იაგო ხვიჩია: „სპეცოპერაციებს იგონებენ მნიშვნელოვანი თემების უმნიშვნელო თემებით გადასაფარად“

ირინა მაკარიძე

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოაშკარავებული ინფორმაცით, ნარკოტიკების რეალიზაციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, ეს ნარკოტიკები ხშირად პირველივე მოხმარებისას იწვევს დამოკიდებულებას და ზოგ შემთხვევაში _ სიკვდილს. 

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორ თვეში ნარკოდანაშაულისთვის 270 პირი დააკავეს, მათ შორის, 27 ნარკორეალიზატორი. ჩატარებული სპეცოპერაციების, მკვლელი ნარკოტიკებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია: 

_ ჩემი აზრით, ეს არის „კუდიანებზე ნადირობა“, სადაც შენ შეგიძლია მოსახლეობის გულის გასახარად, ვითომ რამე საქმეს აკეთებ, დაიჭირო ნებისმიერი რაოდენობის ადამიანი, მერე გამოუშვა და მერე ისევ დაიჭირო. 270 ადამიანს თუ იჭერს ყოველწლიურად ან ყოველთვიურად, ამდენი ადამიანი ხომ არ არის გამსაღებელი ან ა. შ.? შესაბამისად, ჩემი აზრით, ამ ყველაფერს აქვს შინაარსი, რომ მოსახლეობის გული მოიგონ და მნიშვნელოვანი თემები გადაფარონ უმნიშვნელო თემებით. ამიტომ იგონებენ სპეცოპერაციებს. მთელი ფონიჭალა, მაგალითად, რამდენჯერ იქნება დაჭერილი? ამდენი ხალხი, რამდენ სპეცოპერაციასაც ფონიჭალაში ატარებენ, რეალურად, იმ სოფელში არ ცხოვრობს. შესაბამისად, როდესაც რაღაც თემების გადაფარვაა საჭირო ან შსს-ს გააკრიტიკებს ვინმე, გამოჩნდება, რომ რაღაც ნარკოტიკი გავრცელდა, ჩვეულებრივად იწყება ოპერაციას, იჭერენ ვიღაცას, მერე გამოუშვებენ, მერე ისევ დაიჭერენ და ჩვეულებრივად, ეს არის ამბავი იმისთვის, რომ საზოგადოების კრიტიკის თემები გადააგორონ.

_ ეს საკითხი გაააქტიურა კლუბში 19 წლის გოგონას დაღუპვის ფაქტმა, რის შემდეგაც საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა, რომ კლუბურ ნარკოტიკებს ურევენ ძლიერმოქმედ ნივთიერებას, რაც იწვევს მძიმე შედეგებს: დამოკიდებულებას ან უეცარ სიკვდილს. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გამოგონილი თემებია? შს მინისტრმა, გომელაურმაც აღნიშნა, რომ წელიწადში ზედოზირების 30-დან 40 შემთხვევამდეა. ეს არ არის აქტუალური? 

_ მე ხომ არ მითქვამს, რომ ეს არ არის აქტუალური? მე ვთქვი, რომ ეს გამოგონილი თემაა. ზოგადად, სახელმწიფოს რომ არ აეკრძალა ნარკოტიკი, რომ არ დასჭირვებოდათ ადამიანებს შავ ბაზარზე ამის ყიდვა, მათ რომ სცოდნოდათ, რა ნარკოტიკს ღებულობენ სინამდვილეში, რომ ფიზიკურად ეს ყველაფერი აკრძალვებისა და დევნის თემა კი არ იყოს, არამედ ცივილიზებული ურთიერთობის, როდესაც ადამიანმა იცის, რა ნარკოტიკს ღებულიობს, ეს შედეგი ხომ არ დადგებოდა? ჩვენი ასეთი წესრიგი არის ამ ადამიანების მკვლელი და არა ნარკოტიკი. ნარკოტიკი არ კლავს, თუ შენ იცი, რა დოზას ღებულობ, რა ნარკოტიკს. სინამდვილეში, კლავს ის, რომ დასდევ ადამიანებს ნარკოტიკის გამო, დასდევ ამ ურთიერთობის ყველა მონაწილეს. აქ ამის შედეგად კაცმა არ იცის, ადამიანები რა ნარკოტიკს ღებულობენ. თუ ადამიანი კვდება, ეს ამ წესრიგის ბრალია, მან არ იცოდა, რას ღებულობდა, იმიტომ რომ შენ არ მიეცი ამის საშუალება.  ჩვენი ნარკოპოლიტიკის ამოცანა სინამშვილეში ის არ არის, რომ ცოტა ადამიანი დაიღუპოს. ამ ნარკოპოლიტიკის ამოცანა რის, რომ ცოტა ნარკოტიკი მოიხმაროს ხალხმა. როდესაც ასეთ წესრიგს უშვებ, რომ მთავარი პრიორიოტეტი არის არა ადამიანის სიცოცხლე, არამედ ცოტა ნარკოტიკის მოხმარება, მაშინ შენ უშვებ, რომ ადამიანები მოიხმარენ ყველაფერს, რასაც ნარკოტიკად მიჰყიდიან. ეს გოგო ნარკოტიკს კი არ მოუკლავს, ეს გოგო უცოდინარობამ მოკლა, იმან, რომ არ იცოდა, რას ღებულობდა. შესაბამისად, ნებისმიერი ეს ღონისძიება, რომელიც ვითომ ამ გოგოს წინააღმდეგ და მის დემონიზებას ემსახურება, არის თავის მართლება. საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებენ, რომ ადამიანი მოკლეს?  არადა, სისტემამ მოკლა ეს ადამიანი, ისევე, როგორც სხვა ადამიანები, რომლებიც გარდაიცვლებიან ზედოზირების გამო, იმიტომ, რომ არ იციან, რა ნარკოტიკს ღებულობენ. არ იციან იმიტომ, რომ არაცივილიზებულ ფარგლებში ხდება ყველაფერი. სინამდვილეში, ყველა მათგანი არის სახელმწიფო სისტემის მსხვერპლი.

_ გასაგებია თქვენი ლოგიკა, რომ ეს თუ იქნება ლეგალური, როგორც მაგალითად სხვა პროდუქტებს ვყიდულობთ მაღაზიაში, ისე ვიყიდოთ და ვიცოდეთ მისი შემადგენლობა, მაგრამ ეს რეალობა ჩვენ ახლა არ გვაქვს. ახლა რეალობა არის ის, რომ ადამიანები ხშირად ინტერნეტით  ყიდულობენ ისეთ რამეს, რისი შემადგენლობაც თვითონ არ იციან. შსს-ს წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ინტერნეტში უკონტროლო სიცრცეში რეალიზდება ნარკოტიკი. ამის შესახებ რას იტყვით?

_ ეს იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს არცერთი ლეგალური გზა. როცა არცერთი ლეგალური გზა არ არსებობს, ამ  არხებს ყოველთვის აკონტროლებს სისტემა, იქნება ეს პოლიციის მეშვეობით თუ თავისი ნარკოგამყიდველების მეშვეობით, შესაბამისად, ადამიანებმა არ იციან, რასაც ყიდულობენ, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არსად არის ხელმისაწვდომი. შეუძლებელია, ეს ვინმემ იცოდეს და დამოკიდებული ხარ ნარკოგამყიდველის კეთილსინდისიერებაზე. იმისთვის, რომ არ იყო დამოკიდებული ნარკოგამყიდველის კეთილსინდისიერებაზე, უნდა იყოს  ლეგალური გზები ნარკოტიკის შოვნის, ისე, როგორც ეს არსებობს ცივილიზებულ ქვეყნებში, _ წამალი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში, გამაყუჩებელი უნდა იყიდებოდეს აფთიაქში. ჩვენთან იმის გამო, რომ გამაყუჩებელს ყიდის ბარიგა დახლქვეშ და არა აფთიაქი და არა სამედიცინო დაწესებულება, მსხვერპლი არის უფრო მეტი. რომ წარმოვიდგინოთ, ანტიბიოტიკი იყიდებოდეს დახლქვეშ, უფრო მეტი მსხვერპლი ექნებოდა მას, ვიდრე ნარკოტიკს აქვს დღეს.

_ თქვენ რას იტყვით, არსებობს უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც არ იწვევს ზიანს, დამოკიდებულებას, კრიმინალს? ის, რომ ნარკოტიკი იყიდებოდეს ლეგალურად, ეს არ შექმნის პრობლემას?

_ ღვინოც ხომ ქმნის პრობლემას, დამოკიდებულებას? ლოთების გამო მეღვინეს ხომ არ ვაგინებთ? ან დაჭერას ხომ არ ვუპირებთ? ამ შემთხვევაში, ვინაიდან მეღვინე ოფიციალურად არ არსებობს, არავინ არის პასუხისმგებელი პროდუქტზე, რომელსაც შენ ღებულობ, რადგან ეს ყველაფერი დამალულია. ნაცვლად იმისა, რომ სუფთა წვენი დაწუროს, ვიღაც რაღაცებს ურევს, რომელსაც მოყვება ცუდი შედეგები. ჩვენ ამ ცუდ შედეგებს ვაბრალებთ მეღვინეს. ის როგორაა დამნაშავე, როდესაც შენ, სახელმწიფომ აკრძალე ამის ოფიციალურად, შემოწმებულად მიღება? შენ თვითონ გაქვს მოწყობილი ის გარემო, როდესაც ადამიანებმა არ იციან, რას ღებულობენ, ამით სარგებლობს ვიღაც არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რასაც მოყვება უბედური შედეგები.

_ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, რომ ტელეგრამარხებით ხდება ამ ნარკოტიკის შეძენა და ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან ამის ორგანიზებაში ჩართული, ამის შესახებ რას იტყვით? თქვენ გაქვთ შეხება საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან. თქვენთვის თუ გამხდარა ცნობილი მსგავსი ფაქტების შესახებ, რომ ასეთი არალეგალური გზით შეძენილი და, ხშირ შემთხვევაში, ფალსიფიცირებული ნარკოტიკი იწვევს ჰალუცინაციას, უეცარ სიკვდილს?

_ ქალბატონო, მე გამისინჯავს ნარკოტიკი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციას, ეს გვერდითი ეფექტი კი არ არის, ეს არის ნარკოტიკის ეფექტი. უბრალოდ, თქვენ თუ წარმოგიდგენიათ, რას სინჯავთ, იცით, რა ეფექტი მოყვება. ჰალუცინოგენი ნარკოტიკები არსებობს, რომელსაც სხვა შედეგები აქვს, ხშირ შემთხვევაში სამკურნალოდ იყენებენ. ნარკოტიკებზე როდესაც ვსაუბრობთ, რომ ის არის საშიში, ადამიანის მკვლელი, შხამი, მაშინ ჩვენ ვერასოდეს მივალთ ვერანაირ შედეგამდე. ვერც ნარკოტიკების შესახებ გავიგებთ ვერაფერს და ვერც  მისი მსხვერპლების შესახებ.

_ ამ რეალობაში, რომ ფალსიფიცირებული ნარკოტიკების ან ზედოზირების შედეგად ხშირად ადამიანები იღუპებიან ან ხდებიან დამოკიდებულები ამაზე, რას ეტყვით ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენი სჯერათ და ნდობით ეკიდებიან თქვენს სიტყვას?

_ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ ყველაფერი, რაც თქვენს თავს ხდება, რა გარემოშიც თქვენ ცხოვრობთ, არის თქვენი სახელმწიფოს ბრალი. თქვენი სახელმწიფო გაგდებთ საფრთხეში იმის გამო, რომ არ გეუბნებათ, რა ნარკოტიკი იყიდება. ნაცვლად იმისა, რომ რამე გასწავლონ ან გიმკურნალონ, გიჭერენ და ციხეში გაგდებენ. ზოგადად, მთავარი ბოროტმოქმედი არის მთავრობა, სახელმწიფო, პოლიციელი, რომელიც დასდევს უდანაშაულო ადამიანებს. ის ხალხი კი, ვინც ამ ყველაფრის შედეგად გარდაიცვალა, არის სახელმწიფოს მსხვერპლი. მომავალში, როდესაც მივხვდებით, რა გიჟური ნარკოპოლიტიკა  გვქონდა, ამ მსხვერპლს და მათი ოჯახის  წევრებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, რომ არ ვიცოდით, რას ჩავდიოდით.

_ მარიხუანასთან დაკავშირებით რას იტყვით, არსებობს მოსაზრება, რომ ის მსუბუქი ნარკოტიკია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ახლა ბაზარზე არის მხოლოდ  სინთეზური სახით, რომელიც ასევე იწვევს დამოკიდებულებას და ზიანს.

_ მარიხუანა ისეთივე მავნებელია, როგორიც შეიძლება იყოს ყავა, რომელსაც შეიძლება ყველა იგივე სიმპტომი ჰქონდეს, რაც მარიხუანას, მაგრამ ჩვენ როდესაც ვსვამთ ყავას, პირველ რიგში, მისი მავნებლობა ხომ არ გვახსენდება? რაღაც სხვა გვახსენდება. ყავაც იწვევს შეჩვევას, თუ არ მიიღებ მაშინ, როდესაც შეჩვეული ხარ, ცუდ ხასიათზე იქნები. მარიხუანას „ლომკაში“ ჩარჩენილ კაცს ამის გამო ოჯახი გაეყიდა, არ მახსოვს. საფრთხედ შეიძლება წარმოვიდგიოთ ნებისმიერი რამე, მაგალითად, შუშა. შუშით ადამიანი  შეიძლება დაზიანდეს, გამოვუცხადოთ მაშინ ბრძოლა. საფრთხედ მიიჩნევდნენ ჩინეთში, მაგალითად, ბეღურებს, დასდევდნენ და ხოცავდნენ. ჩვენ ასე დავსდევთ მარიხუანას და მის მომხმარებლებს, როგორც ჩინეთში _ ბეღურებს. მას შემდეგ, რაც მარიხუანა ლეგალიზებული გახდა ქვეყანაში, ბიოთი გარდაცვალებები შეწყდა. თქვენ ვერ მომიყვანთ ერთ მაგალითს, რომ ადამიანმა  მარიხუანა მოწია და გარდაიცვალა, სამყაროში ასეთი არ არსებობს. სიგარეტთან რომ ადამიანს მშვიდი დამოკიდებულება აქვს და ებრძვის მარიხუანას, მე მგონი. არ არის ეს მთლად ჯანმრთელი.

რაც შეეხება ამ დაჭერებს, ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებში მიიღოს ხმები, ამიტომ ისინი ნებისმიერ ადამიანს დაიჭერენ და ციხეში გამოკეტავენ, რომელიც საჭიროა ამათთვის არჩევნების მოსაგებად, მაგრამ საზოგადოება, მედია არ უნდა ავყვეთ ამ სიგიჟეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ნარკოტიკებით გარდაცვალების ყველა შემთხვევაში დამნაშავე არის სახელმწიფო და ყველა მისი წარმომადგენელი, ვინც ამაზე პასუხისმგებელია.