ის, რაც არასდროსაა გვიან

„განათლება დიდებული საშუალებაა პიროვნების განვითარებისთვის. სწორედ განათლების წყალობით შეიძლება გახდეს: გლეხის შვილი _ ექიმი, მეშახტის შვილი _ შახტის დირექტორი, ფერმერის შვილი _ ქვეყნის პრეზიდენტი“, _ ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანის უფლებათა ცნობილ დამცველს, ნობელიის პრემიის ლაურეატ ნელსონ მანდელას.

პიროვნული განვითარება კი უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება და დიდ მოთმინებასაც მოითხოვს ადამიანისგან.
იმისთვის, რომ განვითარდე, აუცილებელი სწორედ განათლების მიღებაა, რომელიც ადამიანს სამყაროს შეცნობასა და პიროვნულ ზრდაში ეხმარება.
განათლების მიღების პროცესი კომპლექსურია და ბევრ ფაქტორს აერთიანებს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანის ასაკი და ის ნორმებია, რაც ამა თუ იმ საზოგადოებაშია დამკვიდრებული.
ზოგადად, ხალხის აზრი რომ ძალიან მოქმედებს ადამიანის არჩევანსა და მის გადაწყვეტილებებზე, ეს კარგად დამტკიცებული ჭეშმარიტებაა, რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლსაც კი თამაშობს, მათ შორის აზრი იმაზე, თუ რა ასაკის უნდა იყოს სტუდენტი ან რამდენ წლამდე შეუძლია ადამიანს უმაღლესი განათლების მიღება?
ბევრი სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სახის გარემოება ზოგჯერ ადამიანებს ხელს უშლის განათლების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში.
ჩვენ გარშემო ბევრი აუხდენელი ოცნებებით ცხოვრობს.
ჩვენ გარშემო ბევრს სწორედ რომ ასაკი ექცა ბარიერად.
ჩვენ გარშემო დიდებს აშინებთ სხვების ფიქრები და ისე ცხოვრობენ, როგორც ეს მისაღებია და არა ისე, როგორც თავად სურთ.
ქართულ რეალობაში, ძირითადად, საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, სკოლას 17-18 წლის ასაკში ამთავრებენ, ხოლო უმაღლეს სასწავლებელს _ 22 წლისას.
სწორედ ამის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი ცხოვრებაში. უმაღლესი განათლების მეორე საფეხური, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაკალავრიატი და საკმაოდ ბევრ სიახლესა და წინსვლას ჰმატებს ადამიანს.
არის კი ასაკი ამ დროს გადამწყვეტი ფაქტორი?
ჩვენს რეალობაში _ დიახ. ბევრი სწორედ გარკვეული შეფერხების გამო წყვეტს სწავლას და შემდეგ ეიჯიზმის ან საზოგადოებრივი მანკიერი აზრის მსხვერპლი ხდება.
თუმცა ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა.
ა. წ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში 35 წელს გადაცილებული 1243 სტუდენტი სწავლობს.
საქსტატის ცნობით, 35 წელზე მეტი ასაკის სტუდენტებს შორის 514 ქალია. 30-34 წლის სტუდენტთა რაოდენობა კი 1 942-ია, ხოლო 25-29 წლის 10 463 სტუდენტია.
ჯამურად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2017-2018 სასწავლო წლებში 143 808 სტუდენტი სწავლობს.
ეს სასიკეთო ძვრები ქართული განათლების სისტემაში, გარკვეულწილად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და ცვლილებაზეც მიანიშნებს.
35 წელს გადაცილებული სტუდენტების რაოდენობა თანდათან იზრდება, პერსპექტივაც მატულობს, რომ განათლების მიღებისა და მუდმივი განვითარების პროცესი მეტად წარმატებული იქნება ჩვენს ქვეყანაში.
ამ ადამიანების ისტორიები განსხვავებულია, მათი გზაც ამ გადაწყვეტილებამდე, თუმცა დასკვნა მაინც ერთი და მთავარია, _ სწავლა და განათლების მიღების სურვილი ის ერთადერთია, რაც არასდროს და არსადაა გვიანი.

ნინო თავაძე _ იგი 44 წლისაა, პროფესიით მასწავლებელია და გურიაში, სოფელ ნატანების საჯარო სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლის.
1990 წელს დაამთავრა სკოლა, აჭარიის კოოპერაციულ უნივერსიტეტში უმაღლესი განათლება მიიღო, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი უნივერსიტეტი იყო. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა.
ნინო სიახლეების მოყვარულია, არ ერიდება გამოწვევებს და ცდილობს, არსებული სტერეოტიპები ჯანსაღი აზროვნებით დაძლიოს.

რატომ გადაწყვიტა ხელმეორედ სტუდენტობა და როგორ ირგებს თავისი მოსწავლეების გვერდით ჯგუფელის როლს? ამ და სხვა კითხვებზე „ქრონიკა+“ მასწავლებელ-სტუდენტ ნინო თავაძეს ესაუბრა:

_ რატომ გადაწყვიტეთ უნივერსიტეტში ხელმეორედ ჩაბარება და როგორი იყო ეს პროცესი?
_ 23 წლის მუშაობის სტაჟი მაქვს სკოლაში. თუმცა ახალმა დრომ ახალი გამოწვევები და მოთხოვნები მოიტანა. სამწუხაროდ, ფრანგული ენა ნაკლებად გახდა დაინტერესების საგანი და ის უპირობოდ ჩაანაცვლა ინგლისურმა ენამ. სწორედ ამის გამო ძალიან შემიმცირდა სკოლაში საათები და გადავწყვიტე, ბევრად მოსახერხებელი და ჩემთვის მისაღები გადაწყვეტილება მიმეღო და ისევ ჩავაბარე უმაღლეს სასწავლებელში.
რადგან ტერიტორიულად ჩემთან ახლოსაა და უფრო მოსახერხებელია გადასაადგილებლად, ისე რომ მუშაობაშიც არ შემეშალოს ხელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე დაწყებითი განათლების ფაკულტეტზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული ფაკულტეტი და განხრაა, ასევე ბავშვების სიყვარულიც ხელს მიწყობს, რომ დიდი სიამოვნებით და მონდომებით დავეუფლო ამ პროფესიას, რომელიც სიახლე და ახალი გამოწვევაა ჩემთვის.
თავიდან ვნერვიულობდი, არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა ახალი სტილის გამოცდების ჩაბარებას. განსაკუთრებით მაშინებდა უნარების გამოცდა, რომელიც ჩემთვის სიახლეა და ახალ თაობასთან ერთად აბიტურიენტობის ეს პერიოდი საკმაოდ რთულად და, ამავდროულად, შრომისმოყვარედაც გამოვიარე, რადგან ვარ ძალიან პასუხისმგებლიანი და დაწყებულ საქმეს აუცილებლად ბოლომდე ვასრულებ.
წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, მივიღე საკმაოდ მაღალი ქულები, რასაც არ მოველოდი. ვარ ძალიან ამაყი.
კურიოზული სიტუაცია იყო: როდესაც უნივერსიტეტში პირველად მივედი, ჩემს ჯგუფელებს მათი ლექტორი ვეგონე. ფეხზე წამოდგნენ და მოწიწებით მომესალმნენ. შემდეგ როდესაც გაიგეს, რომ მათი ჯგუფელი ვარ, ძალიან ბევრი ვიცინეთ ერთად, ახლა კი უკვე ყველანი კარგი მეგობრები ვართ.
_ როგორი იყო სხვების დამოკიდებულება თქვენი გადაწყვეტილების მიმართ?
_ საკმაოდ ბევრი დამაბნეველი და უხერხული მომენტი უკავშირდება ჩემს ხელმეორე სტუდენტობას. ზოგჯერ ლექტორებიც კი ისე მხვდებიან, როგორც რომელიმე სტუდენტის მშობელს ან დამსწრეს, მაგრამ ეს გაკვირვება გასაგები და ბუნებრივიც კია, რადგან ჩვენს პრაქტიკაში ჯერ კიდევ არ გვაქვს ეს სიახლე. შესაბამისად ის, რომ ამ ასაკის სტუდენტი ვსწავლობ უნივერსიტეტში უცხო და გასაკვირია ბევრისთვის.
როდესაც 30 წელს გადააბიჯებ, თითქოს გზები იკეტება, კარი იხურება და განვითარების შანსი ხელიდან ეცლება ადამიანს. არადა, ეს ძალიან დიდი შეცდომაა; განათლებისკენ სწრაფვა მუდმივი პროცესია, ძალიან საინტერესოც და ერთი წამითაც არ მიფიქრია, თუ რას იტყოდნენ ამაზე სხვები ან როგორ შეაფასებდნენ ამას გარშემომყოფები, რადგან ცუდს არაფერს ვაკეთებ. პირიქით, ვამტკიცებ, რომ სურვილები ყოველთვის ხდება და რომ ბრძოლას და ძალიან დიდ მონდომებას ყოველთვის აქვს აზრი.

_ როგორია თქვენი სტუდენტობა და თუ გიჭირთ ამ ამპლუაში ყოფნა?
_ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანს გარკვეული ასაკის შემდეგ ახალი ინფორმაციების მიღება და დამახსოვრება უჭირს, თუმცა ეს არ არის შემაფერხებელი ფაქტორი და არც ჩემს შემთხვევაში განსაზღვრავს რამეს.
საკმაოდ რთულია სწავლის პროცესი, გვაქვს ბევრი გამოცდა, საკმაოდ ბევრი სასწავლი მასალა, რომლის ათვისება ყოველდღიურად აქტიურ რეჟიმში მიწევს. ამის პარალელურად ვარ მასწავლებელი და ოჯახის საქმეებიც გასათვალისწინებელია. თუმცა მიუხედავად ამ ყველაფრისა და ძალიან რთული რეჟიმისა, თავს მაინც ძალიან კარგად ვგრძნობ სტუდენტის ამპლუაში და ერთი წამითაც არ ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას, რომ ხელმეორედ გავდივარ ამ გზას.
ალბათ ასაკის ბრალია ისიც, რომ ზოგადად სასწავლო პროცესსა და ჩემს საქმიანობას ცოტა განსხვავებულად ვუდგები. მეტ პასუხისმგებლობას ვიჩენ და განსაკუთრებულად ვნერვიულობ ყველა გამოცდაზე. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ ზოგიერთი ლექტორი ჩემი ტოლია და მათ წინაშე მეტად ვგრძნობ თავს ვალდებულად, ყველაფერი ვიცოდე და თან კარგად ვიცოდე.
ჩემი პროფესია ძალიან მეხმარება სასწავლო პროცესში, სტუდენტებთან ურთიერთობასა და სასწავლო მასალის სწორად ათვისებაში. ორმაგად საინტერესოა, რომ პარალელურად ვსწავლობ და ვასწავლი სხვებს. ორმაგად საინტერესოცაა და საპასუხისმგებლოც.
_ რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებსაც სწავლა უნდა, მაგრამ ასაკი აფერხებთ?
_ ერთადერთი, რაც ამ ცხოვრებაში დარწმუნებით ვისწავლე ისაა, რომ ასაკი და სხვა მსგავსი თემები, მხოლოდ და მხოლოდ, ციფრებია და არასდროს არ განსაზღვრავს არც ადამიანის მონდომებას და არც მის დამოკიდებულებას საქმის მიმართ.
შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა მჯერა, რომ ამ ცხოვრებაში მთავარი სწორედ მონდომებაა და მუდმივი ძიება საკუთარი თავის.
ის, რაც არასდროს არაა გვიანი, ეს სწორედ განათლების მიღება და სწავლაა.
ვსწავლობ იმისთვის, რომ სხვას ვასწავლო. ესაა ჩემი ცხოვრება, ესაა ის, რისიც მჯერა და რის გამოც მიხარია დილის გათენება.
ნუ შეიქმნით ბარიერებს, ნუ იტყვით უარს საკუთარ ცხოვრებაზე, იმდენჯერ გარისკეთ, რამდენჯერაც სწორად მიიჩნევთ საჭიროდ. ეს ცხოვრება ჩვენია და ეს ცხოვრება ზუსტადაც რომ ახლაა.

ანა ურუშაძე