იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა…

საქართველო ქვეყანაა, სადაც ტყუილი, შეთხზული და ვიღაცის მონაყოლი უფრო სჯერათ, ვიდრე სიმართლე, ვიდრე ის, რაც საკუთარი თვალით ნახეს, რასაც ხედავენ… ალბათ ამიტომაცაა, რომ ამ ქვეყანაში ფოლკლორი: ზღაპრები, თქმულებები, უფრო შემონახულია, ვიდრე ამ ქვეყნის ნამდვილი ისტორია…

ჩვენი ხასიათის ეს თავისებურება კარგად იციან რუსულ სპეცსამსახურებში და სწორედ მისი გამოყენებით გვებრძვიან ასე წარმატებით. თავად განსაჯეთ, ამ ქვეყანაში უფრო იოლად იჯერებენ იმას, რაც უფრო დაუჯერებელია. არასოდეს იჯერებენ იმას, რაც ზედაპირზე ძევს, რაც დღესავით ნათელია, რაც ცხადზე ცხადია.
მავანი მეტყვის, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტების მაძიებელი ხასიათიდან მოდის, რომ ქართველი ეჭვის თვალით უყურებს ყველაფერს, ეძიება, ეკირკიტება და ხშირად ამიტომაც არ იჯერებს იოლად სიმართლეს, ჭეშმარიტებასაც კი. მეც სიამოვნებით გავყვებოდი ამგვარ მსჯელობას, ეს ოხერი ფაქტები რომ არ მიშლიდეს ხელს.
აბა, ფაქტები? აი, ის ამბები, რაც ამ ბოლო წლებში ვრცელდებოდა და რომელსაც მომენტალურად იჯერებდა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ან აწყობდა დაჯერება და იჯერებდა _ თავს იტყუებდა. მოკლედ, ატყუებდნენ ან თავს იტყუებდნენ.
ყველაზე მკაფიოდ ეს ცოცხების ისტერიკისას გამოჩნდა. ყველაზე მასობრივად სწორედ ეს ბინძური ზღაპარი „თოხლა“ ქართულმა საზოგადოებამ. ისე „თოხლეს“ და დაიჯერეს, რომ წამით ეჭვიც კი არ შეუტანიათ, სხვა რამეში თუ არა, იმაში მაინც შესძლებდა თუ არა ცოცხგაყრილი ადამიანი მუსაიფის გაბმას… თავში ამ ერთი ობოლი კითხვის გაჩენაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მიმხვდარიყვნენ, რასთან ჰქონდათ საქმე.
მანამდე კი ასევე დაიჯერეს მართლაც ზღაპრის სიუჟეტი, რომ თურმე ბაჩო ახალაიას „ბალკონზე“ მგელი ჰყავდა და პატიმრების ხორცით კვებავდა. დეზერტირების ბაზრდიდან კი არ ეზიდებოდა ხორცს, არა, ციხეებში პატიმრებს ხოცავდა და იმათ ხორცს აჭმევდა.
არავის გაუჩნდა კითხვა, _ კი მაგრამ, რატომ დიდი ეზოიანი სახლი არ იყიდა მგლისთვის ბაჩო ახალაიამ ან იმ შეჭმული პატიმრების ამდენი პატრონი სად იყო, რატომ დუმდა? ეშინოდათ? მოიცა, ყველას ეშინოდა და გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის მშობლებს არა? რატომ ერთი შვილშეჭმული პატიმრის დედა მაინც არ მივიდა იმ ტელევიზიებში, რომლებიც იმ ხელისუფლებას ებრძოდნენ? ან გაზეთში მაინც? გაზეთების უმეტესობა სწორედ იმ ხელისუფლებას უტევდა.
იგივე ლოგიკით, სად იყვნენ „გაუპატიურებული ვაშკაცები“? 26 ათასმავე დუმილი არჩია? დუმილში იყო მათი „ვაშკაცობის“ არსი და სასოება? ან როცა ამ მითს იჯერებდა ქართველი, კითხვა მაინც არ დაებადა, _ ვინ აუპატიურებდა ამ 26 ათასს? როგორც ჩანს, ერთი დააეჭვა და ხელად ზღაპარს ზღაპარი შეაშველა _ და გაჩნდა ვერსია „დრელით გაუპატიურების“ შესახებ…
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სანდრა რულოვსი თირკმლებით მოვაჭრედ ჰყავდათ გამოყვანილი, რომელიც პირადად დადიოდა ციხეებში „ნიჭიერში“ გამოსულ მომღერალ ამალია ჯიბლაძისგან „ნათხუარი“ „კლეჩატი“ ლილოს „სუმკით“, აჭრიდნენ პატიმრებს თირკმლებს, გამოჰქონდა ასე „სუმკით“ და ჰყიდდა. იჯერებდნენ ამ ბინძურ ზრაპარს და არც კითხულობდნენ, გამოადგებოდა თუ არა ვინმეს ასე კუსტარულად ამოჭრილი, თანაც _ მკვდრისგან და „სუმკით“ ნათრევი თირკმლები. მეტიც: ის მარტივი კითხვაც არ ებადებოდათ, ამ ყველაფერს რატომ არ აკეთებდა სანდრა სხვისი ხელით?
შემდეგ ეშხში შევიდნენ და ისიც დაიჯერეს, რომ სანდრა საშვილოსნოებს აცილდა ქალებს და ყიდდა. ამ ზღაპარს ისე იჯერებდნენ, გუგლს ერთს არ ეკითხებოდნენ, ხდება კი საშვილოსნოს გადანერგვა საერთოდ, ანუ ჰყავს კი მუშტარი ამოცლილ საშვილოსნოს?
მოკლედ, რაც უფრო დაუჯერებელია ამბავი, აქ უფრო იჯერებენ და არ იჯერებენ იმას, რასაც თავისი თვალით ხედავენ.
სწორედ ეს ხდება ახლა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. თავიდანვე იყო ხალხი, ვისაც საერთოდ არ სჯეროდა ამ ვირუსის არსებობა. ზოგს სჯეროდა, რომ ეს ვირუსი სადღაც ლაბორატორიაში შექმნეს და გაავრცელეს. ვიღაცას ვირუსის არსებობა სჯეროდა, მაგრამ მორიგ გრიპად განიხილავდა და არ სწამდა მისი მასშტაბების. ყველაზე შეუვალი ნაწილი მაინც ის იყო, რომელსაც საერთოდ არ სწამდა ამ ვირუსის არსებობა და მათ რომ ჰკითხო, ეს საერთაშორისო ბლეფია, მაფიაა. თავიდან, სანამ კორონა თავის სავალალო შედეგებს დაგვანახვებდა მთელ მსოფლიოში, ამგვარი დამოკიდებულები, ასე თუ ისე, მაინც ასატანი იყო, ფიქრობდი, რომ ხალხს შედეგები არ ენახა და არ სჯეროდა, არ უნდოდა იმის დაჯერება, რაც არავისთვის სასურველი არ იყო. შემდეგ გახლდათ საშინელი შედეგები საზღვარგარეთ და ერთობ ლაითი სურათი აქ. შემდეგ იმას ჩაეჭიდნენ, რომ არანაირი კორონა არ იყო, მაგრამ მათ არც ბოლო დღეებში გაუარესებულმა სტატისტიკამ უშველა!
ლამის 200-მდე ახალი ინფიცირებული ემატება ყოველდღე და საზოგადოების მსუყე ნაწილი მაინც ჯიუტად ამტკიცებს, რომ არანაირი კორონა არაა. თუ ადრე გვიმტკიცებდნენ, რომ მსოფლიო შეთქმულება იყო, ბიზნესების ჩასაძირად, ქვეყნების გასანადგურებლად, ხალხის გასაწყვეტად და ა. შ. ახლა ამ ყველაფერმა საარჩევნო კუდი გამოიბა, დგანან და გიმტკიცებენ, რომ ეს არჩევნებისთვის აწყობთ. ანუ კორონა არაა და იგონებენ, რომ კორონაა. ისე შორს შეტოპეს, რომ კოვიდდადასტურებულ პირებს უმტკიცებენ, _ კორონა არ არის, გატყუებენო და ზოგს კი ურცხვად ფულის აღებაში ადანაშაულებენ, _ ფული აიღე და ტყუილად წევხარ მანდ, არაფერიც გჭირსო.
მათ თვალწინ ხალხი ავადდება, მათ მაინც არ სჯერათ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ არანაირი კორონა არ არსებობს, რომ ამ მთავრობას აწყობს ეს რეგულაციები, ეს შეზღუდვები და ა. შ.
თავისთავად ცხადია, არაფერია არალეგიტიმური იმაში, რომ მთელ ამ პროცესში ეჭვი შეიტანო მთავრობის კეთილსინდისიერებაში, გნებავთ, ციფრებით მანიპულაციაშიც კი! გაგიჩნდეს კითხვა, რატომ გახსნეს ასე „უპრაგონოდ“ ყველაფერი, რატომ მიუშვეს სიტუაცია, თუნდაც დაწესებული რეგუაციების კონტროლი რატომ მოადუნეს? ხომ ყველამ ვიცით, რომ მხოლოდ თბილისში, ისიც ავტობუსებში კონტროლდებოდა და კონტროლდება იგივე პირბადის ტარება, სამარშრუტოებში კი ყველა მძღოლს სულ კუდუსუნზე ახატია, პირბადე გიკეთია თუ ჩალმა. ყველანაირი კონტროლი იყო მოშლილი თბილისიდან რაიონებში მიმავალ „მარშრუტკებში“, აღარაფერს ვამბობ რაიონებში. თერმოსკრინინგს რაც შეეხება, თავიდან გულმოდგინედ დაიწყეს სიცხის ზომვა, შემდეგ მაზოლიანი თითივით გადებდნენ ხშირად ბატარეა დამჯდარ საზომს, რომც დაუმჯდარი ყოფილიყო, ხშირი იყო შემთხვევა, გიზომავდა სიცხეს და ზედ არცღა უყურებდა. მოკლედ, ფაქტი სახეზე იყო, რომ კონტროლი მიუშვეს, რაც სინქრონული აღმოჩნდა ხალხის ყურადღების მოდუნებასთანაც. ხალხიც დაიღალა დაძაბულობისგან, ძნელია გაფაციცებით, თითისწვერებზე ცხოვრება. მოდუნდა ხალხიც, რასაც ჰქვია, აიშვა. ზუსტად ისე გამოცვივდნენ და მოედნენ ქვეყანას, როგორც ზამთარში ბაგაზე დაბმული ხბორები აკეთებენ, როცა გაზაფხულზე ნედლი ბალახის სუნი შეუღიტინებთ დრუნჩებში და პატრონებიც გარეთ გამოუშვებენ…
მოკლედ, არაფერი უცნაური არაა იმაში, დაგაეჭვოს ხელისუფლების ქმედებამ, ჯერ მკაცრმა კონტროლმა და შემდეგ ასე მიშვებამ და ბოლოს ამ შედეგმა _ ყოველდღიურად 200-მდე ინფიცირებულმა. გაგიჩნდეს ეჭვი, რომ ხომ არ აწყობს ხელისუფლებას ბევრი ინფიცირებული იმისთვის, რომ მოიზიდოს და ხელი მოითბოს საერთაშორისო დახმარებით ან იმისთვის, რომ რაც შეიძლება დატვირთოს ის სასტუმროები, რომელთა უკანაც სწორედ ხელისუფლების წარმომადგენელები დგანან?..
გაგიჩნდეს ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად მიუშვა სიტუაცია, რომ შემდეგ სურათი ასე დამძიმებულიყო, რომელსაც გამოიყენებდა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების დასაფრთხობად? ან თავად ამომრჩევლის დასაფრთხობადაც. ხომ ყველამ ვიცით, რომ მაღალი აქტივობა საფრთხეს უქმნის ნებისმიერ ხელისუფლებას…
მოკლედ, ერთია ეს ლეგიტიმური ეჭვები და მეორეა იმის მტკიცება, რომ „არანაირი კორონა არ არსებობს“. თავის მხრივ, ეს პრობლემის გადაჭრის ყველაზე უფრო ინფანტილური გზაა _ ამტკიცო იმის არარსებობა, რისიც გეშინია. თუ ასე გაუტიეს, იგივე ხალხი იმის მტკიცებასაც დაიწყებს, რომ კორონა კი არა, საერთოდ სიკვდილიც არ არსებობს.
ამ გატევამდე კი სხვა მხარეს გაუტიეს. ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს ვაქცინა და უკვე საყოველთაო ვაქცინაციას ებრძვიან. თურმე, ნუ იტყვით და არანაირი კორონა არაა, ეს ხელისუფლება იგონებს იმისთვის, რომ მერე ვაქცინა გაგვიკეთონ და დაგვჩიპონ.
ვიღაცები ავრცელებენ მთელ არზებს, თუ რომელ კონვენციას ეწინააღმდეგება ეს საყოველთაო ვაქცინაცია, თუ როგორ დაარღვევს იძულებით ვაქცინაციაში მონაწილე თითოეული ექიმი მედიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მიღებულ ჟენევის დეკლარაციას, რომ „კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაცია“ იქნება გენური თერაპია, რომელსაც კრძალავს „ნიურნბერგის კოდექსი“; სხვა კიდევ უფრო შორს წავიდა და გვამცნო, რომ სწორედ ამ ვაქცინაციის დროს დაგვჩიპავენ… უკვე აქციაც გაიმართა პარლამენტთან, სადაც ებრძვიან რეგულაციებს, პირბადეებს, საყოველთაო ვაქცინაციას…
ოსტატურად ხვევენ თავის ბადეში მათ, ვისაც მობეზრდა პირბადის ტარება და შეზღუდვები.
კიდევ ერთხელ ვამბობ: კი არ დადგებიან და რეგულაციებს კი არ გააპროტესტებენ, ამა თუ იმ გაუმართლებელი, უსაფუძვლო, ხანაც უაზრო შეზღუდვის მოხსნას კი არ მოითხოვენ, დგანან და ამტკიცებენ, რომ კორონა საერთოდ არ არსებობს და მეტიც, ქართლის დედისგან ნათხუარი ხმლით ებრძვიან ვაქცინაციას და რა დროს? როცა ეს ვაქცინა ჰორიზონტზეც არ ჩანს…
მოკლედ, იყო და არა იყო რა. იყო ერთი ქვეყანა _ საქართველო, სადაც გამონაგონს, შეთხზულს უფრო იოლად იჯერებდენ, ვიდრე იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავდნენ…

რეზო შატაკიშვილი