ლალი ანთია: „სამეგრელოს გუბერნატორს უმძიმეს ბრალდებებს დოკუმენტურად დავუმტკიცებ“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ხელმძღვანელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის ყოფილი გამგებელი, ლალი ანთია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიას „პრიმიტიულად მოაზროვნეს“ უწოდებს და უმძიმეს ბრალდებებს უყენებს.

ლალი ანთია „ქრონიკა+“-თან იმასაც ამბობს, რომ თუ ლევან შონია მისი თანდასწრებით მრგვალი მაგიდის ფორმატში და სხვა ორგანიზაციების მონაწილეობით სამეგრელოში შექმნილ სიტუაციას არ განიხილავს, მის „შავბნელ საქმეებს“ დოკუმენტების თანხლებით გამოავლენს, ბრიფინგს მოიწვევს და მედიას გააცნობს.

 

„ქრონიკა+“-თან ლალი ანთია ამბობს:

_ როგორც აღმოჩნდა, ლევან შონია პრიმიტიულად აზროვნებს. ხშირი ურთიერთობები კი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ასეთი პრიმიტიული იყო, მაგრამ, ეტყობა, ამ კონტრაბანდამ, ამ კრიმინალებთან ურთიერთობამ გააბოროტა და ასე აზროვნებს. მაგან მარტო ტენდერებში ხელის ფათური და კონტრაბანდა იცის.

არის ერთი პირი, რომლის საშუალებითაც მიპირისპირდება და, თურმე, ჩემზე ამბობს, რომ ლევან შონია ისე არ მომეშვება, ციხეში არ ჩამსვას. რატომ უნდა ჩამსვას შონიამ ციხეში, რა, კონტრაბანდაში ვარ გარეული, თუ ტენდერებში ვაფათურებ ხელს?!

ლევან შონიას მინდა, ვკითხო, _ რატომ უნდა დამიჭიროს შონიამ? თუ ამ მილებზე (ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის ტერიტორიაზე მიწიდან ამოთხრილი წყალსადენის მილები, რომლებიც ჯართად გაიყიდა, _ რედ.) საუბარს არ შეწყვეტს, ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ.

დაჭერის არ მეშინია, რადგან სუფთა ვარ. როგორ შეძლებდა ლალი ანთია ტრაილერებით მილების გატანას, როცა სამხარეო პოლიციის უფროსი თვითონ იყო?

თავის ფანჯრიდან უყურებდა გზას და როგორ შეძლებდა ანთია ამის გაკეთებას? და თუ ასე ემოხდა, შონია კი არა, მე ვყოფილვარ სამხარეო პოლიციის უფროსი…

შონიას მინდა მივმართო: შემიძლია, ყველა ბრალდებას ვუპასუხო, რადგან ყველა სასამართლომ გამამართლა, ამიტომ არაფრის მეშინია და არც უკან დასახევი მაქვს.

_ ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის დასახელება შეგიძლიათ, სანამ, როგორც ამბობთ, დოკუმენტებს გამოაქვეყნებთ?

_ ლევან შონიას კონკრეტული ადამიანების სიკვდილში ვდებ ბრალს…

გაიხსენოს გია ჭანია (ყოფილი პოლიციელი, საქართველოდან წასვლის შემდეგ რუსეთში გარდაიცვალა, _ რედ.), ცხონებული, რომლის სახელის ხსენებაც არ მინდა, რადგან ეს მიცვალებული კაცი ას ცოცხალს სჯობს! ლევან შონიამ გაიხსენოს გია ჭანია, გაიხსენოს, რამდენი საქმე გაუკეთა ჭანიამ და ბოლოს როგორ უთხრა, აქედან წადი, თორემ დაგიჭერენო.

მერე მოსკოვში გააქცია ჭანია და კი გარდაიცვალა ის კაცი. სამძიმარზე მისვლაც გაუჭირდა შონიას, რადგან ოჯახი კითხვის ნიშანს სვამდა, რომ არ მიეშვათ პანაშვიდზე…

კიდევ ერთი ადამიანი არის ტაბაღუა, რომელიც აფხაზეთში მოკლეს. ის ჯერ შვილთან ერთად მოიტაცეს და მერე ტაბაღუას შვილი გაუშვეს, ფული მიატანინეს, ტაბაღუა-მამა კი მოკლეს და ორი წლის განმავლობაში კედლებს ხეხავდა მისი მეუღლე, რომ მკვდარი მაინც მოესვენებინათ ის კაცი…

გუბერნატორს ეხვეწებოდა, მაგრამ გუბერნატორი მის შვილს აშინებდა, რომელსაც მერე ციროზი გაუჩნდა. საშინელ დღეში ჩავარდა, რადგან ლევან შონია ამ ბიჭს იბარებდა, _ დედაშენი გაჩუმდეს, თორემ საშინელებას გიზამთო.

_ რატომ აშინებდა, ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ამბავთან ლევან შონიას რა ხელი ჰქონდა?

_ დიახაც, ლევან შონია ამ დანაშაულის ჩამდენებს მფარველობდა… ის ქალი ხელისუფლებასთან შეხვედრას ცდილობდა და შონია ყველა გზას უკეტავდა. მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერი და ის ქალი ყველაფერს ამბობდა, ვისი გაკეთებული იყო ეს, მაგრამ შონია არ უშვებდა ამ ქალს ხელისუფლებამდე, იმიტომ რომ მას არ აწყობდა იმ სახელებისა და გვარების დასახელება, რომლებიც მაგ საქმეში მონაწილეობდნენ.

_ თქვენ ბიზნესმენ რუზგენ ჩუხუას გარდაცვალებასაც ლევან შონიას უკავშირებდით, თუ სწორად მახსოვს…

_ დიახ, ახლავე მოგახსენებთ: რუზგენ ჩუხუას კარგად ვიცნობდი. მას ლევან შონია ოთახში იბარებდა და რამდენიმე ფართობი წაართვა. ლევანის გარშემო მევახშეები ახლაც არიან, ისეთი კაცი ჰყავს გამგეობაში თანამდებობაზე, რომელიც ივანიშვილს მოსვლის დღიდან ებრძოდა, მოსვლისთანავე მეუღლე დანიშნა განყოფილების უფროსად და 130 ათასი დოლარი ჰქონდა ჩუხუასგან სესხად. ლევან შონია წილში იყო, ამ ფულს არ უბრუნებდნენ, მერე კი თავიდან მოიშორეს…

_ თქვენ ამბობთ, რომ კონკრეტული პირებისგან გუბერნატორი ფულს იღებდა და სანაცვლოდ მაჟორიტარობას ჰპირდებოდა. სად ხდებოდა ეს?

_ სენაკში დემურ გადელიას მაჟორიტარობაში 100 ათასი დოლარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მე გამოვართვი, ფულის სანაცვლოდ დეპუტატობას რომ დაჰპირდა? პირდაპირ შემიძლია გადელიას ხელი დავადო, რომ მან გადაუხადა ფული: შონიამ ერთხელ გამოართვა 50 ათასი დოლარი და მეორედ ისევ 50 ათასი დოლარი გამოართვა. ამ ფულის სანაცვლოდ სენაკის მაჟორიტარობას ჰპირდებოდა, მაგრამ ვიღაცამ, ეტყობა, გაიგო და 15 წუთში, 23 აგვისტოს, სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი შეცვალეს

(მსგავსი შემთხვევა არა მარტო სენაკში, არამედ ხობშიც მოხდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატი შეცვალა, _ რედ.).

ის მაჟორიტარობას ჰპირდებოდა კახა რუსიასაც (სენაკელი ბიზნესმენი, რომელიც ადგილზე „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა, _ რედ.), თავის მოადგილეს.

კახა რუსია კახი კალაძის წარმომადგენელია და ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ შონია ამბობდა, რუსია კალაძემ შემომტენაო. ეს ლევან შონიამ მითხრა: ერთი ნახევარი წელი კი ვაჯანჯლე, მაინც დამინიშნეს, მაგრამ ახლოს არ ვიკარებ, ძალიან კარგად ვიცი, ვინც არისო. იმასაც უთხრა, რომ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ის იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა…

რუსია გადამტერებულია შონიას, იმიტომ რომ რუსია ,,ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს…

სამეგრელოში „ოცნების“ მომხრეები ამბობენ, _ რა დავუშავეთ ბიძინა ივანიშვილს, როცა ყველაზე რთული დრო იყო, მაშინ დავუდექით მხარში, არ ვამადლით, მაგრამ რა დავუშავეთ ივანიშვილს ისეთი, რომ ეს დაგვინიშნა და ლევან შონია აღარ მოგვაშორაო?

ფულებზე რომ დადიოდნენ სათხოვნელად სამეგრელოში თბილისიდან, მე მაშინ არავისთან მივსულვარ…

ბიძინას ჩემთან ურთიერთობა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვიღაცამ ეს ვერ აიტანა. მე მაინც გაზეთით მივმართავდი და საქმის კურსში ვაყენებდი, რასაც აქ აკეთებდნენ ას ღობეს გადამხტარი დაპორტირებული „ნაციონალები“.

ამბავი მიუტანეს, მიშას ბოდიშს უხდისო, რა ვთქვი არასწორი? იქნებ, ბოდიში გაგვიხდეს მოსახდელი მიშასთვის-მეთქი და მართალიც ვთქვი:

თუკი დამნაშავეებს დატოვებდნენ, ისეთებს დააბრუნებდნენ, 2008-ში რომ გააგდეს კაცი, საქართველოში რომ ვერ ჩამოესვლებოდათ, დევნილების ფული რომ ჭამეს, მერე „ნაციონალებმა“ რომ გაყარეს, ასეთ ხალხს თუ დანიშნავდნენ ყველა სფეროში და დამნაშავეებს თუ დატოვებდნენ და სამართლიანობა თუ არ აღდგებოდა, მაშინ რა აზრი ჰქონდა? ამიტომაც ვთქვი, რომ იქნებ, მიშასთან ბოდიში გვქონდეს მოსახდელი-მეთქი და ამას სულ ვიტყვი…

ძალიან ვნანობ, რომ მე ოდესღაც ლევან შონიას ვედექი გვერდით. შონიას აქ არ აქვს ავტორიტეტი, მაგრამ არ ვიცი, ეს ხელისუფლება რატომ იცავს. გამოასწორონ ეს შეცდომა და მოგვაშორონ ეს კაცი.

რაც ლევან შონიამ დანაშაული ჩაიდინა, ის მე რომ გამეკეთებინა, ციმბირში გამიშვებდნენ…

_ თვითონ გუბერნატორთან შეხვედრა არ გიცდიათ? მით უმეტეს, იცნობდით და გვერდითაც ედექით, როგორც ამბობთ…

_ არ მიცდია, მაგრამ თქვენი გაზეთის მეშვეობით ლევან შონიას მინდა, მივმართო: კიდევ ერთ შანსს ვაძლევ, რომ მრგვალ მაგიდას მივუსხდეთ, დავუძახოთ ყველას _ სამეგრელოს რეგიონული სუს-ის უფროსს, „ოცნების“ ცენტრალური ოფისიდან წარმომადგენელს, „ოცნების“ დეპუტატს, სამეგრელოს ყველა რაიონის დეპუტატს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მალაპარაკოს პირდაპირ ყველა დეტალი იმის შესახებ, 2012 წლიდან დაწყებული, როცა შონია სამხარეო პოლიციაში მოვიდა, დღემდე რომ გუბერნატორია _ ჩემს გაკეთებულ საქმეზე, ჩემს თავდადებაზე და იმან ილაპარაკოს თავის დამსახურებაზე. დაჯდეს და მელაპარაკოს ვაჟკაცურად, იქ გაირკვევა, რა გაუკეთებია…

მუხლზე დაწერილი ინფორმაციები რომ გადის ზუგდიდიდან, პოლიციელები ამბობენ (ბევრი თანამშრომლისგან ვიცი), რომ მუხლზე ვიწერთ ინფორმაციას, მაგიდას და სკამს ჩვენ ვინ გვაღირსებსო და ასეთი ინფორმაცია რომ გადის ზუგდიდიდან, იმიტომ გვაქვს საქმე კარგად…

_ როგორ გგონიათ, რატომ უნდა დაგთანხმდეთ ამ შეხვედრაზე გუბერნატორი?

_ თუ ლევან შონია ამას არ იზამს, მაშინ მე საჯაროდ ვილაპარაკებ ჩემს სიმართლეზე და ფურცლებს ავაფრიალებ.

თუ იმ მრგვალ მაგიდასთან საუბარი შედგება, იქაც დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს, პირდაპირ დავადგები ტაბაღუაზე, რუზგენ ჩუხუაზეც…

 

ლაშა ბერულავა