც ადამიანის ორგანიზმისთვის და ეს არა ერთჯერადი, კონკრეტული კამპანიური სახით, არამედ პერმანენტულად გაკეთდება. ანუ დროში გაწელილი და მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში გავრცელებული კამპანია იქნება.

ამის შემდეგ, რასაკვირველია, შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ ადამიანს სრულყოფილი ინფორმაცია აქვს იმაზე, თუ რაოდენ ზიანის შემცველი იქნება ნარკოტიკების მოხმარება. მიუხედავად ამისა, თუ ამ არჩევანს შეგნებულად აკეთებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, ამ ადამიანს სამედიცინო სერვისები შესთავაზოს.

პირველ რიგში კი მკურნალობა დასჯის ნაცვლად, რადგან მოხმარება თუ საზოგადოებრივად სხვა საშიშ ქმედებას არ უკავშირდება, ჩემი ღრმა რწმენით, თავისთავად აღარ არის კრიმინალური აქტი. მას შემდეგ, რაც უკვე ადამიანი კონკრეტულ მიმართულებას აირჩევს, სახელმწიფომ მას ადეკვატური სახელმწიფო სამედიცინო სერვისები უნდა შესთავაზოს, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების სახით.

_ უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით რა არის გასაუმჯობესებელი, რომ არსებული მდგომარეობა შემსუბუქდეს?

_ ჩვენ ვისაუბრეთ პრევენციულ ღონისძიებებზე. პირველი ივლისიდან ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიღება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო გახდა და ამ მხრივ ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ველოდებით, რომ ამ პროგრამაში მეტი ადამიანი ჩაერთვება და, შესაბამისად, ნაკლები იქნება ქუჩის ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია.

გარდა ამისა, სამედიცინო სერვისების დამატებით მიწოდების კუთხით კარგი იქნება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, რომელიც, რასაკვირველია, ფინანსურად ძალიან ტევადი სფეროა, რეალურად დიდ ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ, ვფიქრობ, მოვიდა დრო, როდესაც სახელმწიფომ უკვე შეიძლება ამაზე იზრუნოს.

უკვე ყველა ეტაპი: ამბულატორიული, ნარკოლოგიური დახმარების, ჩანაცვლებითი თერაპიის დახმარებისა და სტაციონარული დეტოქსიკაციის კურსი, _ სრულად არის მოცული სახელმწიფოს მიერ, სრულად ფინანსდება და კარგი იქნებოდა, თუ შემდგომი ნაბიჯები ფსიქოსოციალური  რეაბილიტაციის გაძლიერებისა და ამ კომპონენტის სრულყოფის მხრივ გადაიდგმებოდა.

_ დღევანდელ ნარკოპოლიტიკაში თქვენთვის რა არის მიუღებელი? სამართლადამცველი სტრუქტურების დამოკიდებულებას ვგულისხმობ მომხმარებლების მიმართ…

_ ალბათ, ამ მხრივ, სამართალდამცველი სტრუქტურების კომპეტენციები გასამიჯნი იქნება. რასაკვირველია, ეს ჩემი სფერო არ არის და ამაზე დაწვრილებით კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ზოგადად კი ცოტა პრობლემურად ვხედავ ამ ორ სტრუქტურას, _ ნარკოპოლიტიკასა და სამართალდამცველი ორგანოების ტაქტიკას.

ამიტომ ლიბერალიზაციის კუთხით არჩეული მიმართულება ერთმნიშვნელოვნად სწორია. დღეს ნარკოპოლიტიკა ლიბერალიზაციას საჭიროებს, ნარკოპოლიტიკის ვექტორი უნდა გადაიხაროს პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით.

თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაცული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები, რისი კონკრეტული მაგალითიც შეიძლება ეს პრევენციული და საგანმანათლებლო აქტივობები იყოს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ.

 

„ქრონიკა+“ შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და პოლიციის სისტემის რეფორმას მოითხოვენ. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ“ განცხადება გაავრცელეს:

„წლების განმავლობაში სამართალდამცველი სისტემის უმთავრეს გამოწვევას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შემთხვევები, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენდა. ამასთან, გავრცელებული პრაქტიკა იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოყენებით არასასურველი პირების იზოლაცია, რაც გასულ წლებში სისტემურ სახეს ატარებდა. სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ჩადებაზე საუბარი ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ აქტუალური გახდა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის პირობებში შემუშავებული და დღესაც მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა კომფორტულ სივრცეს ქმნის პოლიციისა და პროკურატურისთვის, განახორციელონ მოქალაქეებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, იძულება და სხვა არაკანონიერი მიზნები.

სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გატარებულა ადეკვატური ზომები იმისთვის, რომ სამართალდამცველ უწყებაში არსებული დაუსჯელობის სინდრომი აღმოფხვრილიყო და სათანადო რეაგირება მოჰყოლოდა პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ  გადაცდომებს. ხელისუფლება ამ მომენტამდე არ თანხმდება რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას. სასამართლოს მხრიდან მისთვის დაკისრებული მაკონტროლებლის ფუნქციის არასათანადოდ შესრულება კი პირდაპირ ახალისებს ისეთ მავნე პრაქტიკებს, როგორიცაა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ადამიანის უფლებათა უსაფუძვლო შეზღუდვა და სხვ.

ბოლო საქმეებში მხოლოდ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გახდა შესაძლებელი,  პროკურატურას დაეწყო გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების ორგანოები გამართულად ვერ ფუნქციონირებს და მათი მოქმედება დიდწილად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზეა დამოკიდებული. ეს კი გამორიცხავს საზოგადოების რწმენას ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არსებობის მიმართ.

ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული კომპლექსური პრობლემები მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების ერთეულ გადაცდომებამდე და პასუხისმგებლობამდე არ დავიდეს. ასევე საჭიროა, საკითხების გააზრებისას სათანადო ყურადღება მიექცეს როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, ისე სამართალდამცველი და მართლმსაჯულების ორგანოების რეფორმირების აუცილებლობას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები კონკრეტულ სამართლებრივ რეფორმებში დროულად უნდა გამოიხატოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ცვლილებით არ შემოიფარგლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

მოხდეს პრობლემის ადეკვატური გააზრება და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა სწორი შეფასება მისცენ პრობლემას, რომელიც სცილდება ნარკოპოლიტიკას და სისტემური მიზეზები აქვს;

განხორციელდეს სასამართლოს ძირეული რეფორმა და ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ჯგუფების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცველი ორგანოებისგან თავისუფალი, ძლიერი და კომპეტენტური სასამართლო კორპუსი;.

გატარდეს ძირეული რეფორმა სამართალდამცველ სისტემაში, რომლის მიზანიც იქნება თანამედროვე პოლიციის ჩამოყალიბება, სადაც მინიმუმამდე დავა არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების რისკები სამართალდამცველთა მხრიდან;

არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა საფუძვლიანად გადაიხედოს, რომლის შედეგადაც ძირითადი აქცენტები მოქალაქეთა დასჯიდან და იზოლაციიდან გადავა საჭიროების მქონე ადამიანების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე;

შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.

 

გელა მამულაშვილი