თსუ ნელი მოქმედების ნაღმზე ზის!

სკანდალური ფაქტები და პროფესურის წერილი განათლების ახალ მინისტრს

ჯავახიშვილის უნივერსიტეტი ნაღმზე ზის!

„ქრონიკა+“ იწყებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, რომელიც ამჯერად არა სტუდენტობის პროტესტისა და დაუმორჩილებლობის აქციებს, არამედ ბევრად ღრმა პრობლემას ეხება.
„ჯავახიშვილი“ _ ქართული განათლების ეს მექა დღეს ნაღმზე ზის, რომელიც როდის გასკდება, არავინ იცის.

„ქრონიკა+“-თან საუბრობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი _ ცირა ბარამიძე:
_ უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია და ვაკუუმს ვერ იგუებს. მე არ ვარ არასტაბილურობის მომხრე, მაგრამ ვერც სტაგნაციის მომხრე ვიქნები. მთავარია, უნივერსიტეტის მომავლისთვის იმის გაანალიზება, როგორ მოვედით აქამდე. თუ ჩვენ უნივერსიტეტის წესდებების დინამიკას გადავხედავთ, მოყოლებული 1918 წლიდან დღემდე, ლოგიკური დასკვნა იმგვარი იქნება, რომ დღეს განსახილველი წესდება, ისევე როგორც გზაში მყოფი კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ, რეტროგრადულია.
_ რეგრესიულობას გულისხმობთ?
_ იმას ვგულისხმობ, რომ ეს არის უკუსვლა. ჩვენ, უნივერსიტეტის მართვის ორგანოები, ხომ არც წესდებისა და არც კანონპროექტის შექმნის პროცესში, ჩვენივე უნიათობით, მონაწილეობას ვერ ვიღებთ. ჩვენ მხოლოდ დათანხმება გვევალება.
_ რატომ ვერ იღებთ მონაწილეობას?
_ უნივერსიტეტი 1918 წელს შეიქმნა, როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია. მაგრამ საბჭოთა წყობის დამყარებისთანავე მას დამოუკიდებლობა წაართვეს და რა მოუვიდა იმ ახალგაზრდა სახელმწიფოს, აკვნიდანაც რომ ვერ გადმოდგა ფეხი, ეს ისტორიის გაკვეთილებიდანაც გვახსოვს. მხოლოდ 2011 წელს შევძელით, თუ შეგვაძლებინეს, დამოუკიდებლობის ნაწილობრივი განხორციელება და იმედი გაჩნდა იმისა, რომ საბოლოო ავტონომიურობასაც ვეღირსებოდით საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 23 წლის შემდეგ.
_ სხვათა შორის, ყველას გაუკვირდა მიხეილ სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება, უნივერსიტეტისთვის ავტონომია დაებრუნებინა.
_ სამაგიეროდ, საბჭოთა „მახინა“ ჩვენს ცნობიერებაში არ დანგრეულა და წითელ ზონას ვერ გავცდით. 2011 წლის წესდებაში ხარვეზი იყო, რომელსაც მე მაშინვე ვაპროტესდებდი, მაგრამ უშედეგოდ. ამ უშედეგობამ უარყოფითი შედეგი გამოიღო _ ისევ სსიპ-ს ვუბრუნდებით. ხელისუფლებამ ერთი ხელით თავისუფლება მოგვცა, _ წარმომადგენლობითი საბჭო, მეორით კი ლაგამი ამოგვდო რეგენტთა საბჭოს სახით. თუმცა იქვე, იმავე მუხლის მე-6 პუნქტში ჩადო შესაძლებლობა _ საკუთარი თავის პატრონები გავმხდარიყავით და ნამდვილი საუნივერსიტეტო იდეა განგვეხორციელებინა, განგვეკარგა ჩვენი მწირი ბიუჯეტი და ღატაკი ქონება უნივერსიტეტის განვითარების ფონდის შექმნით. ჩვენ ეს შანსიც ვერ გამოვიყენეთ და მეტიც: წესდებაში 70-ე მუხლი დავტოვეთ, რომლის მიხედვითაც განვსაზღვრეთ, ვის ვანიჭებდით ჩვენი რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებას.
_ და ვის აქვს, მაგალითად, უნივერსიტეტის ლიკვიდაციის უფლება?
_ კანონმდებლობა ა(ა)იპის შესახებ მოითხოვს, რომ დაწესებულების წესდებაში ჩაიწეროს, თუ როგორ უნდა მოახდინო რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ჩვენ ამაზე ზრუნვა არ დაგვჭირვებია, გამზადებული მოგვივიდა ეს მუხლიც და არც შევხებივართ, ისე დავტოვეთ. ეს ყოველივე ემსახურებოდა ერთ მიზანს _ პროფესურა ყოფილიყო მოტყუებული და გაჩუმებული. აი, შეიქმნა ა(ა)იპი და სხვა რაღა გვინდოდა? სინამდვილეში, ეს მუხლი სახელმწიფოსთვის პოლიტიკური ხასიათის ბერკეტი იყო, მაგალითად, არჩევნები ზოგადად და უნივერსიტეტში, რადგანაც სახელმწიფოსთვის უნივერსიტეტი არის ძალა. ძველ, ანუ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფალს ამის გამოყენება უკვე აღარ სჭირდებოდა, რადგან დრო ეწურებოდა. შესაბამისად, სააკაშვილის ხელისუფლებამ ა(ა)იპი მოგვცა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე ცხრაწლიანი მმართველობიდან.
_ და რატომ 2011 წელს? მანამდე რატომ ვერ გამოიმეტა?!
_ ადრე იმიტომ ვერ გამოიმეტა, რომ უნივერსიტეტი თავის პოლიტიკურ ბერკეტად უნდა დაელაგებინა. ამის დალაგება მოახერხა და განცდა გაუქრა, რომ უნივერსიტეტი ა(ა)იპის შემთხვევაშიც აღარ იქნებოდა საშიში. ამიტომ შექმნა მოტივაცია და იმიტაცია, რომ უნივერსიტეტი დამოუკიდებელი გამხდარიყო. არც მაშინ ყოფილა ინიციატივა ქვემოდან, ეს იყო წყალობა ზემოდან.
_ ქალბატონო ცირა, ეს ხომ კარგიც იყო _ სრული თუ არა, ნაწილობრივი ავტონომია თითქმის 100 წლის შემდეგ?
_ თითქოს იყო პროგრესი, მაგრამ ნაწილობრივი, რომელიც მდგრადი ვერ იქნებოდა. დღევანდელი დღე დასტურია, რომ ასეც აღმოჩნდა სწორედ 70-ე მუხლის მეშვეობით. ეს მუხლი ოქროს რეზერვი იყო, რომელიც ხელისუფლებას საჭიროებისამებრ უნდა აემუშავებინა. ეს რეზერვიც სათავისოდ ჰქონდა მიჩნეული, მაგრამ ვერ გათვალა, რომ პოლიტიკური ძალა შეუცვლელი არ იყო, არ მოელოდა, მაგრამ მოხდა ის, რაც ოქტომბერში მოხდა, _ „ქართული ოცნება“ მოვიდა. თუმცა მანამდე უკვე გაზრდილი იყო მთავრობისა და პრემიერის უფლებები. ახალ ხელისუფალს გამზადებული დახვდა სამართლებრივი საფუძვლები უნივერსიტეტის ისეთ ახალ რელსებზე გადასაყვანად, რომელიც მისთვის მისაღებია უნივერსიტეტში ახალი წესრიგის დასამყარებლად.
_ მსოფლიო ახალი წესრიგი გაგვიგია. „ჯავახიშვილში“ ახალი წესრიგი რას ნიშნავს?
_ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსული ახალი ხელისუფლებისთვის უნივერსიტეტი არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით სანდო არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ მათგანვე ინიცირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დღის წესრიგში დააყენა რექტორის ვადამდელი არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში წინასწარ იყო ყველაფერი გათვლილი და, ერთი მხრივ, თითქოს საფრთხე აღარ არსებობდა, ხელისუფალმა თავის დაზღვევის მიზნით გამოსცა მოტივაციისა და ინიციატივის გარეშე რეტროგრადული ნორმატიული აქტი _ 187-ე დადგენილება. ახლა აგიხსნით, რას ნიშნავდა ეს დადგენილება: თუ უნივერსიტეტის რექტორი არ გახდებოდა ხელისუფლებისთვის მისაღები პირი, ის მაინც უნდა დამდგარიყო რეორგანიზაციის ფაქტის წინაშე. შედეგად, სიტუაცია სამართლებრივ ჩიხში შევიდა. 2013 წელს უნივერსიტეტს ჩამოართვეს სააკაშვილის მიერ ბოძებული ავტონომია და გვიწყალობეს სსიპი. თუმცა უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ხელისუფლებამ იმავე 70-ე მუხლით ლიკვიდაციის უფლებაც რომ არ გამოიყენა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მასაც უდრტვინველად მივიღებდით.
_ ეს ყველაფერი რას ნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ გამოცემულ დადგენილებაში არსებობს მუხლი, რითაც უნივერსიტეტის ლიკვიდაციაც არის შესაძლებელი?
_ უნივერსიტეტში არ არის თავისუფალი აკადემიური საზოგადოება, ამიტომ პროტესტი არც იყო მოსალოდნელი. უნივერსიტეტში სტუდენტობაც პოლიტიკურადაა პოლარიზებული. ესეც მომაკვდინებელია, რადგან ეწინააღმდეგება საუნივერსიტეტო იდეას, სამოქალაქო ინსტიტუციას, პროგრესს. უნივერსიტეტი ნებისმიერი ხელისუფლისთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია და მეტი არაფერი. ჩვენ თითქოს გავიარეთ არასრული მეტამორფოზი და სრულ მეტამორფოზში გადავედით. ოღონდ ახლა ჭუპრის, ანუ მოსვენების განსაკუთრებული შუალედური სტადიის ფორმაში ვართ. არ ვიცი, როდემდე, ძნელია პროგნოზი. ჩემსა და უფროს თაობას ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობა რომ უჭირს, ფაქტია. ჩვენ საბჭოთა ცნობიერების ტყვეობიდან ვერ გამოვალთ. ერთადერთი იმედი ხსნისა ახალგაზრდობაა და ამას ახლა მათთვის ვამბობ, ყურად იღონ, რათა უარი უთხრან პოლიტიკურ პოლარიზებას, შეცვალონ მომავალი _ შექმნან, მოიპოვონ უნივერსიტეტის ჭეშმარიტი და არა ფალსიფიცირებული ავტონომია. ეს იქნება ჩვენს ქვეყანაში ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ქვაკუთხედი. ეს სიტყვა და ყველაფერი, რაზეც გესაუბრეთ, 2013 წლის სექტემბრის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე წარმოვთქვი. ახლა კი თქვენი გაზეთის საშუალებით პირველად მივმართავთ განათლების ახალ მინისტრს. ჩემს წერილში ბევრი სკანდალური ფაქტია მოყვანილი. ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რითაც ახალმა მინისტრმა უნდა დაიწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კატასტროფა გარდაუვალია.

„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ მიმართვას განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრისადმი, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი, ცნობილი მეცნიერი, ცირა ბარამიძე და მის უკან მდგომი ქართველი პროფესურა აწერს ხელს.

„ათასი ჯურის რეიტინგია, რომელთა მიხედვით სადღაც ასეულებში ან ათასეულებში თუ აღმოვჩნდით, საქართველოს მეცნიერებს ტანში სიხარულის ჟრუანტელი გვივლის. არც ჩვენი უნივერსიტეტია გამონაკლისი ამ მარათონში. ხელმძღვანელობის მიზანია, დავეწიოთ ყველა წამყვან უნივერსიტეტს რეიტინგის სკალაზე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველა საშუალება ამართლებს აქ მიზანს. მით უმეტეს, თუ ამ მიზანს შეფარული ფსევდომიზანიც აქვს და თუ რეიტინგის „აკადემიური“ სახელით პოლიტიკურ კურდღელსაც დაიჭერს ზემდგომი. რა უნდა გქონდეს უნივერსიტეტის წარმატების საწინააღმდეგო? აბა, როგორ უნდა შეჰბედო ამ დიად მიზანს ნამდვილმა მეცნიერმა აუგი? რეიტინგისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, იზრდება პუბლიკაციების აქტივობისადმი მოთხოვნა, ამავდროულად, წლიდან წლამდე იზრდება პროფესორთა დატვირთვა (მოსაწვევი საათების შესაზღუდად), ხელფასი კი გაყინულია ინფლაციის რეკორდული მაჩვენებლების მიუხედავად. არც შიდა საფაკულტეტო სახელფასო დისკრიმინაციაა დაძლეული. ამგვარად, ჩვენ, პროფესორებს, მხოლოდ რეიტინგი გვეხება, ხელფასი და ამ რეიტინგისთვის პირობების უზრუნველყოფა რა ჩვენი სადარდებელია?
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წარმატების მთავარი ინდიკატორი მაღალრეიტინგულ და რეცენზირებად ჟურნალებში პუბლიკაციების რეიტინგული მაჩვენებლებია. არ ვდაობთ იმის შესახებ, რომ მიზანი პროგრესულია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევი საშუალებებია არასწორად შერჩეული. შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოებს ამ მიზნის მისაღწევ ერთადერთ ღონისძიებად _ აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად _ კარს მომდგარი (2018 წ.) კონკურსი ესახება. ტოტალური კონკურსის შედეგები უკვე იწვნია უნივერსიტეტმა და ძლივს გაიმართა წელში, ჩამოყალიბდა პროგრამები, გავლილი იყო ავტორიზაცია და აკრედიტაცია, პროფესურა, მიუხედავად სიძნელეებისა, ადაპტირდა ახალ მოთხოვნებზე, მათ შორის, პუბლიკაციების ინტერნაციონალიზაციაზე, უნივერსიტეტი უკვე არის რეიტინგული და წარმატებული. ამის მიუხედავად, ხარისხის სამსახურის მხრიდან ისმის ფრაზა: არის კი აქ პროფესურა? მე ვპასუხობ, _ დიახ, არის!
გაამართლა თუ არა მოძველებული, საბჭოთა სისტემიდან (უმაღლესი სასწავლებელი იყო სასწავლო დაწესეულება, კვლევითი ინსტიტუტები კი _ სამეცნიერო) ახალ, დასავლურ სისტემაზე (უნივერსიტეტი _ სასწავლო-სამეცნიერო) გადასვლამ, მსჯელობის საგანია.
თუ პროფესორ-მეცნიერთა რეიტინგულობაზე უნდა გვეზრუნა, პირველი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო პროფესორთა სააუდიტორიო საათების შემცირება, რათა მათი სამუშაო დრო წონასწორობით გადანაწილებულიყო სამეცნიერო კვლევებზე. დარგობრივ სასწავლო პროგრამებზე კი უნდა გაზრდილიყო აკადემიური თანამდებობების საშტატო განრიგები პროგრამის უზრუნველსაყოფად. არადა, პირიქით მოხდა. არსებული ხელფასისა და სასწავლო კომპონენტში საათების ზრდის ფონზე უნივერსიტეტის პროფესორთათვის, რეალურად, შემცირებულია სამეცნიერო სამუშაოსთვის გადასანაწილებელი დრო; ამავდროულად, პროფესურა ორიენტირებულია უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნებაზე, რაც საკმაოდ ძვირი ფასია და რისი უზრუნველყოფაც უნივერსიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის, ხოლო პროფესორის ხელფასი არის თუ არა ასეთი პუბლიკაციების უზრუნველყოფის გზა, ამაზე აღარაფერს ვიტყვი, ჩემს კოლეგებს რომ გული არ ვატკინო. ჩვენი უნივერსიტეტის სტატუსშეწყვეტილი დოქტორანტი სტუდენტი და, ამავდროულად, ყოფილი მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, უნივერსიტეტის პროფესორის ხელფასზე ორჯერ მეტს ხომ მაინც იღებდა, მეტს თუ არა? ამ პირობებში პროფესორის საქმიანობის პროპორცია 40+40+20 (სასწავლო+სამეცნიერო+სერვისი) აზრს კარგავს, რეიტინგული მარათონის ციებ-ცხელება კი რა გზას არ აძებნინებს პროფესურას; მაგალითად, საბუნებისმეტყველო დარგში სტატია რეიტინგულ ჟურნალში 2500 $-ია, გამოსავლის ძებნაში ერთ სტატიას ზოგჯერ 8 ავტორი (თანხა რომ გაინაწილონ) ჰყავს, ან ისეთ ჟურნალშია დაბეჭდილი, რომ არც არავინ გაიცხელებს თავს მისი კითხვით და, შესაბამისად, დამოწმებით. ამგვარად, რეიტინგი არც ზუსტად ასახავს ჭეშმარიტებას და ზოგჯერ მახინჯ ფორმასაც იღებს. ასეთი შედეგებით კი შეიძლება ან მოვიწონოთ თავი, ან უნივერსიტეტსა და, საერთოდ, სამეცნიერო სივრცეს მოსწყდეს ის პროფესურა, რომელიც ნამდვილი მკვლევარია, რადგან არსებული, ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გამო ვერ მოხვდა რეიტინგულ ჟურნალში.
ახლა მოკლედ რომ შევაჯამოთ, არ ვართ თანაბარ სამუშაო პირობებში ჩვენ, ბედკრული საქართველოს პროფესორები და ევროპელ-ამერიკელი პროფესორები. თანაბარი მხოლოდ ჩვენდამი და მათდამი წაყენებული მოთხოვნებია; ჩვენი პროფესურა ხელფასის „არქონის“ გამო იძულებულია, სხვა გზა ეძებოს თავისა და ოჯახის გადასარჩენად, ხშირად ღირსების შელახვითაც კი. ასე დავეწევით ევროპელ და ამერიკელ მეცნიერებს, რომელთა საზრუნავი მხოლოდ თავიანთი საქმეა? ჩვენი პროფესორის დატვირთვა და ხელფასი ვერანაირად იქნება შეჯიბრებაში გამარჯვების გარანტი. ვფიქრობ, არ არსებობს ქვეყანაში ანალიტიკურ შეფასებაზე დაყრდნობილი საგანმანათლებლო სტრატეგია. თუ მეცნიერს არ ექნება შესაბამისი უზრუნველყოფა, შეუძლებელია ჰქონდეს შესაძლებლობა სამეცნიერო კვლევების სიღრმეებისა. აქვს კი უნივერსიტეტს იმის ამბიცია და ფინანსები, რომ თავად ქმნიდეს რეიტინგულ ჟურნალებს, ან უკვე არსებულს უჭერდეს მხარს განსავითარებლად (მაგალითად, საერთაშორისო სამენოვან რეცენზირებად ინტერდისციპლინურ ჟურნალს „კავკასიოლოგიური ძიებანი“, რომელსაც რედკოლეგია ენთუზიაზმით აკეთებს)?
და რადგანაც წინასწარვე ცხადია, რომ მხოლოდ განსაკუთრებული პირობების მქონე პროფესორებს შეუძლიათ, წელში გაწყვეტის გარეშე ამ პირობების დაკმაყოფილება, რატომ არ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა რეფორმის დირიჟორმა ვერტიკალმა თავის სასარგებლოდ იმგვარად, რომ ამ პროცესს ერქვას კონკურსი „პროგრესისათვის“ და მოემსახუროს უნივერსიტეტის „დალაგებას“ ვერტიკალისთვის მისაღები პროფესურით.
ვფიქრობ, რომ მოდელი _ უნივერსიტეტი+სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებდა ეფექტიანად, თუკი სახელმწიფოს ექნებოდა ამ მოდელის უზრუნველსაყოფად შესაქმნელი ინფრასტრუქტურისა და სხვა სახის ფინანსური უზრუნველყოფის რესურსი. სხვანაირად ეს „მექანიკური ქორწინება“ და ყბადაღებული „სამეცნიერო უნივერსიტეტი“ დღემდე რომ არაეფექტიანია, არ შეიძლება მხოლოდ დამახინჯებულ კონკურსებს დაბრალდეს და არც მარტო კონკუსით მოხერხდება მისი გამოსწორება. სამეცნიერო ინსტიტუტების დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა. ღირსეული სახელმწიფო ისეთ ინსტიტუციაზე მაინც იზრუნებდა, როგორიც ეროვნული ინსტიტუტებია (ენათმეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურის…), აუშენებდა მათ ერთ სივრცეს, შექმნიდა ანბანის მუზეუმს, მემკვიდრეობასაც შეინახავდა და მოგებასაც ნახავდა. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომის ჩანასახიც ვერ ვიპოვე. სამაგიეროდ, სახელმწიფო „ზრუნავს“ ჩვენზე საკონკურსო კრიტერიუმებით, რომელიც ბუღალტერიაზეა აგებული და ამიტომ ეჭვი აღარ მეპარება, რომ „უნივერსიტეტის წარმატებისთვის ახალი სასწავლო-სამეცნიერო სივრცეების ბუღალტერიაზეც აპირებენ ზრუნვას“.
ძველი კონკურსები რომ ტენდენციური იყო და არაეფექტიანი, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ იმ კონკურსებისა და ახლა კარს მომდგარი კონკურსების კრიტერიუმების ავტორი ერთი და იგივეა. მაშინ უნივერსიტეტში წამყვან პოსტზე იყო პროფესორი ირინა დარჩია. არ ვიცი, დაშვებული შეცდომების გასწორება ისევ შეცდომებით სურს, თუ რამე სხვა მიზანიც უნდა ერთვოდეს (მაგალითად, თავი მოიწონონ ზემდგომის წინაშე და საბოლოოდ თქვან, _ უნივერსიტეტში უკვე არის პროფესურა და უკვე განეიტრალებულია, რადგან დღეის გადასახედით, „უნივერსიტეტში არ არის პროფესურა“ _ ასე ფიქრობს რეფორმის ავტორი).
უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომის ხარისხი უფრო მთავარია, ვიდრე რაოდენობა და რეიტინგი. ასე რომ, ძვირფასო, ხელისუფალო, ჯერ შექმენი თუნდაც სასტარტო პირობები, რითაც ევროპელ კოლეგებს გავუთანაბრდებით და რეიტინგი თავისითაც მოვა, ჩვენ ხომ ისედაც გვაქვს იგი გარკვეული დოზით, ყველაზე ცუდ პირობებში მყოფებს.
სამეცნიერო პროექტები უნდა განისაზღვროს დარგის საკვლევი პრიორიტეტებით, უნდა არსებობდეს ფინანსური უზრუნველყოფა ამ პროექტების შედეგების საკონფერენციო წარდგინებისთვის და შემდეგ სტატიის სახით გამოსაქვეყნებლად. არის ეს ბიუჯეტში? არ არის და თუ არის, მხოლოდ იმისთვის, რომ ბიუჯეტის შედგენის დროს ეს გრაფა შეივსოს, თორემ ეს რომ ვერ უზრუნველყოფს მეცნიერთა მივლინებებს, იკითხეთ და დარწმუნდებით. ხშირად ასეც მომხდარა, რომ საფაკულტეტო საბიუჯეტო წვდომით „სამეცნიერო ტურიზმიც“ განვითარებულა მაშინ, როცა ძალზე მნიშვნელოვანი მივლინების დაფინანსება არ შეუძლია უნივერსიტეტს.
ბატონო მინისტრო, თქვენი წინამორბედი მინისტრისგან გავიგე, რომ საშუალო განათლების მდგომარეობით „შარში ვართ“ და ახლა უნივერსიტეტში ისეთი კონკურსი უნდა ჩატარდეს (თანაც ჩვენივე ლეგიტიმაციითა და, მეტიც, პროგრესის სახელით), რომ ეჭვი არ მეპარება, შარები გამრავლდება. თუ ეს შარები შეუჩერებლად გამრავლდება, ჩვენი ქვეყანა დარჩება გაუფასურებული „კომბლესა“ და „ვაშლის“ ამარა; „უხუნძურესი“ სპეციალისტები _ გამეტებული სტრუქტურული უმუშევრობისთვის (სხვათა შორის, ივანე ჯავახიშვილი და არნოლდ ჩიქობავა ამ ენის მკვლევარი სპეციალისტები იყვნენ), დარგები _ დანგრეული. კონკურსს გაივლის 30%, დაითხოვენ 40%-ს და მოწვევა განხორციელდება 30%-ისთვის. ეს უკვე აღარ არის გამრავლება, გაყოფას ჰგავს და დაყოფასაც. შედეგი იქნება ისეთი, თავიდან რომ დასჭირდება უნივერსიტეტს დაარსება. აღარ გვყავს ჯავახიშვილი და რომც გვყავდეს, ის ვერ იქნება „რეიტინგული“ და კონკურსს ვერ გაივლის, მით უმეტეს, პროცენტებში, რადგან ეს მეცნიერი 14 წელი წერდა ერთ მონოგრაფიას, რომელიც თქვენი ბუღალტერიით არ უდრის 17-ს, მაგრამ იგი გაუძლებს ყველა დროსა და ყველა განსაცდელს. აკი, გაუძლო კიდეც ვაშაყმაძეებსა და ორაგველიძეებს.
სხვათა შორის, რადგან ივანე ჯავახიშვილი ვახსენე: უნივერსიტეტი დაარსდა როგორც სამოქალაქო ინსტიტუცია და არსებობდა ასეთად, ვიდრე 1925 წელს არ მოუშთო საბჭოთა სახელმწიფომ ავტონომია. ივანე ჯავახიშვილი მთავრობის დადგენილების წინააღმდეგ გამოვიდა და ამიტომაც 1926 წელს გადააყენეს რექტორობიდან და შემდგომ გაუშვეს კიდეც უნივერსიტეტიდან. უნივერსიტეტი მეცენატებმა დააარსეს, მაგრამ ჩვენი ავბედობის გამო საბჭოთა სახელმწიფო ძალადობდა მასზე (ვფიქრობ, ისტორიის დეტალები გვახსოვს). ეს გრძელდება დღესაც და, ერთი მხრივ, თითქოს საამაყო უნდა იყოს, მას რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია, გვინდა სახელმწიფო მზრუნველის როლში წარმოვიდგინოთ, მაგრამ რეალობა სხვაა. უნივერსიტეტის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა რომ მის ავტონომიას შეაპირობებდეს, უმაღლესი განათლების კანონი რომ ამას უზრუნველყოფდეს, მაშინ ვერ შეძლებდა სახელმწიფო, ხაზინის გზით განეგო ჩვენი მწირი ბიუჯეტი. რადგან ფინანსური მხარის განკარგვა გარანტირებული გაქვთ, ახლა უნივერსიტეტის პროფესურის სანდოობის გარანტიაც გსურთ მიიღოთ კონკურსის გზით. 2013 წლის 9 სექტემბრის სენატის სხდომაზე ერთადერთი წინააღმდეგი ხმა ჩემი იყო და ეს ხმა უნივერსიტეტის ავტონომიის ფორმალურად არსებობის შენარჩუნებასა და სრულყოფას ისახავდა მიზნად.
ბატონო მინისტრო, მეცნიერება სპორტი არ არის, რომ „დავეწიოთ…“ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ილაჯი არ გაგვწყდეს და სულგაძრობილებს ისტორიის სანაგვეზე არ გვიკრას თავი ბედისწერამ. ჩვენისთანა ქვეყნისთვის ყოველი განათლებული კაცი სანთელია და მას მოფრთხილება უნდა, არ ჩაქრეს, იქნებადა, თავი დავაღწიოთ ცნობიერებაში ჩარჩენილ საბჭოთა ბნელეთს“.

„ქრონიკა+“ გააგრძელებს უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას.

თამარ როსტიაშვილი