ივანიშვილი არავის უსმენს და ყველას მოსმენას აპირებს

ივანიშვილის ხელისუფლება არც საკონსტიტუციო სასამართლოს უსმენს, არც _ ოპოზიციას, არც _ არასამთავრობო სექტორს და აპირებს, ყველას მოუსმინოს _ მოსმენებს ისე აკანონებს, როგორც თავად აწყობს.

პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტი, რომლის ძირითად კანონსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ კანონი წარმოადგენს. სწორედ ეს სააგენტო მოგვევლინება ისეთი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ექსკლუზიურად განმახორციელებელ ორგანოდ, როგორებიცაა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან, ასევე ამ მიზნით კომპიუტერულ სისტემაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების ინსტალაცია, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის (დიპლომატიური ფოსტის გარდა) კონტროლი.

კანონის ამ ფორმით მიღებას არ ეთანხმება როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი, რადგანაც იგი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს. ივანიშვილის მართულმა უმრავლესობამ, ამ კანონპროექტის მეორედ მოსმენისას, საერთოდ უარი თქვა მუხლობრივ განხილვაზე და დაჩქარებული პოროცედურით გადაწყვიტა განხილვა, რასაც საპარლამენტო უმცირესობის პროტესტი მოჰყვა _ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ პარლამენტის თავჯდომარემ ხელი მოაწერა პარლამენტის სუს-ის ნოტარიუსად ქცევას და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. „ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის დაკვეთით მომზადებული კანონპროექტი, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენაზეც კი უარი განაცხადა, ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ და პროტესტის ნიშნად სხდომას ვტოვებთ!“ _ განაცხადა ოთარ კახიძემ სხდომის დატოვებამდე. როგორც დავით ბაქრაძემ განმარტა, „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ უკანონობის დაკანონებაში „რომელიც ამ კანონის მიღებას მოჰყვება საქართველოში, ყველას ტოტალურ მოსმენებში, აბსოლუტურად უკონტროლო თვალთვალის სისტემის ჩამოყალიბებაში“.

საპარლამენტო უმცირესობის მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ივანიშვილის მართულმა უმრავლესობამ მაინც თავისი გაიტანა და მიიღო კიდეც მეორე მოსმენით ეს კანონპროექტი _ 84 მომხრით და ხუთი მოწინააღმდეგით. ქართული ოცნებიდან მხოლოდ ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და გოგა გულორდავამ არ დაუჭირეს მხარი ამ კანონპროექტს. „ნაციონალებიდან“ _ რომან გოცირიძემ (სხვები არც ესწრებოდნენ), „პატრიოტთა ალიანსიდან“ _ ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა (სხვები არც ესწრებოდნენ). როგორც ადა მარშანიამ განაცხადა, მათი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, რადგან გაზიარებული არაა მთავარი პრინციპი _ სააგენტო იყოს დამოუკიდებელი სტრუქტურა.

ოპოზიციის მთავარი პრეტენზია ამ კანონთან სწორედ ესაა – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არანაირად არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სტრუქტურას, იგი მთლიანად ექვემდებარება სუს-ს. თავად განსაჯეთ, კანონის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სტატუსს, მისი საქმიანობის ძირითად პრინციპებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სააგენტოს საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის ფორმებსა და სხვა საკითხებს. მესამე მუხლშიც ვკითხულობთ, რომ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მეტიც, ამ სააგენტოს დებულებას ამტკიცებს სუს-ის უფროსი სააგენტოს უფროსის წარდგინებით. არათუ დებულებას, სააგენტოს შიდა სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებსაც სუს-ის უფროსის თანხმობით ამტკიცებს. ამ სააგენტოს უფროსის დანიშვნისა და განთავისუფლების წესი საერთოდ ცხადყოფს ამ სააგენტოს დამოუკიდებლობას. სააგენტოს უფროსის 3 კანდიდატურას სპეციალურ კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს სუს-ის უფროსი. ამ კომისიის თავმჯდომარე თავად სუს-ის უფროსი გახლავთ. მასთან ერთად ამ კომისიის წევრები არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე (ბესელია), თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე (სესიაშვილი), ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე (კილაძე), სახალხო დამცველი და მთავრობის წარმომადგენელი. სუს-ის უფროსის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ეს კომისია ერთს შეარჩევს და იმ ერთს დასანიშნად ისევ სუს-ის უფროსი წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. თანამდებობიდანაც ისევ სუს-ის უფროსის წარდგინებით ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. აქ პრემიერ-მინისტრის როლი ისევეა, როგორც „მკვდარზე ვენოკი“. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს საერთოდ სუს-ის უფროსი ნიშნავს სააგენტოს უფროსის წარდგინებით და საერთოდ ამ სააგენტოს საქმიანობაზე ამ კანონით სუს-ის უფროსი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს და რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი? მეტიც, იმ ანგარიშსაც კი, რომელიც სააგენტოს უფროსმა უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს, ჯერ სუს-ის უფროსს წარუდგენს. და როგორ გგონიათ, როგორი იქნება ან პრემიერ-მინისტრისთვის, ან პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიში? როგორც კანონში ვკითხულობთ: „სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს“. ანუ დეტალურს კი არ წარუდგენენ, ჩაუზოგადებენ, მხოლოდ იმას ეტყვიან, რამდენ კაცს მოუსმინეს.

და არ გაინტერესებთ, რა იძლევა, თურმე, ამ სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიას? კანონში იმის ჩაწერა, რომ „სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ასრულებს მისთვის დაკისრებულ ამოცანებს“, ან: „დაუშვებელია სააგენტოს საქმიანობაში სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და თანამდებობის პირების უკანონო ჩარევა“, თუ „სააგენტოს უფროსის კანდიდატურის შერჩევა ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ“, „სააგენტოს მოსამსახურე თავის სამსახურებრივ საქმიანობაში დამოუკიდებელია…“

მოკლედ, ერთი მხრივ, ამ სააგენტოს კონტროლის მძლავრი ბერკეტები და, მეორე მხრივ, წყალწყალა სიტყვები და ლაი-ლაი _ ამ სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიად.

ამ ძირითადი საკითხის გარდა, კანონპროექტში კიდევ ბევრი სხვა ნაღმია ჩადებული, რაც აშფოთებთ როგორც ოპოზიციას, ისე კერძო კომპანიებს.

ამ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, „სააგენტოს შეიძლება ჰყავდეს ღია და ფარულ შემადგენლობაში მყოფი მოსამსახურეები“. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს სეგმენტი (ფარული მოსამსახურეები) აგენტურული ქსელის ამოქმედებას გულისხმობს. რომან გოცირიძის განმარტებით, ნებისმიერ მობილურ თუ ინტერნეტკომპანიას მოევლინება ფარული მოსამსახურე, „ფარული მოსამსახურეები ქართულად ნიშნავს აგენტურას, ეს არის საბჭოთა „კაგებეს“ ისტორიისკენ დაბრუნება, ესაა საბჭოთა სპეცსამსახურის რესტავრაცია მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ბიზნესში“ (რომან გოცირიძე).

გარდა ამისა, ეს კანონი, სააგენტოს უფლებას აძლევს, საკომუნიკაციო კომპანიებში, კერძო მობილურ და ინტერნეტკომპანიებში უსასყიდლოდ განათავსოს, დაამონტაჟოს თავისი  აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები. მეტიც, სააგენტოს უფლება აქვს, შემოწმებაზე შევიდეს მათთან _ ამ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა შეესაბამება თუ არა იმ სტანდარტებს, რომელიც ამ სააგენტოს სჭირდება და თუ რაღაც არ მოეწონა, დაუყოვნებლივ მიმართოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელიც მათ საკითხს განიხილავს და ეს ყველაფერი შესაძლოა, ამ კომპანიის დაჯარიმებით, ან ლიცენზიის შეჩერებით დასრულდეს. თუმცა ეს უკიდურესი ზომაა, სააგენტოს უფლება აქვს, მობილურ კომპანიებს მოსთხოვოს, მეტი რესურსი მოახმარონ მოსმენებს. ანუ ამ კომპანიებს თავად მოუწევთ ამ აპარტურის შეძენა. სწორედ ეს გახლდათ იმის საფუძველი, რის გამოც გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა: „თუ არ შგიძლიათ ამდენის კონტროლი, მაშინ უნდა დაასტოპოთ იქ, სადაც შეგიძლიათ… უკვე გვეყო, რა, ჩვენ არ შევიხოცავთ არანაირ თქვენს აპარატურას“.

მოკლედ, ეს კანონი პროვაიდერებს ავალდებულებს, თავისი ტექნიკური ბაზა სუს-ის მოთხოვნების შესაბამისად მოაწყონ, მათ კი სააგენტო აბსოლუტურად შეუზღუდავად გააკონტროლებს. კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს, გედი ფოფხაძეს რომ ჰკითხო, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფოებრივად სწორი გათვლაა: „ჩვენ სწორი აქცენტები და პრიორიტეტები გვაქვს არჩეული, რაც კანონპროექტებში აისახა. ჩვენ დავიცავით ის პოლიტიკური სტანდარტი, რაც იმისთვის გვჭირდება, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო შევქმნათ, სადაც დაცული იქნება ნებისმიერი ჩვენგანისა და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლება“.

მოკლედ, პარლამენტი მოსმენებს მთლიანად სუს-ს აბარებს. ქოცური ლოგიკის ქვაკუთხედი კი შემდეგია _ რაკი ხალხი ივანიშვილს ენდობა, სუს-საც უნდა ენდოს.

რა საფრთხეებს შეიცავს ამ ყველაფრის დაკანონება, რასთან გვაქვს საქმე?

 

ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“: „ნაცვლად იმისა, რომ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით მიღებულიყო, ეს არის არსებული მოდელის კიდევ უფრო გაუარესება. ხელისუფლება ასე  უბრალოდ, კადნიერად ადგა და ეს სააგენტო სუს-ს დაუქვემდებარა. პირდაპირ რომ ვთქვათ, გომელაურის სამსახურში უწყება გახსნა, თვალის ასახვევად შექმნა სსიპი, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია, არადა,  რეალურად ეს არის უწყება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედის, ანუ მისი ქოლგის ქვეშ იქნება. ამ სააგენტოს უფროსს არჩევს და პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს სუს-ის უფროსი _ ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, მოადგილეებს პირდაპირ თვითონ ნიშნავს, თავად ახორციელებს კონტროლს ამ სააგენტოზე. ამას დაარქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განხორციელებული რეფორმა. ახლა მობილურ ოპერატორებს, ბიზნესს ავალდებულებენ, რომ აპარატურა იყიდონ, რომელიც შემდეგ მათ უკანონო საქმიანობას მოემსახურება. ეს ისეთივე თავხედობაა, როგორც ახლა, კიდევ კვიპაროსებს რომ მიათრევს თავის ეზოში. ასეთივე თავხედობაა, უბრალოდ, საკანონმდებლო დონეზე _  რაც მოისურვა, ის გააკეთა. მაგრამ, დამიჯერეთ, ის ამ ყველაფერს უდიდესი შიშიდან გამომდინარე აკეთებს. უნდა, მაქსიმალურად ყველაფერზე კონტროლი ჰქონდეს, ყველას და ყველაფერს უსმენდეს, რადგან დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დღითი დღე ეცემა, ხალხში ძალიან არაპოპულარული ძალა ხდება და მას უნდა, რომ ასეთი არაკანონიერი მეთოდებით, რამენაირად გაიხანგრძლივოს მისი ოლიგარქიული  მმართველობა ყველა ინსტიტუტზე და ყველა ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში რამეს წარმოადგენს, მისთვის პოტენციური საფრთხეა. ეს არის ამ კანონპროექტის არსი. აქ არ არის რთულად საქმე, აქ არ უნდა დავიხარჯოთ, მარტივადაა საქმე _ ივანიშვილმა თავისი დაცვის ყოფილ უფროსს კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეუქმნა, რომ მშვიდად უსმინოს მათ, ვისაც თავად საჭიროდ მიიჩნევს“.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი, „ევროპული საქართველო“: „ამ კანონპროექტით თავზე გადაგვახიეს საკონსტიტუციუო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ მოსმენების განმახორციელებელი ორგანო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს იმ ორგანოს დაქვემდებარებაში, რომელიც თვითონ არის გამოძიებით დაკავებული, რომელსაც საგამოძიებო ფუნქცია აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სუს-ს საგამოძიებო ფუნქცია აქვს, მის ქვეშ ასეთი სააგენტოს მოთავსება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფორმალურად ქმნიან კომისიას, რომლსაც სუს-ის უფროსი წარუდგენს სამ კანდიდატურას, ამ კომისიის თავმჯდომარეც თვითონ სუს-ის უფროსია და შემდეგ სააგენტოს უფროსის კანდიდატურასაც იგი წარუდგენს დასანიშნად პრემიერ-მინისტრს, მერე ამ ადამიანმა უნდა იმუშაოს იმ სააგენტოში, რომლის კონტროლსაც სუს-ის უფროსი ახორციელებს და ესაა დამოუკიდებლობა? ესაა სრული აბსურდი. გარდა ამისა, უსუსტესია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, ამ სააგენტომ განზოგადებული ანგარიში უნდა წარმოგვიდგინოს. რა იგულისხმება ამ განზოგადებულ ანგარიშში? ამ განზოგადებული ანგარიშით, მე, პარლამენტარმა, რა უნდა გავიგო, ეს სააგენტო კანონის მიხედვით მოქმედებს, რეალურად ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს, თუ ივანიშვილის ინტერესს ემსახურება, რომ პოლიტიკურ ოპოზიციას მოუსმინოს? ბუნებრივია, რომ ამის გაგების საშუალებას ასეთი ანგარიში არ მოგვცემს. გარდა ამისა, ოპერატორ კომპანიებს უსაზღვრავენ, რა აპარატურა უნდა იყიდონ, აიძულებენ, ისე მოაწყონ თავისი ტექნიკური ბაზა, როგორც ამ სააგენტოს სჭირდება, ბერკეტი ეძლევათ მათი შემოწმების, კონტროლის, დასჯის. ამ კანონპროექტს მუხლობრივად რომ გავყევით, ყველა მუხლში პრობლემა იყო, მეორე მოსმენაზე, უბრალოდ, ამის საშუალებაც არ მოგვცეს, რომ ამ ყველაფერზე გველაპარაკა და, ბუნებრივია, პროტესტის ნიშნად სხდომა დავტოვეთ.

ვიცით, რომ დღესაც პრობლემაა უკნაონო მოსმენები, დღეს მთლიანად ეს ე. წ. ოტო არის სრულიად უკონტროლო, მოუსმინოს ათასობით მოქალაქეს. ახლა რასაც ქმნიან, ეს სუს-ში კიდევ უფრო ღრმად ჩამალული სააგენტო იქნება და კიდევ უფრო გაურკვევევლი, ვის და როგორ მოუსმენენ, ოღონდ ეს ყველაფერი იქნება უკვე დაკანონებული, ეს არის ყოვლად მიუღებელი.

ეს არის კანონი, რომელიც აუცილებლად გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში. ოღონდ პრობლემა ის არის, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ წინა კანონმდებლობა არაკონსტიტუციურად ცნო, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ, არ იყო დაქვემდებარებული ივანიშვილს, ახლა კი ამ საკონსტიტუციო სარჩელს იქ მანანა კობახიძე დახვდება. ანუ ირაკლი კობახიძის პარლამენტის მიერ ჩადენილ უკანონობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში რომ შევა, იქ მეორე კობახიძე, მანანა კობახიძე დახვდება ამ სარჩელს. მიუხედავად ამისა, ყველა ვარიანტში გაგრძელდება ბრძოლა,  ყველა ვარიანტში ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს კანონი შეიცვალოს. ცხადია, ყველა ვხვდებით, რომ ივანიშვილის პირობებში, როდესაც მას საკონსტიტუციო უმრავლეოსბა ჰყავს, ამის შანსი მიზერულია, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მალე მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. მოსმენები უნდა არსებობდეს, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება, მაგრამ უნდა არსებობდეს მასზე ძლიერი საპარლამენტო კონტროლი, და ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი სააგენტო, რომ საგამოძიებო ორგანოები თვითონ არ იყვნენ დაინტერესებული უკანონო მოსმენებით. სიბრიყვეა, თუ ჰგონიათ, რომ ამ მეთოდებით ან პოლიტიკურ ოპოზიციას გააჩერებენ, ან პოლიტიკურ პროცესს შეაფერხებენ. შეიძლება, ადამიანმა იფიქროს, რომ ეს მოსმენები შანტაჟის საშუალებაა, მაგრამ სატელეფონო მოსმენებისა და ინტერნეტში ძრომიალის გარდაც  არსებობს ადამიანზე შანტაჟის სხვა სახეობებიც და ისიც ვიცით, რომ ივანიშვილი არაფერზე უკან დამხევი არაა, მაგრამ შანტაჟი ვერ შეაჩერებს საპროტესტო ტალღას, რომელიც დღითი დღე მატულობს. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა, გადამწყვეტი იქნება ის მომენტი, როდესაც ქართული საზოგადოება „არას!“ ეტყვის ივანიშვილის რეჟიმს“.

 

დიმიტრი შაშკინი, თავდაცვისა და განათლების ექსმინისტრი:

„მოსმენების თემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. საზოგადოება ითხოვს გარანტიას, რომ მას უკანონოდ არავინ მოუსმენს. ერთი მხრივ, ჩვენი კანონმდებლობა საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის მოსასმენად საჭიროა მოსამართლის სანქცია, მაგრამ, მეორე მხრივ, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ როდესაც ეს ბერკეტი სუს-ის ხელში რჩება, არავის აქვს იმის გარანტია, რომ სანქციას სასამართლო მოითხოვს. ეს გარანტია არავის გვაქვს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ამ მოსმენებს განახორციელებს ადამიანი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება იმ პირს, რომელსაც, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე აინტერესებს კონკრეტული ინფორმაცია სხვადასხვა პირზე. არანაირი გარანტია, რომ ის არ მოითხოვს ქვემდგომისგან უკანონო მოსმენას, არ გაქვს და არც იმის გარანტია გვაქვს, რომ ქვემდგომი არ შეასრულებს ზემდგომის ბრძანებას. ვიმეორებ, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ სუს-ი არ მოითხოვს კანონის დარღვევას იმ ოფიცრებისგან, რომლებიც განახორციელებენ მოსმენებს. დამიჯერეთ, არ იქნება არც ერთი ადამიანი, რომელიც მზად იქნება სამსახურის დასაკარგად და არ შეასრულებს ამ ბრძანებას. გაგახსენებთ, როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრი შეიქმნა, იგი არ ექვემდებარებოდა არც შსს-ს და არც იუსტიციის სამინისტროს. ამ ცენტრს უშუალოდ ნიშნავდა პრემიერ-მიონისტრი და მის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო. ესსწორედ იმიტომ გაკეთდა, რომ ექსპერტიზებზე ზეგავლენა არ ჰქონოდა არც შსს-ს, არც იუსტიციის სამინისტროს, თავისი პროკურატურით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებენ, იმ შემთხვევაში ექსპერტები და ამ შემთხვევაში _ ხალხი, რომელმაც უნდა მოუსმინოს, არ იყვნენ  იმ ხალხის პირდაპირ დაქვემდებარებაში, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს ამ საქმეში.

_ წარმოდგენილი კანონპროექტით სუს-ის დაქვემდებარებაში მყოფ ამ სააგენტოს ეძლევა მობილურ, ინტერნეტკომპანიებზე შეუზღუდავი კონტროლის ბერკეტები. საუბარია იმაზეც, რომ პროვაიდერებისგან ითხოვენ, მათი ბაზა აღიჭურვოს სუსი-ის მოთხოვნების შესაბამისად, საუბარია დამატებით აპარატურაზეც, რას ემსახურება ეს ყველაფერი?

_ სპეცსამსახურების სლენგი რომ ვიმხაროთ, „მარაოს პრინციპით“ მოსასმენად. ავხსნი მეთოდის არსს: მე, მაგალითად, ბოლო 4 წელია, აქტიურად მისმენენ. ეს ძალიან კარგად მესმის ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. თავდაცვის მინისტრი ვიყავი და მესმის, როგორც მისმენენ. აქ ახალი არაფერია, ახალი ველოსიპედი არავის გამოუგონია, სამწუხაროდ, ასეთ ილეთებს სხვა ქვეყნებშიც იყენებენ. ჩემს მოსასმენად ჩემს ტელეფონს კი არ უსმენენ, იმ 20 ადამიანს უსმენენ, რომელთანაც ყველაზე ხშირი საუბარი მაქვს. ანუ როდესაც სუს-ი უსმენს ადამიანს, ის ადამიანი აცნობიერებს, რომ მას უსმენენ და თავშეკავებულია. პატარა ბავშვი არ ვარ და მესმის, რომ მისმენენ და, აქედან გამომდინარე, ტელეფონით ისეთ საიდუმლოს არაფერს ვსაუბრობ, ყველა სიტყვას ვწონი და ისე ვამბობ, _ მესმის, რომ მისმენენ.  ცხადია, ამ საუბრიდან ისინი ვერაფერს შეიტყობენ, ამიტომ იმისთვის, რომ, იქნებ, რაიმე ინფორმაცია მოიპოვონ, ჩემი ნომრის დეტალურ ანგარიშს იღებენ და უყურებენ, ყველაზე ხშირად ვინ მიკავშირდება ტელეფონით. დაახლოებით 20 ნომერს იღებენ და იმ ხალხს უსმენენ, იმიტომ რომ ის ხალხი არაა ისე ფრთხილი და გამოცდილი, როგორც მე, ან ნებისმიერი პოლიტიკოსი.

მაგალითად, უსმენენ ჩემს შვილებს, ჩემს მეუღლეს,  თუ გახსოვთ, უსმენდნენ  გიგი უგულავას შვილებს. ანუ ერთი ადამიანის მოსასმენად უსმენენ 20 ადამიანს, მაგრამ თუ სუს-ს უნდა, რომ თემას ჩაუღრმავდეს, მერე უსმენენ კიდევ იმ ოც ადამიანთან დაკავშირებულ 20-20 ადამიანს, ანუ ერთი ჩემი მოსმენისთვის სუს-ს შეიძლება სჭირდებოდეს 400 კაცის მოსმენა, იმისთვის, რომ ის ინფორმაცია ამოიღონ, რომელიც უნდათ. სწორედ ამიტომ სჭირდებათ დამატებითი საშუალებები, თორემ, დამიჯერეთ, საქართველოში არ არის 200 ათასი ადამიანი, რომელსაც უნდა უსმინონ. თუ პოლიტიკურ მოსმენებს ახორციელებენ, რამდენი პოლიტიკოსია მოსასმენი საქართველოში? 100? 200? დამიჯერეთ, 200 ადამიანის მოსმენა სუს-ისთვის და იმ რესურსებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რომელიც მას აქვს. მაგრამ თუ ამ 200-ს გაამრავლებ 20-ზე და შემდეგ კიდევ ოცზე, მიხვდებით, რა რესურსი სჭირდება 200 კაცის მოსასმენად, რეალურად, 80 ადამიანის მოსმენას. როდესაც სასამართლოს მიმართავენ ჩემს ან რომელიმე პოლიტიკოსის მოსმენაზე, მოსამართლე ნებართვას გასცემს, მაგრამ ჩემი შვილის მოსმენის ნებართვა მოსამართლისთვის არაკომფორტული იქნება.  მოსამართლეს, როგორიც არ უნდა იყოს ის, ესმის, რომ ბავშვის მოსმენა ამაზრზენია. იყო შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები ამაზე უარს ამბობდნენ. ზუსტად ამიტომ ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ სუს-ს ყველა ბერკეტი ჰქონდეს, უსმინოს მას, ვისაც უნდა, რომ უსმინოს _ ნებისმიერი რაოდენობის ხალხს. ე. ი. მათ კონკრეტული მიზანი აქვთ _ უსმინონ პოლიტიკოსებს, მაგრამ ამისთვის ისინი უსმენენ არა თავად პოლიტიკოსებს, არამედ იმ ხალხს, ვისთანაც ამ პოლიტიკოსებს აქვთ ურთიერთობა. სწორედ ესაა მარაო მათ სლენგზე.

_ ამ ტიპის მოდელი, რასაც დღეს ხელისუფლება აკანონებს, თუ მოქმედებს უცხოეთის რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში?

_ მე ასეთი მოდელი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსოვს. მაგალითად, თურქეთი რომ ავიღოთ, ყველაზე ახლო ჩვენი მეზობელი, თურქეთში ცალკე სააგენტოა, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება პრემიერ მინისტრს, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს და ეს პრობლემა მოგვარებულია. აშშ-ში რამდენიმე უწყებას აქვს მოსმენის უფლება, მაგრამ იქ სასამართლოა ძალზე მაღალ დონეზე და არ დაუშვებს და არ „გაატარებს“ უკანონო მოსმენებს. ჩვენთან კი არც ერთი საქმე, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, ბოლომდე არ მიიყვანეს. როდესაც ხელისუფლებამ არ აჩვენა, რომ ის უკანონო მოსმენებს ებრძვის, საზოგადოებას ბუნებრივი კითხვა უჩნდება, როგორ უნდა ვიყო დაცული, რომ უკანონოდ არ მომისმენენ? ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა კანონმორჩილია, რომელიც არც არაფერს სჩადის უკანონოს და, შესაბამისად, არც ტელეფონზე ლაპარაკობს რამე უკანონოს, მაგრამ მართლაც ამაზრზენია, როდესაც შვილს ელაპარაკები და იცი, რომ ვიღაც გისმენს.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ორგანოზე, რომელიც მოსმენებს ასრულებს, ხორციელდებოდეს უმკაცრესი კონტროლი. თავის დროზე, ჩვენ სიტუაცია გაგვექცა, ქვედა რგოლმა, ვინც პასუხისმგებელი იყო ამ მოსმენებზე, კანონი დაარღვია და ჩვენ ამის პოლიტიკური ფასი გადავიხადეთ, არჩევნები წავაგეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ გავაკონტროლეთ სათანადოდ. ამ კანონპროექტში ამ სააგენტოს კონტროლის მექანიზმები, პრაქტიკულად, არ არსებობს. არადა,  ადამიანი, რომელიც უსმენს, თუ უკონტროლოდ დატოვებ, მხოლოდ იმის იმედზე, რომ მისი უშუალო უფროსი გააკონტროლებს, მიიღებ სიტუაციას, როდესაც ისინი თავისი მიზნებიდან გამომდინარე დაიწყებენ მოსმენებს. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი იყო და ისიც გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ეს ოფიცერი მიიღებს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ დავალებას, რომ სასამართლოს გარეშე მოუსმინოს ადამიანს, დამიჯერეთ, მეშვიდედ, მეათედ, მეოცედ თვითონ მოისმენს იმას, რაც უნდა და ამ ინფორმაციებს მერე გაყიდის. ასეთი რამე სხვადასხვა ქვეყანაში ხდება. ზუსტად ამიტომ, რაც უფრო მეტი მკაცრი მექანიზმი იქნება ჩადებული, რაც უფრო დამოუკიდებელი იქნება ეს ცენტრი იმ ხალხისგან, რომელსაც აინტერესებს ეს ინფორმაცია, მით უკეთესი. ყველაზე კარგი მაგალითი არის სამხარაულის საექსპერტო ბიურო, რომელთანაც, თავისი ისტორიის განმავლობაში, არავის პრეტენზია არ ჰქონია მას შემდეგ, რაც გამოეყო შსს-ს და იუსტიციას და მათ არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ მაგ ცენტრზე და როდესაც პირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარა.

_ ფორმალურად ეს ვითომ ახლაც ჩადეს, რომ სუს-ის უფროსის წარდგინებით სააგენტოს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ კონტროლს ახორციელებს სუს-ის უფროსი.

_ ასეთივე წესი დამხვდა, როდესაც განათლების მინისტრად დავინიშნე. მაშინაც კანონში ეწერა, რომ სსიპ-ების ხელმძღვანელებს  განათლების მინისტრის წარდგინებით ნიშნავდა პრემიერ-მინისტრი. ეს იყო ამ სსიპ-ების დამოუკიდებლობის სრული პროფანაცია, შემდეგ პრემიერ გილაურთან გავიარეთ ეს საკითხი და უარი ვთქვით ამ პროფანაციაზე, პირდაპირ მე ვნიშნავდი სსიპ-ების ხელმძღვანელებს. რა, ვინმეს სჯეროდა, რომ ჩემს ქვევით არსებულ სსიპ-ები, იმის გამო, რომ მათ პრემიერი ნიშნავს, თან ჩემი წარდგინებით, მე არ მექვემდებარებოდა? ახლაც ზუსტად ის მოდელია აღებული, რომელიც ჩვენ 2009 წელს გავაუქმეთ.

_ მოსმენების წინა კანონი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა, ახლა უკვე  თითქმის დაანონსდა, რომ მარგველაშვილი კვლავ ვეტოს დაადებს კანონს, მაგრამ, რასაკვირველია, კვლავ დაძლვენ, შემდეგ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში ისევ გასაჩივრდება, ოღონდ იქ უკვე იცვლება სურათი, თუ ადრე ივანიშვილი ვერ აკონტროლებდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ახლა იქ მანანა კობახიძე გვხვდება, რეალობა შეცვლილია.

_ და არა მარტო მანანა კობახიძე… საკონსტიტუციო სასამართლო გააჭიანურებს ამ საქმის განხილვას, მერე რაღაც მომენტში, როდესაც ზაფხული იქნება, როდესაც ხალხი დასასვენებლად წავა ზღვაზე და მზე კაშკაშა იქნება, მერე ჩუმად მიიღებს გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი „გაპრავდება“. თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააჩერებს, ძალიან ცდება. და თუ ვინმეს ჰგონია რომ ამ მოსმენებში ის არ მოხვდება, რომ მოუსმენენ პოლიტიკოსებს და მათ არ შეეხებათ, რაკი სახლში სხედან, ძალიან ცდებიან. გითხარით, ერთი პოლიტიკოსის მოსმენა, ეს არის 20 კაცის მოსმენა და მერე ეს 20 კაცი გამრავლებული კიდევ ოცზე. ანუ 400 კაცს უსმენენ, რომ ერთ პოლიტიკოსს მოუსმინონ. ას პოლიტიკოსს თუ უსმენენ, ეს 100 უნდა გაამრავლო 400-ზე და მიიღებ რა რაოდენობაზეცაა საუბარი, ანუ ასი პოლიტიკოსის მოსასმენად მოუსმენენ 40 ათას ადამიანს, 200 პოლიტიკოსის მოსასმენად 80 ათასს და ეს აბსოლუტურად ყველას შეეხება. სწორედ ამიტომ,  პროვაიდერი კომპანიებისთვის ძალიან კარგად ნაცნობია ეს მარაოს პრინციპი, რადგან ძალაუნებურად ჩართული არიან ამ პროცესში და კარგად ესმით, რა არის ეს მარაო და სადამე მიგვიყვანს ეს: ასი კაცის მოსასმენად მოუსმენენ 40 ათასს, მერე მადა მოუვათ და არავინ იცის, პროცესი რით დასრულდება…

 

რეზო შატაკიშვილი