ირაკლი ფავლენიშვილი: „რომ არა ხალხი, „ოცნება“ არც აპირებდა უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ამ გეოპოლიტიკური ფანჯრის გამოყენებას“

ირინა მაკარიძე
ევროკომისიის რეკომენდაციაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ოკუპაციასა და პარტიაში მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი:

_ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კომისიის დადებითი დასკვნის გახმოვანების დროს ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობის ნებას, მის ძალისხმევას. ეს დოკუმენტშიც წერია და ზოგადად ზეპირი განცხადებების დროსაც ევროკავშირის წარმომადგენლებიც ხაზს უსვამენ ამას. ეს არის საერთო პოზიცია და არ არის ევროკავშირის კონკრეტულად ერთი ან ორი საჯარო მოხელის ან რომელიმე ქვეყნის პოზიცია. ეს საკითხი არის ის, რაც აერთიანებს სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ ევროკავშირის წარმომადგენლებს.
მე და ივერი ბალახაშვილს, ჩემს თანამებრძოლს, გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში, ყველგან არსებობს ერთიანი მიდგომა, აღქმა საქართველოში მიმდინარე პროცესების. ადამიანები საუბრობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, როგორც პრობლემაზე ორი ძირითადი მიზეზის გამო. ისინი ყურადღებას ამახვილებენ, ერთი მხრივ, დემოკრატიული პროცესის უკუსვლაზე საქართველოში, რაც გამოიხატება იმ საკანონდებლო ცვლილებებით, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღო პარლამენტმა, თუნდაც ბოლო კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“, ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობით. ბევრი საკითხია, რაც დემოკრატიული უკუსვლის კონკრეტულ სიმპტომად და გამოვლინებად მიაჩნიათ ბრიუსელში. მეორე მხრივ, სიტყვას პოლიტიკაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს და როდესაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების გაცხადებული პოზიციები არ ემთხვევა ხოლმე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის გაცხადებულ პოზიციებს, გეოპოლიტიკურად რუსეთის მხარის დაჭერა და „პუტინის თუთიყუშობა“ არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც „ორ სკამზე ჯდომის“ ბრალდებასაც ხშირად აჟღერებენ ევროკავშირში.
_ ეს საკითხი აისახა კიდეც დათქმებში, არა?
_ დიახ, ამ ორი საკითხის გამო, რაზედაც ვსაუბრობდი, „ოცნებას“ ბრალს სდებდნენ საბოტაჟში. რაც შეეხება 12 რეკომენდაციას, არ შესრულებულა და ეს შეუსრულებელი პუნქტები აისახა 9 დათქმაში. რაც მნიშვნელოვანია და რაც პირველ პუნქტად ჩაიწერა, ეს არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა სახელმწიფო დონეზე. ეს რას ნიშნავს? როდესაც დეზინფორმაციას კი არ ვებრძვით, არამედ „რუსული ოცნების“ ხელისუფლება ხდება დეზინფორმაციის რუპორი, ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყნისა და ასევე ევროკავშირისთვისაც. შეუძლებელია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა იყო და ძირითად საკითხებში არ იზიარებდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას. ამას ყველა ხედავს ევროკავშირში, თუმცა, ამავე დროს, ითვალისწინებენ სხვა ფაქტორებს, რომ კერძო სექტორი, გარკვეულწილად, განვითარდა, ინსტიტუციურადაც ქვეყანას ჰქონდა წინსვლა. ეს ყველაფერი იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებული ინსტიტუციური რეფორმების შედეგი, რითაც ის მყარი საფუძველი შეიქმნა, რასაც დღესაც აქვს კონკრეტული გამოვლინებები. რაც ყველაზე მთავარია, ის ძალა, რომელმაც ეს გადამწყვეტი ბრძოლა მოიგო, იყო ქართველი ხალხი, ყველა ერთად: ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და ქართველი ხალხი. რომ არა ხალხის მოთხოვნა, კობახიძე და ღარიბაშვილი არც აპირებდნენ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ამ გეოპოლიტიკური ფანჯრის გამოყენებას და ქართველმა ხალხმა აიძულა ამის გაკეთება.
_ ხალხზე გაკეთებულმა განცხადებებმა გააღიზიანა მმართველი გუნდი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ თუ ქართველ ხალხს აძლევენ სტატუსს, ეს ხომ იგივე ხალხია, რაც ერთი წლის წინ იყო? ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ და დაინახეს, რომ ჩვენ „ორ ფეხზე შეგიძლია დგომა“, ამაზე რას იტყვით?
_ ქართველი ხალხი რამე მითიური ძალა კი არ არის, რაზედაც ლაპარაკობენ, კონკრეტული ფაქტებია, როდესაც ქართველმა ხალხმა ილიდერა და არა არსებულმა ხელისუფლებამ. „ქართული ოცნებისთვის“ მოსაწონი და პატივსაცემი ხალხიც კი, მაგალითად, როგორიც არის ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, აღიარებენ, რომ რეკომენდაციები არ შესრულებულა. ესეც არის, უბრალოდ, ფაქტი. რაც შეეხება ანტიკორუფციულ სამსახურს, რომელიც მარტში შეიქმნა და რომელსაც პრემიერის დანიშნული პირი ხელმძღვანელობს, როგორ წარმოგიდგენიათ, ამას ვინმე შესრულებულ რეკომენდაციად მიიჩნევს? ევროპაში ადამიანებს ვერ მოატყუებ „ჭორვილელი ოლიგარქის“ ფინტებით. რაც შეეხება „ორ ფეხზე დგომას“, ეს ხალხი ორ ფეხზე დგომას უნდა სწავლობდეს თამაზ გინტურისა და მისნაირი გმირებისგან, რომლებიც მართლა ქართულ ტრადიციებს, საკუთარ სალოცავებსა და წინაპართა საფლავებს იცავენ. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ტერიტორიებისა და ადამიანების დაცვაზე უარს ამბობენ, მტრის შიშით, „ორ ფეხზე დგომაზე“ ნუ გველაპარაკებიან. თუ ვინმეს მიმართ გამოხატულა „ერთ ფეხზე დგომა“ და ლაჩრული პოლიტიკის გამოვლენა, ესაა ოკუპანტი რუსეთი. ამის გამო თამაზ გინტურის მსგავსს ადამიანებს ინდივიდუალურად უწევთ თავისი ქვეყნის ღირსების დაცვა.
_ ხელისუფლება ამას ხსნის „გააზრებული სტრატეგიული მოთმინებით“, ეს ახლაც ახსენა პრემიერმა საფრანგეთში „მშვიდობის ფორუმზე“, მან ისაუბრა მშვიდობაზე, რომელიც შეინარჩუნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ცხადია, ეს იქნება „ოცნების“ მთავარი საარჩევნო მესიჯიც 2024 წლის არჩევნებზე, ამის შესახებ რას იტყვით?
_ ნებისმიერი კოლაბორაციონისტი ხელისუფლება ყოველთვის ასე ფუთავდა თავის ქმედებას, მაგრამ ყველგან ამ ადამიანებს ისტორიამ თავისი სახელი დაარქვა. მშვიდობა ისეთი თემაა, რომ შეუძლებელია, ვინმეს არ უნდოდეს, მაგრამ როდესაც მშვიდობაზე საუბრობენ და ამ დროს ქვეყანა სისხლისგან იცლება, ასეულ ათასობით ადამიანი ტოვებს სამშობლოს და სანაცვლოდ რუსები ჩამოდიან, ბალანსი იცვლება, ჩვენი ქვეყნის სალოცავებში ვეღარ შევდივართ და „შიშის ზონები“ შეიქმნა ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიებზე, ეს თუ ვინმეს მშვიდობა ჰგონია, მისი პრობლემაა.
_ ამაზე ისინი აღნიშნავენ, რომ ეს „ცალკეული შემთხვევებია“…
_ ეს მათთვის „ცალკეული შემთხვევებია“, რადგან თვითონ ტენდერებს „ტეხავენ“, დაფრინავენ კერძო თვითმფრინავებით, ცხოვრობენ აბსოლუტურ სიმდიდრესა და განცხრომაში, ამიტომაც მათთვის კონკრეტული ქართველი ადამიანის გასაჭირი არის „ცალკეული შემთხვევა“. არც ოკუპაციის ხაზთან უწევთ გავლა და არც სიღარიბესთან _ გამკლავება.
_ ხელისუფლება, პრემიერი საუბრობს ეკონომიკის გასამმაგებაზე, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო 10 წელიწადში 27 მილიარდიდან 85 მილიარდამდე გაიზარდა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეკონომიკური მდგომარეობის საუკეთესო მაჩვენებელი არის სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობის ზრდა ქვეყანაში, ემიგრაციის ზრდა. სტატისტიკური მონაცემებით, მოსახლეობის დიდი რაოდენობა, მათ შორის, ბავშვები განიცდიან შიმშილს. ამ ეკონომიკური პარამეტრების ქვეყანაში საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში გაათმაგებული ეკონომიკაა, ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი და არაადეკვატურია. სინამდვილეში, გამდიდრდნენ კონკრეტული ადამიანები საქართველოს მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, ასევე სანქციებისთვის გვერდის ავლისა და შავი ფულის მეშვეობით, თორემ ქვეყანა და საქართველოს მოქალაქე არ გამდიდრებულა.
_ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას დავუბრუნდეთ, „ოცნების“ სიტყვებით რომ ვთქვათ, ხალხი არ შეცვლილა, იგივე ხალხია, რაც შარშან იყო, რა გახდა წელს მთავარი მიზეზი, რის გამოც დადებითი რეკომენდაცია გაიცა?
_ სტრატეგიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროპაში საქართველოსთან მიმართებითაც და შავი ზღვის აკვატორიასთან და ე. წ. ნაცრისფერ ზონებთან მიმართებითაც. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ბრიუსელსა და, ზოგადად, დასავლურ სამყაროში მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ შეუძლებელია, რუსეთს აღარ უნდა მისცენ ეთნოწმენდების ჩატარების უფლება, ოლიგარქებს ქვეყნებისთვის ასე ძირის გამოთხრის უფლება და მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ ის ინტეგრაციის სურვილი, რომელიც აქვს მოსახლეობას მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ქვეყნებში ხელი შეეწყოს ევროპული განვითერების მცდელობას! თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ევროპა უარს იტყვის თავის პრინციპებსა და ღირებულებებზე. ის მაქსიმალურად შეეცდება, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არ შეწყვიტოს ამ ე. წ. ნაცრისფერი ზონის ქვეყნების მიმართ და ახლა თუ „ოცნება“ ისე გაჯანჯლდება და ხალხი მას ვერ დაამარცხებს და საქართველოს ხელისუფლება ისევ დარჩება კრემლის პროპაგანდისტად, მაშინ ფიზიკურად ვეღარ მოხდება ეს ინტეგრაცია. ეს არის გეოპოლიტიკური ავანსი, გაცემული, მათ შორის, ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ივარგებს ქართველი ხალხი, ივარგებს საქართველოს ხელისუფლებაც.
_ არიან სკეპტიკოსებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „ოცნება“ ამ სტატუსს არჩევნების დროს გამოიყენებს და ხელისუფლებიდან მისი გაშვება ვეღარ მოხერხდება, თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?
_ ამ ლოგიკით, ყველაფერი რაც არის პროგრესთან დაკავშირებული, მასზე უარი უნდა ვთქვათ, პენსიები არ უნდა გაიზარდოს, დამნაშავეები არ უნდა დაისაჯონ, ნატო-სთან არ უნდა დავახლოვდეთ, არაფერი არ უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, სანამ პრორუსული ხელისუფლებაა. სინამდვილეში, რუსეთსაც ეს უნდა, რომ არაფერი გაკეთდეს და მეტი ზიანის მოყენება მოასწრონ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ნაკლები ზიანით გამოვიდეთ აქედან და მეტი შევძლოთ თუნდაც ევროპული ინტეგრაციისთვის, რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს ეს რეჟიმის პირობებში. ბრიუსელში პოლიტიკური ნება არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ხედავენ, ხელისუფლებაში რა განწყობაა და ბიძინა ივანიშვილი ვისი პოლიტიკის გამტარებელია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ არ უნდა შეჩერდეს ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.
_ ბოლოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ რთულ ვითარებაზეც გკითხავთ, რომელიც დაკავშირებულია ნიკა მელიას საკითხთან. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესების განვითარება?
_ ამ პარტიის ლეგიტიმური მმართველობის ორგანოა პოლიტიკური საბჭო და სამდივნო. ამ პარტიის მთავარი ლიდერი და დამფუძნებელია მიხეილ სააკაშვილი. როდესაც არც ერთ, არც მეორე და არც მესამეს არ ითვალისწინებ და ხარ ამის ოპოზიციაში, შენ სივრცეს არ იტოვებ, რომ დარჩე ამ პარტიულ ორგანოში. ეს არის ორგანულად შეუთავსებელი, როდესაც, ერთი მხრივ, ციხეში მყოფი პრეზიდენტის შეთავაზებებზე კონტრაგუმენტებსა და შეთავაზებებს ახორციელებ, თვეების მანძილზე პოლიტსაბჭოსა და სამდივნოს საბოტაჟს უცხადებ, ამით შენ თვითონ იკვეთ გზებს პარტიაში დარჩენაზე. ნიკა მელია და მისი გარემოცვის წევრები უკვე აღარც არიან პარტიაში თავიანთი განცხადებებისა და მოღვაწეობის შედეგად.