კახი კალაძე-ელზა ლეკვეიშვილი _ ვის ინტერესებში არ ჯდება „სტუდენტური ტარიფი“?

„რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ“ საზოგადოებას სტუდენტური ტარიფის მოთხოვნით გააცნო თავი. 2015 წელს მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და რუსთავის მერიას მოსთხოვეს, რომ 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვაზე სტუდენტური შეღავათები გაეთვალისწინებინათ. აღნიშნული მოთხოვნა მერიამ უგულებელყო, რასაც სტუდენტებისგან საპროტესტო აქციები მოჰყვა. რუსთავის მერიის წინ კვირების განმავლობაში ტარდებოდა აქციები, თუმცა უშედეგოდ.

„ქრონიკა+“ „სტუდენტური ტარიფის“ თემით დაინტერესდა და „რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის“ წევრსა და ამ აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, ანა სანაიას ესაუბრა:

_ საიდან გაჩნდა სტუდენტური ტარიფის იდეა?

_ იქიდან გამომდინარე, რომ რუსთავი სტუდენტთა დიდი რაოდენობით გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის შემდეგ და მათ ყოველდღიურად უწევთ სხვა ქალაქში გადაადგილება, რუსთაველმა სტუდენტებმა წერილი მოვამზადეთ, რომლითაც შეღავათიან ტარიფს ვითხოვდით, რომ შეგვძლებოდა გვესარგებლა რუსთავი-თბილისი-რუსთავის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსით. შეღავათი კი გულისხმობდა 55 თეთრის სუბსიდირებას ქალაქის ბიუჯეტიდან და მაშინდელი ტარიფის გათვალისწინებით, სტუდენტები გადავიხდიდით 75 თეთრს. აღნიშნული სუბსიდირების შესახებ წერილები შევიტანეთ როგორც ქალაქის მერიაში, ისე საკრებულოში. თუმცა ცალსახა პასუხი მივიღეთ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში სტუდენტების მოთხოვნას არ გაითვალისწინებდნენ (ხაზს ვუსვამ, რომ წერილები შევიტანეთ 2015 წლის დეკემბერში). მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტების ამგვარი მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ ჩვენამდე არ წაყენებულა და რასაკვირველია, უკმაყოფილოები ვართ საკითხისადმი მთავრობის უინტერესობისა და გულგრილობის გამოვლენით. შესაბამისად, მოვითხოვეთ ქალაქის მერთან შეხვედრა და მოვახერხეთ კიდეც, თუმცა იმედი კვლავ გაგვიცრუვდა, რადგან გადაჭრით გვპასუხეს, რომ მოთხოვნას არ გაითვალისწინებდნენ სუბსიდირების ფორმით. პროექტი, თუ როგორ შეიძლებოდა სტუდენტური ტარიფის დაწესება, უკვე შექმნილი გვქონდა და ამის შესახებ მივახსენეთ კიდეც ქალაქის პირველ პირს, მაგრამ მან ჩვეულებრივ უგულებელგვყო და მხოლოდ ის გვითხრა, რომ მერია ისედაც აპირებდა 3-4 თვეში ავტობუსების შემოყვანას სტუდენტებისთვის. ამ საკითხით დავინტერესდით და ვთხოვეთ, რომ წარედგინა პროექტი ავტობუსების შესახებ, რადგან თუ მისი თქმით ეს პროექტი 3 თვეში განხორციელდებოდა, ბუნებრივია, მათ უნდა ჰქონოდათ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ფორმა პროექტისა. ეს პროექტი ისეთივე ბუტაფორია აღმოჩნდა, როგორც დღევანდელი ხელისუფლების ყველა ნათქვამი სხვა სიტყვა, რაშიც ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით სტუდენტური ტარიფის საკითხის განხილვისას.

შეხვედრის შემდგომ, 2016 წლის მაისში, აქცია-ფლეშმობი მოვაწყვეთ იმავე მოთხოვნით. რასაკვირველია, ესეც უგულებელყვეს და რაც ყველაზე სამწუხაროა, სტუდენტების ოჯახების ისედაც მძიმე სოციალურ ფონს დეკემბერში სამგზავრო ტარიფის გაძვირება დაემატა, რაზედაც ასევე მოვახდინეთ რეაგირება იმავე დღეს: მერიის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმართავდით აქციებს და ქალაქის თვითთმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ვითხოვდით, რომ ჩვენს შეკითხვებზე ეპასუხათ. საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოადგილეები ხმაურის ჩახშობას და ამ საკითხის განეიტრალებას ცდილობდნენ, _ პირველსავე დღეს კაბინეტში შემოგვთავაზეს საუბარი, თუმცა რადგან ჩვენ კაბინეტურმა შეხვედრებმა ტარიფის გაძვირებისა და უარესი გაჭირვების მეტი არაფერი მოგვიტანა, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით და მოვთხოვეთ, იქვე ეპასუხათ ჩვენს შეკითხვებზე. აღნიშნული თანამდებობის პირები შაბლონებით გვესაუბრებოდნენ და არც ერთ შეკითხვაზე არ უპასუხიათ. ამ დროს უკვე კარგა ხნის შემოყვანილი უნდა ყოფილიყო წესით ავტობუსები სტუდენტებისთვის და როცა ამ თემაზე დავიწყეთ ლაპარაკი და მოვითხოვეთ პასუხები, რატომ გვატყუებდნენ, რასაკვირველია, ვერ გვიპასუხეს რადგან, მართლა ცრუობდნენ, რომ გავენეიტრალებინეთ. მათი პასუხი იყო უკანა კარიდან გაპარვა და ლანძღვა.

_ მე, როგორც რუსთაველი სტუდენტი, თითქმის ყველა თქვენ მიერ დაანონსებულ აქციას ვესწრებოდი, ვნახე მერიის უკანა კარიდან გაპარული მაღალჩინოსნები, მათ შორის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი სტუდენტებთან კომუნიკაციის ნაცვლად უკანა კარიდან იპარება, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას ეს თემა საერთოდ არ აინტერესებს. რა იყო შემდგომი თქვენი ნაბიჯები?

_ სტუდენტებს მოძრაობა არ შეგვიწყვეტია, მეტიც, 2017 წლის გაზაფხულზე ქალაქის მერიის პირველ მოადგილესთან მოვითხოვეთ შეხვედრა, რადგან ერთ-ერთ გადაცემაში ჩემთან დებატებისას თქვა, რომ მზად იყო მოლაპარაკებისთვის. ჩვენც არ დავაყოვნეთ და ეს შევახსენეთ, თუმცა გვითხრეს, რომ ის მივლინებაში ბრძანდებოდა.

სამგზავრო ტარიფის გაზრდა უკანონოდ მიიჩნია ქალაქის მერიამ, რადგან კომპანია „ინტერტრანსსა“ და ქალაქს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება და კომპანიას ეზღუდება თვითნებურად ტარიფის გაძვირება, „ინტერტრანსმა“ კი, თავის მხრივ, ვერ წამოაყენა დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რის გამო მოხდა ეს ფაქტი. თუმცა საინტერესოა ის, რომ ხელშეკრულებით გაფორმებული ვალდებულებების დარღვევას ქალაქის მხრიდან არანაირი სანქცია არ მოჰყოლია, რაც არაბუნებრივია და გვაფიქრებინებს შესაძლო კერძო ინტერესებზე კომპანიასა და ქალაქის თვითმმართველობას შორის. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის კვლევა დავიწყეთ და დღემდე ბოლომდე მივყვებით ჩვენს წამოწყებულ პროექტს. სულ მალე საზოგადოებას იმ დოკუმენტაციას წარვუდგენთ, რომლითაც ძალიან ბევრ მაღალჩინოსანს უკანონო საქმიანობაში ვამხელთ, რაც, თავის მხრივ, სტუდენტურ ტარიფს უკავშირდება. შესაბამისად, აქციების შეწყვეტა არ გულისხმობს ამ პროექტის დავიწყებას, ან უიმედობას. პირიქით, მე და ჩემი მეგობრები ვმუშაობთ, რომ ამ საქმის ყველა დეტალი გამოაშკარავდეს და საზოგადოებას დავანახოთ ხელისუფლების უტიფრობა და მავნებლობა.

მინდა, კიდევ ერთ საკითხს შევეხო, რომ ის სტუდენტები, რომლებმაც სტუდენტური ტარიფის პროექტი შევქმენით, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას წარმოვადგენთ და ამ ფაქტით კიდევ უფრო აღშფოთებული ხელისუფლება სტუდენტური ტარიფის შესახებ დებატებისას, მხოლოდ და მხოლოდ, იმით აპელირებს, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულს წარმოვადგენთ, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ივანიშვილის მთავრობის სიძულვილის ენას ჩვენი საზოგადოების მიმართ. არც ერთ ჩვენგანს არასოდეს დაგვიმალავს ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები ვართ, მეტიც, ხელისუფლების ამგვარი დამოკიდებულება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში ყველა სხვა „კეთილდღეობასთან“ ერთად პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია მძვინვარებს და მათი ყოველი გამოსვლისას ჩვენთან მიმართებით ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ვართ. მათი საუბრიდან გამომდინარე, რატომღაც, შერჩევითი სამართლის ასოციაცია უჩნდება თითოეულ მოქალაქეს.

_ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ე. წ ვაკის ტაქსები, რომლითაც, ძირითადად, სტუდენტები სარგებლობენ, საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“, ელზა ლეკვეიშვილის ძმის, იმედა ლეკვეიშვილის საკუთრებას წარმოადგენს. ასევე აქციების მიმდინარეობისას საუბარი იყო შპს „ინტენტრანსზეც“. მაშინ აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის მეპატრონე კახი კალაძის მამა, კარლო კალაძე იყო. ამ თემებზე თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას? და არის თუ არა ეს ფაქტი ერთ-ერთი ხელის შემშლელი სტუდენტური ტარიფისთვის?

_ როგორც აღვნიშნე, ტარიფის ირგვლივ ჩვენმა გამოძიებამ ძალიან ბევრი ხარვეზი და მყარი ეჭვები წარმოშვა, რასაც არგუმენტირებული დოკუმენტაციით ამ დრომდე ვამტკიცებთ.

ვაკის ტაქსების საკითხსაც ვიძიებთ, რადგან რამდენიმე შეუთავსებელი გარემოება გამოიკვეთა და თუ შესაძლებლობა მექნება, სულ ცოტა ხანში საზოგადოებას, თქვენი მეშვეობით, სრულ ინფორმაციას კიდევ სხვა ჩინოვნიკების ჩართულობის შესახებ მივაწვდით.

 

,,ქრონიკა+“-მა ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისად, კითხვებზე პასუხის მოპოვება უკვე რუსთავის მერიაში სცადა, თუმცა, უშედეგოდ. როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს: რუსთავის მერი და მისი პირველი მოადგილე იმდენად დაკავებულები არიან, როდესაც თავისუფალი დრო ექნებათ, თავად დაგიკავშირდებიანო.

 

მარიამ ბაშარული