„ისე არ ვქნათ, საქართველო დარჩეს რუსეთის ერთადერთ პარტნიორად სამხრეთ კავკასიის რეგიონში“

ირინა მაკარიძე

მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ, მის გავლენაზე საქართველოზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი და დიპლომატი, გია ჯაფარიძე:

_ ტრანსკავკასიაში (სამხრეთ კავკასიაში, _ რედ.) და შავი ზღვის ფართო რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს. ჩვენს უშუალო სამეზობლოში ცეცხლია, საქართველო ამ ცეცხლის შუაშია აღმოჩენილი. ყოფილი საბჭოთა რუსეთის სივრცეში, თუ არ ჩავთვლით ჩეჩნეთის შემთხვევას, პირველად ხდება, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაკარგულ ტერიტორიებს სახელმწიფო სამხედრო ოპერაციის გზით იბრუნებს. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში. ცივი შხაპია ზოგიერთი კონფლიქტოლოგისთვის, ვისაც კონფლიქტების, განსაკუთრებით ძველი კონფლიქტების, ტრანსფორმაციასა და რაღაც ტიპის მშვიდობიან გადაწყვეტაზე უყვართ საუბარი. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალის გამოყენებით. ბაქო 30 წელი ელოდა ხელსაყრელ საერთაშორისო გარემოებებს, რომელიც დადგა რუსეთის ფედერაციის დასუსტების შემდეგ. უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივმა სრულმასშტაბიანმა ომმა მოსკოვი კიდევ უფრო უძლური გახადა, სისხლიანი ხელები კავკასიაში ეფათურებინა. აზერბაიჯანმა ისარგებლა შექმნილი ხელსაყრელი პირობებით. ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრეცენდენტია. პრეზიდენტი ალიევი საერთაშორისო სამართლის წითელ ხაზებს უახლოვდება, მაგრამ არ კვეთს მათ. ის ძალიან რაციონალურად მოქმედებს და მგონია, რომ ასევე რაციონალურად გააგრძელებს, შესაბამისად, საბაბს არ მისცემს არც რუსეთის ფედერაციას და არც მსოფლიო თანამეგობრობას, მიღწეული შედეგი _ დამყარებული დე ფაქტო მდგომარეობა _ გადაიხედოს. თუ ნიკოლ ფაშინიანი შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მაშინ ეს შანსია მეზობელი სომხეთისთვის, ჩამოშორდეს მოსკოვთან მავნე კავშირს და სრული სვლით დაადგეს ევროპეიზაციის გზას. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია, ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო შეთანხმებაც ვიხილოთ, შეიძლება შორს ვიყოთ სასურველი ტრანსკავკასიური სოლიდარობისგან, მაგრამ მთელი რეგიონის, სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შეიძლება გაიზარდოს. ცხადია, ამ ყველაფერს საქართველოზე გავლენა ექნება, რომლის გაზომვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება, მრავალი სცენარიდან რომლით გაგრძელდება პროცესები. დასრულებელი სურათისგან შორს ვართ, ამიტომ პროგნოზების კეთება რთულია. ბევრი გარე ფაქტორი არსებობს ევროპის კავშირის, აშშ-ის, ირანისა და თურქეთის ინტერესების და ჩართულობის სახით, რაც ასევე გასათვალისწინებელია.
უფრო ფართო რეგიონს თუ ავიღებთ, რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ არ დასრულებულა და მის დასრულებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, მოლაპარაკების მაგიდასთან რა საკითხები იქნება, როგორ განვითარდება რუსეთის მომავალი, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული საქართველოს ბედიც.
_ რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებას, რამდენად მოსალოდნელი იყო პროცესების ასეთი განვითარება?
_ პრეზიდენტ ერდოღანსა და პუტინს შორის ბოლო შეხვედრის შემდეგ, სადაც რუსეთის მმართველმა თურქეთის პრეზიდენტს მისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაზე უარი უთხრა, მოსალოდნელი იყო ყარაბაღში მოვლენების ასეთი განვითარება. პრეზიდენტი ერდოღანი უპასუხოდ არ ტოვებს პუტინის „ცუდ“ საქციელებს და ეს არაერთხელ დადასტურებულა, გნებავთ, სამხრეთ კავკასიაში, გნებავთ, ახლო აღმოსავლეთში. აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვუყურებ, როგორც რეგიონში მოსკოვის დასუსტებას. ახლა მთავარია, ისე არ ვქნათ, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველო დარჩეს რუსეთის ერთადერთ მოკავშირედ.
ზოგადად, ყარაბაღის კონფლიქტის მძევალი იყო მთელი რეგიონი. რუსეთი ტყვეობაში ამყოფებდა, პირველ რიგში, სომხეთსა და, გარკვეულწილად, აზერბაიჯანსაც. ხელს უშლიდა რეგიონის განვითარებას, სამხრეთ კავკასიას ამყოფებდა მოჯადოებულ წრეში. წინა საუკუნის დასაწყისში ან საუკუნის ბოლოს ვერ შედგა კავკასიური სოლიდარობა, რომელიც შესაძლოა, კარგი წინაპირობა ყოფილიყო, გავქცეოდით რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს გავლენას. ეკონომიკური კუთხითაც რთულია, ვინმემ დიდი კაპიტალის დაბანდება გადაწყვიტოს, მეგაპროექტი აამუშაოს, როცა რეგიონში ძველი კონფლიქტია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ცხელ ფაზაში გადავიდეს. იქნებ, ბოლო მოვლენები იყოს შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკისთვის.
_ იყო თუ არა ეს სომხეთის პრეზიდენტ ნიკოლა ფაშინიანის დასჯა მისი თამამი განცხადებების გამო რუსეთთან მიმართებით?
_ რუსეთს ნიკოლ ფაშინიანის დასჯა დიდი ხანია, სურს. მეტიც, პუტინსა და რუს იმპერიალისტებს საერთოდ არ უნდოდათ ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლა. ახლაც, ალბათ, მოსკოვი შეეცდება, ერევანში უფრო პრორუსული მთავრობა იყოს, მოსკოვს აწყობს ფაშინიანის მოშორება. მაგრამ ერთია სურვილი და მეორე საკითხია შესაძლებლობა. არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს დღეს იმის ძალა, რომ მკვეთრად ჩაერიოს სომხეთის საქმეებში. ის შეეცდება, მაგრამ მეეჭვება, შეძლოს. ფაშინიანის პრობლემა უფრო მისივე მოსახლეობაა, რომელსაც წლები ეთნონაციონალიზმით კვებავდა სხვადასხვა ძალა, მათ შორის, რუსეთიც. ცხადია, მოსკოვი შეეცდება, სომხეთის მოქალაქეთა ნაწილის რისხვა გამოიყენოს, მაგრამ რამდენად წავა მოსახლეობის უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ, ეგ უფრო მნიშვნელოვანია. არის კიდევ გარე ფაქტორები _ აზერბაიჯანი, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობს და ე. წ. სიუნიქის დერეფნის საკითხი. მგონია, რომ ბაქო და ანკარა რაციონალურად მოიქცევიან და მოსკოვის უნებური მოკავშირეები არ გახდებიან.
_ რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, იგი კვლავ აგრძელებს თავის პროპაგანდას „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით. ფარცხალაძის დასანქცირების კონტექსტშიც კი კეთდებოდა განცხადებები, რომ ეს იყო დასჯა საქართველოს ხელისუფლებისა იმის გამო, რომ მან არ გახსნა „მეორე ფრონტი“. რას იტყვით ამ განცხადებების შესახებ და რა შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნე?
_ ეს ხელისუფლების აბსურდული განცხადებაა. ამაზე არაერხელ ისაუბრეს საქართველოს პარტნიორებმაც. არცერთი სახელმწიფო სანქციებზე გადაწყვეტილებას ისე არ იღებს, რომ არ ჰქონდეს მოპოვებული ფაქტები, დადასტურებული მტკიცებულებების ერთობლიობა. სახელმწიფო დეპარტამენტის შესაბამისი განცხადება ძალიან მკაფიოდ ხსნის, თუ რატომ დაეკისრა ფარცხალაძეს სანქციები. მგონია, რომ ეს იყო ყვითელი ბარათი საქართველოს ხელისუფლებისთვის, გაფრთხილება, რომ ეს ვირეშმაკული რუსული ფლეიბუქი გაშიფრულია. როგორც ჩანს, ფარცხალაძე ხელისუფლების ძალიან „დიდი ჯიბეა“. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ჯიბიდან ფინანსდება ყველა ის პარამილიტარული დაჯგუფება, რომელიც წლებია, ატერორებს განსხვავებულად მოფიქრალ მოქალაქეებს, ავრცელებს რუსულ დეზინფორმაცია-პროპაგანდას და, ფაქტობრივად, ემსახურება რუსულ ინტერესებს. სავარაუდოდ, აქ იყრის თავს მმართველი პარტიის შავი ფულის ნაწილიც და აქედანვე გადის ე. წ. პარალელური დაფინანსების ნაკადების ნაწილიც. ეს შავი ფული, ალბათ, იხარჯება საარჩევნო მოსყიდვებზეც და კოორდინატორებზე. ფარცხალაძის ჯიბე სისტემის ფუნქციონირებისთვის, სახელმწიფოს სრული მიტაცებისა და გაფორმებული ელექტორალური ავტორიტარიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვაგვარად ვერ აიხსნება, რატომ გადაეფარა მთელი სახელმწიფო აპარატი დასანქცირებულ პირს, თანაც მტერი სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებზე მომუშავეს, რომელიც, კანონის თანახმად, აღარც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ფარცხალაძე, სავარაუდოდ, არის „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთის უშიშროების სამსახურებს შორის ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი. მის დასაცავად ხელისუფლება მზად არის, ყველაფერზე წავიდეს, გარისკოს საქართველოს საბანკო სისტემის ჩამოქცევით, ღიად და აშკარად დაარღვიოს საქართველოს კანონმდებლობა (კანონის თანახმად, ფარცხალაძე აღარ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, თუმცა ხელისუფლებას შესაბამისი პროცედურები არ განუხორციელებია. მეტიც, მას 24-საათიანი დროც კი მიეცა, ქონების გადაფორმებისა და, სავარაუდოდ, თანხების ტრანსფერისთვის), დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ილაპარაკოს ტოტალური ტყუილები. სამწუხაროდ, ხელისუფლების პროპაგანდა, რომელიც აბსოლუტურ სიცრუეს ეფუძნება, მუშაობს საზოგადოების ერთ ნაწილში. ჩვენ ძალიან ბევრი გვაკლია, ვიყოთ განათლებული, მედიაწიგნიერი და კრიტიკული აზროვნების მქონე სამოქალაქო საზოგადოება.
_ ცოტა ხნის წინ, ყველასთვის მოულოდნელად, ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და განსჯის გარეშე, ხელისუფლებამ გამოგვიცხადა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, რასაც მალე ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება მოყვა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, რა საფრთხეებსა თუ შესაძლებლობებს აძლევს ეს ქვეყანას?
_ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება მგონია, რომ უფრო დასავლეთის მიმართ ხელისუფლების შანტაჟია. უფრო იმის ჩვენება მგონია, რომ თუ ჩვენს პირობებზე არ მოდიხართ, მაშინ ჩვენ გვაქვს სხვა ალტერნატივა არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთის სახითაც. ეს წამგებიანი ლოგიკაა. პეკინთან ისედაც გვაქვს საკმაოდ გაუმჯობესებული თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სახით. ჩინეთთან სხვა სახელმწიფოების თანამშრომლობის გამოცდილება ამბობს, რომ უნდა ვერიდოთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში მათ შეღწევას, ასევე ფრთხილად უნდა ვიყოთ დაკრედიტების პრაქტიკასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება, ასევე სხვა ევროპული, ამერიკული და აფრიკული სახელმწიფოების გამოცდილება.
_ რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების წინ?
_ ოქტომბერში ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას. კომისარი ბორელის განცხადებები მაფიქრებინებს, რომ კომისიის რეკომენდაცია იქნება უარყოფითი. საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს 12 პირობას და, როგორც ბორელის განცხადებებზე „ქოცების“ რეაქციიდან ჩანს, არც აპირებს მათ შესრულებას. ბორელი ძალიან მკაფიო და ცხადი იყო თავის ყველა სიტყვაში. 12 პირობა შესრულებული არ არის. დეკემბერში ევროპული საბჭო შეიკრიბება და იქ უკვე 27 სახელმწიფოს მოუწევს გადაწვეტილების მიღება საქართველოს შესახებ. ევროპულმა საბჭომ შეიძლება კომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინოს და საქართველოს მაინც მიანიჭოს ევროპის კავშირში გაწევრების კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი, მსგავსი ფაქტი მომხდარა ევროპის კავშირის ისტორიაში. თუ ასე მოხდა და ევროპის კავშირმა მოგვანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს იქნება არა ღირებულებებზე დაფუძნებული, არამედ საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად შეიძლება გაჩნდეს ჩანაწერი, რომ სტატუსს აძლევენ ქართველ ხალხს და არა მის მთავრობას, თუმცა ასეთი შემთხვევაც ყოფილა ევროპის კავშირის ისტორიაში. თუ სტატუსს მივიღებთ, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება ჩანაწერი იმ პირობების შესახებ, რომელიც საქართველოს შესასრულებელი ექნება გაწევრების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად. ევროპის კავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა, თუმცა რთული სათქმელია, რას გადაწყვეტს 27 ქვეყანა, როგორც მოგეხსენებათ, ყველას თანხმობაა საჭირო. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არ ეხმარება ევროპის კავშირს და მის წევრ-სახელმწიფოებს საკითხის ჩვენთვის სასურველად გადაწყვეტის საქმეში.
_ როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და, ლოგიკურად, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?
_ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ელექტორალური ავტორიტარიზმი, როცა არჩევნები დაშვებულია, თუმცა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება შეუძლებელია. გვაქვს ძალიან სერიოზული უკუსვლა დემოკრატიის, თავისუფლებისა და აბსოლუტურად ყველა სფეროში. გარედან მაყურებლისთვის ისე ჩანს, რომ საქართველო რჩება რუსეთის ერთადერთ პარტნიორად სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რასაკვირველია, საფრთხეები არსებობს, მაგრამ გაჩნდა შესაძლებლობის ფანჯარა. თუ მას არ გამოვიყენებთ, იმის მაღალი ალბათობაა, რომ დავრჩეთ შეუმდგარ სახელმწიფოდ, რომელიც მიიტაცა ერთმა ოჯახმა, დავრჩეთ სიღარიბეში, გაუნათლებლობაში, განუვითარებლობაში, სუსტი ეკონომიკით, კეთილდღეობის არქონით, მუდმივი საფრთხეების წინაშე.