კობარეთის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი

თბილისში კობარეთისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლები გორაკზე, რომელზეც რკინიგზა გადის, პროფილაქტიკების მშენებლობის ნებართვის გაცემასა და ამ ობიექტების მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვისა და ჰაერის დაბინძურების რეალურ საფრთხეზე საუბრობს. მათ დახმარებისთვის დედაქალაქის მერიასა და საკრებულოს უკვე მიმართეს. სასამართლოსა და საპროტესტო აქციების გზით ბრძოლასაც გეგმავენ.

„ქრონიკა+“ კობარეთის ქუჩის მცხოვრებს, ანა ოხანაშვილს ესაუბრება:

_ კობარეთის ქუჩა ცალმხრივად დასახლებულია. ჩვენ წინ გორაა, რომელზეც რკინიგზა გადის. ეს გორა, ჯერ კიდევ, წლების წინათ გასხვისდა. როგორც ეს სატელევიზიო კომენტარებიდან გავიგეთ, აქ პროფილაქტიკების მშენებლობის ნებართვა 2008 წელს ყოფილა გაცემული. მერე არ ვიცი, მათ შორის რა მოხდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ აღნიშნული ნებართვა ჩამოართვა.

დაახლოებით ერთი წლის წინათ პროკურატურაში შექმნილმა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტმა აღნიშნულ მფლობელებს ეს გორა დაუბრუნა.

მანამდე, 2008 წლის ნებართვის ჩამორთმევის შემდეგ, ეს პროექტიც შეჩერებული იყო. წელს გაზაფხულზე მერიამ მფლობელებს ნებართვა გაუგრძელა, რაც ტერიტორიაზე პროფილაქტიკების, ავტომობილების შემკეთებელი ობიექტების მშენებლობას ითვალისწინებს.

შედეგად, ეს გორა გამოთხარეს და მთელ ორ კვარტალზე გაყოლებული პროფილაქტიკები განთავსდება. ასეთი პრაქტიკა ჩვენს უბანში უკვე არის: კაჩინსკის ქუჩიდან კოშკოვანის ქუჩამდე რაღაც ორსართულიანი კონსტრუქციებია აშენებული, რასაც შენობასაც ვერ დავარქმევ, სწორედ იქ აქვთ ეს პროფილაქტიკები.

უბრალოდ, წარმოუდგენელი ამბები ხდება აღნიშნულ ქუჩაზე. კაჩინსკის ქუჩიდან კობარეთის ქუჩაზე ვერ შემოხვალ, კოშკოვანზე ჩახვევა რომ გინდა, ვერ ჩაუხვევ, რადგან პირდაპირ ქუჩაში მიმდინარეობს სამეწარმეო საქმიანობა. არის კაპოტახდილი, „შიტოკმოგლეჯილი“ მანქანები, ბორბალგამოსაცვლელები და ა. შ.

მოკლედ, ამ მანქანებს, ნაწილებს შუა ქუჩაში ღებავენ და ასე პირდაპირ გზაზე კეთდება ის, რაც სპეციალურ ბოქსებში უნდა სრულდებოდეს.

წარმოიდგინეთ, იმ კვარტალში რაც ხდება, ეს გადაადგილების პრობლემას გვიქმნის. ახლა გამოყოლებაზე და კიდევ იქით უნდა აშენდეს იგივე მომსახურების ობიექტები, რომლის შემდეგ ვერც წარმოგვიდგენია, ჩვენს ქუჩაზე რა მოხდება. საერთოდ, არ ვიცით, როგორ უნდა გავიდეთ სახლიდან, როგორ ჩავსხდეთ მანქანაში, როგორ ჩავუხვიოთ რომელიმე ჩასახვევში… მართლა წარმოდგენა არ გვაქვს, დამატებითი მშენებლობის შემდეგ ეს ყველაფერი როგორ უნდა განვითარდეს.

ამით კიდევ რამდენი ჩასახვევის სრული პარალიზება უნდა მოხდეს, მაგასაც ვეღარ ვფიქრობთ. აქ მარტო გადაადგილების შეფერხებაზე საუბარი არ არის. აქ სრული პარალიზებაა როგორც ავტომობილებისთვის (ადგილობრივებისთვის), ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც, რადგან ქვეითი ტროტუარზე ვერ გაივლის.

მე როცა იქით ქუჩაზე მაღაზიაში ან სხვაგან გადასვლა მინდა, ტროტუარზე ვერ გადავდივარ. შუა ტრასაზე, მანქანების გზაზე გამოვდივარ და ასე ვმოძრაობ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჯერ ნებართვის შეჩერებას ვითხოთ, რადგან როცა დაინახეს, საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ, მაშინვე დაჩქარებული წესით გორის გამოთხრა დაიწყეს. ტრაქტორი ღამის ორ საათზე მუშაობდა და ახლა უკვე ბეტონის ჩამსხმელი მანქანა მუშაობს. სურთ, რაც შეიძლება მალე მოასწრონ კედლის ამოყვანა, რომ მერე არგუმენტი ჰქონდეთ, _ აი, ინვესტიცია განვახორციელეთო და ა. შ.

მოკლედ, მშენებლობის სასწრაფოდ შეჩერებას ვითხოვთ, სანამ მერია ამ საკითხს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. პარალელურად, ჩვენს მაჟორიტარ ბექა ნაცვლიშვილს, ალეკო ელისაშვილსა და საკრებულოს თავმჯდომარესაც მივმართეთ.

ასევე ვაპირებთ სასამართლოს მივმართოთ… მაგრამ ხომ გესმით, ეს ყველაფერი დროში ძალიან გაწელილია. როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, მერე როდის განიხილება, ამასობაში ეს ააშენებს და შეიძლება, ფუნქციონირებაც დაიწყოს.

ამიტომ, პირველ რიგში, ნებართვის მოქმედების შეჩერებას ვითხოვთ. რასაკვირველია, ჩვენი საბოლოო მოთხოვნა მისი გაუქმებაა. არავის აქვს უფლება, ეს ქალაქი, მართლაცდა, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახადოს. სატელევიზიო კომენტარებში მერიას არგუმენტად მოჰყავს, რომ ეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ნებართვაა. მესმის, რომ მოქმედია, მაგრამ კანონმდებლობა მე, როგორც მოქალაქეს (და ჩემნაირი კიდევ ძალიან ბევრია) პრობლემას მიქმნის ელემენტარულ გადაადგილებაში, ჩემს ეკოლოგიურ პირობებს აუარესებს, კიდევ ბევრ სხვა პრობლემას წარმოშობს (ბოლოს და ბოლოს, ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტს იწვევს), ხომ უნდა დაფიქრდნენ დედაქალაქის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები? იქნებ, კანონმდებლობაში რამე შესაცვლელია? იქნებ, ხარვეზებია და ეს უნდა გასწორდეს?

კიდევ ერთი პრობლემა: საუბარი იყო, რომ გორა უნდა გაემწვანებინათ. ისეთი ქუჩაა, აქ ბევრი ხეც არ დგას. ღია ქუჩაა, ნიავი და ქარი კი უბერავს ხოლმე, მაგრამ სიმწვანის პრობლემა ყოველთვის იყო. ოდესაღაც, ჩემს ბავშვობაში, აქ ყვავილების ბუჩქები მახსოვს, მაგრამ, რატომღაც, თავისით განადგურდა. ალბათ, ამ რკინიგზის, ნავთობის, მაზუთის გამონაბოლქვის გამო.

შარშან და შარშანწინ აქ ნაძვები და ბროწეულები ჩარგეს. ახლა ეს გორა რომ გამოთხარეს, მთლიანად გაანადგურეს ბროწეულის ხეები, რაც ამ პროექტში მოყვა. ნაძვებს ნიადაგი გამოთხრილი აქვს და ფესვები უჩანს. მიკვირს, ამ დღეების წვიმას როგორ გაუძლეს. მეგონა, ეს მიწა ჩამოწვებოდა და ჩამოინგრეოდა.

პატრული გამოვიძახეთ და ზედამხედველობის სამსახურს ოქმიც შევადგენინეთ, მაგრამ რა გითხრათ, მათი რეაგირება სულ ეს იყო.

ჩვენს განცხადებებს კიდევ ერთთვიანი განხილვის ვადა აქვს. ამ ერთ თვეში აქ რა მოხდება, არავინ იცის. ასე გაჩერებას არ ვაპირებთ. გვსურს, სამართლებრივი ბერკეტებიც გამოვიყენოთ და სასამართლოს გზითაც წავიდეთ, პროტესტის ფორმებსაც მივმართავთ, რაც (თავიანთ საყვარელ ფრაზას გამოვიყენებთ) მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია.

_ ვინ არიან აღნიშნული ნებართვის მფლობელები?

_ ჩვენი ინფორმაციით, ეს არის შპს „ხიბლი“, რომლის სახელი ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ რაც ვიცით, ყოფილი მაღალჩინოსნები არიან.

რკინიგზის დეპარტამენტსაც მივმართეთ განცხადებით. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ეს მერიის საკუთრებააო. გასაგებია, რომ მერიის საკუთრებაა, მაგრამ ამ საკუთრებაზე ხომ შენი სტრატეგიული ობიექტის ხაზი გადის?

ამიტომ უსაფრთხოების კომპონენტზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ ამ რკინიგზას აუცილებელ საძირკველს უთხრიან. ათასობითტონიანი ტვირთი რომ გადაადგილდება გორაზე, გაუძლებს მას საძირკველგამოთხრილი გორა?

რკინიგზის ცხელ ხაზზე კი გვპასუხობენ, რომ ეს მერიის საკუთრებაა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით (რაც გადასამოწმებელია), ადრე ეს რკინიგზის საკუთრება იყო, სანამ ესენი შეიძენდნენ. ძალიან საინტერესოა, რამდენად და რა პირობებში, რის სანაცვლოდ იყიდეს სტრატეგიული ობიექტის გარშემო არსებული მიწა?! ეს კიდევ ცალკე გამოსაკვლევია.

_ გზიდან რკინიგზის ხაზამდე, დაახლოებით, რა მანძილია?

_ ჩემი სახლია, მერე გზა და ამის შემდეგ გორაა. ჩვეულებრივი ქუჩაა, ტრასასავით მოძრავი კი არაა, ჩიხივითაა. ამ გზასა და რკინიგზის ხაზს შორის სულ რამდენიმემეტრიანი მანძილია და აქ რომელ მშენებლობაზე უნდა იყოს საუბარი, ეს რომელ დაგეგმარებაში ჯდება?!

_ განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებას თუ ვერ მიიღებთ, რას აპირებთ?

_ ამ განცხადებებზე ერთთვიანი ვადის გასვლას, რასაკვირველია, არ დაველოდებით. დარწმუნებული ვარ, დასახელებულ ერთთვიან ვადას მაქსიმალურად გამოიყენებენ და ბოლოს არც კი ვიცით, რას გვიპასუხებენ. მაგრამ მანამდე დაჩქარებულზე დაჩქარებული წესით აკეთებენ იმას, რაც მანამდე, ალბათ, პროექტის სახით გაწერილი ჰქონდათ.

ვაპირებთ, რომ, ერთი მხრივ, სასამართლო გზით, სამართლებრივი პროცესი გავააქტიუროთ და, მეორე მხრივ, პროტესტის სხვა ფორმებსაც მივმართოთ, რის შესაძლებლობასაც მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს.

 

გელა მამულაშვილი