კახეთი საარჩევნო სამზადისშია!

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყოფილი თანხები უკვე გადაანაწილა. სამზადისში ჩაერთო კახეთის რეგიონიც.

კულუარებში ამბობენ, რომ, სავარუდოდ, თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გოგა მაისურაძე იქნება. ის კურორტ ლოპოტის დამფუძნებელია. წარსულში ორჯერ ჰქონდა მცდელობა, არასახელისუფლებო პარტიიდან ეყარა კენჭი, მათ შორის, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოდან“. ორივე არჩევნებზე ხმათა უმრავლესობით მეორე ადგილზე გავიდა. მოგვიანებით კი კურორტი ლოპოტა დააფუძნა და ბიზნესში გადაინაცვლა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივი გუნდი აქტიურად ლობირებს მის კანდიდატურას, თუმცა დასახელდება თუ არა მისი კანდიდატურა, ამ ეტაპზე, ჯერ არ საჯაროვდება. დანარჩენი კანდიდატები კი, რომელთაც ხან მაჟორიტარი დეპუტატი წარადგენდა, ხან პარლამენტარები ლობირებდნენ, სუსი-დან ყველა დაბლოკილი აღმოჩნდა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატად კულუარებში კვლავ თომა ჩაგელიშვილი მოიაზრება. პარტიაში კანდიდატს საჯაროდ არ ასახელებენ.

თომა ჩაგელიშვილი _ თელაველია, პროფესიით ისტორიკოსი და ჟურნალისტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „საქართველოს უახლესი ისტორიის“ ავტორი. პროექტი „რუსთავი 2“-ზე 2001 წლის იანვრიდან დაიწყო და 2010 წელს დასრულდა. სულ გადაღებულია 24 დოკუმენტური ფილმი საქართველოს ისტორიის ცალკეულ, მაგრამ მნიშვნელოვან მოვლენებზე: „ილია ჭავჭავაძის მკვლელობა“; „70-იანი წლების დისიდენტურ მოძრაობასთან ბრძოლა“; „თბილისის ომი 1991-1992 წწ.-ებში“; „პირველი პრეზიდენტის _ ზვიად გამსახურდიას სიკვდილი“ და სხვ. 2010 წლიდან არის დოკუმენტური ფილმების სტუდია „თი-სტუდიის“ დამფუძნებელი.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიებმა ორივე კანდიდატურა დაასახელეს, ბრძოლა ხმებისთვის შთამბეჭდავი იქნება. ფაქტია, ორივე კანდიდატურა თელავში  დადებით ემოციებს აღძრავს, თუმცა შეძლებენ თუ არა გაამართლონ მუნიციპალიტეტის იმედები, ამას მომავალი გვიჩვენებს.

როგორ დალაგდება საკრებულოს წევრთა მანდატები ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ვერსიები არსებობს. „ქართული ოცნებიდან“ სიის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარედ მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე დასახლედება. ის 2010 ივლისიდან 2012 წლის ივნისამდე იყო თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „უმცირესობის“ თავმჯდომარე;

2012 დეკემბრიდან 2014 წლის მარტამდე _ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; 2014 წლის მარტიდან 2014 აგვისტომდე _ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2014 წლის მოწვევის თვითმმართველი ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე. არჩილ თხლაშიძე პარლამენტის წევრ გელა სამხარაულის ცოლისძმაა, თუმცა მისი განმარტებით: „გელა სამხარაული პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანოში, მე კი _ საკრებულოში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ჩვენ ხალხის მიერ კანონიერად არჩეული დეპუტატები ვართ და საკუთარი ქვეყნის სამსახურში ვდგავართ, რაც არა მხოლოდ გამართლებულად, მეტიც, მოვალეობად მიმაჩნია. რაც შეეხება ნათესაობას, გეტყვით, რომ უხერხულობას ნამდვილად არ ვგრძნობ, პირიქით, ჩვენ ვამაყობთ ერთმანეთთან ნათესაობით. ოპონენტების კრიტიკაზე კი ვიტყვი, რომ სრულიად უსაფუძვლოა“. როგოც ჩანს, პოლიტიკაში საკრებულოს თავმჯდომარის გზა ფრაქცია „უმცირესობიდან“ უმრავლესობამდე კიდევ გრძლედება და სავარაუდოდ ის მომავალი საკრებულოს თავმჯდომარე იქნება.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილობრივი არჩევნების პარტიული სიის პირველ ნომრად გიორგი ბოტკოველი დასახელდება.

გიორგი ბოტკოველი _ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრია; 2004-2006 წწ. _ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, მოსაკრებლების სამსახურის უფროსი; 2006-2007 წწ. _ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექცია; კახეთის ბიუროს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსი; სამცხე-ჯავახეთის ბიუროს უფროსი; 2007 წ. _ საპრეზიდენტო პროგრამა „პატრიოტი“, საგარეჯოს ბანაკის დირექტორი, 2008 წ. _ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის მოადგილე; 2008-2012 წწ. _ საქართველოს კონტროლის პალატა, ადმინისტრაციის უფროსი; 2012-2013 წწ. _ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის _ გუბერნატორის მოადგილე, პირველი მოადგილე; 2013-2014 წწ. _ თბილისის ნაძალადევის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებლის მრჩეველი; 2014 წელს კენჭი იყარა ადგილობრივი არჩევნების დროს თელავის თემის გამგებლის კანდიდატურაზე. პირველ ტურში მცირე უპირატესობით მოუგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, შემდეგ კი მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა. 2016 წელს ბოტკოველმა კენჭი იყარა თელავი-ყვარლის მაჟორიტარად საპარლამენტო არჩევნებში. ხმათა უმრავლესობით პარტიაში მესამე ადგილზე გავიდა და ძლიერი კონკურენცია გაუწია ირაკლი სესიაშვილს. გიორგი ბოტკოველი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, ჩვენთან საუბრისას კი აცხადებს:

„გულწრფელად მეცოდება ალიკა შათირიშვილი, რადგან იგი „ქართულმა ოცნებამ“ არ დააფსა და როგორც ვიცი, თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდტურაზე მას უარი უთხრა. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით შევთავაზო, დაბრუნდეს ისევ უკან, ჩვენთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც მისთვის პარტიულ სიაში შესაბამის ადგილს გამოვძებნით“.

 

თელავის სადროშო

 

რეალურად კი რა მოგვიტანა 2014 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა?! დეცენტრალიზაცია თუ დეკონცენტრაცია?

დეცენტრალიზაცია ნიშნავს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტას ადგილზე არჩეული ხელისუფლების ორგანოების მიერ, მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებათა ფარგლებში, ცენტრისგან დამოუკიდებლად. მაშინ, როცა დეკონცენტრაცია ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლების გადანაწილებას, კონტროლის მექანიზმების გადაცემას ტერიტორიულ ერთეულებში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეკონცენტრაცია სახელმწიფო ორგანოების მიერ ადგილებზე სპეციალური სტრუქტურების შექმნას გულისხმობს იქვე წარმოქმნილი საკითხების გადაწყვეტის მიზნით.

დეკონცენტრაციისას ადგილზე მოქმედი ერთეული წარმოადგენს ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. იმის გამო, რომ იგი არ არის დამოუკიდებელი ორგანო, უფლებამოსილების განხორციელება ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანოს სახელითა და პასუხისმგებლობით ხორციელდება. დეკონცენტრაციის მეთოდს იყენებს თითქმის ყველა მსხვილი ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურა, მაგ.: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს კონტროლის პალატა და ა. შ. დეცენტრალიზაციის ნაცვლად რომ დეკონცენტრაცია მივიღეთ, ამის ნათელი მაგალითი იყო 1 თვის წინათ ჩატარებული ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომები, სადაც დეპუტატებმა საკუთარი ნებით აწიეს ხელი და მხარი დაუჭირეს ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებას. შედეგად კი თელავმა ქალაქის სტატუსი დაკარგა და შემოდგომიდან უამრავ უმუშევართან ერთად მუნიციპალიტეტს შესაძლოა, არათუ მარტო ქალაქის სტატუსის დაკარგვა მოჰყვეს, არამედ სახელწოდებაც შეეცვალოს და სადროშო დაერქვას.

კერძოდ კი ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს _ ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ მომზადებულ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ხანგძრლივვადიან სტრატეგიაშია ნათქვამი. დოკუმენტი ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა გაეროს განვითარების პროექტის  მხარდაჭერით მოამზადა და საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა. სტრატეგია სრულად ემთხვევა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პარლამენტის თავმჯდომარის ბოლო დროს გახმოვანებულ ინიციატივებს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტში ასახული მიზნები და ამოცანები ხელისუფლების ხედვას წარმოადგენს. სტრატეგიის მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიქმნება ორდონიანი თვითმმართველობა, სადაც პირველ დონეს საქალაქო და სასოფლო თემები, ხოლო მეორე დონეს დღეს არსებული მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ. თუმცა, ამავე სტრატეგიით, მუნიციპალიტეტები სადროშოებად გადაკეთდება.

„ვინაიდან ტერმინი „მუნიციპალიტეტი“ ყველა ევროპულ ენაში ქალაქის ადმინისტრაციის სინონიმია, აუცილებელია უფრო ადეკვატური სახელდების გამოძებნა ხელისუფლების ამ დონისთვის. ვფიქრობთ, უპრიანია სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის ისტორიული ტერმინის _ „სადროშოს“ გამოყენება მაგ.: თელავის სადროშო, თელავის მუნიციპალიტეტის ნაცვლად“, _ ვკითხულობთ დოკუმენტში.

სტრატეგიის მიხედვით, მოხდება სოფლებისა და ქალაქების კლასიფიცირება და ისინი A, B და ჩ კატეგორიებად დაიყოფა, ხოლო თბილისი რეგიონად გადაკეთდება. დოკუმენტის თანახმად, დასახლებათა კლასიფიცირება 2017-2021 წლებში მოხდება, ამ ყველაფრის შედეგად კი მივიღეთ დაკარგული დეცენტრლიზაცია, მითითებები ხელისუფლებისგან და მარადიული დეკონცენტრაციის პირობებში აღმოვჩნდით. ასე რომ, საარჩვენო მარათონი განადგურებული თვითმმართველობის ფონზე დაწყებულია.

 

მაკა მოსიაშვილი