ისევ სოსოს ნათესავები…

მართალია, სიძე ნათესავებში არ ითვლება, მაგრამ ხან სიძე იმაზე მატად ადგება კაცს, ვიდრე რძალი…

ეს ისე, ხუმრობით, რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას…

თამაზაშვილისა და სონღულაშვილის 17 წლის წინანდელ მტრობაზე ამბავი ხომ მოყოლილი გვაქვს, ისიც გვახსოვს, როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს გოგაშვილი და თამაზაშვილი…

დიდი ჭადრაკის დაფაზე გადანაწილება დაწყებულია…

გუჯა, იგივე ელგუჯა სონღულაშვილი სოსო გოგაშვილის სიძეა. როგორც გურჯაანში ამბობენ, მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბიძინას ძე და ელგუჯა სონღულაშვილები ახლო ნათესავები არიან… შესაბამისად, კახეთში თუ ვინმეს ეკუთვნის ფეშქაში გოგაშვილისგან, სწორედ სონღულაშვილია…

საჯარო ინფორმაციით, გოგაშვილის სიძეს არც ქონება აქვს, არც არანაირ ბიზნესში არის, ჩვეულებრივი ახლაგაზრდაა _ უქონელი და უხელფასო… მაგრამ მთავარია, რა ხდება სონღულაშვილების კულისებში, ამაზე ჩემი კონფიდენციალური წყარო მიყვება. რეალურ ამბამდე კი სონღულაშვილის ფეისბუქ-პოსტს გაგაცნობთ:

„დღეს პარლამენტში ჩემი დებიუტი შედგა, როგორც კანონპროექტის ინიციატორისა და მომხსენებლის. შედეგით არ ვარ უკმაყოფილო. დიდი მადლობა ყველას მხადაჭერისთვის, რეკომენდაციებისთვის და შენიშვნებისთვის. კენჭი ეყარა საქართველოს კანონის პროექტს „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/10, 22.12.2016), I მოსმენით, 84 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. კანონპროექტის მიხედვით, მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე, მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მწვანე ნარგავები ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული, ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შესაბამისი ორგანოების მიერ მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გამცემი ორგანო/სამსახური, ნებართვის გაცემის წესი და პირობები დადგინდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ“.

 

_ ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, რეალურად კი?..

_ დავით სონღულაშვილის ახლო ნათესავი გოგაშვილის სიძეა. ბიძინა სონღულაშვილის ოჯახი განსაკუთრებული პატივით იყო მოწვეული ქორწილის დროს. სწორედ აქედან დაიწყო სამომავლო საერთო ბიზნესინტერესებიც. სონღულაშვილების ოჯახს საოჯახო ბიზნესი აქვს, ანუ სამშენებლო კომპანია, კომპანია, რომელიც, სავარაუდოდ, მზიურში აშენებს საცხოვრებელ სახლს… როგორც დაზუსტებით ვიცი, სონღულაშვილების ბიზნესს სწორედ სოსო გოგაშვილი ლობირებს სუსი-დან, სამაგიეროდ, წილსაც ითხოვს, ბუნებრივია. დათოს გატანილ კანონპროექტს პარლამენტში ბევრი მომხრე არ ჰყავდა, თუმცა ეს კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მომავალში მშენებლობებს საფრთხე აღარ შეეხოთ და ა. შ. ამიტომ დეპუტატებთან „პალაჟენიას“ სწორედ გოგაშვილი ულაგებდა.

_ დეპუტატებს რამეს ეუბნებოდა?

_ ვიღაცებს რაღაცებს ახსენებდა და აფრთხილებდა. შეხვედრები ჰქონდა საკუთარ კაბინეტში, ადამიანებს ხვდებოდა და განსაკუთრებულ წერილებს უგზავნიდა, გუშინდელ დღეს ახსენებდა და შედეგიც დადგა.

_ ბოლოს და ბოლოს, გოგაშვილი მიდის თუ რჩება?

_ მაგას ჩემზე კარგად, იცით, ბიძინა გადაწყვეტს, თუმცა ეს დაიმახსოვრეთ: როცა სოსო გოგაშვილი ამ თანამდებობაზე აღარ იქნება, მას დიდ სამშენებლო ბიზნესში ვიხილავთ, სადაც მისი ოჯახის წევრების წილებიც მალე გაფორმდება.

_ სონღულაშვილ ბიძინასთან რა ურთიერთობები აქვს გოგაშვილს?!

_ ძალიან ახლოს, ძალიან კარგი და ძალიან დალაგებული. მათ ახლა მთავარი სტრატეგია აქვთ _ ერთი კახეთი სრულად უნდა აიღონ. გოგაშვილს კახეთში ბიძინა სონღულაშვილი ეხმარება მამულების მართვაში, თბილისში კი სწორედ მის ვაჟებთან აქვს ინტერესები საერთო სამშენებლო ბიზნესში.

_ ასე რომ, მალე ვნახავთ მშენებელ სოსოს?!

_ კი, ეს ძალიან მალე იქნება…

 

  1. შ. კანონპროექტი, რომელიც გოგაშვილისა და სონღულაშვილის ხელით შეიქმნა და დამტკიცდა, ომბუდსმენისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა. საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, დედაქალაქში არსებული მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმართული უნდა იყოს მწვანე საფრის მაქსიმალურად დაცვისკენ და არ უნდა გააუარესოს არსებული მდგომარეობა“.

„ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ძალიან მწირ გარანტიებს შეიცავს დედაქალაქში მწვანე საფრის დაცვის უზრუნველსაყოფად. კონკრეტულად, ხეების ჭრისას გათვალისწინებულია მხოლოდ ერთი ღონისძიება, რომელიც ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების საკომპენსაციოდ გარკვეული თანხის გადახდას გულისხმობს. სხვა ღონისძიებები აღნიშნული კანონით გათვალისწინებული არ არის. დავით სონღულაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს ამ ერთადერთი დამცავი მექანიზმის _ კომპენსაციის გაუქმებას განსაზღვრულ შემთხვევებში. კანონპროექტი ასევე ვერ ახერხებს გადაჭრას ის პრობლემა, რომელიც ხეების მდგომარეობისა და დაავადებული მწვანე ნარგავების განკურნების შეუძლებლობის დადასტურებას უკავშირდება.

იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქში მწვანე საფრისა და, ზოგადად, ეკოლოგიის კუთხით მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, ხოლო ახალი მშენებლობები რეალურად უსისტემოდ მიმდინარეობს და დარჩენილ მწვანე ზონებს ემუქრება, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაპყროს გარემოს დაცვის ინტერესებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას და ახალი რეგულაციები მათზე დაყრდნობით მიიღოს.

თუმცა როცა ქვეყანაში გვყავს სოსო, იქ სახალხო დამცველი აღარ გვჭირდება. მთავარია, რომ სოსოს ეს კანონი აწყობდა…

 

მაკა მოსიაშვილი