„ირაკლი ფირცხალავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! _ რა მნიშვნელობა აქვს, დაარტყეს თუ თვითონ დაკარგა გონება?!“

„მატროსოვის ციხეში“ მყოფი შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის _ ირაკლი ფირცხალავას გარშემო 7 ივლისს მომხდარი ამბებიდან ბევრი რამ, ამ დრომდე, ბუნდოვანია, მათ შორის, ოჯახის წევრებისთვისაც და ადვოკატისთვისაც.

ფაქტი ისაა, რომ გამოცხადებული შიმშილობის შედეგად დასუსტებულ ირაკლი ფირცხალავას ექიმმა უფლება არ მისცა, სასამართლოს სხდომას დასწრებოდა, რის შემდეგაც სასამართლოს შემადგენლობა და პროკურორები „მატროსოვის ციხეს“ ესტუმრნენ და, ფაქტობრივად, გამსვლელი სასამართლო სხდომის ჩატარება გადაწყვიტეს.

ირაკლი ფირცხალავა ოჯახის წევრებს გამოკითხვაზე გაყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუკავშირდა. ფირცხალავა გამომძიებლების მხრიდან გარკვეული სახის ზეწოლაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ მასთან ქალაქის პროკურატურის წარმომადგენელი ბექა კოპალიანი იმყოფებოდა. საქმე ეხება ე. წ. ციანიდის მთავარი მოწმის საჩივარს, სადაც ირაკლი მამალაძე ირაკლი ფირცხალავას ზეწოლაში ადანაშაულებს.

ფირცხალავამ თქვა, პროკურატურის წარმომადგენელმა მას მიანიშნა, რომ ამ საქმეში არასწორ მხარეს დგას. საუბარი ასევე შეეხო „კორტების საქმესაც“, რომელზეც ფირცხალავა მსჯავრდადებულია.

„მატროსოვის ციხიდან“ ოჯახს ირაკლი ფირცხალავა 16:04 წუთზე დაუკავშირდა. სავარაუდოდ, სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე წუთში სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „მატროსოვის ციხეში“ სასამართლო სხდომის გასამართად მივიდნენ, თუმცა ადვოკატის ინფორმაციით, ადგილზე ფირცხალავას პროკურორმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მან გონება დაკარგა და სხდომა არ შედგა.

„ქალაქის პროკურატურიდან ბექა კოპალიანი იყო შემოსული. გავედი. მეთქი რა უნდა? აღმოჩნდა, რომ მოწმეზე ზეწოლის ფაქტზე იყო, აი, აგენტი რომ არის, ირაკლი მამალაძე, მაგ საქმეზე. იყო მინიშნებები და საუბარი, რომ თურმე არასწორ მხარეს ვიჭერ და ამ ხალხს უნდა, რომ ჩვენება არ მივცე ე. წ. ციანიდის საქმეზე… იმ ჩვენს „კორტების საქმესაც“ შეეხო, თურმე, როდემდე უნდა ვისხდეთ ციხეში. ამიტომ ეს არის ზეწოლა და მე მათ განვუცხადე, რომ ვარ დაცვის მოწმე და სასამართლოში ისედაც გამოვცხადდები, მოსამართლეს უნდა მივცე ჩვენება და იქ შეუძლიათ ჩვენება მოისმინონ…“ _ ამბობს ფირცხალავა სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც ოჯახის წევრებმა წარმოადგინეს.

 

დამატებითი დეტალების გასარკვევად „ქრონიკა+“ ირაკლი ფირცხლავას მეუღლესა და ადვოკატს ესაუბრა.

 

ნინო ხვიტია, _ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე:

_ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ვინმემ დაარტყა, თუ ისე დაეცა, არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია, თავი აქვს დარტყმული. რა მნიშვნელობა აქვს, ხელს დაარტყამენ, თუ ისე მოკვდება?

ერთ კვირაზე მეტია, რაც შიმშილობს, ამბობს, რომ ან ჩემი სიმართლე გაიმარჯვებს, ან შევაკვდები ამ საქმესო. ფიზიკურად სუსტად არის, თვალის ინფარქტი გადაიტანა საპატიმროში ყოფნის დროს, ახლაც გვეშინია, რაიმე არ დაემართოს, მუდმივად აწუხებს წნევა და ამას შიმშილობა ემატება.

ჩემი და ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, რომ მისი სიცოცხლე, რომელსაც, კიდევ ერთხელ ვამბობ, სერიოზული საფრთხე ემუქრება, იყოს დაცული.

ირაკლი ფირცხალავას სიცოცხლეს თუ რაიმე დაემუქრება, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება და ფატალურად დასრულდება ამდენდღიანი შიმშილობა, ამ ყველაფერზე პასუხს აგებს თეა წულუკიანი, იმ ძეგლის შემოქმედი, რომელიც კრიმინალებს დაუდგეს იუსტიციის სახლის წინ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წულუკიანი აგებს პასუხს ირაკლი ფირცხალავას სიცოცხლეზე, იუსტიციის მინისტრი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სანამ მე აქ ვარ, ეს ძეგლიც აქ იდგება და  ფირცხალავაც ციხეში იჯდებაო.

წულუკიანის ბრძანებით მოხდა ე. წ. კორტების საქმეზე ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის გამტყუნება, თორემ ფაქტია, რომ ეს საქმეები თეთრი ძაფითაა ნაკერი. საქმეში, სადაც 109-ე მუხლით ბრალდებული სპეცრაზმელები დაკითხვამდე და დაკითხვის პროცესში ერთ საკანში აცხოვრეს…

მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ საქმეს სტრასბურგში წააგებენ, გარდა ამისა, საქმეში არის ცრუ მოწმეთა ჩვენება და ბევრი სხვა დეტალი.

რაც შეეხება თავად ინციდენტს, როგორც ირაკლიმ ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, თავადაც არ ახსოვს, რა მოხდა „მატროსოვის ციხეზე“ იმ სასამართლო პროცესის დროს. როგორც ყვება, ის მოსამართლესა და გამომძიებელს სთხოვდა, რომ იმ ოთახიდან გასულიყო, სადაც სასამართლო იმართებოდა და ამ დროს დაეცა.

თვითონ მართლაც არ ახსოვს, დაეცა თუ დაარტყეს, რადგან მანამდე საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა იმ პროცესის მონაწილეებთან, _ როგორც მოსამართლესთან, ისე პროკურორებთან.

ირაკლი ამბობდა, რომ არ იყო სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად მზად. ექიმმაც აუკრძალა სასამართლოში ეტაპირება, იმ დღეს სასამართლოში ექიმმა არ გაუშვა. ჩემთვის გაუგებარია, იმ დღესვე რა საჩქარო იყო მისი გამოკითხვა?

მას შემდეგ, რაც „მატროსოვის ციხეში“ სასამართლო სხდომის გასამართად მივიდნენ, ირაკლი ფირცხალავამ ადვოკატი მოითხოვა. მას ამ საქმეში არ ჰყავდა ადვოკატი, ვგულისხმობ „ციანიდის საქმეს“. შესაძლოა, მას ამ საქმეში არც სჭირდებოდა დაცვა, მაგრამ მისი უფლება იყო, მოეთხოვა ადვოკატი, სწორედ ადვოკატის მოთხოვნას მოჰყვა კამათი.

ირაკლის ჰკითხავდნენ მოწმეზე ზეწოლის შესაძლო განხორციელების საქმეზე, ირაკლი მამალაძის საჩივრის საფუძველზე, მაგრამ გაუგებარია, როგორ უნდა მოეხდინა ციხეში მჯდომ ირაკლი ფირცხალავას მოწმეზე ზეწოლა, როცა პირებს წინასწარ პატიმრობას სწორედ იმ მოტივით უსჯიან ხოლმე, რომ მოწმეზე ზეწოლის მოხდენა ვერ შეძლოს? სინამდვილეში, ამ შემთხვევაში, ირაკლი ფირცხალავაზე მოხდა საკმაოდ სერიოზული ზეწოლა და ეს ზეწოლა ყოველმხრივ გრძელდება.

გარდა ამისა, ჩვენთან საუბარში ირაკლი ფირცხალავამ თქვა, რომ პროკურორებთან და მოსამართლესთან მისი კამათის დროს მოსამართლე პროკურორთან ერთად რამდენჯერმე გავიდა სათათბიროდ, რაც, ბუნებრივია, კანონდარღვევაა.

რეალურად, იმ დღეს ირაკლის დაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა ის დაკითხვაზე უარს არ ამბობს და არ ეშინია არაფრის, რაიმეს შიში რომ ჰქონოდა, „ციანიდის საქმეზე“ იმ განცხადებასაც არ გააკეთებდა.

იმ საკანში, სადაც სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, როგორც ვიცით, სხდომის ჩანაწერი გაკეთდა. ჩვენი და სახალხო დამცველის მოთხოვნაა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მოხდეს კამერებისა და იმ ჩანაწერის ამოღება.

 

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მოთხოვნებს: სახალხო დამცველთან შეხვედრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, კრისტიან უბერთან, ან მის წარმომადგენელთან შეხვედრა.

ისინი, ასევე, ითხოვენ სამი გამოძიების დაწყებას: ორ ცრუ მოწმეზე და სპეცრაზმელებზე ცალკე საქმის წარმოებას.

 

მალხაზ ველიჯანაშვილი _ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი:

_ ჩვენი მოთხოვნაა, კამერები მოგვცენ და გვსურს, იქ გამართული სხდომის ოქმი გადმოგვცენ, რომ ვნახოთ, რა ხდებოდა და როგორ მიმდინარეობდა პროცესი.

_ თქვენ რატომ არ დაგასწრეს სხდომას?

_ საქმე ისაა, რომ მე ვიცავ ფირცხალავას „კორტების საქმეში“. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მე კი არ უნდა დამირეკონ, უნდა დაურეკონ ან ფირცხალავას, ან მის ოჯახს. მე რომ დამირეკეს, სწორედ ეს ვუთხარი, რომ მე ვიცავ „კორტების საქმეზე“ და ოჯახს დაუკავშირდით-მეთქი. ოჯახის წევრების ნომრებიც მივეცი. ისინი ოჯახს არ დაუკავშირდნენ და ფირცხალავასთანაც გაფრთხილების გარეშე მივიდნენ.

იქ რომ მივიდნენ, მან უთხრა, რომ ადვოკატი სჭირდებოდა, ისინი კი ეუბნებოდნენ, ჩემთვის დაერეკა. ფირცხალავა ამბობდა, რომ მას სხვა ადვოკატის აყვანის უფლებაც ჰქონდა და ამიტომ ოჯახს დაურეკავდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მერე იმ ადგილზე რა მოხდა, ამის გარკვევას ვცდილობთ ამ კადრების, სხდომის ოქმის ამოღებით.

_ ფირცხალავა „ციანიდის საქმეში“ დაცვის მხარის მოწმეა და ის ყველა შემთხვევაში დაიკითხება. რატომაა ასეთი საჩქარო საპატიმროში შეუძლოდ მყოფი ადამიანის დაკითხვა, როცა ადვოკატიც კი არ ესწრება სხდომას?

_ ერთი ვერსიაა, რომ პროკურატურა ცდილობს მოემზადოს, სასამართლო სხდომამდე წინასწარ დაკითხოს ირაკლი, რათა გაიგოს, რა არგუმენტები აქვს მას ირაკლი მამალაძესთან მიმართებით და მეორე ვარიანტია, _ შეაშინონ. მასთან მისულმა გამომძიებელმა კიდეც უთხრა მას, რომ არ უნდა გეჭიროს ის მხარე, რომელიც ახლა გიჭირავს ამ საქმეშიო. ეს ნათელს ხდის, რომ მის დაშინებას ცდილობენ.

_ თქვენ იმავე საღამოს შეხვდით ფირცხალავას, ის ადასტურებს, რომ მასზე გამომძიებლები ზეწოლას ახდენდნენ და ციანიდის საქმეში სხვა ჩვენების მიცემას სთხოვდნენ?

_ კი, თვითონ ადასტურებს, რომ მასთან გამომძიებელს ასეთი საუბარი ჰქონდა.

_ რაც შეეხება პირველ ვერსიას, საიდან ჩანს, რომ ფირცხალავასგან ინფორმაციის მოპოვებას პროკურატურა წინასწარ ცდილობს?

_ რეალურად, ფირცხალავას ამ შემთხვევაში ჰკითხავდნენ იმაზე, ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზეწოლას ახდენდა თუ არა. შესაბამისად, რა უნდა ეკითხათ? ზეწოლას ახდენდა ან ირიბად ან პირდაპირ. ესენი ეკითხებოდნენ: შენ საიდან იცი, რომ მამალაძე აგენტია? რა ინფორმაცია გქონდა მამალაძეზეო? ეს კი საერთოდ შეხებაში არ არის ამ კონკრეტულ საქმესთან.

ერთი, რომ ფირცხალავაზე ზეწოლას ახდენდნენ და ამბობს კიდეც, რომ პირდაპირ მითხრეს, არასწორ მხარეს დგახარო და მეორე, იმ საქმეზე კითხავდნენ, რომელიც იმ საქმის განსახილველი საერთოდ არ არის.

 

რაც შეეხება თავად ირაკლი ფირცხალავას, ოჯახის წევრებისთვის გაგზავნილ სატელეფონო ჩანაწერში ის მომხდარს ასე აღწერს:

„საღამოს გამომძიებელი იყო მოსული. ოფიცერი მოვიდა და მითხრა, რომ ხვალ 2 საათზე გაქვს სხდომააო. რომ ვკითხე, _ რა სხდომა-მეთქი? არაფერი მითხრა, _ გაგირკვევო.

დილით 10-ის ნახევარი იყო, სოციალური მუშაკი მოვიდა და მითხრა, _ ორ საათზე გაქვთ კოჭლამაზაშვილთან სხდომაო. _ მეხუმრებით? სტატუსი რამე მაქვს, ან რა საქმეზე ვარ, არ ვიცი-მეთქი. იმან მითხრა, _ არ ვიცი, პროკურატურამ დარეკაო. _ უწყება მომეცით-მეთქი.

ეს გოგოც წავიდა, არაფერი მოუტანიათ.

მერე ექიმები შემოვიდნენ, _ ცნობა უნდა გავაკეთოთო და ცნობა გასცეს, რომ ჩემი დაკითხვა არ შეიძლებოდა. ამის მერე არაფერი ხდებოდა. 4 საათი იყო, ტელეფონზე დასარეკად გამოვედი და დაგირეკეთ.

მალე გამითიშეს. ეს რომ ვუთხარი, მაჩვენეო და ვაჩვენე, გათიშული იყო. მერე ვუთხარი, _ ვიცი, რომ არ დამარეკინებთ და გამიყვანეთ-მეთქი. გამიყვანეს და უნდა წავიდე საკნისკენ, მაგრამ ერთ-ერთი მოადგილე დგას და მითხრა, _ ამ ოთახში შემოდიო. ვიფიქრე, იმ ოთახიდან მარეკინებდნენ.

იქ ხუთი პირი ისხდა, ერთი პროკურორი ვიცანი, ბექა კოპალიანი. წინ გავიხედე, მანტიით იჯდა ადამიანი და ვიკითხე:

_ ვინ ხართ? რატომ შემომიყვანეთ აქ მოტყუებით-მეთქი?

_ მე მოსამართლე ვეფხვია ლომიძე ვარ და უნდა დაგკითხოთო.

_ რას ჰქვია, უნდა დამკითხოთ, ეს ვინაა-მეთქი? _ ერთ პირზე ვკითხე, ვინც წერდა.

_ ეს სხდომის მდივანიაო.

_ თუ იწერს, მოვითხოვ, არ გაწყვიტოს წერა-მეთქი. ახლა ორი მიზეზი მაქვს, რატომაც ვერ დამკითხავთ: ერთი: მოტყუებით ვარ შემოყვანილი და მეორე: ძალიან ცუდად ვარ, ვშიმშილობ და ჩემს ადვოკატს აქ ვერ ვხედავ-მეთქი.

_ თქვენ უარი განაცხადეთ ადვოკატზეო.

სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს, რასაც ვყვები, მოხდა. _

აგერ ოქმები პროკურატურამ წარმოადგინა და ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ფირცხალავას ამ დაკითხვაზე ადვოკატი არ სჭირდებაო.

_ ველიჯანაშვილი რა შუაშია? მე ვზივარ და ვითხოვ ადვოკატს, იქნებ, მათ ოქმებში ტყუილი დაწერეს-მეთქი?

_ მე მათ კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ მეპარებაო, _ მითხრა მოსამართლემ.

_ ეს პროკურორი ორი დღის წინ იყო მოსული და ჩემზე ზეწოლა განახორციელა. მე ვამბობ, რომ ადვოკატი მჭრდება-მეთქი.

პროკურორებმა თვალი უქნეს მოსამართლეს და რას აკეთებენ სხდომაზე? _ მოსამართლე გაჰყავთ სხდომიდან, გადიან გარეთ, იქ ლაპარაკობენ და ისევ შემოდიან. ეს მოსამართლე ჯდება და მეუბნებიან, რომ თქვენ ექიმები შეგამოწმებენო.

შემოვიდა ერთი ექიმი და ვეუბნები, რომ ადვოკატის გარეშე ვერავინ შემამოწმებს. ეს ექიმები ხომ შემოვიდნენ? ყველაფერი კამერაზეა გადაღებული, პროკურორებმა ისევ თვალი უქნეს, მოსამართლე ისევ გაიყვანეს და უკან რომ დაბრუნდნენ, მოსამართლე ამბობს, რომ მე ახლა გადაწყვეტილება მივიღე და თქვენს ადვოკატთან დაგარეკინებენო.

_ რომელთან-მეთქი?

_ ველიჯანაშვილთანო.

_ ველიჯანაშვილი ამ საქმეში ჩემი ადვოკატი არ არის-მეთქი. მე ჩემს ოჯახთან უნდა დავრეკო და სანამ ადვოკატი არ მოვა, არც ამათ გავასინჯინებ თავს-მეთქი. კიდევ გავიდნენ მოსამართლე და პროკურორები, ისევ შემოვიდნენ:

_ ახლა გადავწყვიტეთ და ოჯახთან დარეკავთო (როგორც უნდოდათ, ისე გაჰყავდათ ეს მოსამართლე).

_ მე ვრეკავდი და გამითიშეს-მეთქი. და თქვენ რა იცით, რომ მე დამარეკინებენ, ციხის თანამშრომელი ხართ? რატომ გადიხართ და შემოდიხართ-მეთქი?

_ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეო.

_ სანამ რამეს გადაწყვეტთ, მე საკანში მინდა გავიდე და წამოვწვე, ცუდად ვარ-მეთქი.

მივბრუნდი, მერე არ მახსოვს, ოთახიდან ვინმე გავიდა თუ არ გავიდა ჩემამდე, კართან მივედი, მივუკაკუნე და გამიყვანეთ-მეთქი. ესენი ზურგს უკან დარჩნენ. ოფიცერმა მითხრა, _ ერთი წუთითო…

ვდგავარ და უცებ არაფერი მახსოვს, საერთოდ დაბნელდა და დავეცი. გონს რომ მოვედი, ვხედავ, სამი კაცი მეჯაჯგურება, _ ხელი გამიშვით, ვის სცემთ-მეთქი! მერე მითხრეს, _ კი არ გცემთ, გასულიერებთო _ ზოგს ენა ეჭირა, ზოგს _ თავი, არ ვიცი, რა მოხდა _ დავეცი, თუ ვინმემ დამარტყა…

ორმა კაცმა მომკიდა ხელი და გამათრია პირდაპირ საკანში, თავი მქონდა დარტყმული. ვუთხარი, რომ სასწრაფოდ სასახლო დამცველი და სასწრაფო გამოიძახეთ და როგორ მიკეთებთ ამას-მეთქი. სასწრაფო მოვიდა, თქვეს, სტაციონარში უნდა გადავიყვანოთო და მე არ გავყვი, გიორგის (ცააძე, _ რედ.) მარტო ვერ დავტოვებდი…“

 

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ირაკლი ფირცხალავა იმ საღამოსვე მოინახულა, როცა ინციდენტის შესახებ გახდა ცნობილი. ამ უწყების პოზიცია მათი მხრიდან დამატებითი დეტალების გაცნობის შემდეგ გამოქვეყნდება.

 

ლაშა ბერულავა