თინა ბოკუჩავა: „საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო“

გიგა გელხვიიძე

საქართველოს ახალი მთავრობა და მისი ახალი მეთაური ჰყავს, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა, წლების შემდეგ დააწინაურა. ეს არის ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკური სიახლე იმის გარდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, 6 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გამარჯვების პლატფორმის ჩამოყალიბება დააანონსა და ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს მოსალაპარაკებლად ორბელიანების სასახლეში მოუხმო.

როგორია ხედვები და რამდენად შეძლებს ოპოზიციური სპექტრი უკვე პოლიტიკაში დაბრუნებულ მთავარ მოწინააღმდეგე ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდეს? გაითვალისწინებს თუ არა პრეზიდენტი ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის წინადადებას ბრძოლის ღია სივრცეში გადატანის შესახებ? შესაძლებელია თუ არა ოპოზიციური ერთობის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე პოლიტიკური კვეთა ნიკა მელიასთან? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელს, თინა ბოკუჩავას:

_ ქალბატონი თინა, საუბარი მინდა დავიწყო სალომე ზურაბიშვილის შემოთავაზებით, რომელიც მან ოპოზიციის მიმართ გააკეთა. როგორია მოლოდინი და რა იქნება მთავარი სასაუბრო თემა სალომე ზურაბიშვილთან?

_ რამდენადაც თვითონ განაცხადა, როდესაც წლიური ანგარიშით წარდგა პარლამენტის წინაშე, მისი სურვილია, ევროინტეგრაციის ამოცანების ირგვლივ მოხდეს ძალისხმევის გაერთიანება და კონსოლიდაცია და ამ მიზნით შეიქმნას გამარჯვების პლატფორმა. რამდენადაც ვიცი, მხოლოდ პოლიტიკურ აქტორებზე არ არის საუბარი, შემდგომში ის აპირებს, რომ შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის პრინციპში ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, რაც გაჟღერდა საჯაროდ და რომელსაც ჩვენ მყისიერად გამოვეხმაურეთ პარლამენტშივე. ჩემს გამოსვლაში საჯაროდ ვთქვი, ჩვენი ფრაქციის სახელით დავადასტურე ჩვენი მზაობა, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ ინიციატივაში. დარწმუნებული ვარ, კონკრეტიკას მოვისმენთ, როდესაც გვექნება პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება საქართველოს პრეზიდენტთან. ის უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას და, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ მისი ინიციატივა.

_ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი გადავა თავის სიტყვას „არა და არასოდეს“ და შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს?

_ პრინციპში, ეს ფორმულირება ჩვენ მისგან აღარ მოგვისმენია და ამას ნამდვილად მივესალმები. ასევე ჩემი აზრით გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი არც პოლიტიკურ პატიმარ ნიკა გვარამიას შეწყალებას განიხილავდა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვფიქრობ, ძალიან სწორ დროს _ ამან დადებითი იმპულსი შეიტანა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში და მათ შორის კონკრეტულად ევროკავშირის გადაწყვეტილებაში, საქართველოსთვის მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. იმედი მაქვს, ამის გაცნობიერების საფუძველზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამ გამბედავ გადაწყვეტილებასაც მიიღებს და პრეზიდენტი სააკაშვილი განთავისუფლდება. ვიცით, მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა მოხდეს საქართველოს მიმართ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილების მიღება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე: ჩვენ გველოდება გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და შეუძლებელია ვითამაშოთ თანაბარ პოლიტიკურ ველზე მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი არის დატყვევებული პოლიტიკური მოტივით. ესეც მისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოტივატორი და მესამე ის, რომ ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომ პრეზიდენტი, რომელმაც დისფუნქციური, ჩამოშლილი ინსტიტუტებიდან ექმნა თანამედროვე სახელმწიფო და დასვა საერთაშორისო რუკაზე, ეს ადამიანი დღეს იდევნებოდეს პოლიტიკური მოტივით ჩინჩალაძე-მურუსიძის პოლიტიკური სასამართლოს მიერ, იმ საბრალდებო დასკვნის მიხედვით, რომელიც ФСБ-ს აგენტის მიერ (ვგულისხმობ სანქცირებულ ფარცხალაძეს), თავად ФСБ-ში დაიწერა.

_ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ამ გადმოსახედიდან, ბოლო რეიტინგების გათვალისწინებით, რამდენად დიდია შანსი, რომ ის გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ ბრძოლაში?

_ ივანიშვილს გადასარევად ესმის, რომ მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი პრეზიდენტი სააკაშვილია და ამიტომაც იმყოფება ის ამ პოლიტიკურ ტყვეობაში. მასში რომ არ ხედავდეს საფრთხეს, ივანიშვილს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს. ადამიანებს დღეს სჭირდებათ ცვლილება და ამას ჩვენ ვხედავთ მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ყველა კვლევებში, რომ აბსოლუტურ უმრავლესობას სჭირდება ცვლილება, მათთვის მიუღებელია დღევანდელი ყოფა, ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის თორმეტწლიანი მმართველობის შედეგად მდიდრდება მხოლოდ ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კასტა, საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა კი ებრძვის პრობლემებს, როგორიც არის უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და სხვა. ამის გამო ადამიანები მასობრივად მიდიან საქართველოდან. 5-დან ერთი ადამიანი ფიქრობს, სამი აქტიურად განიხილავს ქვეყნიდან წასვლას, მხოლოდ 2021-2022 წლებში საქართველოს 100 000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო, მხოლოდ 2022 წელს 30 000-მა მოქალაქემ ითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში და ეს არის ის კატასტროფული მაჩვენებლები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ მუშაობს. ჩვენი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ადამიანებს რომ ვხვდებით, ყოველი მეორე თუ არა მესამე საუბრობს იმაზე, რომ ოჯახის წევრი ან ახლობელი წასულია სამუშაოს საძებრად. რატომ მიდიან ეს ადამიანები? კარგ ცხოვრებას ხომ არ გაურბიან? გაურბიან სიდუხჭირეს, გაჭირვებასა და უპერსპექტივობას. გაურბიან რეალობას, სადაც საჯარო სკოლებში ბავშვების 77% გაეროს გამოკითხვის მიხედვით ამბობს, რომ ან სრულ შიმშილს, ან ნაწილობრივ შიმშილს განიცდის და ამ დროს კორუმპირებული ჩინოვნიკები, ივანიშვილის გარემოცვა მდიდრდება. პრეზიდენტი სააკაშვილის ყოველთვის იყო ცვლილების მოტივატორი და იდეების გენერატორი. ვფიქრობ, რომ ის კვლავ შეიტანს უდიდეს წვლილს ჩვენი ქვეყნის წარმატებაში და ევროპულ მომავალში. ამიტომ არის ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომ საქართველოს რეალური და შეუქცევადი კეთილდღეობა/სტაბილურობა ევროკავშირშია.

_ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას გააჟღერა ინიციატივა, რომ სასურველია, მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებს სალომე ზურაბიშვილი, ღია იყოს. მან რუსთაველის გამზირიც კი ურჩია ამისთვის პრეზიდენტს. რამდენად არის შესაძლებელი და მნიშვნელოვანი, რომ მთელ პროცესს აკვირდებოდნენ მოქალაქეები?

_ ზოგადად ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ხალხთან უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის მთავარი მიზანი. თითოეულ ნაბიჯში უნდა ავსახავდეთ საქართველოს მოქალაქეების ნებას. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების უმეტესობის ნება არის ცვლილება, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის მოდელის ჩანაცვლება ევროპული დემოკრატიული და კოალიციური მმართველობის მეთოდით. ევროპული დღის წესრიგის შექმნა და ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული წესით ევროკავშირში შეყვანა იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის გამოყენება საკუთარსავე სამშობლოში და იძულებული არ გახდნენ, რომ ღირსეული სამუშაო პირობების ძიებაში წავიდნენ ქვეყნიდან. მეც, მაგალითად, განათლება, უმეტესწილად, მიღებული მაქვს საზღვარგარეთ, აშშ-ში დავამთავრე სკოლაც, ბაკალავრიც, მაგისტრატურაც, შემდგომში ვმუშაობდი იქ, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ჩემს სამშობლოში ცხოვრება, ჩემი შვილების საქართველოში გაზრდა და მეც მინდა, რომ ამ ქვეყანაში ვიცხოვრო და ჩემი მცირე წვლილი შევიტანო მის შენებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც იღებს უმძიმეს გადაწყვეტილებას, დატოვოს ოჯახები აქ, ხშირად მცირეწლოვანი შვილები და წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ, მათ ამის სურვილი არ აქვთ. ეს არის უმძიმესი არჩევანი, რომელიც ივანიშვილის მმართველობის პირობებმა მოუტანა მათ. ეს უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის წვლილს შეიტანს ამაში.

_ 7 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს სააკაშვილმა სამართლიან არჩევნებზე ისაუბრა _ რამდენად გაქვთ მოლოდინი „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასეთი არჩევნების და რა უნდა გააკეთოს ამისთვის ოპოზიციამ და საზოგადოებამ?

_ ელექტრონული არჩევნების მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და სწორად აღნიშნეთ ის, რომ საქართველო დღეს არის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მქონდე ქვეყანა. ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც ამ სტატუსით შევხვდებით და ვფიქრობ, სტანდარტები და მოთხოვნები იქნება გაცილებით უფრო მაღალი ხელისუფლების მიმართ. გამადიდებელი შუშით დააკვირდება განსაკუთრებით ევროკავშირი ამ არჩევნებს, რადგანაც ამ შედეგებმა უნდა განსაზღვროს, გახსნის თუ არა მოლაპარაკებებს ევროკავშირი საქართველოსთვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამიტომ ივანიშვილს მოუწევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომლის შემდეგაც ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგანაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას სურს ცვლილება.

_ იმ პროცესების შემდგომ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რამდენად მყარია დღეს პარტია?

_ „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის და ძალიან გულწრფელი ვართ იმ მოსაზრებაში, რომ სხვა ოპოზიციურმა, მცირე ელექტორალური მონაცემების მქონე პარტიებმაც გადალახონ ბარიერი, რადგანაც ხალხის დაკვეთაა კოალიციური მთავრობა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გააცნობიერონ სხვა პარტიებმა და მიიღონ რეალისტური და არა პირად ამბიციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, დაბლოკებასთან და გაერთიანებასთან დაკავშირებით იმისთვის, რომ ოპოზიციური ხმები არ გაიფლანგოს.

_ თუ დღის წესრიგში დადგება ერთობის საკითხი, განიხილავთ თუ არა ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან თანამშრომლობას?

_ ნიკა მელიამ მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის გადაწყვეტილება და მას შემდეგ განმარტა, რომ მისთვის მთავარი შეუთავსებლობა იყო ის, რომ მას აღარ სურდა მიხეილ სააკაშვილის წიაღიდან წამოსული პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა. ასეთი გულწრფელი ის უნდა ყოფილიყო თავიდანვე, როდესაც დადგა მისი პარტიიდან წასვლის საკითხი. ძალიან ბევრ ადამიანს ააცილებდა ეს იმ გაუგებრობას, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა ესეც და მისი პოლიტიკური მომავალიც მისი საქმეა. იმ განცხადებიდან, რომელიც მოვისმინეთ, რომ აქვს შეუთავსებლობა მიხეილ სააკაშვილთან, რეალისტური არ მგონია მისი პარტიაში მობრუნება, ეს ფუნდამენტური განსხვავებაა და ეს შეუთავსებლობა ვერ და არ შეიცვლება, ხომ? „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია, ფატალურად რომ განვმარტოთ, რომლის ამომრჩევლის უმეტესობაც მთავარ მიზიდულობის ძალას ხედავს სწორედ მიხეილ სააკაშვილში. ეს არ შეიცვლება და ამის არასწორმა აღქმამ იმთავითვე გამოიწვია ის პრობლემები, რაც შემდეგ ნიკა მელიას შეექმნა პარტიაში და საბოლოოდ მიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მას დაეტოვებინა პატია. აქედან გამომდინარე, საბოლოოდ ის დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემთვის აქ მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი არსებული თუ ახლად წარმოქმნილი პარტია, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს საკუთარი საარჩევნო კონფიგურაციის შესახებ, მუდმივ სწორებას აკეთებდეს ცვლილების მიზანზე, ეს არის მთავარი მიზანი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და აქედან ქვემდებარე მიზნები არის ის, რომ ყველა პარტიამ გადალახოს 5%-იანი ბარიერი და არ დაიკარგოს ოპოზიციური ხმები.

_ „ქართული ოცნების“ დებულებაში შევიდა ცვლილება, სადაც ჩაიწერა, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლება, დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ამავდროულად, გვაქვს ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასახელებს იმ პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი, რომელსაც ყველაზე მეტი პროცენტი ექნება არჩევნებზე. რა გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს?

_ ივანიშვილი მხოლოდ ერთპიროვნულ და ერთპარტიულ ხელისუფლებაში ნიშნავს და ხსნის პრემიერ-მინისტრებს ხალხთან ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე და ეს არის სწორედ ის მანკიერი სისტემა, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს ხალხთან ანგარიშვალდებული კოალიციური, მრავალპარტიული მოდელით და ეს უნდა მოხდეს არჩვნების გზით.

_ ახალი მთავრობა ძველი გეგმებით _ როგორია მოლოდინი კობახიძის საქმიანობაზე? არის რაიმე განსხვავება მისსა და მის წინამორბედ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, მით უფრო მაშინ, როდესაც კობახიძემ განგვიცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე და ახალი მთავრობის დამტკიცებამდე იმუშავებს „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა და ის სამთავრობო გეგმა, რომელიც ჰქონდა ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს?

_ მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ ირაკლი კობახიძისგან, როდესაც ის პარლამენტში მოვიდა, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ჩვენს კითხვებზე, რომელიც უმეტესწილად ეხებოდა ეკონომიკურ საკითხებს, იყო ის, რომ კმაყოფილია ახლანდელი ეკონომიკური დინამიკით. მან ეს დაახასიათა, როგორც ფუნდამენტური პროგრესი და რომ მისი მთავარი  ამოცანაა ამ ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნება, _ არა იცვლება, არამედ შენარჩუნება. ყველაზე გულწრფელი განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან იყო სწორედ ეს და ასევე თქვა, რომ მისი ამოცანა არის ნულოვანი სიღარიბე. მაგრამ იმ დინამიკის შენარჩუნებით, რაც ივანიშვილის პერიოდში საქართველოს აქვს, ქვეყანა სიღარიბეს ვერ დაძლევს მომავალი 25 წელიწადი. ჩემი კითხვა სწორედ ეს გახლდათ, რომ გასაგებია, ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას და მას არანაირი შეხება არ აქვს იმ ყოველდღიურ პრობლემებთან, რომლებსაც ადამიანები ებრძვიან, მაგრამ განა ასეა მოწყვეტილი რეალობას ან ის ან მისი მთავრობა, რომ ვერ მიხვდნენ, 25 წელიწადი საქართველოს მოქალაქე ამ მოცემულობას არ აიტანს? საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო, არათუ 25 წელიწადი, არამედ არცერთი დღე, _ ახლა არის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რომ საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან და ოთხ წელიწადში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. როდესაც ვსაუბრობთ შეუქცევად სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, ამის შანსი საქართველოს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ვიქნებით დაცული, გვექნება სტაბილურობა და ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებმა შექმნან დოვლათი აქ, ჰქონდეთ კეთილდღეობა აქ, საკუთარ სამშობლოში, საკუთარ მიწაზე და არ გარბოდნენ სხვაგან იძულებით.