ლაშა ბაქრაძე: „ეს მარშიროვკელები რუსეთის წინააღმდეგ არასდროს წავლენ, რადგან კრემლის ნების შემსრულებლები არიან“

 

მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლში, სხვადასხვა სოფელში, ე. წ. საზღვარი შვიდჯერ შეასწორეს და თვითგამოცხადებულ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“, საბოლოო ჯამში, ათეულობით ჰა მიწა შეჰმატეს.

2008 წლის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ჭკუა ისწავლეს _ ცივილიზებული მსოფლიოს რეაგირების ფონზე მათ უარი თქვეს სამხედრო მანქანის გამოყენებაზე აგრესიისთვის და დაიწყეს „უსისხლო ოკუპაცია“.

ოკუპაციის ეს ფორმა ჭეშმარიტად რუსული ნოუჰაუა. მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა ახალგორიც თავისად დაიგულეს, ამ ქალაქიდან ცხინვალის მიმართულებით საავტომობილო გზის გაყვანა დაიწყეს და მისი მშენებლობა თუ გაჭრა უკვე დაასრულეს. ეს არის მთებში, ქართულ სოფლებს შორის გამავალი ძალიან დიდი გზა, რომლის გასწვრივაც, ახალგორი-ცხინვალის მონაკვეთზე, რამდენიმე მცირე რუსული ბაზაა განლაგებული.

იმ დროს, როცა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არკვევდა, როგორ შეიძლებოდა რუსეთისგან დათმობები მიეღო ენის მოჩლექის პოლიტიკით და სანამ მტრებს უწოდებდა არა ოკუპანტებს, არამედ მათ, ვინც ეუბნებოდა, რომ რუსეთთან ენის მოჩლექა არ ეგების, რუს ოკუპანტებს დრო ტყუილად არ დაუკარგავთ: გზაც გაჰყავდათ, საქართველოს მოქალაქეებსაც იტაცებდნენ და ბაზებსაც აფართოებდნენ.

გასაკვირი ის იქნებოდა, სხვაგვარად მომხდარიყო. ხელისუფლება ისევ რჩება „არიქა, წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსო“ კომპლექსის გავლენის ქვეშ, საოკუპაციო ზოლი ცოცვა-ცოცვით მოიწევს მაგისტრალისკენ, ბერშუეთში, ხურვალეთში, ზემო სობისში, ქერის ყანაში გასულ ახალგაღვიძებულ გლეხს ახალი ბოძი-მონიშვნა ხვდება თავის მიწაზე, ხელისუფლებაში კი დაგვძახიან, რომ ისეთი არაფერი ხდება, რომ მაგისტრალს როგორც მოუახლოვდნენ 500 მეტრში 2008 წელს, ახლაც იქვე დგანან, რომ 100 მეტრით ბანერის გადმოწევა ოკუპაცია არ არის და რომ ოკუპაციის საკითხი არ არის უშიშროების საბჭოს პრეროგატივა…

ხელისუფლების ამ ცნობილი რიტორიკის საპასუხოდ და ხელისუფლებისთვისვე მოულოდნელად, საზოგადოება საკმაოდ გააქტიურდა და მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს, ამასთან, არც თავად აპირებს გულხელდაკრეფილი ჯდომას.

როგორც ჩანს, მცოცავი ოკუპაციის შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად ცენტრალურ ავტომაგისტრალს უნდა დამუქრებოდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაესიგრძეგანებინა ის საფრთხე, რასაც საქართველოს, მის სახელმწიფოებრიობასა და მომავალს ეს მცოცავი ოკუპაცია უქადის.

რასაკვირველია, ვერაფერს ვუსაყვედურებთ იმას, ვინც ისედაც სულ მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო აქციებში, მაგალითად, ახალგაზრდების ნაწილს, რომელიც არ დაელოდა პარტიებისა თუ ორგანიზაციების ინიციატივას, „ფეისბუქით“ დააორგანიზა აქცია და გამართა კიდეც. რამდენიმე სტუდენტმა საოკუპაციო ზოლის გასწვრივ გაშლილ კარავშიც გაათენა ღამე, თუმცა მეორე დღეს თბილისში დაბრუნდა.

ასე იყო თუ ისე, აქცია შედგა. 14 ივლისს, იმ დღეს, როცა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ე. წ. ეროვნული მარშის მონაწილეები ჩაივლიან და „არალეგალი და თავგასული უცხოელების ალაგმვას“ მოითხოვენ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან, რომელსაც არაერთხელ და ამჯერად უკვე კიდევ ერთხელ შეეხო ოკუპაციის მსახვრალი ხელი, „ქრონიკა+“-ის ინიციატივით, ჟურნალისტები და სხვა მოქალაქეები ანტისაოკუპაციო აქციას გამართავენ.

შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალისტებისთვის ეს თარიღი სიმბოლურიცაა, რადგან ზუსტად ორი წლის წინათ ისინი, სწორედ ამ დღეს, ხურვალეთში იმყოფებოდნენ და მაშინ მათი აქციის შემდეგ საოკუპაციო ზოლზე ერთი ბანერით ნაკლები დარჩა _ ის ჟურნალისტებმა ჩახსნეს და ხევში გადააგდეს. მეორე დღეს იგივე გაიმეორეს „თავისუფალი ზონის“ წევრებმაც.

ამჯერად ჟურნალისტებთან ერთად აქციაში მონაწილეობის სურვილი ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, ცნობილმა სახეებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

ხელისუფლებას სწორედ ამ მუხტის გამოყენება შეუძლია. მას შეუძლია, მსოფლიოს აჩვენოს, რომ საზოგადოება საქართველოში ოკუპაციას არ შეურიგდება, ბოლომდე შეებრძოლება და არც ხელისუფლებას მისცემს უფლებას, ყურადღება მოადუნოს.

რასაკვირველია, ისევე როგორც ჟურნალისტთა წინა აქციებს, ამ აქციასაც წინ უძღვის გრიგოლ კარასინის განცხადება, რომ ამგვარი აქციების გამართვა პროვოკაციაა. იმედია, საქართველოს ხელისუფლება ამ რიტორიკას არ გაიმეორებს, როგორც ეს წინა ჯერზე გამართული აქციების დროს მოახერხა.

14 ივლისის აქციის მიზანი არა მხოლოდ ერთი კონკრეტული, გუშინ, გუშინწინ, თუნდაც, ერთი ან ორი კვირის წინ დადგმული ბანერის გაპროტესტება, არამედ, ზოგადად, ოკუპაციის წინააღმდეგ გამოსვლაა.

 

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელსაც „ქრონიკა+“ ექსკლუზიურად ესაუბრა, მიიჩნევს, რომ აქციები ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა და მეტიც, საჭიროა, მსგავსი აქციები პერმანენტულიც გახდეს:

_ რუსი ოკუპანტების აქტივობა ზაფხული-შემოდგომის სეზონს ემთხვევა, რათა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებს მოსავლის აღებისას ხელი შეუშალონ, სარჩო წაართვან და ოკუპირებული ზონის გარშემო „განადგურებული მიწების ზონა“ შექმნან სადაც არავინ იცხოვრებს. ეს არის ძალიან მიზანმიმართული სტრატეგია, რომელიც რუსული პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი.

_ საზოგადოებას, ამ შემთხვევაში, რისი გაკეთება შეუძლია?

_ ცხადია, რომ საზოგადოებას შეუძლია და მისი მოვალეობაცაა, უფრო აქტიურად გამოიყენოს საკუთარი რესურსები და ხელისუფლებასაც აჩვენოს, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ამ საკითხით, რომ მისთვის სულერთი არ არის ის, რაც ხდება, ხმამაღლა თქვას, რომ სახელმწიფომ და ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ამ მიმართულებით.

იმაზეც საჭიროა საუბარი, თუ რისი გაკეთება შეიძლება. ამაში საზოგადოება უნდა მონაწილეობდეს და ძალიან კარგია, რომ საზოგადოება ამ მიმართულებით აქტიურობს, რომ ახალგაზრდები აქტიურობენ. ის აზრიც მომწონს, რომ იქ ერთჯერადი მიტინგი კი არა, დიდი ხნის განმავლობაში, ოკუპაციის ზოლზე რომ აპირებენ დარჩენას და ამით ოკუპანტებს აჩვენებენ, რომ საზოგადოებისთვის ეს სულერთი არ არის, რომ ის არ წამოეგება პროპაგანდას და თბილისში კი არ გააკეთებს მარშირებას, ზოლთანაც დადგება.

_ რა უნდა ვურჩიოთ ხელისუფლებას? რა გააკეთოს?

_ ალბათ, ჩამონათვალთა მთელი რიგის გაკეთება შეიძლება და საჭიროა, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა რომელსაც ეს საკითხი აწუხებს, მიუთითოს კიდეც ხელისუფლებას, რისი გაკეთება შეიძლება და რას არ აკეთებს ის, გარდა იმისა, რომ რასაკვირველია, ყველამ შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევაა საჭირო…

მაგრამ როგორც ვატყობთ, დიპლომატიური ძალისხმევა, დიდიც რომ იყოს, არ არის საკმარისი. ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს და,  სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან არაფერი კეთდება უფრო მეტი აქტიურობისთვის, ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე. ელემენტარულ რამეს ვიტყოდი:

იმ სოფლებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და რომლებიც ფრონტის ხაზზეა, რომლებსაც საფრთხე ემუქრება მაშინაც კი, როცა ძროხის გამო ტყეში გასვლა უნდა და ამის გამო შეიძლება დააკავონ, ჩვენ ამ ადამიანებსაც კი არ ვუცხადებთ სოლიდარობას, არადა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება მიმდებარე რაიონის სოფლებში და რასაკვირველია, ლტოლვილებისთვისაც მეტის გაკეთება შეიძლება.

_ რაც შეეხება რჩევებს ხელისუფლების მიმართ, ყველაზე ხშირად რა რჩევაც მხვდება, ესაა შსს-ს სტაციონარული საგუშაგოების აღდგენა. თქვენი აზრით, ეს არის პრევენცია? შეაჩერებს პროცესის ტემპს მაინც?

_ რასაკვირველია, შეაჩერებს. როდესაც შეირაღებული ადამიანები იდგებიან, ეს თარეში აღიკვეთება და თუნდაც გატაცება ასე ადვილად ვერ მოხდება და ასე თავხედურად არ გადმოწევენ ამ ზოლს. ამასთან, არა მარტო სტაციონარული ბლოკ-საგუშაგოები უნდა აღდგეს, უნდა ხდებოდეს ვიდეოკადრებით ფიქსაცია, როგორ წევენ ე. წ. საზღვრებს.

არის ნაწილები, სადაც მავთულხლართებია და სადაც მავთულხლართების გავლებას აპირებენ. ანუ არის შესაძლებელი, წინასწარ ვიცოდეთ, სად არის მომავალში მოსალოდნელი მავთულხლართის გავლება და ამ ბანერების დადგმაზე ყოველთვის შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა _ ეს არის არა საომარ კონფლიქტში ჩართვა, არამედ იმის ჩვენება, რომ შენ ხარ სახელმწიფო და შენ შეგიძლია, მეტ-ნკლებად, დაიცვა, სულ ცოტა, ის ადამიანები მაინც, რომლებიც იქ ცხოვრობენ და დაიცვა საკუთარი ტერიტორია.

როგორც ამჟამად ვატყობთ, სადღაც-სადღაც სრულიად მოულოდნელად ჩნდება ახალი მავთულხლართები და ეს მოულოდნელია ხოლმე ჩვენთვის, რაც სრულიად მიუღებელი ამბავია.

_ თქვენი აზრით, რუს ოკუპანტებს რაიმე წინასწარ შემუშავებული გეგმა აქვთ, წინასწარ გავლებული ზოლი, რასაც მიჰყვებიან, თუ ეს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლების უმოქმედობა და საზოგადოების პასიური პროტესტი მადის გაღვივებას და ახალი მიწების მიტაცების სურვილს იწვევს?

_ რა თქმა უნდა, ისინი ამბობენ, რომ ეს არის  ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, მაგრამ როდესაც არავინ ჩნდება პატრონი, რასაკვირველია, მაშინ უფრო შეუძლიათ თავისთვის მოიჭრან იმდენი, რამდენიც უნდათ და რამდენიც მათთვის სტრატეგიულ უპირატესობას  უზრუნველყოფს მომავალში.

სხვათა შორის, საქართველოში ამაზე ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ასეთი მცოცავი ოკუპაცია ხდება სხვაგანაც, მაგალითად იქ, სადაც  არასოდეს ყოფილა არანაირი კონფლიქტი და სადაც რუსეთთან საზღვარი მთის წვერებზე გადიოდა, მაგრამ ახლა მთის ფერდზე ჩამოინაცვლეს რუსმა მესაზღვრეებმა.

ამაზე მედიაში და ქვეყანაში სერიოზული საუბარი არ მიდის, რომელიც ზეგავლენას  მოახდენდა ხელისუფლებაზე, რომ მათ ამას მეტი ყურადღება მიაქციონ და მეტი გაკეთდეს, მხოლოდ დიპლომატიური მუშაობა საკმარისი არ არის.

_ ბატონო ლაშა, შესაძლოა, გახსოვთ, 1998 წლის ადრე გაზაფხულზე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი საქართველოს სიღრმეში გადმოსწიეს და რუსმა მესაზღვრეებმა, დაახლოებით, 300 მეტრი მიწა მიიტაცეს. მაშინ, სხვათა შორის, სახელისუფლებო პარტია _ საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი იყო ინიციატორი იმ მუხტისა, რაც აგორდა: ახალგაზრდები და არა მარტო ახალგაზრდები ავიდნენ ლარსთან, იქ რუსებმა სპეცრაზმი დაახვედრეს, შეტაკებაც მოხდა, მაგრამ ფაქტმა სერიოზული რეზონანსი შეიძინა და რუსი მესაზღვრეები იძულებული გახდნენ, საწყის პოზიციაზე დაბრუნებულიყვნენ… ასეთი რამ ახლა, ალბათ, გამორიცხულია, მაგრამ მაშინ თვით ხელისუფლება იყო ამის ინიციატორი, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ედუარდ შევარდნაძეს და მის გარემოცვას აქციისთვის ხელი არ შეუშლია და მისი მონაწილეებისთვის არც პროვოკატორები უწოდებია…

_ ეს იმის დასტურია, რომ პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი. როდესაც საზოგადოება უკმაყოფილოა ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯების მხრივ და მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი, მაშინ, რასაკვირველია, არა მარტო რუსების მიმართ უნდა გამოჩნდეს ეს უკმაყოფილება, ხელისუფლების მიმართაც იგივე უნდა იყოს და უნდა ვაჩვენოთ, რომ საზოგადობა მეტს მოითხოვს.

_ როგორც ჟურნალისტების წინა აქციებს, ასევე 14 ივლისის აქციასაც წინ უძღვის კარასინის განცხადება, რომ მსგავსი აქციების გამართვა პროვოკაციაა და რომ აუარესებს „ქართულ და ოსურ მხარეებს შორის“ ურთიერთობას…

_ კარასინმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ საერთოდ არ გვაქვს არც არანაირი საქმე და არც არანაირი ურთიერთობა ამ თვითაღიარებულ ე. წ. სამხრეთ ოსეთთან და რომ პრობლემები გვაქვს რუსეთთან, თან, უამრავი…

ჩვენ ვიმყოფებით საომარ მდგომარეობაში რუსეთთან. რაღა გაუარესებაზე გველაპარაკება კარასინი? შემდეგი უარესი მდგომარეობა არის საქართველოს სრული ოკუპაცია…

ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? შეიძლება, ამას თბილისში ვერ ვგრძნობთ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ცხინვალში, ახალგორში ცხოვრობენ, ჩვენი მოქალაქეები არიან და ძალიან მძიმედ, თავიანთ ზურგზე გრძნობენ ამ ყველაფრის შედეგებს.

_ ბოლოსთვის ე. წ. მარში შემოვინახე, რომელსაც ჩვენი ანტისაოკუპაციო აქციის თარიღი ემთხვევა. რა არის, თქვენი აზრით, ეს მარში? შეგვიძლია, მას რუსული სცენარი ვუწოდოთ? არადა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ ოკუპაციასაც გააპროტესტებენ, ოღონდ მარშის შემდეგ…

_ ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად რუსული სცენარი და ეს მარშიროვკელები არასდროს, არსად წავლენ რუსეთის წინააღმდეგ აქციაზე. რუსული სცენარი _ ეს ისაა, რომ რუსეთს სურს მიაღწიოს დესტაბილიზაციას საქართველოში. ამ ტურისტულ სეზონზე ქსენოფობიურ-რასისტული გამოხტომები ძალიან ცუდია საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის იმიჯისთვის.

რასაკვირველია, ამას ცდილობს რუსეთი და  ძალიან აბსურდულია, როცა ეს ადამიანები, ამ ყველაფრის ორგანიზატორები, იმაზე საუბრობენ, რომ ისინი ოდესმე რამეს იტყვიან რუსეთზე: არასდროს ხმას არ აიმაღლებენ, რადგან ისინი არიან იმის შემსრულებლები, რაც რუსეთს სურს საქართველოში…

 

ლაშა ბერულავა