„კობა გვენეტაძე „ღირსეულად“ აგრძელებს იმ საქმეს, რასაც ოლიგოპოლიის დამყარება ჰქვია!“

„ეროვნული ბანკის“ მონაცემებით, აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა. სწორედ ამ ორგანიზაციებისთვის „ეროვნული ბანკი“ ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს.

შესაბამისი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია შესული, რომლის მიხედვითაც, მიკროსაფინანსოების საწესდებო კაპიტალი მომავალი წლიდან ნახევარ მილიონ ლარამდე, 2019 წლიდან კი 1 მილიონ ლარამდე გაიზრდება. „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ორგანიზაციები, რომლებიც ბაზარზე არიან, ფინანსურად სტაბილურები უნდა იყვნენ და ნორმალურად შეძლონ ფუნქციონირება.

სპეციალისტების შეფასებით კი დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა და კანონმდებლობა მხოლოდ კომერციულ ბანკებზეა მორგებული და საფრთხეა, რომ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს.

 

დავით კიკვიძე:

_ მიკროსაფინანსოების ბაზარი დიდი ხანია, მოსაწესრიგებელია, კანონმდებლობა დასახვეწია, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ ასეთი მკაცრი მოთხოვნების წაყენება ფინანსურ ბაზარზე, ხელმისაწვდომობაზე აისახება. დღეს საქართველოს ფინანსური სისტემა და კანონმდებლობა, გარკვეულწილად, მორგებულია კომერციულ ბანკებზე, რაც უარყოფითი მოვლენაა და არ არის სწორი.

რეგულირების კუთხით ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ მომხმარებელს ალტერნატივა ჰქონდეს, საიდან აიღოს სესხი, _ კომერციული ბანკიდან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან თუ ონლაინ სესხების კომპანიებიდან? ბოლო პერიოდში „ეროვნული ბანკი“ და მთავრობა ცდილობს, ბიზნესსუბიექტებს რეგულაცია დაუწესოს და ამ რეგულირების საშუალებით დაიცვას მომხმარებელთა უფლებები, რაც არასწორია, რადგან საჭიროა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაზე მუშაობა. ეს კი, საბოლოო ჯამში, იქამდე მიგვიყვანს, რომ მომხმარებელი წინდახედული გახდება.

ბოლო წლების განმავლობაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებულია იმით, რომ მაღალია ფულზე მოთხოვნა და ბაზარი მის დაკმაყოფილებას ცდილობს. ამასთან, ახალი რეგულაციების ფონზე ბევრ კომპანიას გაუჭირდება მოთხოვნების დაკმაყოფილება, ზოგი შერწყმას გადაწყვეტს და ეს კონკურენციის შემცირებას გამოიწვევს. დღეს ბაზრის უმსხვილესი ორგანიზაციები იხურება, ნაწილი კომპანიების მინიმალური თანამშრომლებით რჩება ბაზარზე და ორიენტირებული არიან პორტფელის ამოღებაზე. ჩემი მოსაზრება თავიდანვე იყო, რომ „ეროვნულ ბანკს“ კონკრეტული კანონმდებლობა უნდა შეემუშავებინა, რათა სამუშაო გარემო კანონმდებლობის ფარგლებში დარეგულირებულიყო და არა კანონმდებლობის გამკაცრება, რამაც კომპანიების მიკროსაფინანსოებად გარდაქმნა გამოიწვია.

სამომავლო პერსპექტივაში, დიდი ალბათობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა იმდენად შემცირდება, რომ ბაზარი მოკვდება და მომხმარებელი მხოლოდ კომერციული ბანკების ალტერნატივის წინაშე იქნება _ რაც ცუდია, რადგან აღმოჩნდება, რომ ფინანსურ რესურსებს მხოლოდ კომერციული ბანკები განკარგავენ.

 

ლია ელიავა:

_ დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საწყისი კაპიტალი 250 000 ლარს შეადგენს, თუმცა მათი საკრედიტო რესურსები ძალიან დიდია. საიდან იღებენ ამ თანხებს ეს ორგანიზაციები, საინტერესოა? იცით, რომ მათ არ აქვთ თანხებით დეპოზიტების მოზიდვის უფლება? ეს არის სესხები, ისინი სესხულობენ ან ფიზიკური პირებისგან, ან ამას ფუთავენ, ფაქტობრივად, იღებენ დეპოზიტებს და სხვანაირად აფორმებენ, მეორე მათი სასესხო მსხვილი წყარო _ ეს არის კომერციული ბანკები. თუ „ეროვნული ბანკი“ კაპიტალის მოთხოვნებს ორჯერ გაუზრდის და მერე ოთხჯერ, როგორც გეგმავს, ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ სასესხო ზეწოლა კომერციულ ბანკებზე, რომლებიც სესხებს იძლევიან მიკროსაფინანსო ორაგნიზაციებისთვის, სუსტდება და კომერციულ ბანკებს შედარებით დიდი თანხები დარჩებათ საკუთარი ოპერაციების განსახორციელებლად. ეკონომიკაში საუკეთესო ვარიანტი რომ ვივარაუდოთ, ბიზნესის რეალურ სექტორში ფულის ჩადებაა. თუ „ეროვნული ბანკის“ გადაწყვეტილებას ეს მოსაზრება უდევს საფუძვლად, მხოლოდ მივესალმები, ხოლო ამ მოსაზრებას თუ საფუძვლად უდევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბაზრიდან განდევნონ და ამით ბაზრის მონოპოლიზება მოახდინონ, რა თქმა უნდა, ასეთი საქციელი ნამდვილად არ არის საქებარი. ზოგადად, „ეროვნული ბანკის“ საქმიანობა მდორეა და ქვეყნის ეკონომიკისთვის აბსოლუტურად შეუმჩნეველი.

 

პაატა შეშელიძე:

_ აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კობა გვენეტაძის თაოსნობით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მორგებულია მხოლოდ კომერციულ ბანკებზე და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობისთვის საფრთხეა. ბაზარზე ოპერირების ნებისმიერი გართულება იმას ნიშნავს, რომ უპირატესობა გაუჩნდებათ კომერციულ ბანკებს. საერთოდ, ამ ბოლო დროს, „ეროვნული ბანკის“ მიერ ყველაფერი კეთდება, რომ კომერციულ ბანკებს რაც შეიძლება მეტი შეღავათიანი პირობები ჰქონდეთ. ფაქტობროვად, ჩვენი მთავრობისა და დღევანდელი „ეროვნული ბანკის“ პოლიტიკა _ ეს არის მსხვილი ბიზნესის კიდევ უფრო გამსხვილება და მცირე ბიზნესების მათთვის დამორჩილება, ან საერთოდ განადგურება, განსაკუთრებით, ფინანსურ სფეროში. ამას რომ თავი დავანებოთ, ახალი რეგულირებებია, სამყარო თანდათან ცდილობს, რომ ამ ყველაფერს თავი აარიდოს და ბიტკოინი თუ სხვა ათასი ტექნოლოგიები, ელექტრონული ფულის სისტემა შემოიტანოს. ფანანსურ გამყარებასა და ახალ რეგულაციებზე ლაპარაკი სრული აბსურდია და მხოლოდ იმისთვის შეიძლება გაკეთდეს, რომ საბანკო ოლოგოპოლიურ სისტემას ცხოვრებისა და ამოსუნთქვის საშუალება მიეცეს. ეს არის ბოროტი განზრახვა, სხვას არ აძლევს საშუალებას, რომ რამე გააკეთოს. ვითომ გადარჩენა უნდათ იმით, რომ გაამართლონ _ კურსი შეიცვალა, მაგრამ ეს კურსი მათივე პოლიტიკის გამო შეიცვალა. შეიძლება იმით გაამართლონ, დოლარში ხომ არა, ლარში იცვლებაო, მაგრამ ეს საერთოდ სისულელეა! ეს არის ბოროტება! საერთოდ, „ეროვნული ბანკის“ ქმედებები ქვეყნისთვის საწინააღმდეგოა და გასულ საუკუნეში ჩარჩენილი! ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელიც მსხვილი ბანკების უფრო გამსხვილების პოლიტიკას და წვრილი საკრედიტო ინსტუტების ჩაკვლას ემსახურება. საერთოდ, ეს არის ახალი გამოწვევების მოკეტვისა და დახურვის მცდელობა! კობა გვენეტაძე აგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც მისი წინამორბედების შემთხვევებშიც ხშირად იყო, ეს მუდმივი პროცესია, უბრალოდ, ყველა ეტაპზე ახალ-ახალი ინტერესები ჩნდება და ახალი იდეები მოსდით! 10 წლის წინათ ონლაინბანკებს ვერ დაერეოდნენ, იმიტომ, რომ არ იყო. ეს კურსი დაეცა და შესაბამისად, ახლა აქვთ ამოცანა, რომ საკრედიტო ინსტიტუტები შეასუსტონ, რადგან მისი ჩამოყალიბების საშუალება მეტს გაუჩნდა. იგივე ონლაინსესხებზე ვინც მუშაობდა, განაცხადები შეიტანეს და ასეთი სტატუსი მიიღეს, რადგან ეს მათთვის ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ახლა საწესდებო კაპიტალი თუ გაეზრდებათ, ხელმისაწვდომი ვეღარ იქნება. ამიტომ, როცა ახალი გამოწვევები დგება, მაშინ ახალ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს არის მიზანმიმართული პროცესი, ოლიგოპოლიის მთავარი მახასიათებელი ღერძი, რომ კონკურენტების განვითარებას შეუშალოს ხელი. ისინი დარჩენილები არიან იმ ძველ სისტემაში, რომელიც ახალ პროცესს შეაყოვნებს. კობა გვენეტაძე „ღირსეულად“ აგრძელებს იმ საქმეს, რასაც ოლიგოპოლიის დამყარება ჰქვია!

 

თამარ ბატიაშვილი