„კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა, – ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“ 

ირინა მაკარიძე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროსაბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, ცალსახად განაცხადა, რომ ამ ვითარებაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება დამაზიანებელია ქვეყნისთვის, კოლექტიური „ქართული ოცნება“ კი ჯიუტად არ ცვლის პოზიციას და აცხადებს, რომ არ არსებობს მიზეზი, რომელიც გაამართლებს პტეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას.   

აზიანებს თუ არა იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ინტერესებს?  რაზე აქვს გათვლა „ოცნებას“, როდესაც აცხადებს, რომ  „წაუგებელ თამაშს“ თამაშობს? რას ცდილობს თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შეთანხმებულია თუ არა მისი ნაბიჯები ოლიგარქ ივანიშვილთან? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა პოლიტიკის ექსპერტს, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ პროფესორ ნიკა ჩიტაძეს:

_ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პროცედურა. არავის, მათ შორის, სახელმწიფო მეთაურს, არ გააჩნია უფლება, დაარღვიოს კონსტიტუცია. არსებობს შესაბამისი პროცედურები. რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელ ვითარებაში ეს არც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე აისახება დადებითად და არც _ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. აქ საქმე გვაქვს დაპირისპირებასთან საქართველოს პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის. სწორედ ამის გამოა დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა და არა იმის გამო, რომ მან მართლა უფლებამოსილებას გადააჭარბა, დანაშაული ჩაიდინა ან კონსტიტუცია დაარღვია. პრობლემაა, როცა მმართველი ძალა მიიჩნევს, რომ თუ  2018 წელს დასვეს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ის ვალდებულია, იყოს მათი ყურმოჭრილი მონა და არ გადადგას არცერთი ნაბიჯი მთავრობის დაუკითხავად. თუ ის ახორციელებს დამოუკიდებელ პოლიტიკას, ეს მიუღებელია, ისევე მიუღებელი, როგორც თავის დროზე იყო გიორგი მარგველაშვილი. ეს არის  პრობლემა, აქედან გამომდინარე, ზარალდება საქართველო.

_ რამდენად აზიანებს ეს პროცესი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს?

_ დიახ აზიანებს. ბუნებრივია, რომ დასავლეთში ჩვენს პარტნიორებს  შორის ეს საკითხი აღქმულია უარყოფითად, რომელიც გამოიღებს სავალალო შედეგებს როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ამის გამო კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ქარცეცხლში. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს დამაზიანებელია ქვეყნის იმიჯისთვის,  მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს  პოლიტიკურ ბრძოლასთან, არაჯანსაღ პროცესთან, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ წამოიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, რომ შელახოს პრეზიდენტის რეპუტაცია, რომ თითქოს მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 52-ე მუხლი. სამართლებრივად „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს და პრეზიდენტს ვერ გადააყენებს, მაგრამ საინფორმაციო ომს აწარმოებს, რასაც, როგორც წესი, აკეთებს ყველა იმ ადამიანის მიმართ საქართველოში, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.

_ „ოცნება“ აცხადებს, რომ ეს პროცესი ვერ მივა ლოგიკურ შედეგამდე, რადგან მას არ აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, მაგრამ პროცესი პროცესისთვის მაინც სჭირდება. მისი არგუმენტია, რადგანაც პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ამაზე უნდა იყოს რეაგირება. ამ დეკლარირებული მიზეზის გარდა თუ ხედავთ სხვა მიზეზს?

_ „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ვინც მას არ ეთანხმება, „ვინც მის თამაშს არ თამაშობს“, ყველას ავტორიტეტი უნდა შეილახოს. ეს არ უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტს, 7-9 მარტის მოვლენებიც ამას აჩვენებდა. ხელისუფლების მცდელობა იყო, მიეღო ისეთი კანონი, რომელიც საშუალებას მისცემდა, შეელახათ არასამთავრობო სექტორის იმიჯი, რომ ისინი იღებდნენ დასავლეთიდან გრანტებს და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდნენ; თითქოს ისინი ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმიტომ,  რომ გრანტებს იღებენ და არა იმიტომ, რომ ასე ფიქრობენ.  ანალოგიური ხდება პრეზიდენტის მიმართ, ამ პროცესით ცდილობენ პრეზიდენტის ავტორიტეტის შელახვას. იგივეს აკეთებდნენ მარგველაშვილის წინააღმდეგ.

_ რაც შეეხება ბრალდებას, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია?

_ ჩემი აზრით, არ დარღვეულა კონსტიტუცია. პრეზიდენტმა ჯერ მიმართა მთავრობას, რომ ის აპირებდა ევროპაში მოგზაურობას, რათა ხელი შეეწყო საქართველოს ევროპულ სტრუქტურაში ინტეგრაციისთვის. პირიქით, პრეზიდენტი ამ დროს იცავდა კონსტიტუციას, კერძოთ, ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლს. ამ მუხლის მიხედვით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის,  უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მე არ ვარ პრეზიდენტის დიდი მხარდამჭერი, მაგრამ აქ მთავარია, რომ სახელმწიფოსთვის რა არის უმთავრესი.

_ შედეგის თვალსაზრისით ჰქონდა თუ არა ასეთი პრინციპული მნიშვნელობა პრეზიდენტის ამ გამგზავრებას, რომელსაც ფაქტია, მოყვა ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცესი. კანდიდატის სტატუსის მიღებას კუთხით ექნება თუ არა ამ ვიზიტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა? 

_ ვერ ვიტყვი, რომ გადამწყვეტ როლს შეასრულებს პრეზიდენტის ვიზიტი, მაგრამ თვითონ ფაქტი მისასალმებელია, თუნდაც ის, რომ არ იყო დაგეგმილი ვიზიტი და გერმანიის კანცლერმა მიიღო ქალბატონი ზურაბიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდა. აქ არის დაფასება არა უშუალოდ პრეზიდენტის, არამედ საქართველოს. მაინც კარგია, რომ პრეზიდენტმა დაადასტურა, _ ის მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

_ არსებობს ასეთი მოსაზრებაც,  რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის თამაშები, რომელიც, ერთი მხრივ, „ქართული ოცნების“ გამოყენებით  ეთამაშება რუსეთს, მეორე მხრივ კი  სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით _  ევროპას. ამის შესახებ რას იტყვით? 

_ გამორიცხული არ არის, მაგრამ მაინც არ მგონია. აქ არ არის ივანიშვილის თამაში. იგი არ გახლავთ დიდი სტრატეგი, ივანიშვილი არის „დელეცი“, ანუ საქმოსანი, ბიზნესმენიც არ არის, იმიტომ, რომ 6 მილიარდი რუსეთში 90-იან წლებში შეიძლება იშოვო, მაგრამ ევროპაში 6 მილიარდს რამდენიმე წელიწადში ვერ იშოვი. ამდენად, რეალობა არის ის, რომ ივანიშვილისთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი თამაში. აქედან გამომდინარე, ის ყველანაირად ხელს უშლის, რომ ზურაბიშვილი შეხვდეს ევროპულ წრეებს და ლიდერებს.  საქართველოში არის „მოთხოვნა“ ამ   „შეთქმულების თეორიებზე“, რადგან არ სჯერათ ხოლმე ოფიციალური ვერსიის. მე არ მჯერა „შეთქმულების თეორიების“, მგონია, რომ ეს არ არის თამაშის ნაწილი, არამედ არის შედეგი იმ დაპირისპირებისა, რომელიც არსებობს ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. 

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ „გაუმართლეს“ ივანიშვილს მის მიერ შერჩეულმა და მოწონებულმა პრეზიდენტებმა?

_ თვითონ ის პრეზიდენტებიც არ არიან სუფთა ადამიანები. როდესაც სჭირდებოდათ ივანიშვილი, მაშინ ძალიან კარგად დაუმტკიცეს თავიანთი ლოიალობა და შემდეგ აღშფოთდნენ ივანიშვილის საქმიანობით. თავიდან არ იცოდნენ, ვინ იყო ივანიშვილი? მარგველაშვილმა არ იცოდა, რომ რუსულ თამაშს თამაშობდა ივანიშვილი, როდესაც აცხადებდა, რომ საქართველომ დაიწყო ომიო? მაგრამ დათანხმდა ივანიშვილის წინადადებას, რომ გამხდარიყო პრეზიდენტი. თავის დროზე ძალიან ახლოს იყო ივანიშვილთან.  პრეზიდენტის მანტია მოირგო და ჩვენზე მაღალი სტატუსი აქვს, ყოფილი პრეზიდენტია. იგივეა ზურაბიშვილთან დაკავშირებითაც,  უცებ გახდა ევროპული ორიენტაციის მატარებელი, თავის დროზე კი აცხადებდა, საქართველო საკუთარ ტერიტორიებს ბომბავდაო. უბრალოდ, დღეს ქვეყნისთვის არის კარგი, რომ ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტი მაინც შედგა, თორემ არც ზურაბიშვილზე ვარ დიდი აზრის. მედროვე ადამიანები და პოლიტიკური ქამელეონები, სამწუხაროდ, ქვეყანას ღუპავენ.  ყველა თავის თამაშს თამაშობს.

_ რაც შეეხებს თვითონ „ოცნების“ მოტივაციას, ეს არის მხოლოდ, როგორც თქვენ თქვით, პრეზიდენტი „ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს“, ძალაუფლების დემონსტრიტება, თუ სხვა, თუნდაც რუსეთის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი? 

_ „ქართული ოცნების“ მოტივაცია არის პრეზიდენტის დისკრედიტაცია.  „ქართული ოცნება“ ძირითადად აწარმოებს საინფორმაციო ომს ე. წ. კოგნიტურ ომს _ ადამიანის ცნობიერებაზე მავნე ზემოქმედებას. ანუ იცის, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დროს შესაძლებელია, მათ საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭიროს, მაგრამ ვერ მოაგროვებს 100 დეპუტატს, რომ პრეზიდენტი გადააყენოს. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას აცნობეს, რომ პრეზიდენტი არის მავნებელი, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. და არა მარტო პრეზიდენტი, მავნებელია ოპოზიცია, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, არღვევს კონსტიტუციას, ანუ ოპოზიციისთვისაც თითქოს კონსტიტუციის დარღვევა არის მისაღები. საინფორმაციო ომი იყო, როდესაც, ვთქვათ, 2020 წლის არჩევნებისთვის შემოაგდეს მესიჯი, რომ „გარეჯი საქართველოა“, რომ თითქოს გარეჯის ტერიტორია საქართველოდს წინა ხელისუფლებამ აზერბაიჯანს გადასცა და ნახეთ, ახლა როგორ იცავს „ქართული ოცნება“ ჩვენს მიწას. ახლა ვითომ კონსტიტუციას იცავს. გათვლა რაზეა? _ ვიღაცას სჯერა ეს. იგივე გათვლა იყო „აგენტების კანონის“ მიღებაზეც. როგორია ახლა, ხალხს ეკონომიკურად რომ უჭირს და ეუბნებიან, აგერ ვიღაც გრანტს  იღებს, უცხოურ ფულებს და დემოკრატიაზე გველაპარაკება. იმიტომ კი არ გვაკრიტიკებს, რომ ჩვენ ცუდები ვართ, არამედ იმიტომ, რომ ამაში ფულს აძლევენ. ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, საზოგადოებაში მიმდინარეობს ყველას დისკრედიტაცია. ჩემზეც ერთ-ერთი ოპონენტი გადაცემაში ამბობდა, რომ ხალხს უჭირს და ვიღაცები უნივერსიტეტში რბილად სხედან, ხელფასებს იღებენ, თითქოს მე იქ ვინმეს ფულს ვპარავდე; ან ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ექსპერტი ვარ, თითოქოს მე ჩემი აზრი არ მქონდეს. ეს არის საინფორმაციო ბრძოლა, იგივე მიზანი იყო, რომ თითქოს ომი ააცილა ქვეყანას „ქართულმა ოცნებამ“. მოტივაცია ხელისუფლების ისაა, რომ ვიღაცას რომ სჯერა ეს, მერე სხვას აჯერებს. ან არ სჯერა, მაგრამ გაიძახის, რომ ოპოზიცია ცუდია, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ.

_ იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ ააგორა თემა, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობა“ ვაჭრობს პრეზიდენტთან იმპიჩმენტის თემით მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების საკითხზე. ამასთან, „ოცნებამ“ დაამუნათა პრეზიდენტი, რომ თუ ის ამ რამდენიმე თვის განმავლობაში შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ეს ნიშნავს, რომ მან სკამი ამჯობინა პრინციპებს. ამ ერთგვარი შანტაჟის შესახებ რას იტყვით?

_ არაფერი შანტაჟი ამით არ გამოვა, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პოზიცია აქვს. თუ პრეზიდენტი ასეთი დემოკრატია და ევროპულ ღირებულებებზე საუბრობს, მაშინ გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ეს არ არის ვაჭრობა, ეს არის მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ. ეს არც შანტაჟია, აქ არ არის საუბარი, რომ თუ არ გაათავისუფლებ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერ. პრეზიდენტმა რომც არ შეიწყალოს სააკაშვილი, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, დავინახავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტს. ეს ისევ და ისევ „ქართული ოცნების“ ბინძური თამაშია და შავი პიარტექნოლოგიების გამოყენებაა. არ ვიცი, თვითონ აფიქრდებათ თუ მოსკოვიდან იღებენ რჩევებს. ფაქტია, რომ ეს ქვეყნისთვის პრობლემაა.