კონტროლდება თუ არა იმპორტირებული პროდუქცია?

საერთაშორისო ვაჭრობა პროდუქტისა თუ მომსახურების ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას გულისხმობს. ეს პროცესი ტვირთის თამხლები დოკუმენტაციის მეშვეობით რეგულირდება. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (გეზ) მოწმდება ტვირთის თანმხლები დოკუმენტაცია, რაც საბოლოოდ საბაჟო დეკლარაციაში აისახება.

თანმხლები დოკუმენტაციის დაყოფა პირობითად შეიძლება სავალდებულოდ და არასავალდებულოდ.
სავალდებულო საექსპორტო დოკუმენტებში შედის: ხელშეკრულება, ინვოისი, სატრანსპორტო საბუთები, წარმოშობის სერტიფიკატი, ვეტერინარიული სერტიფიკატი (ცხოველური წარმოშობის ტვირთებისთვის), ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი (მცენარეული წარმოშობის ტვირთებისთვის) და ფუმიგაციის სერტიფიკატი (შეფუთვის საშუალებებზე).
არასავალდებულო დოკუმენტაციაში მოიაზრება ყველა ის საბუთი, რომელიც არ მოითხოვება საბაჟოს მიერ ტვირთის ექპორტისას, მაგრამ თან ახლავს მას იმპორტიორის მოთხოვნის საფუძველზე. ასეთი შეიძლება იყოს: ხარისის სერტიფიკატი, ტვირთის შეფუთვის ფურცელი, რადიოლოგიის ცნობა და ა. შ.
ეს იმ პროცედურების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც უნდა გაიაროს პროდუქტმა, სანამ საზღვარს გადმოკვეთს და ქვეყნის შიდა ბაზარზე მოხვდება.
თავად იმპორტი კი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებლია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს და, ამავდროულად, გაცვლით კურსზე მოქმედებს. თუ ექსპორტის ზრდა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს და ეროვნული ვალუტის გაუფასურების რისკს ამცირებს, იმპორტის ზრდა პირიქით, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინებას იწვევს და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ახდენს ზეწოლას.
იმპორტი განიმარტება, როგორც საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებისა და მისთანათა საზღვარგარეთიდან შემოტანა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე მათი ქვეყნიდან გატანის ვალდებულების გარეშე.
მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი და ექსპორტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესებია, მათი კონტროლი მაინც სასურველი და აუცილებელიც კია.
უკონტროლო იმპორტის შედეგები საკმაოდ ცუდია და უარყოფითად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის სოციალურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობასა და სიტუაციაზე.
იმპორტის დროს გარკვეული პროცედურები უზრუნველყოფს საზღვარზე გადმოსული პროდუქციის ხარისხის შემოწმებას, თუმცა არის კი ეს მექანიზმი კონტროლისთვის საკმარისი?
გააქტირუდა საუბარი ადგილობრივ ბაზარზე უხარისხო იმპორტული პროდუქტის მომრავლებასთან დაკავშირებით.
სპეციალისტები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული პროდუქტის მოხმარების შედეგად წლის განმავლობაში 18 000 ადამიანი სიმსივნური დაავადებით ავადდება. მათი თქმით, პროდუქტი შესაბამისად არ მოწმდება, რაც ცალკე პრობლემას ქმნის.
სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში შემოსული იმპორტირებული პროდუქტების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და მეტი წილი ადგილობრივ წარმოებას დაეთმოს. ეს სამუშაო ადგილების რაოდენობასაც გაზრდის და მოსახლეობასაც ჯანსაღი საკვები მიეწოდება.
არსებობს კონკრეტული პროდუქტები, რომელიც საზღვარზე არ კონტროლდება. მათ შორის არის კოსმეტიკური საშუალებები და სათამაშოები. სწორედ კონტროლის მექანიზმის არარსებობა ხშირად ეჭვქვეშ აყენებს ამ პროდუქციის ხარისხსა და მის ზემოქმედებას მომხმარებელზე.
წლებია, რაც საქართველოს მოსახლეობა უცხოეთიდან იმპორტირებულ ხილსა და ბოსტნეულს დიდი რაოდენობით მოიხმარს, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის იმპორტირებული პროდუქცია, ამაზე თითქმის არაფერი ვიცით.
გასულ წელს იმპორტი საქართველოში 9,4%-ით გაიზარდა და დაახლოებით 8 მლრდ დოლარი შეადგინა.
ეს მაჩვენებელი იმპორტის გააქტიურებასა და ამ პროცესების მნიშვნელობაზე მიანიშნებს, შესაბამისად მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება იმპორტის კონტროლის მექანიზმებსა და პროდუქციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

რამდენად ეფექტიანია იმპორტის პროცედურები პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად და რა კონკრეტული მექანიზმები არსებობს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?
„ქრონიკა+“-ს შემოსავლების სამსახურში უპასუხეს:

_ რა კონკრეტულ პროცედურებს გადის იმპორტირებული პროდუქცია, სანამ საქართველოს საზღვრებს გადმოკვეთს?
_ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის „ს“ ქვეპუნტის თანახმად კი საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს შემოსავლების სამსახურის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების დაცვა.
საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ექვემდებარება საბაჟო კონტროლს, რომლის ფორმებია: დოკუმენტებისა და მონაცემების შემოწმება, ზეპირი გამოკითხვა, ახსნა-განმარტების მიღება, დაკვირვება (ვიდეო და აუდიოჩაწერა), საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და ტერიტორიის დათვალიერება, ლაბორატორიული კვლევის მიზნით სინჯისა და ნიმუშის აღება, ფიზიკური პირის დათვალიერება ან საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 23-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო კონტროლი ასევე მოიცავს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლს, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, ვეტერინარიულ სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ- საკარანტინო კონტროლს, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
_ არსებობს თუ არა იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მექანიზმები და რამდენად არის დაცული ამ კუთხით მოქალაქეების უფლებები?
_ აღნიშნულთან ერთად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი პროდუქციის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით, ხორციელდება სხვადასხვა სახის კონტროლი. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე – კანონით განსაზღვრულ სფეროზე, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა.
_ ექსპერტები იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების, ასევე სათამაშოების მავნებლობაზე საუბრობენ. საზღვარზე მსგავსი პროდუქცია რამდენად მოწმდება და კონტროლდება?
_ იქიდან გამომდინარე, რომ კოსმეტიკური საშუალებებისა და სათამაშოების უსაფრთხოების მოთხოვნები დადგენილი არ არის, სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციას არ განეკუთვნება ასეთი საქონლის უსაფრთხოების კონტროლი.
_ იმპორტირებული პროდუქციის ეტიკეტი როგორ მოწმდება?
_ რაც შეეხება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული პროდუქციის ეტიკეტირების შემოწმებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო კონტროლის ღონისძიების განხორციელებისას აგრეთვე მოწმდება პროდუქციის ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ასე მაგალითად: საქართველოში იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის განსაზღვრულ მოთხოვნებთან; ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების, საწოვრიანი ბოთლების, საწოვრებისა და სატყუარების ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან; საშიში ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიშანდებისა და ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #428 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის #320 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #759 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის – ხილის წვენისა და ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სხვა მსგავსი პროდუქტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 8 დეკემბრის #536 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
ცხოველური წარმოშობის სურსათის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის #90 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; გატარებული ხორცის, ხორცის ნახევარფაბრიკატებისა და ხორცის პროდუქტები, გარდა ფრინველის ხორცისა, რომელთა გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თერმული (თბური) დამუშავების შემდეგ, ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის #581 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეტიკეტზე მითითებული ინფორმაციის შესაბამისობა „ტექნიკური რეგლამენტის _ „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #427 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

ანა ურუშაძე