ილია ლეჟავა: „შრომის პირობები მკაცრად ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მშენებლობაზე კი არა, ქვეყანაში არსად არის დაცული“

 

სამუშაო ადგილებზე უბედურ შემთხვევებს დასასრული არ უჩანს. ამჯერად ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს ორი მუშა დაშავდა, გვირაბის ნაწილი ჩამოიგრა და მუშები ნანგრევებში მოყვნენ. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეისწავლის. ადგილზე სამუშაოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბრიგადა“ აწარმოებს.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ლეჟავას ესაუბრება:

_ როგორც ჩვენთვის ცნობილია, გვირაბის მშენებლობის პროცესში შრომის უსაფრთხოების პირობები იყო დარღვეული და, შესაბამისად, ეს ადამიანები სამუშაო ადგილებზე სათანადოდ დაცულები არ იყვნენ. წინა პერიოდშიც ბევრი ასეთი შემთხვევა მომხდარა და ახლაც მსგავი დატრიალდა.

ამასთან დაკავშირებით, პროფკავშირებმა მაისში ინსპექტირება ჩავატარეთ, შრომის უსაფრთხოების პირობები შევამოწმეთ, შესაბამისი რეკომენდაციები გავეცით და მორიგი მონიტორინგი სექტემბერში უნდა ჩაგვეტარებინა; რეალურად, ადგილზე გვენახა, ჩვენ მიერ აღმოჩენილი დარღვევებიდან და გაცემული რეკომენდაციებიდან 23-ე ბიურომ რა შეასრულა და რა _ არა, მაგრამ რადგან ეს ფაქტი მოხდა, ადგილზე ოპერატიულად გავგზავნეთ ჩვენი წარმომადგენლები და უახლოეს დღეებში მათი დასკვნა გვექნება, თუ რა შესრულდა და რა _ არა. მათ ინსპექტირება უკვე ჩაატარეს და შედეგებს ველოდებით, რომლის შესახებაც დამატებით მოგახსენებთ.

_ მანამდე რა ძირითადი დარღვევები აღმოაჩინეთ მაისში, ანუ ის, რაც პირველ რიგში გამოსწორებას მოითხოვდა?

_ ჩვენი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ ადგილზე დასაქმებულებს შრომის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია არ მიეწოდებოდათ, გვირაბებში ვენტილაციის სისტემა ძალიან მოშლილი იყო და დასაქმებულებს, რეალურად, სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ. ასევე ხარაჩოები, დამცავი ბაგირები სტანდარტულად მოყვანილი არ იყო, ბევრი ასეთი პრობლემაა, რაც რეკომენდაციებში დაწვრილებით აღვწერეთ. მთლიანობაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა.

დანარჩენი, როგორც მოგახსენეთ, რამდენად შესრულდა ჩვენი რეკომენდაციები, ეს სექტემბერში უნდა გვენახა. ამასთან, ისიც არ ვიცით, იმ კონკრეტულ დარღვევებს მოყვა ეს ბოლო უბედური შემთხვევა, თუ არა.

_ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო აცხადებს, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული… რამდენად მისაღებია მათი ეს პოზიცია?

_ რასაკვირველია, შრომის პირობები მკაცრად მარტო ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მშენებლობაზე კი არა, რეალურად, ქვეყანაში არსად არის დაცული, ამიტომ ეს განცხადება გადამეტებულია.

ყოველ შემთხვევაში, იქ არსებული მდგომარეობის გამოსწორება ეტაპობრივად იყო დაგეგმილი და ბოლომდეც რომ შესრულებულიყო ჩვენი რეკომენდაციები, ეს ჯერ პირველი ეტაპი იყო, რომლის შემდეგაც მაღალ სტანდარტზე უნდა გვემსჯელა. ამიტომ იქ უსაფრთხოების დონე ვერც ერთ შემთხვევაში მკაცრად დაცული ვერ იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან გადამეტებული შეფასებაა. არ მგონია, რომ დღეს ეს ყველაფერი რეალობას შეესაბამებოდეს.

_ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი რამდენად სათანადოდ აქცევს ყურადღებას მსგავსი ტიპის პრობლემებს?

_ რკინიგზის დეპარტამენტი ვალდებულიც არის, რომ ასეთ პრობლემებს ყურადღება მიაქციოს. მათ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროსთან 400-500-გვერდიანი ხელშეკრულება გააფორმეს და ძალიან ბევრი ბერკეტი აქვთ იმისთვის, რომ ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმები მკაცრად გააკონტროლონ. და თუ ეს ყველაფერი სტანდარტულად არ შესრულდება, მაშინ შეუწყვიტოს კონტრაქტი ჩინეთის 23-ე ბიუროს, ახალი ტენდერი გამოაცხადოს და სხვა კომპანიებს მიაღებინოს მასში მონაწილეობა და ამ საქმეში სხვა ორგანიზაცია მოიყვანოს.

მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ხანია, ჩინეთის რკინიგის 23-ე ბიუროსთან ბევრ პრობლემას ვაწყდებით და საქართველოს რკინიგზას არც ერთხელ ეს ბერკეტი არ გამოუყენებია. ამ ეტაპზე ის უარყოფს კიდეც ამას, _ მე საერთოდ არანაირი ბერკეტი არ მაქვს, ამ საკითხში ვერ ჩავერევიო და ა. შ.

მით უმეტეს, რომ საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა, სახელმწიფოს 100%-იანი წილის მქონეა და, შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის პასუხისმგებლობა ამ საკითხში ძალიან დიდია.

_ გამოსავალი სად არის, რომ მსგავსი უბედური შემთხვევები არ განმეორდეს?

_ ჩვენი, პროფკავშირების მონიტორინგი და ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ თუ სახელმწიფოში წინასწარი პრევენციების მექანიზმი არ შემუშავდა, სასურველ შედეგებს ვერ მივიღებთ.

ამისთვის ქმედითი შრომის ინსპექცია უნდა შეიქმნას, რომელიც ასეთ საწარმოებს შეამოწმებს, რეკომენდაციებს გასცემს, მერე თუ ეს ყველაფერი არ შესრულდა, სანქციებს დააწესებს და ა. შ. მოკლედ, ეს სისტემა თუ არ გაიმართა, ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში უკეთესი შედეგი ვერ გვექნება. ეს არა მარტო აღნიშნულ ობიექტს, არამედ, საერთოდ, საქართველოში არსებულ მძიმე რეალობას ეხება. ვხედავთ, რომ უკვე 6-7 თვის განმავლობაში 19 გარდაცვლილი გვყავს სამუშაო ადგილებზე, ამიტომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან ერთადართი ქვეყანა ვართ, სადაც ქმედითი შრომითი ინსპექცია არ არსებობს და ამის გაკეთება, უბრალოდ, აუცილებელია. ამ სიტუაციაში ეს ერთადერთი გამოსავალია.

რასაკვირველია, ამ პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით. ყოველთვის შეიძლება სამუშაო გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს, მაგრამ ის მინიმალური სტანდარტები, რაც შრომის კოდექსით არის გათვალისწინებული კონკრეტული ინსტიტუტის მხრიდან, მკაცრად უნდა მოვთხოვოთ!

ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს ინსტიტუტი შრომის ინსპექციაა და საქართველოში აუცილებლად უნდა შეიქმნას სწორედ ასეთი ინსპექცია, სათანადოდ აღჭურვილი მექანიზმებით, რასაც, თავის მხრივ, ევროასოცირების ხელშეკრულება ითხოვს და ჩვენ ამის ვალდებულებაც ავიღეთ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დროში იწელება.

ეს შრომის ინსპექცია ნებისმიერ საწარმოში ნებისმიერ დროს უნდა შევიდეს, როცა კი ამას საჭიროდ მიიჩნევს და რაც მთავარია, სათანადო სანქციები გასცეს, თუკი მათი რეკომენდაციები არ შესრულდება.

 

თავის მხრივ, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხარაგაულში, გვირაბის მშენებლობის პროცესში, მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. მათივე მტკიცებით, გვირაბი არ ჩამონგრეულა და საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა:

„29 ივლისს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მდებარე მე-7 გვირაბის მშენებლობის დროს, ორი მუშა დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და მედიკოსების მხრიდან გაწეული შესაბამისი დახმარების შემდეგ საავადმყოფოდან გაეწერა. მეორე მუშა _ თამაზ ტალახაძე, რომელმაც ქვების ჩამოცვენისა და პლატფორმიდან ჩამოვარდნის შედეგად სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ხაშურის საავადმყოფოში გაწეული პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ გადაყვანილია თბილისში, კლინიკა „ლანცეტში“, სადაც ამბულატორიულ მკურნალობას აგრძელებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვირაბის მშენებლობის პროცესში დაშავებული მუშების უსაფრთხოების ზომები მკაცრად იყო დაცული. ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ შესაბამისი აღჭურვილობით. უბედური შემთხვევის შემდეგ ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებმა მყისიერად მოახდინეს რეაგირება დაშავებულებისთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გასაწევად. აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამართალდამცველ ორგანოებს.

ჩვენი კომპანია სრულად დაფარავს მკურნალობის ხარჯებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს თამაზ ტალახაძის სწრაფ გამოჯანმრთელებას.

გვსურს, დამატებით გაცნობოთ, რომ გვირაბი არ ჩამონგრეულა. გვირაბის საექსკავაციო ნაწილში მხოლოდ მცირე მოცულობის ქვა ჩამოვარდა“, _ ნათქვამია ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები სარკინიგზო ხაზის მშენებარე ობიექტებზე დაუშვა. ხარაგაულის რაიონში, ზვარეს, ძირულასა და ბეჟათუბანში რიგგარეშე რემონიტორინგი უკვე მიმდინარეობს.

ადგილზე შრომის უსაფრთხოების მდგომარეობას „რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები სწავლობენ.

გვირაბის მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ, რასაც „ქრონიკა+“ უცვლელად გთავაზობთ:

„ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე გვირაბის ფრაგმენტი ჩამოინგრა. მძიმედ დაშავდა ორი მუშა. მათ შორის ერთის, თამაზ ტალახაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია…

ხარაგაულში, სს „საქართველოს რკინიგზის“ დაკვეთით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობას შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ ხელმძღვანელობს. მიმდინარე წელს აღნიშნულ ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები შეისწავლეს „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ სპეციალისტებმა და აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით დამსაქმებელს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართეს. დაგეგმილი რემონიტორინგის პროცესი სექტემბერში უნდა შემდგარიყო, შესაბამისად, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად შეასრულა დამსაქმებელმა რეკომენდაციები.

შეგახსენებთ: პროფკავშირმა და 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯერ კიდევ, 2016 წელს ხარაგაულის რაიონში მიმდინარე შრომის უსაფრთხოების დარღვევებზე სპეციალური მიმართვა გაავრცელეს:

არასამთავრობო ორგანიზაციები ხარაგაულის რაიონში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ.

ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მუშებს შორის 3 ნოემბერს დაწყებული დაპირისპირება 9 ნოემბერს, მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებით, ამოიწურა (ასევე შეთანხმებით დასრულდა სექტემბერში მიმდინარე გაფიცვები), დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს.

„აღნიშნული პროტესტების შინაარსი და მუშათა მოთხოვნები მათი შრომითი ექსპლუატაციის სისტემურობაზე მეტყველებს. ამასთან, სახელმწიფო კონტროლის არაეფექტიანი მექანიზმებისა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობის გათვალისწინებით, ისევ არსებობს დამსაქმებლის მხრიდან აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის რისკი, რამაც შესაძლოა, კვლავ განაპირობოს მუშათა უფლებების განგრძობადი დარღვევა“, _ ნათქვამია მიმართვაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ანტიჩინური განცხადებები მჩაგვრელი პოლიტიკის სასიკეთოდ მუშაობს, რამდენადაც რასობრივ თუ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებების სახელით, რეალური ეკონომიკური მოთხოვნებისა და სოციალური წინააღმდეგობის გადაფარვა ხდება.

ღია მიმართვის ხელმომწერები სს „საქართველოს რკინიგზას“ მოუწოდებენ, გამოიყენონ „23-ე ბიუროსთან“ ხელშეკრულებით გაფორმებული უფლებამოსილება და დარღვევების გამოვლენის ფაქტზე კონტრაქტორისგან მოითხოვონ დარღვევის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეწყვიტონ კონტრაქტი დაქირავებულ კომპანიასთან; პარლამენტს შრომის პირობებისა და უსაფრთხოების კონტროლის ეფექტიანი სისტემის დაუყოვნებლივ შექმნისკენ მოუწოდებენ, ხოლო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს მიმართავენ, კანონით დადგენილი წესით გაასაჯაროოს ზვარეში სამშენებლო ობიექტზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგები.

 

ღია წერილს ხელს აწერენ ორგანიზაციები:

„პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; „სოციალური აზრის ფორუმი“; „დემოკრატიის ინსტიტუტი“; „მწვანე მუშტი“; „ქალთა მზერა“; „თვითორგანიზების ქსელი“; „ახალგაზრდა მწვანეები“; „ახალგაზრდა სოციალისტები“; „თბილისის სოლიდარობის ქსელი“; „თეთრი ხმაურის მოძრაობა“; „ირიბი მოქმედების კიბერთეატრი“; სახელოსნო Praxis (პრაქსისი); „აუდიტორია 115“; „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა); ანალიტიკური პორტალი „uropean.ge “; „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“; „საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“; „საქართველოს მედიის პროფესიული კავშირი“…

 

გელა მამულაშვილი