იქნება თუ არა სრულმასშტაბიანი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?
ამ დღეებში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ჩვენს სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებისკენაა მიპყრობილი _ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთთან ისევ ომობენ. მართალია, ეს ომი ლოკალურია და ერთ-ერთ სასაზღვრო რეგიონს არ გასცდენია, მასში ჩართულია ჯარისკაცების საკმაოდ მცირე რაოდენობა და მსხვერპლიც მინიმალურია, ასეთი აფეთქებები იქ წელიწადში 1-2-ჯერ ხდება, თუმცა რეალურ ომში არც ერთხელ გადაზრდილა.
ამ მოკლევადიან ომებში გამარჯვებაც და მარცხიც, ძირითადად, პროპაგანდისტული ხასიათისაა და მათი ადგილი მხოლოდ სატელევიზიო სივრცეებშია, რეალური სიტუაცია კი ყარაბაღსა და სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანის 6 შიდა რაიონში უცვლელი რჩება.
მაგრამ დიდი ომის საშიშროება მაინც არსებობს _ არავინ იცის, იქნებ, ამჯერად ყველაფერი სხვანაირად განვითარდეს და სერიოზული კონფლიქტი, ბოლოს და ბოლოს, დაიწყოს?..
2008 წლის აგვისტოს ომიც ხომ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, თითქმის ტრადიციად ქცეული ორმხრივი ლოკალური სროლებით დაიწყო.
მაშ, რამდენად დიდია სამხრეთ კავკასიაში ახალი მასშტაბური ომის შანსი?
ამის შესაძლებლობა ყოველთვის არის იქ, სადაც მოლაპარაკებებს აზრი დაკარგული აქვს და გაყინულ კონფლიქტში ათწლეულების მანძილზე არავითარი პროგრესი არ ფიქსირდება. ამიტომაც არასდროს თქვა არასდროს.
თუმცა დღეს, არსებულ მოცემულობაში, ამის ალბათობა ნულის ტოლი თუ არა, ძალიან დაბალია.
პროპაგანდისტული აღტყინება, ინფორმაცია მოწინააღმდეგე ბანაკში ასობით დაღუპული ჯარისკაცის, განადგურებული ტანკების, თვითმფრინავებისა და სამხედრო ბაზების შესახებ, მასობრივი სიხარული არარსებული საომარი გამარჯვებების გამო _ ეს რამდენიც გნებავთ.
თუმცა ნამდვილი ომი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება.
რა თქმა უნდა, მშვიდობის შენარჩუნებაში ყველაზე მეტად სომხეთია დაინტერესებული. ერევანს ახალი სისხლისღვრის საერთოდ არავითარი მოტივაცია არ გააჩნია _ სომხებმა თავიანთი საქმე, ჯერ კიდევ, 1993 წელს შეასრულეს და დღეს მათ ომი არაფერში სჭირდებათ.
აზერბაიჯანს, ერთი შეხედვით, მიწების ძალით დაბრუნების ცდუნებაც და შესაძლებლობაც აქვს.
1993 წელს აზერბაიჯანი ისეთივე დასუსტებული და ქაოსურ მდგომარეობაში მყოფი არასახელმწიფო იყო, როგორც _ იმდროინდელი საქართველო. სომხეთის მიერ მისი ტერიტორიის 20%-ის დაკავება სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი _ ქაოსსა და შიდააშლილობას ბრძოლის ველზე ყოველთვის მარცხი მოაქვს… ქართველებზე უკეთესად ეს ვინ იცის?
რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩვენთან, რუსული ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მინიმალური ორგანიზებულობის შემთხვევაში ტერიტორიული დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნებოდა _ მაგალითად, საქართველოს ოდნავ წინააღმდეგობა რომ გაეწია, სავარაუდოდ, გალის რაიონი რუსულ-აფხაზურ ოკუპაციას გადაურჩებოდა.
იგივე აზერბაიჯანსაც ეხება _ რომ არა ქაოსი და სრული არეულობა, პირველ რიგში, ბაქოში, სავარაუდოდ, სომხები აზერბაიჯანის 6 შიდა რაიონს არ შეაკვდებოდნენ. იქ იგივე მოხდა, რაც აფხაზეთში _ ფრონტი სრულიად მოიშალა და მოწინააღმდეგემ უზარმაზარი ტერიტორიები, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე, დაიკავა _ უბრალოდ, ხელში ჩაუვარდა.
თუმცა ეს 1993 წელს იყო, დღეს კი 2020-ია. დაშლილი და დაქუცმაცებული აზერბაიჯანი დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა. დღეს ის საკმაოდ ორგანიზებული, ცენტრალიზებული და, რაც მთავარია, მდიდარი ქვეყანაა.
დღეს აზერბაიჯანის სამხედრო პოტენციალი, 1993 წელთან შედარებით, გაცილებით მაღალია _ ქვეყანაში დემოგრაფიული აფეთქებაა, მოსახლეობა 8 მლნ.-ს გადასცდა, შეიარაღებულ ძალებში უზარმაზარი თანხები ჩაიდო. მოკლედ, ბაქო ახალი ომისთვის სრულიად მზადაა.
ამ განწყობებს სომხეთში შექმნილი სიტუაციაც აძლიერებს _ ქვეყნის მოსახლეობა მასობრივად გარბის უცხოეთში და, სავარაუდოდ, დღეს სომხეთში 3 მლნ. ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს. შეუდარებელია ორი ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობებიც _ აზერბაიჯანი ნავთობ-გაზის მდიდარი სამეფოა, სომხეთი კი _ ღარიბი და სახელმწიფოებრივად სუსტი, გარესამყაროსგან თითქმის მოწყვეტილი ქვეყანა.
თუმცა ამ გარეგან უპირატესობებს შორის ერთი ნაკლოვანება არის, რომელიც ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილს აუფასურებს _ ბაქო მზად არ არის სწრაფი, ეფექტიანი და უსისხლო გამარჯვებისთვის.
მიუხედავად ამისა, სომხეთი მაინც სერიოზული მოწინააღმდეგეა, ყოველ შემთხვევაში, ის სწრაფად არ დანებდება და ოკუპირებულ ტერიტორიებს დიდი ბრძოლის გარეშე არ დატოვებს.
საუბარია ათასობით კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც დღეს ერევნის კონტროლქვეშაა, თანაც ხშირ შემთხვევაში მაღალმთიან რეგიონში ომის წარმოება ძალიან რთულია.
თავისი უპირატესობები სომხეთსაც აქვს _ პირველ რიგში მოსახლეობის ძალიან მაღალი მოტივაცია, რომელიც დაპყრობილი ტერიტორიების კონტროლს ეროვნული ღირსების საკითხად მიიჩნევს.
არც დემოგრაფიულ და ფინანსურ საკითხებშია ყველაფერი ისე უიმედოდ, როგორც ერთი შეხედვით ჩანს _ აქ უკვე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, როგორიც მრავალრიცხოვანი და მდიდარი სომხური დიასპორაა.
უცხოეთში მცხოვრებ სომხებსა და ოფიციალურ ერევანს შორის ურთიერთობები არცთუ ისე კარგია, თუმცა ომის შემთხვევაში ყველა უთანხმოება და პრეტენზია მეორე პლანზე გადავა _ მთელი მსოფლიოდან სომხეთისკენ ფული და მოხალისეების ნაკადი დაიძრება.
90-იან წლებში ასე იყო, სავარაუდოდ, იგივე განმეორდება დღესაც.
აზერბაიჯანს ამ ომში გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ არა _ გარანტია. თანაც ყველა შემთხვევაში ომი იქნება ხანგრძლივი, მძიმე და სისხლისმღვრელი. პატრიოტული აჟიტირება მალე გაივლის, საერთაშორისო საზოგადოებრიობა ბაქოს ქმედებებს აუცილებლად შეეწინააღმდეგება, ინვესტორები შეწუხდებიან.
ბაქოს ჰაერივით სჭირდება გამარჯვება _ ოღონდ სწრაფი და უმტკივნეულო. ყველაფერი, მაქსიმუმ, ერთ კვირაში უნდა დასრულდეს _ სანამ აღტყინებამ არ ჩაირა, სანამ ევროპა-ამერიკა აზრზე მოვიდა, სანამ ომმა საფონდო ბირჟებზე გადაინაცვლა.
ყველაზე დიდი _ ერთი კვირა. დღეს კი ეს სრულიად წარმოუდგენელია.
არის ასევე საგარეო ფაქტორები. რა თქმა უნდა, ყველაფერი ზემოთ აღწერილი აზრს კარგავს, თუ ომში თურქეთი ჩაერთო _ ეს სხვა წონითი კატეგორიაა და სომხეთი მას სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
თუმცა სწორედ ამიტომაა სომხეთში რუსული ბაზები. მოსკოვმა ძალიან კარგად იცის, რომ საკუთარი ძალებით აზერბაიჯანი სწრაფ და უსისხლო გამარჯვებას ვერ მიაღწევს და სომხეთის რუსული სამხედრო მხარდაჭერა სწორედ თურქეთის შეჩერებაზეა გათვლილი. ანკარა კი რუსეთთან ომს ვერ გაბედავს _ ერდოღანი აზერბაიჯანთან მეგობრობაზე ბევრს ილაპარაკებს, ყველანაირ მხარდაჭერას შეჰპირდება, იქნება პროპაგანდა, საყოველთაო პატრიოტული მოწოდებები, სიხარულის ცრემლები, ძმური ჩახუტება, მოკლედ, ყველაფერი _ სამხედრო დახმარების გარდა.
სწორედ ამიტომ არასდროს თქვა არასდროს, თუმცა ახალი სომხურ-აზერბაიჯანული ომი თითქმის გამორიცხულია. ცოტა ხანში ყველაფერი ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება.
თენგიზ აბლოთია