ირაკლი აბესაძე: „ვიდრე „ქართუ ფონდის“ ანგარიშები გასაიდუმლოებულია, ყველა ეჭვი ლეგიტიმურია“

ირინა მაკარიძე

თბილისში, ისნის რაიონში, ყოფილი ფეხსაცმელების ქარხნის ტერიტორიაზე,  რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიების მფლობელობაშია, 30-სართულიანი 16 კორპუსის მშენებლობა იგეგმება. 2024 წლის იანვარში, როდესაც სამშენებლო ნებართვის გაზრდის მოთხოვნა შევიდა თბილისის საკრებულოში, ფონდი „ქართუ“ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ტერიტორია, ივანიშვილის იმ კომპანიებს ეკუთვნის, რომლებიც ფონდ „ქართუს“ საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაეცა.

22 იანვარს ფონდმა „ქართუმ“ განცხადება გააკეთა, რომ ივანიშვილის ფონდს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია უტევს და ცდილობს, მშენებლობა დანაშაულად, ივანიშვილი კი დამნაშავედ გამოაცხადოს. ფონდი ასევე აცხადებს, რომ ივანიშვილის ფონდმა ეს მშენებლობა უკვე გაყიდა, თუმცა ვინ არის მყიდველი, ამ დრომდე უცნობია. „ფონდის შვილობილმა კომპანიებმა გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაზედაც მომავალმა ინვესტორმა უნდა განახორციელოს სამშენებლო პროექტი. მიწის გაყიდვებით მიღებულ შემოსავალს ფონდი მისი საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართავს და მიმდინარე პროექტებს დაახარჯავს“, _ წერია ფონდის 22 იანვრის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ივანიშვილი, ფაქტობრივად, სანქციების ქვეშაა, თორემ კიდევ უფრო მეტ თანხას შეიტანდა საქველმოქმედო ფონდში.

„უკვე მრავალჯერ საჯაროდ გაცხადდა, რომ გასაგები მიზეზების გამო, ბიძინა ივანიშვილი დღეს, ფაქტობრივად, არაფორმალური სანქციების ქვეშ იმყოფება, რაც ბუნებრივია, აფერხებს ფონდისადმი მის დონაციებს. მიუხედავად ამისა, ფონდი დღესაც აგრძელებს პროექტებს და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თუმცა რომ არ ყოფილიყო ზემოთ ხსენებული წინაღობა, ორჯერ და სამჯერ მეტ სამუშაოს შევასრულებდით და გაცილებით წინ წავწევდით არსებულ პროექტებს, რომელთა შორისაა ჩვენი ქვეყნის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უმნიშვნელოვანესი ობიექტები“, _ წერია ფონდის განცხადებაში.

ამ განცხადების მიუხედავად, რომ ფონდმა გაასხვისა დეველოპერული ბიზნესი, ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მყიდველი, ვინც განახორციელებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ამ გახმაურებულ მშენებლობას, ასევე უცნობია საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი გათავისუფლებულია გადასახადებისაგან, თუმცა კანონი მას ავალდებულებს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. 

რა იმალება ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებში და რა კავშირი შეიძლება  ჰქონდეს ამ ფაქტს ფულის გათეთრებასთან? _ ამ საკითხის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბესაძე:

_ ბიძინა ივანიშვილი დეველოპერული ბიზნესით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და რუსეთიდან შემომავალი დიდი ნაკადების გამო უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ პერიოდს ემთხვევა მისი დაინტერესება დეველოპერული ბიზნესის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, რომ ის გასაყიდად ამზადებს დეველოპერულ ბიზნესებს და შემდეგ ყიდის. ასეთი ბიზნესი იყო „ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ფაბრიკასთან, რომელიც მოამზადა და გაყიდა. ჰქონდა გამზადებული ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილი და ისიც ასევე გაყიდა, იგივე დეველოპერული ბიზნესი აქვს ბაკურიანში. იმავეს ვხედავთ ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ისანში წარმოება ჰქონდა ივანიშვილის სამ კომპანიას: „ბურჯს“, „ელიტა ბურჯს“, რომელთა მესაკუთრე არის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ასევე სააქციო საზოგადოება „ისანი ქართუს“, რომელიც არის უკვე ივანიშვილის სხვა კომპანიების საკუთრება, ანუ ივანიშვილის პირდაპირი საკუთრება. სანამ საქველმოქმედო ფონდი აშენებდა ამ ტერიტორიაზე, მოთხოვნა იყო გაკეთებული დაახლოებით 190 ათას კვ. მ.-ის სამშენებლო ფართზე, უნდა აშენებულიყო 8 კორპუსი. ახლა მოითხოვეს ცვლილება განაშენიანების რეგულირების გეგმაში, რომელიც საკრებულოში შევიდა 2024 წლის იანვარში და უკვე დაამტკიცეს. შედეგად, სამშენებლო მოცულობები გაორმაგდა. უნდა აშენდეს 30-სართულიანი 16 კორპუსი. ამ სამშენებლო მოცულობების გაორმაგებას დაემთხვა „ქართუს“ დირექტორის განცხადება, რომ ეს პროექტიც გამზადებულია გასაყიდად, ანუ უკვე გაყიდულია. საერთო სურათში ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა გაზარდა სამშენებლო მოცულობა აბსოლუტურად შეუსაბამოდ, როგორც ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან, ასევე სამშენებლო კანონმდებლობასთან, რითაც, ფაქტობრივად, გაზარდა მისი ქონების გასაყიდი ფასი.

_ ცნობილი გახდა თუ არა, რომელმა კომპანიამ ან ვინ შეიძინა ეს პროექტი?

_ „ქართუ ფონდის“ დირექტორი ამბობს, რომ ეს ქონება უკვე  გაყიდულია, თუმცა საჯარო რეესტრში ჯერ ეს ასახული და დაფიქსირებული არ არის. როგორ ჩანს, ბოლომდე მოაწესრიგებს სამშენებლო დოკუმენტებს, რომ მყიდველს ჰქონდეს გარანტია, რათა არანაირი პრობლემა ამ გაზრდილი სამშენებლო მოცულობებით მშენებლობას არ შეექმნება. საუბარია, დაახლოებით, 300 ათასი კვადრატული მეტრის მშენებლობაზე. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ის გადაიხდის იმ გაზრდილ ფასს, რაც, ცხადია, გაიზრდებოდა, როდესაც გასაყიდი ფართობის რაოდენობა ასე მნიშვნელოვნად, დრამატულად გაიზარდა, ფაქტობრივად, გაორმაგდა.

_ ფონდი აცხადებს, რომ ამაში დარღვევა არაფერია და მას პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიები უტევენ. თქვენ რა დარღვევას ხედავთ აქ?

_ ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რომ  სამშენებლო რეგულაციებს არღვევს, ამას რომ თავი დავანებოთ და გასაგებია, რომ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცება სწორედ ამას გულისხმობს, რომ მისი ნებისმიერი ახირება უსიტყვოდ უნდა შესრულდეს, მეორე მხრივ, საინტერესოა სხვა კუთხითაც _ თითქოს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ბიზნესია, ივანიშვილი ბიზნესმენია და აწარმოებს, _ ბევრს უჩნდება ეს შეკითხვა. ივანიშვილის პოლიტიკოსები, რომლებიც მის „პიარშიკებად“ არიან ქცეულები, ხშირ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ეს ივანიშვილის პირადი ქონებაა და თქვენ რატომ გაინტერესებთ, საქველმოქმედო ფონდში შეიტანა, გამოიტანა თუ რა გააკეთა. სინამდვილეში, ეს არის მთავარი და დიდი ტყუილი, რასაც ივანიშვილი და მისი „პოლიტიკოსები“ სთავაზობენ საზოგადოებას. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ საქველმოქმედო ფონდ „ქართუზე“, რომელიც გავრცელებულ განცხადებაში აღმშენებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფონდის საქმიანობა არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მხოლოდ საქველმოქმედო და კეთილი საქმეებით დაკავებული ორგანიზაციაა, ეს არის ტყუილი. 2021 წლის შემდეგ მისი არცერთი ანგარიში არ გასაჯაროებულა, მიუხედავად იმისა, რომ ამას პირდაპირ, იმპერატიულად მოითხოვს საქართველოს საგადასადო კოდექსის 32-ე მუხლი. ანუ ეს არ არის მათი კეთილი ნება, ან არჩევანი, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს, როგორც საქველმოქმედო ფონდმა, რომელიც მთელი რიგი საგადასახადო შეთავაზებით სარგებლობს, შესაბამისად, საზოგადოებას აკლდება მათ მიერ გადასახდელი ფასი. სწორედ ამიტომ, ისინი ვალდებულები არიან, ყოველწლიურად საჯარო გახადონ მათ მიერ წარმოებული საქველმოქმედო საქმიანობის შინაარსი, ანუ როგორც მიღებული შემოსავლები, ასევე ის, თუ რაში დაიხარჯა ეს თანხები. 3 წელია, რაც ეს ინფორმაცია დამალულია. ეს პირდაპირ ემთხვევა ივანიშვილის მიერ ქონების დიდი ნაწილის გადაცემას საქველმოქმედო ფონდისთვის, თითქოს ქართველი ხალხისთვის, როგორც ეს თავად შეაფასა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც ეს ქონება გადაიტანა საქველმოქმედო ფონდში. თუმცა მას შემდეგ საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები გასაიდუმლოებულია. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, ეს და სხვა მრავალმილიონიანი, მათ შორის, ასეულობით მილიონი ლარის დეველოპერული პროექტი რა ფულით ხორციელდება, ვინ არის ამის დამფინანსებელი. ამას ყველაფერს პარალელურად ემთხვევა ივანიშვილისა და მისი ადვოკატების წუწუნი, რომ მისი მილიარდობით თანხა გაყინულია შვეიცარიაში. თავად ამბობს, რომ, ფაქტობრივად, სანქცირებულია და არ ეძლევა საკუთარ ფინანსურ რესურსებზე წვდომის საშუალება. „ქართუ ფონდის“მთავარი და ერთადერთი დამფინანსებელი რომ ბიძინა ივანიშვილია, ეს „ქართუ ფონდის“ ბოლო წერილშიც აღიარებულია. თავად „ქართუ ფონდი“ ამბობს, რომ მთავარი შემომწირველი არის ამ წლების განმავლობაში ივანიშვილი. მაშინ რა ფულით კეთდება ეს დეველოპერული პროექტები და რას მალავს როგორც ივანიშვილის „ქართუ ფონდი“,ისე სახელმწიფო, რომელსაც ასევე ევალება ამ ანგარიშების გასაჯაროება? რას ეფარება და რას მალავს? თუ მხოლოდ სიკეთესა და ქველმოქმედებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რატომ უნდა იყოს ეს გასაიდუმლოებული? ის ხომ ქველმოქმედის სახელით მოვიდა პოლიტიკაში და 12 წელია, სწორედ ამის დამადლებით ინარჩუნებს ხელისუფლებას, რომ 3 მილიარდი და მეტი აქვს თითქოს ქველმოქმედებაში ჩადებული? მაგრამ 3 წელია, როგორც უკვე აღვნიშნე, მეოთხე წელი დაიწყო, რაც „ქართუ ფონდის“ ანგარიშები გასაიდუმლოებულია. ამას ემთხვევა ივანიშვილის ფინანსური კრიზისი (განცხადებები, რომ საკუთარ ფულზე წვდომა შეზღუდული აქვს) და, რა თქმა უნდა, ჩნდება უკვე მნიშვნელოვანი შეკითხვა, _ რა ფინანსები შედის „ქართუს“ ფონდში? ვის ხმარდება „ქართუ ფონდისთვის“ გადაცემული ქონება? ხომ არ არის ეს კაპიტალი რუსეთიდან წამოსული სანქცირებული თუ არასანქცირებული ოლიგარქების, რომელთა ივანიშვილითან მჭიდრო კავშირის არაერთი მტკიცებულება უნახავს საზოგადოებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული? მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, როდესაც აბრეშუმის ფაბრიკა და „ლაგუნა ვერე“ გასხვისდა, იქ შემსყიდველი კომპანიის დამფუძნებელი იყო ქართველი, თუმცა, მაღალი ალბათობით, მის უკან დგას მისი ოჯახის წევრი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი. ხომ არ იქნება ისნის  შემთხვევაშიც შემსყიდველი ვინმე ასეთი ადამიანი, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ საქველმოქმედო ფონდის ქონება შეიძლება გამოიყენებოდეს რუსი სანქცირებული ბიზნესმენებისთვის, რუსეთიდან კაპიტალის გამოსატანად და, ფაქტობრივად, მათთვის კანონიერი სახის მისაცემად, ანუ „გასათეთრებლად“? ხომ არ გამოიყენება ასევე „ქართუ ფონდის“ ქონება და ფინანსები კვლავ ივანიშვილის პირადი კეთილდღეობისთვის? ამას ვსვამ კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მაქვს ჩემი პასუხი და, მაღალი ალბათობით, ეს ასეა. მაგრამ ვსვამ კითხვის ნიშნის ქვეშ იმიტომ, რომ ჩვენ თუ გაგვისაჯაროებენ ფონდის ანგარიშებს, შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ სხვაგვარად არის საქმე, მაგრამ ფონდის ანგარიშებს კანონის მოთხოვნის პირდაპირი, უხეში დარღვევით ასაიდუმლოებს ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური და თავად „ფონდი ქართუ“. აქედან გამომდინარე, ყველა ეს ეჭვი ლიგიტიმურია და კიდევ უფრო მძიმე დასკვნებისა და ეჭვების გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება კითხვას, ივანიშვილი პირადად სარგებლობს თუ არა ფონდის შესაძლებლობებით, ამის პირდაპირი მტკიცებულება ვნახეთ, როდესაც, ფაქტობრივად, „თაბორის მთაზე“ სწორედ საქველმოქმედო ფონდში შემავალი ერთ-ერთი საწარმოს მეშვეობით მან აიშენა პირადი რეზიდენცია. ახლა ცდილობს საქველმოქმედო ფონდიდან უკან მის გადაფორმებას. რა თანხებით აშენდა ეს პირადი რეზიდენცია და ვინ იყო ამ თანხების შემომწირველი? მიეთვლება თუ არა ეს ქველმოქმედებას? რა თქმა უნდა, მიეთვლება. ანუ მომავალში ივანიშვილის სახლისთვის დახარჯული, ალბათ, 200 მილიონი ან მეტი ან ცოტათი ნაკლები უნდა დაგვამადლონ, როგორც ქველმოქმედებისთვის გაწეული ხარჯები.

_ თქვენ ახსენეთ სანქციებისგან თავის არიდება, როგორ შეიძლება მუშაობდეს ეს მექანიზმი?

_ ეს ქონება, რომელიც „ქართუ ფონდს“ უკავშირდება, ორ მთავარ და მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: 1. სწორედ ივანიშვილი დარჩა თუ არა საქველმოქმედო ფონდის მთავარ ბენეფიციარად, ანუ ის და მისი ოჯახი იღებს თუ არა ყველაზე დიდ სარგებელს საქველმოქმედო ფონდიდან? არსებითად, ფონდი აღარ ეწევა, ალბათ, საქველმოქმედო საქმიანობას; 2. ხომ არ გამოიყენება აქ რუსეთიდან წამოსული თანხები და ხომ არ არის ამ სამშენებლო სექტორში ასე ირიბად და შეფარვით რუსული თანხები შემოსული, მათ შორის, სანქციების თავიდან არიდების კუთხით? ამ თვალსაზრისით, ისნის მშენებლობა ძალიან საინტერესოა. უახლოეს დღეებში, ალბათ, გასაჯაროვდება, საჯარო რეესტრში აიტვირთება უკვე და დაფიქსირდება, თუ ვინ არის შემძენი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხედავთ, არიან ისინი ივანიშვილთან დაახლოებული ქართველი ბიზნესმენები (და ასეთი არაერთი ვიცით), თუ არის კვლავ რუსული წარმომავლობის ფულზე ეჭვი? ეს არ არის არც პირველი და, როგორც ჩანს, ალბათ, არც ბოლო ქონება, რომელსაც ივანიშვილი, როგორც საქველმოქმედო ფონდში, ისე მის პირად საკუთრებაში არსებული ქონებებიდან ასხვისებს. მან შარშან გაასხვისა ჩაქვში მიწის ნაკვეთები, გაასხვისა „ლაგუნა ვერე“, აბრეშუმის ფაბრიკა, ასევე იპოდრომის ყოფილი ტერიტორია, ახლა „ისანი ქართუ“. ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა, _ ხომ არ აქეშებს, ნაღდ ფულად აქცევს, ივანიშვილი ამ ქონებებს? ანუ ყიდის ქონებას იმიტომ, რომ სუბიექტურად მას სანქცირების მაღალი მოლოდინი და განცდა აქვს. რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლა, ფულის დამალვა და შენახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე უძრავი ქონების, თუნდაც, მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების. ფაქტია, რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა და, შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, დაიჭირეს ანტიუკრაინული მხარე და გაჩნდა მოლოდინი და მაღალი ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია დასანქცირდეს ივანიშვილი, მით უმეტეს, ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, ამ პროცესში ვხედავთ სწრაფი ტემპით ქონებების გასხვისებას, ქონებების, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაშია ათწლეულებია და არასდროს მათ გაყიდვაზე, თუნდაც სამშენებლო მიზნით გამოყენებაზე, არ უფიქრია. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ის იწყებს ამ ქონებების გასხვისებას და ფულის დაგროვებას, იქნება ეს საქველმოქმედო ფონდში თუ პირადად მის ანგარიშებზე, ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს მის სუბიექტურ აღქმასა და შიშებს მოსალოდნელ სანქციებზე.

_ რატომ შეიძლება მალავდნენ კომპანიის სახელს, რომელმაც შეიძინა „ისანი ქართუ“?

_ მართალია, კითხვებს აჩენს ის, თუ რატომ მალავენ და არ ჩქარობენ საჯარო რეესტრში ამ დოკუმენტების ატვირთვას. როგორც ჩანს, შესაძლებელია, რომ გაჩნდეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი მყიდველთანაც, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ, უფრო მაღალი ალბათობით, იურიდიული პირი. სხვა შემთხვევაში, ვერ ვხედავ წინაღობას. თავად „ქართუ ფონდი“ როგორც აცხადებს, თუ მიმდინარე ხელშეკრულება ნასყიდობაზე არსებობს, რატომ არ დარეგისტრირდა ეს საჯარო რეესტრში? ამ სამშენებლო კომპანიების გაორმაგებამ ისედაც ვნებათაღელვა გამოიწვია და განსაკუთრებული ფოკუსის ქვეშ მოექცა ეს ქონებები. ალბათ, ამ ტალღის ჩაცხრობის შემდეგ ფიქრობენ საჯარო რეესტრში ამ ნასყიდობის ხელშეკრულების ატვირთვას. საბოლოო ჯამში, როდესაც გამოჩნდება, ვინ არის მყიდველი, სრული წარმოდგენა მერე შეგვექმნება,  რეალურად, რა ტიპის გარიგებაზეა საუბარი.