ირაკლი ფირცხალავა: „ჩატაევი გაუშვეს, ლავას ოღლი გაუშვეს და ჩვენ დაგვიჭირეს, პოლიციის პოლკოვნიკები?!“

პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ფირცხალავა წლების განმავლობაში კონტრტერორისტულ დეპარტამენტში მუშაობდა, სადაც განყოფილების უფროსი იყო, ხოლო ამ განყოფილებიდან 2004 წელს შსს-ში გადაიყვანეს.
2007-2008 წლებში ირაკლი ფირცხალავა კონტრტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

„ქრონიკა+“-მა ირაკლი ფირცხალავას ციხეში შეკითხვები შეუგზავნა და წერილობითი პასუხებიც მიიღო. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც მსჯავრდებული პოლკოვნიკი ლაფანყურის სპეცოპერაციის გაუხმაურებელ დეტალებს ჰყვება, ასევე აფასებს იმ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც ისანში ჩატარდა:

_ ახმედ ჩატაევი საქართველოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ჩამოიყვანეს. რა საქმე იყო მასზე აღძრული და რატომ აღარ გაგრძელდა გამოძიება?
_ თუ სწორად მახსოვს, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო თბილისის მთავარ სამმართველოში მკვლელობის მცდელობაზე. განყოფილების უფროსი იყო გრიგოლ კვინიკაძე (მკვლელობების კუთხით), რომელიც სუს-მა რამდენჯერმე დაკითხა.
_ ჩატაევი პანკისის ხეობაში დასახლდა, შეირთო ცოლი და ქვეყნიდან პერიოდულად გადიოდა. რა ფუნქცია ჰქონდა მას პანკისის ხეობაში და რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის ფაქტი, რომ ჩატაევი საქართველოში ე. წ. დერეფნის დასალაგებლად იყო ჩამოყვანილი?
_ საერთოდ, ჩეჩნებისა და, ზოგადად, ჩრდილოკავკასიელების თემა საქართველოსთვის ძალიან სენსიტიურია. ყველაფერი დაიწყო ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან: გახსოვთ, ალბათ, რუსების აგრესიას რამდენი ჩეჩენი გამოექცა. საქართველომ ყველა მიიღო და დაასახლა, მაგრამ მათი სრული ინტეგრაცია ვერ მოხდა და პანკისის ხეობა დამნაშავეთა ბუდედ გადაიქცა. მოქმედებდა რამდენიმე დაჯგუფება, რომელთა წევრებიც ახდენდნენ დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას, ადამიანთა გატაცებებსა და ა. შ. აქ დანაშაულებრივ სქემებში აქტიურად იყვნენ ჩართული ქართველი კრიმინალებიც.
2001 წლიდან თითქმის ყველა დამნაშავე ელემენტი ან განადგურდა, ან დააკავეს. ამავე პერიოდს ემთხვევა ხეობაში რელიგიური მიმდინარეობების გააქტიურება (ვაჰაბიზმი).
ხაზს ვუსვამ: დამნაშავეებზეა საუბარი, ხოლო ვისაც კრიმინალთან შეხება არ ჰქონია, მათთან აქტიური დიალოგი დაიწყო. რა თქმა უნდა, ოპერატიული მუშაობაც ერთი დღით არ გაჩერებულა, მაგრამ ძალიან რთულ კონტინგენტთან გვიწევდა საქმიანობა და მოლაპარაკება.
ეს ადამიანები იყვნენ სხვადასხვა საველე მეთაურები და მათი ჯგუფის წევრები, რომლებსაც ერთადერთი „დანაშაული“ ჰქონდათ _ რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. შესაბამისად, ეს ხალხი ფლობდა რუსულ იარაღსაც და საბრძოლო გამოცდილებაც ჰქონდათ მიღებული.
ამ ხალხთან სიტუაციის დალაგებას წლები დასჭირდა, მოლაპარაკების თემა კი იყო, რომ მათ არ უნდა ჩაედინათ სისხლის სამართლის დანაშაული, ასევე ჩვენი ტერიტორიიდან არ უნდა მოეხდინათ თავდასხმები რუსეთზე, რადგან, თუ გახსოვთ, რუსეთი უკვე იმასაც აპირებდა, რომ სამხედრო ძალით შემოსულიყო საქართველოში, პანკისის ხეობაში.
ამის დაშვება არაფრით შეიძლებოდა, მაგრამ სულ უფრო რთულდებოდა სიტუაციის კონტროლი, რადგან თავად რუსული სპეცსამსახურები გზავნიდნენ თავიანთ აგენტებს საქართველოში, ეს აგენტები კი, ასევე, თავის დროზე, რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ მათ იბირებდნენ.
_ ახმედ ჩატაევი 2011 წელს ბულგარეთის საზღვარზე იარაღის უკანონო ტარებისთვის დააპატიმრეს, ისევ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს. რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ზრუნვის საგანგი ახმედ ჩატაევი და რამდენად რეალურია ირაკლი სესიაშვილის განცხადება, რომ ჩატაევი ქართული სპეცსამსახურის აგენტი იყო?
_ 2008-2010 წლებში არსებობდა არაერთი ინფორმაცია, რომ ამ აგენტების მეშვეობით აპირებდნენ ტერორისტული აქტების განხორციელებას დედაქალაქში და ამის გამო სიტუაცია დაიძაბებოდა როგორც საქართველოში, ასევე მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში. ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ჩატაევის დაკავება უკრაინაში და ჩვენმა სპეცსამსახურებმა შესანიშნავად გამოიყენეს ეს შანსი. იმ დროისთვის ჩატაევი სერიოზული ავტორიტეტი იყო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მეომარ ჩეჩნებს შორის და თუ ჩვენ მას დავეხმარებოდით, ის ჩვენ არნახულ დახმარებას გაგვიწევდა.
2010 წელს ჩატაევი საქართველოში ჩამოიყვანეს და მართლაც, მისი უშუალო ჩარევით მოხდა უამრავი დანაშაულისა და პროვოკაციის პრევენცია. ყველა ეს საქმე სახელმწიფო საიდუმლოებაა და ამაზე საუბარს, გასაგები მიზეზების გამო, მოვერიდები.
რაც შეეხება სესიაშვილის განცხადებას (ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ აჰმედ ჩატაევი წინა ხელისუფლების აგენტი იყო, _ რედ.), მართალია, ჩატაევი ჩვენს სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი გახლდათ, მაგრამ, კლასიკური გაგებით, აგენტი არასდროს ყოფილა.
თანამშრომლობის ხელწერილი ბუნებაში არ არსებობს, უბრალოდ, ჩატაევი გაცნობიერებულად, მთელი შეგნებით მუშაობდა რუსეთიდან წამოსული პროვოკაციების განეიტრალებაზე და პრევენციაზე, გვეხმარებოდა რუსეთის იმ ემისრების გამოვლენაში, რომლებიც პანკისის ხეობაში სიტუაციის არევას ცდილობდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩატაევი შეუცვლელ წყაროდ იქცა, თავისი ავტორიტეტიდან გამომდინარე.
_ ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს ჩატაევი ანტიტერორისტულმა ცენტრმა ჩართო, როგორც მომლაპარაკებელი. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ლაფანყურის სპეცოპერაციაზე? ვინ იყვნენ ლოპოტაში დაბანაკებული პირები და საიდან შემოვიდნენ ისინი საქართველოში?
_ რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციაში მის როლს: უნდა ითქვას, რომ იმ ჯგუფის წევრების დიდი ნაწილი კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ კონტროლდებოდა, როგორც ტექნიკური საშუალებებით, ასევე ჩატაევის სახით, მაგრამ ოპერაციამდე 2-3 დღით ადრე მათთან ყველანაირი კავშირი გაწყდა, მათ ვერც ჩატაევი აკონტროლებდა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სპეცსამსახურების შეცდომა იყო.
მხოლოდ მათ მიერ მძევლების აყვანამ ცხადი გახადა, სად იმყოფებოდნენ ეს პირები. სიტუაცია უცებ გახდა ექსტრემალური და ზომები იყო მისაღები. გაუგებარი რჩებოდა, რა მიზნები ამოძრავებდათ მათ.
_ რისი მოყოლა შეგიძლიათ ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით?
_ ზუსტად იმ დღეებში ინფორმაცია შემოვიდა, რომ ამ ჯგუფში ორი ჩეჩენი იყო. ისინი რუსეთიდან შემოვიდნენ კავკასიონის ქედის გავლით. მათზე სერიოზული ეჭვი არსებობდა, რომ „გრუ“-ს აგენტები იყვნენ, ხოლო სპეცოპერაციამდე, დაახლოებით, 2-3 კვირით ადრე მაშინდელმა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა წერილით მიმართა მინისტრს, რომ რუსეთის მხრიდან საზღვართან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ტექნიკა, ასევე გამზადებული ჰქონდათ საველე სამზარეულო.
ზუსტად ამ ორი ინფორმაციის ანალიზი იძლეოდა საშუალებას გვეფიქრა, რომ საქმე გვქონდა კარგად დაგეგმილ პროვოკაციასთან, რომლის მიზანიც იყო საქართველოდან შეიარაღებული რაზმის „გადასვლა“ რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვარზე ბრძოლა და, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მივიღებდით რუსეთის სამხედრო დანაყოფების შემოსვლას.
ეს რომ არ მომხდარიყო, გადაწყდა, ამ ჯგუფთან მოლაპარაკებაში, ერთ-ერთ პანკისელ ავტორიტეტთან ერთად, ჩატაევი ჩაერთოთ. მათ უნდა აეხსნათ ჯგუფის წევრებისთვის, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა მათი გადაადგილება რუსეთის საზღვრისკენ, გაეთავისუფლებინათ მძევლები, დაეყარათ იარაღი და სამართალდამცველებს ჩაბარებოდნენ.
სწორედ ამ მიზნით ტყის საფარში შევიდნენ აჰმედ ჩატაევი, ზურაბ მაისურაძე, სანდრო ამირიძე (კონტრტერორისტულის უფროსი და მისი თანამშრომელი) და ქისტი პიროვნება, თუ არ ვცდები, გვარად ხანგოშვილი.
მოლაპარაკების დროს ჩატაევმა თითქმის დაითანხმა ჯგუფის ახალგაზრდა წევრები და მაშინ, როცა იმ ორმა ჩეჩენმა ახალგაზრდებს ყოყმანი შეატყო, გადატენილი იარაღი დაადო შუბლზე მაისურაძესა და ამირიძეს. მოლაპარაკების შეწყვეტა და მათი წასვლა მოითხოვეს.
ისევ ჩატაევის ფაქტორმა იმოქმედა, რომ მოლაპარაკებაზე მისული და პროცესში ჩართული პირები იქვე არ დაცხრილეს. თავად ჩატაევმა განაცხადა, რომ ის ჯიჰადის მებრძოლი იყო და თავის მუსლიმ ძმებს ვერ მიატოვებდა, მათთან დარჩებოდა და იბრძოლებდა.
მათ მძევლები გაათავისუფლეს, წასვლის საშუალება მისცეს მოლაპარაკების ჯგუფის სხვა წევრებსაც და ბრძოლისთვის მოემზადნენ. ბრძოლის დაწყებისთანავე ის ორი ჩეჩენი მაშინვე გაიქცა (მათი გვარები არ მახსოვს). ერთ-ერთი მათგანი რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიით „კრასნაია ზვეზდა“ და ინტერვიუ მისცა, თუ როგორ აპირებდნენ საქართველოდან რუსეთში გადასვლას და სად განახორციელებდნენ თავდასხმას; მეორემ კი, ცოტა ხნის შემდეგ, უკვე ავსტრიაში მყოფმა, განაცხადა, რომ რუსულ დაზვერვაზე მუშაობდა და მათ დავალებებს ასრულებდა.
მოკლედ, ეს ინტერვიუებიც კი საკმარისია იმაზე წარმოდგენის შესაქმნელად, თუ რა საფრთხე ავიცილეთ თავიდან.
სწორედ იმ მომენტიდან, როცა ჩატაევი მეორე მხარეს გადავიდა, იგი სისხლის სამართლის დამნაშავედ გადაიქცა, რასაც სამი სპეცრაზმელის დაღუპვა მოჰყვა. შესაბამისად, ეს ადმიანი აუცილებლად უნდა გასამართლებულიყო.
რაც შეეხება ჯგუფის სხვა წევრებს, გამოძიების ფარგლებში დადასტურებულია, თუ საიდან შემოვიდნენ, დადგენილია ყველაფერი _ რომელი შეიარაღება ჰქონდათ, სად შეიძინეს და ა. შ. აღნიშნული ინფორმაცია გამოძიების მასალებშია დაცული და ეს საქმე მთლიანად გასაიდუმლოებულია.
2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩატაევის განთავისუფლების საქმეში აქტიურად ჩაერთო ნანა კაკაბაძე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს ატყუებდა, რომ ჩატაევი, განთავისუფლების შემთხვევაში, პირდაპირ მამხილებელ ჩვენებას მისცემდა სააკაშვილის, მერაბიშვილისა და ლორთქიფანიძის წინააღმდეგ, თან ვითომ მას მათთან შეხვედრის ამსახველი აუდიოჩანაწერები და ა.შ. ჰქონდა, რაც, რა თქმა უნდა, ტყუილი იყო.
მაგრამ კაკაბაძემ ისეთი აურა და მოლოდინი შექმნა, რომ ხელისუფლებამ დაიჯერა. როგორც ვიცი, მხოლოდ წულუკიანი ეწინააღმდეგებოდა, ისიც ამბობდა, ჯერ მოგვცეს ჩანაწერები და მერე გავათავისუფლოთო, მაგრამ კაკაბაძის ფანტაზიები უფრო დაიჯერეს და ბრალი მოუხსნეს.
რეალურად, ჩემი ინფორმაციით, ჩატაევი კაკაბაძეს მსგავსს არაფერს შეჰპირებია, მან მხოლოდ დიდი ფული გადაიხადა თავისუფლებაში (ჰკითხეთ კაკაბაძეს, რა სახსრებით შეიძინა ბათუმში მარმარილოში ჩასმული ბინა ახალაშენებულ კორპუსში).
განთავისუფლების შემდეგ ჩატაევი ამ საქმეზე რამდენჯერმე დაიკითხა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არანაირი „ჩანაწერები“ არ აღმოაჩნდა. ზუსტად ამის გამო დაიბარა ხვედელიძემ კაკაბაძე ჩატაევთან ერთად და არასწორია კაკაბაძის ვერსია, თითქოს ხევედელიძემ სთხოვა მას, მასთან ჩატაევი მიეყვანა. როგორ წარმოგიდგენიათ, შს მინისტრის მოადგილეს ჩატაევის მიყვანა დასჭირდა და კაკაბაძის გარეშე ვერ შეძლო? სწორედ ხვედელიძესთან მოხდა კაკაბაძისა და ჩატაევის დაპირისპირება, რა დროსაც ჩატაევმა უარყო კაკაბაძის მიერ დაანონსებული „ჩანაწერების“ არსებობა და მთლიანად დაადასტურა გამოძიების ვერსია.
_ 2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა სპეცოპერაცია, მოხდა სამი ტერორისტის ლიკვიდაცია და ერთი ტერორისტი დაკავებულია. რა ვერსია გაქვთ, _ როგორ შეიძლებოდა, ჩატაევის ჯგუფი თურქეთის ტერაქტის შემდეგ საქართველოში შემოსულიყო?
_ რაც შეეხება ისანში განვითარებულ მოვლენებს, მე მხოლოდ ტელევიზიებით გაჟღერებული ინფორმაცია მაქვს, მაგრამ რახან პრაქტიკოსიც ვარ და ანალიტიკოსიც, შემიძლია ამ ინფორმაციის საფუძველზე ჩემი ანალიზის შედეგი შემოგთავაზოთ.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე (ნამდვილად არ ვიცი, თურქეთში ვინ უმფარველა), საქართველოში ამ ჯგუფის შემოყვანა და განთავსება, ძალიან დიდი ალბათობით, მაღალ ეშელონებთან შეთანხმდა. სულაც არ იყო აუცილებელი ეთქვათ, აჰმედ ჩატაევი შემოგვყავსო. შეეძლოთ, ნებისმიერი პიროვნება დაესახელებინათ, ამას არავინ გადაამოწმებდა, მაგრამ უშუალოდ ორგანიზატორმა, რა თქმა უნდა, იცოდა, ვინც შემოჰყავდა.
_ არის თუ არა რეალობასთან ახლოს ვერსია, რომ ჩატაევის ჯგუფი საქართველოში შემოიყვანა კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა სუს-ის მაღალჩინოსნების თანხმობით?
_ რასაკვირველია, ჩატაევი იმის ჩიტი არ იყო, გარანტიების გარეშე შემოსულიყო და თან ბინაში გამოკეტილიყო. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ შემდეგ რაც მოხდა, ამის მიზეზი დანაყოფებს შორის დაპირისპირება იყოს; შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელს ოპერატიული ინფორმაცია შემოუვიდა და ამ ბინის გაშიფვრა დანაყოფებს შორის კოორდინაციის არარსებობას მოჰყვა. მოკლედ, რამდენიმე ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება, ერთი რამ კი ცხადია: ამ ჯგუფს რომელიღაც მაღალჩინოსანი მფარველობდა და ამას გამოძიების ფარგლებში ჩვენ არავინ გვეტყვის.
საინტერესოა ის, რომ საქართველოში უკვე დადგენილად არსებობს ტერორისტთა ბაზა, რომელსაც შეუძლია შეაიარაღოს ადგილზე ჩამოსული 50-მდე ტერორისტი, ლოჯისტიკური დახმარება გაუწიოს (ბინა, ფინანსები, საკვები, ტრანსპორტი, საბუთები და ა. შ.). სწორედ ესაა იმის მიმანიშნებელი, რომ უსაფრთხოების სისტემა სრულიად ჩამოშლილია.
მთავარი კითხვა გამიჩნდა, როდესაც ტოქშოუ „პირველებში“ მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ინფორმაცია ჰქონდა ჯგუფის შემოსვლაზე, რომ მისი აზრით ისინი საქართველოში გამოსაზამთრებლად შემოვიდნენ და ა. შ. აქ ერთი დეტალია საინტერესო: ვინაიდან არეშიძე ხელისუფლებასთანაა დაახლოებული, იქიდან ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია? და თუ ჰქონდა, რატომ არ შეატყობინა სამართალდამცველებს? მოკლედ, მისი ინტერვიუს შემდეგ უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა რჩება და ის ვერსია, რომ არეშიძემ ამ ჯგუფის შემოსვლის შესახებ იცოდა, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ ჩატაევს გარანტიები ჰქონდა, თან არაერთი და უხვი… და, საერთოდ, რატომ არ დაიკითხა არეშიძე? მე ხომ არ ვიგონებ ამას _ ჟიჟილაშვილთან, სანაიასთან და ტრაპაიძესთან იყო და თქვა, რომ ჯგუფის შემოსვლის შესახებ იცოდა…
_ რაც შეეხება სპეცოპერაციას, რა ხარვეზები დაინახეთ?
_ ა) დროულად არ მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. ვნახე კადრები: სკოლაში ბავშვები, კორპუსის დაცლა _ ჯერ ერთი სადარბაზო დაცალეს, შემდეგ _ სხვებიც. დასკვნა: წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას აკეთებდნენ;
ბ) სპეცრაზმის მიერ ბინის კარის მიტოვება სადარბაზოს მხრიდან. ანუ უკანდახევით ტერორისტებს საშუალება მისცეს, უფრო მეტი ფართობიდან გაეხსნათ ცეცხლი.
ყველაზე დიდი ტექნიკური შეცდომა: წარმოიდგინეთ, სპეცრაზმელები ბინის კართან რომ გამაგრებულიყვნენ, ფანჯრებიდან შეყრიდნენ სხვადასხვა სახის ხელყუმბარას: მანათობელს, ხმაურის _ „შუმავოის“ გაზს და ა. შ. და უსისხლოდ აიყვანდნენ, იმდენად უმწეოები იქნებოდნენ ბინაში მყოფი პირები;
გ) თითქმის ყველა სიმაღლეს ბინის ირგვლივ ტელევიზიები და არასპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. არადა, რაც მე ვნახე, იქ თავისუფლად შეიძლებოდა განთავსებულიყვნენ ტერორისტების სავარაუდო მხარდამჭერები და მსხვერპლი ბევრად მეტი გვეყოლებოდა. დასკვნა: პერიმეტრი ვერ კონტროლდებოდა ჯეროვნად, სიმაღლეებზე ასასვლელად არ იყო გადაკეტილი.
_ თქვენი აზრით, რატომ დაიწყო სპეცოპერაცია სუს-ის სპეცრაზმმა და რატომ არ იყო თავიდანვე ჩართული „შავნაბადა“?
_ რაც შეეხება თვითონ სპეცოპერაციას, რასაც ვუყურე, ეს იყო რაღაც ქაოსი, თან წინაღამის 10 საათიდან ვუყურებდი „მაესტროზე“.
აღსანიშნავია, რომ შსს-ში 2007 წელს შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც, როცა საქმე გვაქვს მძევლების აყვანასთან, ან ტერორისტებთან, შიგნით უნდა იმუშაოს მხოლოდ „შავნაბადამ“, ე. წ. მწვანეებმა, ან „სუპერებმა“, ხოლო სხვა დანაყოფებმა პერიმეტრის დაკავება-დაცვა უნდა უზრუნველყონ. ეს გეგმა მინისტრმა დაამტკიცა. საბედნიეროდ, წინა ხელისუფლების დროს მსგავსი შემთხვევები არ მომხდარა.
ზოგადად, ასეთი სპეცოპერაციები ნანახი მაქვს ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსების მიერ ჩატარებული ღონისძიებისას, სადაც მსხვილკალიბრიანი იარაღიდან სროლასაც არ ერიდებოდნენ, თანაც, დასტურად, როგორც კი „შავნაბადა“ ჩაერთო ისნის სპეცოპერაციაში, 30 წუთში დასრულდა ყველაფერი. მით უმეტეს, თუ კონტრტერორისტული ცენტრი ატარებდა, ზუსტად „შავნაბადას“ უნდა ემოქმედა.
ცალკე საოცრება იყო ვინაობის დადგენა. რა დნმ? კაცი ციხეში ჰყავდათ, ანაბეჭდები ჰქონდათ _ 30 წუთში შეიძლებოდა ვინაობის დადგენა და ამის დადასტურება…
რაც შეეხება ხელისუფლებასთან აფილირებული „ექსპერტების“ განცხადებებს, თითქოსდა, წარმატებულ სპეცოპერაციაზე, ეს არის ტყუილი და სისულელე. წარმატება იქნება ის, რომ სპეცსამსახურებმა აღმოაჩინონ პირები, რომლებიც საქართველოში ტერორისტების ბაზას წარმოადგენენ, ვისაც აქვს იარაღი, ფინანსები, ტრანსპორტი და ა. შ., მაგრამ ვინაიდან უკვე სამი კვირა გავიდა და მსგავსი არაფერი გამოვლენილა, დიდი ალბათობით შეგვიძლია თქმა, რომ პროცესში ხელისუფლება იყო ჩართული.

ელისო კილაძე