კორუფცია ვს მართლმსაჯულება

ბოლო ექვსი თვეა, საქართველო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიით ცხოვრობს. ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენი ახალი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა. აქცია მთავარ პროკურატურასთან ირაკლი შოთაძის გადადგომით დასრულდა, მოგვიანებით კი საზოგადოების პროტესტი პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა.

დღეს, როცა ქართული საზოგადოების ყურადღება მთლიანად ხორავას ქუჩის ტრაგედიისკენ არის მიპყრობილი, მთავარ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევად ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელება მიიჩნევა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვინ დაიჭერს მთავარი პროკურორის პოსტს, რადგან სწორედ ახალ მთავარ პროკურორზეა დამოკიდებული, რამდენად ეყოფა მას პოლიტიკური ნება, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს ის რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ფავორიტი მინისტრების კორუფციულ სქემებს ეხება და რომელიც „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ირაკლი შოთაძის მიერ თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი.
თანამედროვე ქართული კორუფციული ურჩხული ორთავაა _ ერთი თავი პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს ეკუთვნის, მეორე კი აწ უკვე ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ეს მონსტრი სტრუქტურირდა და გაილაღა კიდეც. ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს დანიშვნისთანავე „ნაციონალური“ წარსული გაუხსენეს, მაგრამ ამას გიორგი კვირიკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, ალავიძე მისი კორუფციული სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ყოფილიყო.
ეს ის დროა, როცა ბიძინა ივანიშვილი ხეების გადარგვით და დენდროლოგიური ბაღის მშენებლობითაა დაკავებული და მათთვის არ სცალია. სამაგიეროდ, ქუმსიშვილ-ალავიძის ტანდემი უთხრის ძირს ქართული სახელმწიფოს ბიუჯეტს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ანტიკორუფციული საგამოძიებო ჯგუფი, ჯერ კიდევ, წელიწად-ნახევრის წინ, დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში შექმნა და მას პირადად ხელმძღვანელობდა. ჯგუფში განსაკუთრებულ საქმეთა რამდენიმე გამომძიებლის პარალელურად, ფინანსური პოლიციის გამოცდილი და სანდო თანამშრომლები შედიოდნენ. სწორედ ისინი უძღვებოდნენ ამ საქმეეების გამოძიების ოპერატიულ მხარეს. შოთაძე-ბადაშვილის კარგად შეთამაშებული ტანდემი აქაც ეფექტიანი აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, კონფიდენციალობის დაცვა საქართველოს ხელისუფლების კულუარებში ჭირს, თითო ვირთხა აქ არასოდეს დაილევა. ფინანსთა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე ხანში დიმიტრი ქუმსიშვილის ყურამდეც მიაღწია ანტიკორუფციული ჯგუფის შექმნის ამბავმა და სწორედ მაშინ დაიწყო ფარული შიდასახელისუფლებო ომი, ე. წ. ბულდოგების ბრძოლა ხალიჩის ქვეშ, რომლის დეტალებიც საჯაროდ ამ დრომდე არ გახმაურებულა და ექსკლუზიურად სწორედ „ქრონიკა+“-მა მოიპოვა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, თავიდან რამდენიმე მცდელობა იყო, პოლიტიკურ „ტისკში“ მოექციათ ირაკლი შოთაძე, ანუ მასზე აეღოთ „ვერხი“, მაგრამ ირაკლი შოთაძე კერკეტი კაკალი აღმოჩნდა _ კვირიკაშვილის „ნაეზდებსაც“ ადვილად გაუმკლავდა და ქუმსიშვილ-ალავიძის ინტრიგებსაც.
დიმიტრი ქუმსიშვილი „ქართუ ბანკში“ რისკების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მან ყველაზე ადრე იგრძნო კატასტროფის რისკი და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საბოტაჟირება შიგნიდან სცადა, _ ჯერ ფინანსური პოლიციის უფროსის, გიორგი ბადაშვილის გადაყენება მოითხოვა, ფინანსური პოლიციის უფროსად კი გიორგი ბადაშვილის მაგიერ მისი უახლოესი ადამიანის _ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ამჟამინდელი უფროსის, გიორგი თვაურის გაყვანა სცადა. გარდა მეგობრობისა, ქუმსიშვილსა და თვაურს ერთმანეთთან ახლო ნათესაობაც აკავშირებთ, დასამალი არაა, რომ წარმოშობით ორივე ოსია.
გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად არც დიმიტრი ქუმსიშვილს მიუქცევია ყურადღება გიორგი თვაურის „ნაციონალური“ წარსულისთვის. წარსულიცაა და წარსულიც, გოგა თვაური, არც მეტი არც ნაკლები, 2009-2010 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, ხოლო 2010-2011 წლებში იმავე სამინისტროში პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გახლდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა ციხეებში პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეა საუბარი, დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა სწორედ გიორგი თვაურის მოვალეობაში შედიოდა. პრობაციის ბიურო კი პრობაციონერებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ყოფილი ხელისუფლების საარჩევნო ხმების ნამდვილი ყულაბა იყო.
2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გიორგი თვაური პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის მამიდაშვილთან, ზვიად ჯანყარაშვილთან გადაპორტირდა და ამჯერად უკვე ზვიად ჯანყარაშვილის მოადგილე გახდა შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, 2013 წელს კი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის პოსტზე დაინიშნა.
პოსტზე დანიშვნის წინა დღეს გოგა თვაურმა მედიას საკუთარი წყაროებით მიაწოდა მისი დანიშვნის ანონსი, მეორე დღეს კი, ყველასთვის მოულოდნელად, დანიშნული ბრიფინგი გადაიდო და ამ პოსტზე სულ სხვა კანდიდატურა დაინიშნა. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს _ ის ბრძენი კაცი არასოდეს აძლევს აბსოლუტურ ძალაუფლებას არავის, გიორგი ბადაშვილის გაშვებას კი დათანხმდა, მაგრამ ქუმსიშვილს თვაური ფინანსურ პოლიციაში არ მოაყვანინა.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ირაკლი შოთაძეზე პოლიტიკური „ნაეზდი“ არ შედგა, „ბალასტის დირექტორ“ მღებრიშვილივით პროკურორი ერთი ადგილის ქვეშ ვერ ამოიდეს, ვერც გოგა თვაურის ფინანსურ პოლიციაში ჩანერგვის გზით მოხერხდა გამოძიების საბოტიჟირება, მაგრამ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის ტანდემმა გამოცდილი მოჭადრაკეებივით ხარისხი შეწირეს და ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს. ამ მანევრით დრო კი მოიგეს, მაგრამ მთავარ პროკურატურაში დაწყებული საქმეები, ცხადია, არ დახურულა!!!
ამ ფაქტის შემდეგ, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პრემიერმა ჩასაფრების პოზიცია არჩია. მოგეხსენებათ, საპროკურორო საქმიანობა მომეტებული რისკის შემცველია, განსაკუთრებით ისეთ საქმეზე, რომელზეც დიდი საზოგადოებრივი წნეხი არსებობს. და ასეთი ნამდვილად იყო ხორავას ქუჩის ტრაგედია. ჩვენი წყარო ამბობს, რომ, მოულოდნელად, დიმიტრი ქუმსიშვილის დაკვეთით, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმეში ჩნდება მისი უახლოესი მეგობრის, ფინანსური პოლიციის უფროსად დაწუნებული გიორგი თვაურის უწყების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც პროკურატურის საბოლოო დისკრედიტაციის განზრახვა ისე ოსტატურადაა შენიღბული პროფესიული ექსპერტული ტერმინოლოგიით, ისეა აღწერილი არასრულწლოვანი დავით სარალიძის სხეულზე არსებულ დაზიანებათა პარამეტრები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მის სიკვდილთან, რომ დაზარალებულსა და დაზარალებულის კვალდაკავალ მთელ საზოგადოებას უჩენს განცდას, რომ მკვლელობა, ფაქტობრივად, გაუხსნელია და ორი დაკავებულის გარდა კიდევ არსებობს დაუსჯელი მკვლელები.
შეთქმულების ბოლო აკორდი სასამართლოს ეკუთვნის. მედიაში დაწყებული შავი პიარის პარალელურად, მოსამართლე ეკა არეშიძე დილემის წინაშე დადგა, _ გაეზიარებინა პროკურატურის ბრალდება, საზოგადოებრივი აზრის მიერ შეირისხებოდა. ვისგან უნდა მიეღო მას დირექტივა? მისი რეკომენდატორი ზურაბ ადეიშვილი უნგრეთშია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოსამართლე ეკა არეშიძისთვის დირექტივა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკელი ლობისტების მეშვეობით მიიღო _ მოსამართლეს გიორგი კვირიკაშვილის პოზიცია გადასცეს, რომ მოსამართლისგან ელის „პრინციპულ და სამართლიან“, დაზარალებულისა და საზოგადოების მისაღებ ვერდიქტს, რადგან პროკურატურის ბრალდება მასაც ბოლომდე გაუმართავი ჰგონია.
საპროტესტო აქციები მთავარ პროკურატურასთან ისე დაიწყო, რომ რა გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლე ეკა არეშიძემ, ბოლომდე არავინ იცოდა. ირაკლი შოთაძის გადადგომის მერე დაწყებული პროტესტი გიორგი კვირიკაშვილის კონტროლიდან გავიდა და საპროტესტო აქციაზე ჩასულ პრემიერს, როცა მან გახარიას ილეთის განმეორება მოინდომა, ახალგაზრდებმა ბოთლები ესროლეს.
საბოლოოდ, მოსამართლის ვერდიქტი ასეთია: ეკა არეშიძემ არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და დასრულებული მკვლელობის მაგივრად, მკვლელობის მცდელობა შერაცხა ბრალდებულს, მაგრამ, მეორე მხრივ, მკვლელობის მცდელობისთვის არასრულწლოვან განსასჯელს იმდენივე მიესაჯა, რასაც სრულწლოვან დამნაშავეს უსჯიან ხოლმე დასრულებული მკვლელობისთვის. სწორედ აქ გაიყიდა მოსამართლე ეკა არეშიძე, რადგან განაჩენის ორივე კომპონენტით საზოგადოებრივ განწყობებსა და კონიუნქტურას მოემსახურა, რაზეც მწვანე შუქი სწორედ პრემიერ კვირიკაშვილისგან მიიღო.
მთავარი პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად კონსულტაციები უკვე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებაში ამ პოსტზე გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავენ, საპარლამენტო უმცირესობამ კი თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, შალვა შავგულიძის კანდიდატურა დაასახელა.
ვინ შეცვლის ირაკლი შოთაძეს და როგორ დაასრულებს იგი გიორგი კვირიკაშვილის კორუფციული სქემების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას? როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ? ამ კითხვებზე პასუხი მთავარი პროკურორის დანიშვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

ელისო კილაძე