იაგო ხვიჩია: „შაქარაშვილის საქმეში“ ბევრი საეჭვო თემაა, რაც სასამართლოში იფეთქებს!“
ის, რომ „გირჩს“ „გიჟური“ იდეები აქვს, ახალი არაა, მაგრამ იმან, რაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როგორც იტყვიან, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. კერძოდ, „გირჩმა“ საზოგადოებას ასეთი ლოზუნგით მიმართა: „წადი არჩევნებზე და მოიგე თესლა!“ რას ნიშნავს ყველაფერი ეს? რას და, როგორც „გირჩში“ განმარტავენ, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წლევანდელ არჩევნებზე, ე. ი., 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მივა, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას და, პარალელურად, საარჩევნო უბანთან სელფს ისე გადაიღებს, რომ უბნის ნომერიც გამოჩნდეს, შანსი ექნება, რომ „ტესლა“ მოიგოს, ოღონდ არ დაგავიწყდეთ: ყველაფერ ამასთან ერთად, მანამდე, „გირჩის“ საიტზე უნდა დარეგისტრირდეთ, 31 ოქტომბერს კი საარჩევნო უბანთან გადაღებული სელფი 21:00 საათამდე საკუთარ „ფეისბუქზე“ უნდა გამოაქვეყნოთ ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.
ხომ არ ჩაეთვლება „გირჩს“ ე. წ. თესლას პროექტი ამომრჩევლის მოსყიდვად? _ ამის გასარკვევად „ქრონიკა+“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერ იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა, რომელთან საუბარიც, რა თქმა უნდა, „შაქარაშვილის საქმით“ დავიწყეთ:
_ იაგო, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში, როცა გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიაზე საუბრობდით, თქვით, სასამართლოზე უფრო მეტი სანახაობა გველოდებაო. რას გულისხმობდით?
_ სასამართლო ბევრად უფრო საჯაროა, ვიდრე _ გამოძიება, ანუ პროცესი გახსნილია და მედიას, ასევე საზოგადოებას შეუძლია გაიგოს, რა ხდება.
_ კი ბატონო, მაგრამ „შაქარაშვილის საქმის“ სასამართლო საჯარო ვერ იქნება, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.
_ შეიძლება, მაგრამ ამ სასამართლო პროცესიდან ამბავს გავიგებთ, ანუ არასრულწლოვანთან დაკავშირებული სხდომები შესაძლოა, დახურული იყოს, მაგრამ განაჩენში ჩაიწერება, ამ არასრულწლოვანმა რამე დააშავა თუ არა.
ერთი სიტყვით, ის დოკუმენტები, რომლებზედაც ახლა ისე ვსაუბრობთ, როგორც ურთიერთსაწინააღმდეგოსა თუ პოლიციის ზეწოლით მიღებულზე, სასამართლოზე გასაჯაროვდება, ანუ საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, 17-ივე სხვადასხვა ამბავს ყვება და სასამართლოზე მათი ნაამბობი გამოაშკარავდება.
გარდა ამისა, არ მგონია, ყველაფერი სინქრონში ისე აეწყოს, რომ ამ 17 თუ სხვა ადამიანების ჩვენებებში წინააღმდეგობა არ იყოს. მოკლედ, სასამართლოზე წინააღმდეგობები გამოვლინდება და ამაზე თავის მართლება სასაცილო იქნება!
სხვათა შორის, გამოძიების დროსაც უკვე ძალიან ბევრი ტრაგიკომიკური მომენტი გამოჩნდა.
_ კერძოდ?
_ ჩვენებების შეცვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აი, მაგალითად, გავიგეთ, რომ ადამიანებმა, რომელთაც ასეთი ამბავი გადახდათ, დროსტარება ისე გააგრძელეს, თითქოს არაფერი მომხდარა. ამასთან, ფოტოგრაფს, რომელიც წვეულებაზე იმყოფებოდა და ფოტოაპარატით იყო შეიარაღებული, ერთი ფოტოც კი არ გადაუღია. მოკლედ, უამრავი საეჭვო თემაა, რაც სასამართლოში სულ სხვანაირად იფეთქებს, რადგან იქ ყველაფერზე ბევრი ადამიანის პოზიციას მოვისმენთ. საერთოდ, ასე ხდება ხოლმე _ სასამართლოში განხილვის დროს დეტალებს უფრო მეტი ყურადღება ექცევა. საქმის შედეგამდე კი, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ დეტალებს მივყავართ.
_ გეთანხმებით, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ „შაქარაშვილის საქმემ“ საგამოძიებო უწყების მანკიერებანი უფრო ნათლად წარმოაჩინა?
_ ამას ვერ გეტყვით, რადგან ჩემთვის ეს სისტემა ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო, ანუ ახალი არაფერი გამიგია. უბრალოდ, ეს საქმე ჩემთვის იმის საშუალებაა, რომ სისტემის მანკიერება უკეთესად ავხსნა. საერთოდ, ერთადერთი, რაც სისტემას შეცვლის, მაღალი საჯარო ინტერესია _ ამ ქვეყანაში სასამართლო კონტროლი არ არსებობს, ამიტომ საზოგადოების ყურადღებაა საჭირო, რომ სისტემა გაუმჯობესდეს, მით უმეტეს, ახლა, როცა საარჩევნო წელია.
_ საარჩევნო წელი რა შუაშია?
_ სისტემის გაუმჯობესების შანსი ყოველთვის კი არა, ახლა არსებობს.
_ ისე, არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელისუფლებას რატომ უნდა აწყობდეს, რომ ასეთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ვიღაცას ხელი დააფაროს? თქვენი აზრით, „მეოცნებეები“ ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი ეს არჩევნების დღეს შესაძლოა, მათ წინააღმდეგ გამოიყენონ?
_ ეს არ ვიცი, თუმცა ერთში გეთანხმებით.
_ მაგალითად?
_ რა მნიშვნელობა აქვს, საარჩევნო წელია თუ არა _ როგორ შეიძლება, არჩევით დემოკრატიაში ვინმე მკვლელებს ხელს აფარებდეს? ისე, ჩვენ ისიც არ ვიცით, ხელისუფლებას ვინმესთვის ხელის დაფარება გადაწყვეტილი აქვს თუ არა.
ყოველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, მე ასეთი განცდა მაქვს _ ვიღაცამ სცადა, რომ ამ საქმეში ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა, თუმცა ეს პოლიტიკური ინტერესი კი არ იყო, არამედ, ასეთი რამ სისტემით შიგნითაა შესაძლებელი.
ზოგადად, ადამიანები ვართ და შეცდომას ყველანი ვუშვებთ, მაგრამ ამ შეცდომაზე ბიძინა, ანუ პარტია პასუხისმგებელი არაა, მაგრამ როცა იცი, რომ პოლიტპატიმრები გყავს და ამასთან, ისიც იცი, რომ სისტემაში პრობლემებია, ამ სისტემაში მომუშავე ადამიანებს ხელს აფარებ.
_ ჰოდა, ამ ხელის დაფარების მიზანი რა არის?
_ ვიღაცებმა საქმე არივ-დარიეს, მაგრამ მედიის დახმარებით ყველაფერი ნათელი გახდა. ამიტომ სისტემა ისეა აწყობილი, რომ ახლა იძულებულნი არიან, ერთმანეთს ხელი დააფარონ. ისე, სისტემამ შეიძლება, საერთოდ არ იცოდა, რომ ადამიანი გარდაიცვალა.
_ იქნებ, „შაქარაშვილის საქმე“ თავიდანვე იმიტომ აირივ-დაირია, რომ გამოძიება არაპროფესიონალებმა დაიწყეს?
_ რასაკვირველია, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ სწორედ ეგ არის მთავარი.
_ ანუ?
_ სისტემა ისეა აწყობილი, რომ დანაშაულს, რომელშიც ოცი ადამიანი მონაწილეობს და ვიღაც კვდება, ვერ ხსნის, ანუ საზოგადოებას ვერ ეუბნება, დამნაშავე ვინაა. ეს მორალურ გახრწნაზე უარესია, მაგრამ თუ ვიღაცას სისულელის გამო აფარებ ხელს, გეკითხებით, ასეთი მართლმსაჯულების სისტემა როგორ შეიძლება, კარგი იყოს?
მოკლედ, ამ საქმის მაგალითზე უნდა ავხსნათ, სისტემა როგორ ფუნქციონირებს და ამას ის ადამიანებიც იმსახურებენ, რომლებიც სისტემაში მუშაობენ, მაგრამ არაფერ შუაში არიან. თუ სიმართლე არ გაირკვევა, მაშინ ყველა გაისვრება!
_ სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისის ათვლის წერტილად გირგვლიანის მკვლელობა მიიჩნევა. იაგო, ხომ არ ფიქრობთ, რომ „ოცნებას“ შაქარაშვილის ტრაგედია ჩამოშლის?
_ ასეთი პროგნოზები არ მიყვარს. „გირგვლიანის საქმეზე“ უსამართლობა გამოჩნდა და, შესაბამისად, ის ხელისუფლებაც იმ უსამართლობამ ჩამოშალა, რომელსაც ხელს აფარებდნენ.
ამ ქვეყანაში სხვა საქმეებიცაა, სადაც უსამართლობა ღიად ჩანს, მაგრამ ხელისუფლება არ ჩამოიშალა.
_ რატომ?
_ საზოგადოებას რაღაც სჭირდება, ანუ ისეთი რაღაც უნდა მოხდეს, რომელსაც განსაკუთრებული რეზონანსი ექნება, როგორიც, თავის დროზე, „გირგვლიანის საქმეს“ ჰქონდა.
_ იმის თქმა გინდათ, რომ გირგვლიანის მკვლელობა „შაქარაშვილის საქმეზე“ უფრო რეზონანსული იყო?
_ არ ვიცი, „შაქარაშვილის საქმეს“ როგორი რეზონანსი ექნება, თუმცა ამ ორ საქმეს შორის საერთოც არის და _ განსხვავებაც.
_ ამ ორი საქმის საერთო ან განსხვავება რა არის?
_ საერთო ბუნდოვანებაა.
_ კონკრეტულად?
_ „გირგვლიანის საქმე“ რაღაცნაირად პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობას უკავშირდებოდა _ კონფლიქტი ამის გამო დაიწყო. შაქარაშვილის ამბავი ამ მიზეზით არ დაწყებულა, მაგრამ გირგვლიანის მსგავსად, ამ საქმეშიც ბევრი ბუნდოვანებაა _ საქმე ან ძალიან კარგად გაკეთდა ან ხელის დაფარების მიზნით ძალიან ცუდად დალაგდა.
ზოგადად, ერთმანეთს ბევრი საქმე ჰგავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საქმეები იდენტურია.
_ აბსოლუტური მსგავსება, ბუნებრივია, არ არსებობს, მაგრამ 2012 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია, არაერთი კრიმინალი მოხდა. ამ მხრივ ყველაზე გახმაურებული სარალიძის, მაჩალიკაშვილის, სირაძისა და შაქარაშვილის საქმეებია, თუმცა ამის მიუხედავად, ბოლო სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, რომელიც „ედისონ რიჩმა“ „ფორმულას“ დაკვეთით ჩაატარა, ივანიშვილის გუნდს თითქმის 40-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ანუ საზოგადოებაში მასობრივი პროტესტი არ არსებობს?
_ სხვათა შორის, სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, სოციალურ ქსელში ამ კვლევებზე სტატუსი დავწერე და ვთქვი, რომ საზოგადოება მართალია და ეს ოპოზიციამ უნდა გავიაზროთ.
_ ეს რას ნიშნავს?
_ მართალია, ხელისუფლება შეცდომებს უშვებს და მოქალაქეებს ყოველდღიურად აბრაზებს, მაგრამ ხალხს ოპოზიცია უფრო მეტად უშლის ნერვებს.
_ რატომ?
_ პრობლემა ან ხელისუფლებაშია, ან _ ხალხში, ან ოპოზიციაში. რაც უნდა ვთქვათ, პრობლემა ხალხშიაო, ხალხი ისეთია, როგორიც არის და რაღაც საკითხებს ისე უყურებს, როგორც უყურებს. ხალხს შეიძლება, ყველაფერში არ ვეთანხმები, მაგრამ მისი რაღაც თვალსაზრისით მესმის, ანუ ოპოზიცია დამაჯერებლად და შეთანხმებულად არ გამოიყურება.
_ უფრო კონკრეტულად?
_ ოპოზიციის ბოლო ნაბიჯები, განსაკუთრებით საერთო მაჟორიტარებზე დაწყებული საუბარი და ვერშეთანხმება, ადამიანებზე ნეგატიურად მოქმედებს და ნელ-ნელა ოპოზიციის იმედს კარგავენ. ამიტომ ყველაფერ ამას ოპოზიციამ ძალიან რაციონალურად უნდა შეხედოს და ის ინტერესები, _ პარტიული სიით რამდენს შევიყვან, მაჟორიტარები სხვისი რომ იყოს, _ გვერდით უნდა გადადოს.
ერთი სიტყვით, ადამიანებს იმის შიში არ უნდა ჰქონდეთ, რომ ხელისუფლებაში ისევ ერთი პარტია ერთპიროვნულად მოდის. ვინმე მოგვწონს თუ არა, ოპოზიციაში ყველა ერთადაა და ერთმანეთს აბალანსებს, ანუ ხალხში, აი, სწორედ ეს განცდა უნდა გავაჩინოთ, მაგრამ მაჟორიტარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით, ამის საწინააღმდეგო პროცესი მიდის და რეიტინგებზე გაბრაზება, ჩემი აზრით, აბსურდია!
_ ისე, იაგო, შეიძლება, ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ოპოზიცია იმისთვის კი არ იბრძვის, რომ არჩევნებში „ოცნება“ დამარცხდეს, არამედ ერთმანეთს, მინიმუმ, იმისთვის ებრძვის, თუ რომელი პარტია გავა მეორე ადგილზე.
_ ასეთი განცდა მეც მიჩნდება და საქართველოს მოსახლეობასაც. ამიტომ თქვენც და მოსახლეობაც, რომელსაც ასეთი განცდა აქვს, მტყუანი არაა და მგონია, რომ ოპოზიციამ ამას ისე უნდა შეხედოს, როგორც პრობლემას და თუ გაძლიერება უნდა, ეს პრობლემა უნდა აღმოფხვრას.
იცით, პრობლემა რა არის?
_ რა?
_ ჩემი აზრით, ოპოზიციაში არჩევნების მოგების ჟინი არ იგრძნობა.
_ ოპოზიციას გამარჯვების ჟინი რატომ არ აქვს?
_ ნაწილს არ სჯერა, რომ ხელისუფლებაში მოვა, ნაწილს კი, ანუ მას, ვისაც ამის სჯერა, უნდა, რომ ხელისუფლებაში მარტო მოვიდეს, რათა არავინ შეუშალოს ხელი, მაგრამ ეს ხალხის შეკვეთა არ არის. ხალხი გვეუბნება, მარტო არც ერთი მინდიხართ, რადგან აქამდე ყველამ რაღაცაში გადაგვაგდეთ, ამიტომ ერთად დადექითო.
_ ოპოზიცია ჭრელია. ჰოდა, რომელ ფრთას არ სჯერა გამარჯვების ან რომელს უნდა, რომ ხელისუფლებაში მარტო მოვიდეს, უფრო სწორად, ამ ორიდან „გირჩის“ არჩევანი რომელია?
_ ოპოზიციას სჯერა, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი მაშინ აქვს, თუ შეთანხმდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ საქართველო როგორი უნდა იყოს. მგონია, რომ მე საღ აზრზე ვარ, ანუ ის, რაც ჩემთვის მისაღები არაა, არც სხვებს უნდა შევთავაზო.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ თუ ჩემთვის რაღაც მისაღები გულწრფელად იქნება, ამას ჩემს ამომრჩევლებს შევთავაზებ და სხვებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
_ ყველაფერი ეს იმას ნიშნავს თუ არა, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი პროპორციული სიით უნდა გამოვიდეს?
_ ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, როგორი ქვეყანა გვინდა, ყველაფერი დანარჩენი კი ტექნიკური საკითხია. ისე, სიმართლე გითხრათ, ერთიანი სიის იდეა არ მომწონს.
_ რატომ?
_ ერთპროცენტიანი პროპორციული არჩევნებია და ხმების დაკარგვის საშიშროება, პრაქტიკულად, არ დგას.
იმ დროს, როცა მაჟორიტარობის კანდიდატების 95% ერთი პარტიიდანაა, როგორ შეიძლება, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ხალხი დაარწმუნოს, რომ მეორე ოპოზიციურ პარტიასთან კომპრომისზე წავიდა? ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანები ბრიყვები არიან.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია რატომ ვერ თანხმდება, „ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, როგორი ქვეყანა უნდა ააშენოს?
_ ეს მარტივი არ არის.
_ რატომ?
_ ჩვენ პოლიტიკური გამოცდილება არ გაგვაჩნია.
_ რას გულისხმობთ?
_ ბოლოს და ბოლოს, ოპოზიცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ერთმანეთს არ ელაპარაკებოდა, ანუ, მინიმუმ, 20 წელია, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ ყოფილა და ყველაფერი იმის მიხედვით ხდებოდა, რაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდოდა. ე. ი., გადაწყვეტილებები პოლიტიკური კომპრომისებით კი არა, ერთპარტიულად მიიღებოდა.
აქედან გამომდინარე, ქართველ პოლიტიკოსებს პოლიტიკა ერთმანეთთან ლაპარაკი კი არა, სიტყვით გამოსვლა გვგონია. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ სიტყვით გამოსვლას თავი დავანებოთ და ერთმანეთთან ლაპარაკი ვისწავლოთ!
როგორც კი ამას ვისწავლით, ოპოზიცია მაშინვე გაძლიერდება, მაგრამ თუ ამას ვერ ვისწავლით, ოპოზიცია უნდა შეიცვალოს და ახალი გამოჩნდეს!
მოკლედ, მინდა, რომ მან, ვინც ლიდერია, ილიდეროს და ყველაფერი ოპოზიციის გაყოფისთვის კი არა, გამთლიანებისთვის გააკეთოს, ანუ თუ იტყვი, არავისთან ვთანამშრომლობ და ყველა მაჟორიტარი მე უნდა მყავდესო, ამით ოპოზიცია დასუსტდება და ეს შენი პასუხისმგებლობაც იქნება!
აი, მაგალითად, „ლელოს“ მესამე ძალის პრეტენზია აქვს, მაგრამ ოპოზიციასთან არ ლაპარაკობს, ანუ მესამეძალობა გინდა და ამ დროს ადამიანებს არ ეუბნები, თუ ხელისუფლებაში მოხვალ, ქვეყანა როგორი იქნება.
_ თვეების განმავლობაში ოპოზიცია ლეიბორისტების ოფისში ერთი მაგიდის გარშემო იჯდა, მაგრამ, იაგო, თქვენი საუბრიდან გამომდინარე ეს შეკრებები შეკრებებისთვის იყო და ოპოზიციამ ერთმანეთთან ლაპარაკი მაინც ვერ ისწავლა, არა?
_ ის სხვა რამე იყო.
_ რას გულისხმობთ?
_ იქ საუბარი პროპორციულ არჩევნებზე იყო, რაზედაც შევთანხმდით და პროპორციული არჩევნები მივიღეთ.
მეორე თემა მაჟორიტარებზე შეთანხმება გახლდათ, რაც წარმატებული ექვს კანდიდატზე აღმოჩნდა.
_ სხვათა შორის, ე. წ. გაერთიანებული ოპოზიცია მხოლოდ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმდა, თან აქაც კანდიდატების უმეტესობა ორი პარტიიდანაა.
_ დიახ, იმის ნაცვლად, რომ ერთიანობა ყოფილიყო და ალეკო ელისაშვილი თუ იგივე „ლელო“ ოპოზიციურ ერთობას შეერთებოდა, ვიღაცები ოპოზიციურ ფრონტზე ერთმანეთს აკრიტიკებენ, რაც არ მომწონს.
_ იქნებ, ოპოზიციონერები ერთმანეთს იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ვიღაცები „ოცნების“ სატელიტები არიან და ოპოზიციონერობას, უბრალოდ, თამაშობენ? სხვათა შორის, ხელისუფლებიდან მართული ოპოზიციის ცნება ქართული პოლიტიკისთვის, როგორც იტყვიან, უცხო ხილი ნამდვილად არაა…
_ მას, ვისაც ხელისუფლების სატელიტობა უდასტურდება, უნდა დაუდასტურდეს კიდეც, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი, რომელთაც სატელიტობა არ უდასტურდებათ, საერთო ოპოზიციურ თამაშში ჩაერთონ. საერთო ოპოზიციური თამაში კი იმას ნიშნავს, რომ ყველას, განსაკუთრებით მას, ვისაც ყველაზე მეტი ხმა აქვს, ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოჰყვება და შესაბამისად, გამაერთიანებელი უნდა იყოს!
ერთი სიტყვით, ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების მიმართ მთელი რიგი შენიშვნები მაქვს და თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ, ადამიანებს უნდა ვაჩვენოთ, რომ პროცესი მიმდინარეობს.
_ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო _ სამთვე-ნახევარია დარჩენელი და ოპოზიცია ხალხის განწყობების შეცვლას მოახერხებს?
_ ვიღაცას აზრის გადმოსაცემად მეტი დრო სჭირდება, ვიღაც კი ამას ნაკლებ დროში ახერხებს. მთავარია, ოპოზიციამ სათქმელი ერთობლივად თქვას და ამას ადამიანები უფრო ადრე დაიჯერებენ, მით უმეტეს, თუ ეს სათქმელი გულწრფელი იქნება!
დღეს ოპოზიცია, რეალურად, იმაზე ზრუნავს, პარლამენტში მაჟორიტარობის რომელი კანდიდატი გავა. ეს კი ხალხს არ აინტერესებს.
_ აბა, ხალხს რა აინტერესებს?
_ ოპოზიციას კომპრომისზე წასვლა და რამეზე შეთანხმება შეუძლია თუ არა. აი, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი.
_ ბოლოს, იაგო, „გირჩის“ ინოვაციურ იდეაზე უნდა გკითხოთ: მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პარტია არაორდინალურობით გამოირჩევა, ახალი ინიციატივა მაინც უცნაურად მომეჩვენა, ანუ ადამიანებს მოუწოდებთ, რომ არჩევნებზე წავიდნენ და… „ტესლა“ მოიგონ. ე. ი., „გირჩი“ ფიქრობს, რომ „ტესლას“ ხათრით არჩევნების დღეს ამომრჩევლის აქტიურობა გაიზრდება?
_ გვინდა, რომ ამომრჩეველი წავახალისოთ.
_ იმას, რასაც თქვენ წახალისებას ეძახით, ვიღაცამ შესაძლოა, საარჩევნო მოსყიდვად მიიჩნიოს.
_ ამას სწორედ მოსყიდვის საწინააღმდეგოდ ვაკეთებთ.
_ ეს როგორ?
_ ვიცით, რომ არჩევნებზე, უმეტესად, ისინი დადიან, რომლებიც სხვადასხვა პარტიისგან 20-30 ლარს იღებენ, ანუ ეს პარტიული აქტივია. ჩვენ კი გვინდა, რომ არჩევნებზე ის ახალი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც არჩევნებზე აქამდე საერთოდ არ ყოფილან და ვერც ხვდებოდნენ, რისთვის უნდა მოსულიყვნენ.
არჩევნებზე, პროცენტულად თუ გადავხედავთ, უმეტესად, ხანში შესული ადამიანები დადიან ხოლმე. ვინმეს საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ გვინდა, რომ არჩევნებზე ახალგაზრდების ინტერესებიც იყოს, ანუ პოლიტიკური დაპირებები საინტერესო მხოლოდ ხანში შესულებისთვისაა ხოლმე, ახალგაზრდები კი, პრაქტიკულად, სათანადო წარმომადგენლობის გარეშე რჩებიან. ეს კი ამ ქვეყანაზე, საბოლოო ჯამში, ცუდად მოქმედებს.
ერთი სიტყვით, გვინდა, რომ ახალგაზრდები წავახალისოთ და ვფქირობთ, ამ იდეით ცესკო-ს ვეხმარებით, ანუ ეს არჩევნებზე მისვლის პოპულარიზაციაა. ამას წინათ, ხელისუფლება და ოპოზიცია იხილავდა, რომ ადამიანები არჩევნებზე ძალით მიიყვანონ. ჰოდა, თუ ამაზეა საუბარი, „ტესლაზე“ უკეთესი წახალისება რაღა უნდა იყოს? ეს ერთადერთი კი არა, ერთ-ერთი კარგი სვლაა, რომელსაც, ჩემი აზრით, შედეგი ექნება.
გიორგი აბაშიძე