კოჯრის კლასტერი

ფარაჯანოვმა მთა ლურჯად გადაღება _ ფილმისთვის ლურჯი მთა რომ გადაეღო.
და რა ქნა ივანიშვილმა? კოჯრის ტყეში ერთი დაცემული ტაფობი ნახა, იქ ლურჯი ნოხები გააშლევინა და მთელი მიდამო ამოალურჯა და მერე ამ უწყლო „ბასეინში“ ბლომად დიდქოცობა ჩაყარა და თავთავიანთ ოფლში აცურავა. მერმე 30 დიდი „ქოცი“ მაჟორიტარობის კანდიდატად ამოაგდო და ყელმოღერებულმა გვამცნო: დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებსო.
მე კიდევ სხვა რამეში ვარ დარწმუნებული: კერძოდ, იმაში რომ ივანიშვილი სწორედ ისეა რეალობას მოწყვეტილი და კონტექსტიდან წიხლით ამოგდებული, როგორც ეს ამოლურჯებული ტაფობი იმ ხასხასა მწვანე ლანდშაფტიდან.

რეალობას მოწყვეტილი რომ არ იყოს, რანაირად იტყოდა, რომ „ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში“.
არადა, პროგრესი, პრაქტიკულად, ერთ რამეშია თვალსაჩინო _ ახალგაზრდების უმოწყალოდ ხოცვა-ჟლეტაში!
ვინაა დამნაშავე, როდესაც ქვეყნის მმართველი, პოლიტიკური ლიდერი რეალობას წყდება? ცხადია, გარემოცვა, რომელიც ყველანაირად ფილტრავს ინფორმაციას და ლიდერს, პრაქტიკულად, სტერილურ, არაფრისმომცემ ინფორმაციას აწვდის, ლიდერი შეჰყავს პარალელურ რეალობაში, საიდანაც ის ვეღარც გამოდის და აბრეხვებს ზუსტად იმას, რასაც და როგორც აბრეხვებს ბატონი ივანიშვილი. ამ დროს გარემოცვას სხვადასხვა მიზანი ამოძრავებს. ზოგი უბრალოდ მის კარზე თავის ადგილს უფრთხილდება, აუტკივარ თავს არ იტკივებს და პრინციპით „რაღა ჩემგან გაიგოს“, სათქმელს მთლიანად მალავს ან არბილებს… ვიღაცამ იცის, რომ სიმართლის მთქმელს ძვირი უჯდება სწორედ სიმართლის თქმა და იაფს ეტანება, ეუბნება იმას, რისი მოსმენაც უნდათ. ამ კატეგორიას კარგად ესმის მლიქვნელი კარისკაცებისთვის ნაცნობი, ძველთაძველი სიბრძნე: „სიმართლე“ ისაა, რისი მოსმენაც მბრძანებელს უნდა.
ამ სიბრძნეს ვიღაც შიშის გამო იყენებს, ვიღაცა კი იმისთვისაც, რომ თავის უუნარობა თუ მავნებლობა გადაფაროს. ეს ეხება ამა თუ იმ სფეროზე პასუხისმგებელ პირებს. ისინი თავად ხომ არ მოჭრიან იმ ტოტს, რომელზედაც სხედან? თავად ხომ არ ჩაუშვებენ საკუთარ თავს? თვითონ ხომ არ მოუყვებიან მბრძანებელს, როგორ იღებენ ქრთამს, როგორ ლობირებენ თავის ამფსონებს, როგორ აფუჭებენ საქმეს კეთების ნაცვლად?
როცა ლიდერს აღვირახსნილი გარემოცვა ჰყავს, მას ერთი გზა რჩება, „იქსის“ შესახებ „იგრეკისგან“ შეიტყოს, „იგრეკზე“ _ „ზეტისგან“ და ა. შ.
ახლა ისე არ გამიგოთ, თითქოს მხოლოდ გარემოცვას ვაკისრებდე პასუხისმგებლობას, როდესაც მისი ლიდერი რეალობას წყდება. უპირველესად, სწორედ ისაა პასუხისმგებელი, ვინც რეალობას წყდება! ჯერ ერთი, რომ ლიდერი განსაზღვრავს გარემოცვას და გარემოცა _ ლიდერს. ეს ყველამ იცის. დიახ, როდესაც ლიდერი ხარ, თავად იკრებ გარემოცვას და ისიც იცი, რომ შემდეგში სწორედ შენ მიერ განსაზღვრული გარემოცვა განგსაძღვრავს შენ!
ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოდგა ფეხი და ყველა გვერდით დაიყენა, ვინც კი დედამ დაწყევლა, არ იცოდა, რომ სწორედ ეს გარემოცვა იყო მისი სახის განმსაზღვრელი?
ამასაც თავი დავანებოთ, საუკუნეების წინათ მეფეები, იმპერატორები, სულთნები, შაჰები ხალხში გადაცმული გადიოდნენ, უმეტესწილად ბაზრებში.
კონსტანტინე გამსახურდიასაც აქვს აღწერილი, როგორ გადიოდა ხალხში ინით წვერშეღებილი და მდაბიურად შემოსილი მეფე გიორგი გლახუნას სახელით. როგორ ფიქრობთ, გიორგი პირველს წვერის შეღებვა და „დემნაგვასალიობა“ ჰგვრიდა ჟრუანტელს? თუ ხალხში სწორედ იმიტომ გადიოდა, რომ რეალობას არ მოწყვეტილიყო _ ხალხისგან ის შეეტყო, რასაც ვეზირებისგან და სხვა ქვეშევრდომებისგან ვერ გაიგებდა?
დიახ, რეალობას რომ არ მოწყვეტილიყვნენ და ხალხის აზრი გაეგოთ, მეფეები და სულთნები თავს საფრთხეში იგდებდნენ, გადაცმულები დადიოდნენ და სიმართლეს იგებდნენ. ახლა კი, 21-ე საუკუნეში, როდესაც ამდენი გაზეთია, ამდენი ტელევიზიაა, სიმართლე ვერ უნდა გაიგო?
დღევანდელ პოლიტიკოსებს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რატომღაც, ჰგონიათ, საარჩევნოდ წოწიალს რომ დაიწყებენ, ეს მათ რამეს მისცემს და რომ ეს ხალხში ტრიალია. ტყუილად ჰგონიათ მათ, რომ ამ გზით ხალხის აზრს გაიგებენ. ჯერ ერთი, ყველამ კარგად ვიცით, როგორც აორგანიზებენ ასეთ შეხვედრებს და როგორ მიჰყავთ და ხშირად როგორ მიერეკებიან იქ ხალხს. ასეთი პუბლიკისგან რას გაიგებ? და თუ ვინმე თავისით მიდის, ცხადია, ის აქტიური მხარდამჭერია, იმდენად მიკერძოებული, რომ მისგან სიმართლეს დიდად ვერ გაიგებ. რაც მთავარია, ასე პირდაპირ არავინ არავის არ ახლის სიმართლეს _ ისევ და ისევ შიშისა თუ სხვა ფაქტორების გამო. ასე რომ ყოფილიყო, ის მეფეები და სულთნებიც გადაუცმელად ივლიდნენ და გამოიკითხავდნენ აზრს, მაგრამ იცოდნენ, რომ ამ გზით ვერაფერს გაიგებდნენ.
მოკლედ, იმ სულთნებს, მეფეებსა და შაჰებს მხოლოდ ამ გზით შეეძლოთ გაერღვიათ ქვეშევრდომებისგან შექმნილი ინფორმაციული ვაკუუმი და გაეგოთ სიმართლე. დღეს ამ ვაკუუმის გარღვევის ბევრად მარტივი გზაა. არ გინდა არც გადაცმა და არც თმა-წვერის შეღებვა, ჩართე ტელევიზორი და გაიგებ სიმართლეს. თუ, რა თქმა უნდა, მარტო „ტელეიმედს“ არ შეაშტერდები უკუნითი უკუნისამდე. ცხადია, იმ ამბებზე, რომელსაც ტელეარხები აშუქებენ, როდესაც ხელქვეითებს პასუხს მოსთხოვ, ის ხელქვეითები აწიოკდებიან და ყველაფერს ჟურნალისტებს დააბრალებენ, რომ ისინი სიცრუეში აცხოვრებენ ხალხს. და თუ მხოლოდ ლემურების ბედი გაღელვებს, ცხადია, დაიჯერებ ამ ინფორმაციას და ერთი ყურიდან მეორეში გაატარებ იმას, რასაც მედიიდან შეიტყობ.
კარგი, დაეჭვდი მედიის კეთილსინდისერებაში, ადექი და შედი სოცქსელებში და ნახე, რაც ხდება, რასაც წერს ხალხი, რას ფიქრობს, რა სტკივა, რას განიცდის.
თუ ამასაც არ აკეთებ, ვინ ხარ და თუ ამას აკეთებ და მაინც იმას ამბობ, რომ „პროგრესია ყველა მიმართულებით“, კიდევ უფრო და საერთოდ, ვინ ხარ? რეალობას მოწყვეტილი თუ ამ რეალობის პირველი გამყალბებელი და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შემყრელი, ძალაუფლებას დახარბებული უტიფარი არსება, რომელიც ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად?
ვგონებ, სწორედაც რომ ესაა, _ რეალობას კი არაა მოწყვეტილი, ჩვენ გვაყრის თვალებში ნაცარს უტიფრად. და თუკი ეს ასეა, უკვე სხვა კითხვა მიჩნდება. შე კაი კაცო, თუკი ჩვენი მოტყუება გინდა (და ფაქტია, რომ გინდა), ცოტა უფრო დახვეწილად რომ მოგვატყუო და არა მასე თვალში საცემად და მძაღედ, არ შეიძლება? მაგრამ საქმეც ისაა, კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდებისო. როგორიც ხარ, სწორედ ისე იტყუები. რაც ხარ, სიმართლის თქმის დროსაც ის ხარ და ტყუილის თქმის დროსაც. სიმართლეც შენი პროექციაა და _ ტყუილიც. ჰოდა, სწორედ ამ თქვენი ტყუილ-მართლიდან გამომდინარე, სწორედ ის ხართ, რასაც თქვენი ბალიშაფეთქებული კობახიძე ოპოზიციას უკიკინებდა, _ ასეთი გოიმი ოპოზიცია არ ჰყოლიაო საქართველოს.
ეს რომ არ იყოს, არ ვიცი, სხვა რა ნიშნით უნდა შეერჩიათ ის 30 მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ვინაობაც დიდის ამბით გვამცნეს კოჯრის ტყიდან? ძველი სახეებიცაა და ძველიც, მაგრამ ასეთი გაცვეთილი სახეები? კი, ძველი ფეხსაცმლით შეიძლება იარო, ნათელი მომავლისკენაც კი, მაგრამ როდესაც ფეხსაცმელს ხმარებისგან ქუსლი აქვს გამძვრალი, იმით სიარული შეიძლება?
თუ ამ წარდგენის ხიბლი სწორედ ხალხის მასხრად აგდებაშია? ივანიშვილი საზოგადოებას ეუბნება, _ დიახ, თქვენ ვოლსკისა და ალკოჰოლურ ნირვანაში გადარგულ სუბარს იმსახურებთ და არავის სხვას.
ვინ წარადგინეს თბილისში კანდიდატებად? 3 ექსმინისტრი (სერგეენკო, კახიშვილი, სუბარი), 4 მოქმედი მაჟორიტარი (ვოლსკი, ყაველაშვილი, კობიაშვილი, ოდიშარია) და ერთიც გამგებელი (ვაკის).
ვაკეში ვაკის გამგებელი დააყენეს კანდიდატად, აქაოდა რაც როგორც გამგებელს უკეთებია (გეგონება, ბევრი უკეთებია) პირდაპირ რომ წაგვადგეს ახლაო. ტურძელაძე 5 წელია, ვაკის გამგებელია, მანამდე მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.
ახლა დგას და გაიძახის, _ ხუთი წელია, ვაკის გამგებელი ვარ და ყველაფერი კარგად ვიცი ვაკისო. მთავარი ვერ გაუგია მაგას ვაკის, ვაკის წელთაღრიცხვაში ხუთი წელი სეკუნდიც არაა, მანდ იმას ძიობენ, პაპიშენი სად ცხოვრობდა მაშინ, როცა ცხრა ნომერი ტროლეიბუსი მეცხრე საავადმყოფოსთან უხვევდა. ვიცი, რა პრობლემებიცაა ვაკეში და ახლა „საპარლამენტო პლატფორმიდან ვიმუშავებთ გამოწვევების დაძლევაზეო“. გამგებლობისას როგორც იმუშავეთ, ვხედავთ.
რაც შეეხება ექსმინისტრებს _ სამგორში ფხიზელ ხაბეიშვილს მუდამ არაფხიზელი სოზარ სუბარი დაუპირისპირა; ისანში კი კახი კახიშვილი წარადგინა. საბურთალოზე დავით სერგეენკო წარადგინეს. დახეთ, ბიძინას ეშმაკობას. არჩევნებამდე ერთი წლით ადრე სცენიდან გაიყვანა, რომ ახლა აბდუშაჰილივით გამოეყვანა საჭიდაოდ. აქაც იმის იმედი აქვს, რომ თუკი ვინმემ უფასო ოპერაციებით იხეირა, ყველა სერგეენკოს მისცემს ხმას.
რაც შეეხება მოქმედ მაჟორიტარებს: გლდანში ლევან კობიაშვილი წარადგინეს. 2016 წლის არჩევნებში, პირველ ტურში, 49,29% მიიღო, მისმა კონკურენტმა სერგო რატიანმა (მაშინ ენმ-დან) – 30,43, მეორეში უკვე 69,75% აიღო და ბიძინას ახლაც ამის იმედი აქვს. მაგრამ კოკას ყოველთვის არ მოაქვს წყალი. იძულებული ვარ, ჩავუზუსტო, წყლის კოკაზეა ლაპარაკი, თიხისგან დამზადებულზე.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, შავგულიძესთან საჭიდაოდ ტატამზე მოქმედი დეპუტატი ოდიშარია გამოიყვანეს. ბექა ოდიშარია 2016 წლის არჩევნებში კრწანისში იყრიდა კენჭს, პირველ ტურში 48,24% აიღო, მისი მთავარი კონკურენტი ირაკლი აბესაძე იყო _ 28,92%. მეორე ტურში უკვე 72,9% მიიღო ოდიშარიამ. აქაც იგივეს იმედი აქვთ.
დიდუბე-ჩუღურეთშიც მოქმედი დეპუტატი წარადგინეს _ გია ვოლსკი. ვოლსკი 2012 წელს პარტიული სიით გახდა დეპუტატი, 2016-ში ჩუღურეთში იყარა კენჭი და პირველივე ტურში მოიგო _ 57,32% მიიღო. მისმა მთავარმა კონკურენტმა ირაკლი ჩოლოყაშვილმა _ 23, 55%.
ნაძალადევშიც მოქმედი დეპუტატი წარადგინეს _ მიხეილ ყაველაშვილი, 2016 წლის არჩევნებში მან 47,13% მოაგროვა პირველ ტურში, მთავარმა კონკურენტმა მამუკა გუგეშაშვილმა _ 25,39%. მეორე ტურში ყაველაშვილმა უკვე 73,16% მიიღო.
იგივე სურათია დანარჩენ საქართველოშიც.
მოქმედი მაჟორიტარები არიან წარდგენილი 22-დან 7 ოლქში!
ფოთი-ხობი-სენაკში _ ირაკლი ხახუბია; ბოლნისი-დმანისი-წალკა-თეთრი წყარო _ გოგი მეშველიანი; ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბო _ გივი ჭიჭინაძე; საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული _ პაატა კვიჟინაძე; ონი-ამბროლაური-ცაგერი-მესტია _ გოჩა ენუქიძე, გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღი _ დავით სონღულაშვილი; ხულო-ქედა-შუახევი _ ანზორ ბოლქვაძე. ამ 7 მაჟორიტარის გარდა ახალქალაქ-ნინოწმინდაში წარდგენილია მოქმედი პარლამენტარი, პარტიული სიით გასული სამველ მანუკიანი. მოკლედ, ჯამურად, წარდგენილი 30 კანდიდატიდან 12 პარლამენტის მოქმედი დეპუტატია!
მათ გარდა რუსთავში წარდგენილი ნინო ლაცაბიძე თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარია. ქუთაისში წარდგენილი ექიმი ზაზა ლომინაძეც დეპუტატი იყო _ ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი გახლდათ; 2004-2008 წლების პარლამენტის მაჟორიტარი იყო დღეს ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურში წარდგენილი ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე. მის გარდა ბიზნესის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელია 30 ბობოლა ქოცკანდიდატთა შორის (ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათი _ ბეჟან წაქაძე, ხაშური-ქარელი _ დავით დუგლაძე, ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძა _ ანტონ ობოლაშვილი).
ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანი წარადგინეს, რომელიც 2012-1016 წლებში პარლამენტის წევრი იყო პარტიული სიით, ახლა კი მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს. მერე რა, რომ ეს ჩიქოვანი 2016 წელს ზუგდიდის მაჟორიტარობაზე იყრიდა კენჭს და სულ 15,33% მიიღო უბიძინოდ?
მოქმედი დეპუტატების გარდა „ოცნების“ სასახელო სიაში არიან მოქმედი გუბერნატორები. გორსა და კასპში შიდა ქართლის მოქმედი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინეს; ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხში _ ირაკლი ქადაგიშვილი; აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუშიც მოქმედი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია წარადგინეს; ასევე მცხეთა-დუშეთი-თიანეთში _ შალვა კერესელიძე; გარდაბან-მარნეულში ზაურ დარგალი წარადგინეს, რომელიც ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორია; ბათუმში წარდგენილი რესან კონცელიძეც მოადგილეა, ოღონდ _ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის! ქობულეთში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძეა წარდგენილი.
მოკლედ, როგორც ხედავთ, 30 კაცში 13 მოქმედი დეპუტატია (12 _ პარლამენტის, 1 _ თბილისის საკრებულოსი), 4 მოქმედი გუბერნატორი და ერთიც მოქმედი ვიცე-გუბერნატორი; ერთიც მოქმედი გამგებელი (ვაკის), სამი ყოფილი და ერთიც მოქმედი მინისტრი, კიდევ ორი მოქმედი მაღალი რანგის ჩინოვნიკი და რამდენიმეც ხელისუფლებასთან ჩახუტებული ბიზნესმენი.
არც ერთი ახალი სახე! არც ერთი! ცალკე ამათი შემხედვარე და ცალკე _ ოპოზიციის კანდიდატების, კიდევ გიკვირთ, რომ ხალხი 5-5 კილო ხახვ-კარტოფილს ირჩევს?

რეზო შატაკიშვილი