თვითნასწავლი ხელოვანი გოგონა ჰოლივუდის დაპყრობასა და ალბინოსი პითონის შეძენას გეგმავს

ჩვენს ქვეყანაში რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი თვითნასწავლი პროფესიონალი გვყავს, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ იყო საკუთარი საქმის მაღალ დონეზე მცოდნე, თან, თვითნასწავლი და განგებისგან ულამაზესი გარეგნობა გქონდეს ბოძებული, მსგავსი კომბინაცია იშვიათია. ამ სტატიის მთავარი გმირი კი სწორედ ამ მახასიათებლებით გამოირჩევა.

24 წლის მარიშა ქავთარაძე პროფესიით ფარმაცევტი, თუმცა პროფესიონალი ვიზაჟისტია, აკეთებს სხვადასხვა საინტერესო გამოსახულების გრიმს, შესანიშნავად ხატავს და ტატუს ხელოვნებასაც ეუფლება. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი ფარმაცევტის სპეციალობით დაამთავრა, ამ პროფილით არასდროს უმუშავია, არჩევანი მხოლოდ ტყუპისცალი დის ხათრით გააკეთა. როგორც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად არ უნდოდა ეს პროფესია, მას მაინც ძალიან კარგად დაეუფლა.
პირველად ზუსტად 20 წლის ასაკში ნახა ვიდეორგოლი ინტერნეტში, სადაც ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სახის მხატვარი გრიმს აკეთებდა. მარიშაც იმდენად მოიხიბლა ამ ნამუშევრით, რომ მეორე დღესვე წავიდა და საჭირო მასალები იყიდა. პირველივე გრიმი, რომელიც გააკეთა, საკმაოდ კარგი გამოვიდა და ზუსტად მაშინ მიხვდა, რისი გაკეთება სურდა სამომავლოდ. ეს ყოველივე შემდეგ შემოსავლის წყაროდაც აქცია. ძირითადად, ეკრანის თემას არ მოშორებია, თავიდანვე რამდენიმე ცნობილ ტელევიზიაში მუშაობდა ვიზაჟისტად. ახლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ბრენდის ვიდეორგოლების მსახიობთა გალამაზებაში, ასევე, ერთ-ერთ ტელევიზიაში ვიზაჟისტის პოზიციაზეა.
ყველაზე საინტერესო კი მაინც ის არის, რომ ეს თვითნასწავლი ხელოვანი, ვიზაჟთან და გრიმთან ერთად, ისე რეალისტურად ხატავს პორტრეტებს, რომ ეჭვიც კი შეგეპარებათ მათ ირეალურობაში. ჰიპერრეალიზმის ჟანრში მომუშავე მარიშა პორტრეტზე მუშაობს და თითოეულ მათგანში საკუთარი სულის ნაწილს ტოვებს. ხატავს ტატუ ესკიზებსაც. ჰიპერრეალიზმის მიმდინარეობის სირთულის გამო ჯერაც აქვს ნამუშევრები, რომლებზედაც მუშაობა გასულ ზამთარს დაიწყო და არ დაუსრულებია. როგორც თავად ამბობს, ხატვის დროს გარესამყაროს ეთიშება და სულ სხვა განზომილებაში გადადის: „ყველაზე დიდ სიამოვნებას ხატვის პროცესი მანიჭებს, სულ სხვა განზომილებაა, არ შევჭამ, წყალსაც კი არ დავლევ, ოღონდ მას არ მოვწყდე“.
თვითნასწავლი ხელოვანი ოჯახთან, დედასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს, ჰყავს ტყუპისცალი და, რომელსაც საკუთარი ოჯახი ჰყავს. როცა მამა ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა, 8 წლისანი იყვნენ. წარმოშობით გურული გოგონა მე-5 კლასამდე გურიაში იზრდებოდა და ძალიან უყვარს თავისი კუთხე. წელიწადში, მინიმუმ, სამჯერ მაინც ჩადის და აკითხავს იქაურობას.
ხალხის დამოკიდებულება მის ნამუშევრებზე უაღრესად დადებითია, ყველას ძალიან მოსწონს ნიჭიერი მხატვრის მიერ შესრულებული ჰიპერრეალისტური ნახატები, თუმცა როცა საქმე გრიმს ეხება, აქ უკვე ყველაფერი გემოვნების საკითხია. ხშირად საზოგადოება ხელოვნებად ვერ აღიქვამს იმ გოგონას ნამუშევრებს, რომელსაც განსხვავებული გემოვნება აქვს, უყვარს ქვეწარმავლები და უახლოეს მომავალში ალბინოსი პითონის შეძენას გეგმავს. მიუხედავად ხშირ შემთხვევაში საზოგადოების მცირე ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულებისა, ის მაინც აგრძელებს თავის საქმეს და საკმაოდ აქტიურადაც.
24 წლის ხელოვანი „ქრონიკა+“-ის მკითხველს თამამად უმხელს იმ მიზანს, რისი მიღწევაც უახლოესი მომავლისთვის აქვს დაგეგმილი: „ჩემი მიზანია, რომ წავიდე Hollywood-ში და გავხდე ძალიან ცნობილი გრიმიორი. ეს იმდენად მინდა, რომ აუცილებლად ავისრულებ! ახლა ამისთვის ძალიან ბევრს ვსწავლობ, სამომავლოდ ამ მიმართულებით სკოლაში ვაპირებ ჩაბარებას. საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს Hollywood-ში მოღვაწე გრიმიორებთანაც და ვიცი, რომ ისინიც ბევრ რამეში დამეხმარებიან“. ამბობს, რომ წელსაც ჰქონდა შემოთავაზება ჰონ-კონგიდან, საკამოდ მასშტაბურ და დიდი გამოცდილების მომცემი ღონისძიებიდან, თუმცა, ამ ეტაპზე, წასვლისგან თავი შეიკავა, რადგან ფიქრობს, რომ სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. მომავალ წელს კი ამ შემოთავაზებას, რომელიც ჯერაც ძალაშია, აუცილებლად მიიღებს.
ახალგაზრდა ხელოვანს იდეებისა და მიზნების განხორციელების გზაზე ყველაზე მეტად დედა გულშემატკივრობს _ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა შვილების ბედნიერებისთვის. როგორც თავად ამბობს, ამ ცხოვრებაში იმისთვის იბრძვის, რომ დედას, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ თითქმის ყველაფერი იყო ოჯახისთვის, იმის მეასედი მაინც გაუკეთოს, რაც მან მარიშას და მის დას გაუკეთა.
ყველაზე მეტად მამა ენატრება, რომელიც, მიუხედავად მისი ასაკისა, მაინც კარგად ახსოვს: „ძალიან მინდა, რომ გვერდით მედგეს და ყველა ჩემი წარმატება გაიზიაროს“.
ყოველთვის ერიდება ამის თქმა, მაგრამ მარიშას მეგობრებმაც კარგად იციან, რომ მას არავისთვის არაფერი ენანება, ყველაზე მეტად კი სხვისი გაბედნიერებული სახე ახარებს, როცა ხედავს, რომ ვიღაც გაახარა.
ხელოვანი გემოვნებას არც მუსიკაში უჩივის და ხატვის დროს ყოველთვის საყვარელ მომღერლებსა და მიმდინარეობებს უსმენს. ჯაზისა და ქანთრის სტილის შემდეგ ახლა უკვე რეპმა მოხიბლა და სწორედ მას უსმენს, როდესაც თავის მორიგ შედევრს ქმნის. ერთი შეხედვით, იმდენად გადაღლილი და დაკავებულია, რომ არაფრისთვის რჩება დრო, მაგრამ მაინც, ყველაზე ხშირად წარსულ შეცდომებზე ფიქრობს, რომელიც შეიძლებოდა, არ დაეშვა, ან გამოესწორებინა, მათგან ზოგს ნანობს, თუმცა ყოველთვის ახსოვს, რომ შემთხვევით არაფერი ხდება.
მარიშას ყოველი ახალი გათენებული დღე იმის იმედს აძლევს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, რომ ერთი დღეც გათენდება და ოჯახის წევრები და მეგობრები ყველაზე მეტად იამაყებენ მისით.
ადამიანში ერთგულებას აფასებს, აღიზიანებს ტყუილი და ორპირობა. მიაჩნია, რომ თავისუფალია, თუმცა ბოლომდე _ არა, თავად ცნება თავისუფლება კი მისთვის საკუთარი თავის არშეზღუდვასთან და ჩარჩოების გარეშე ცხოვრებასთან ასოცირდება. თავისუფალ ხელოვანს საკუთარ შინაგან ასაკად 20 წელი ესახება, ასაკი, როდესაც ყველაზე დიდი გარდატეხა მოხდა მის ცხოვრებაში.
შეკვეთებზე არასდროს მუშაობს და ხატავს მხოლოდ იმას, რაც თავად მოსწონს. უახლოეს მომავალში მისი მეგობრის, გუკა სალუქვაძის დახატვას გეგმავს. ამჟამად კიდევ სწავლობს, საკმაოდ ბევრი შემოთავაზება აქვს და ყველა მათგანი წარმატებაზეა ორიენტირებული. თავად ხელოვანს ცალსახად აქვს საკუთარი ნიშა და მიმართულება.
თუ გინდათ, რომ ნამდვილ მარიშა ქავთარაძეს იცნობდეთ, უნდა იცოდეთ, რომ ის საკმაოდ უცნაური გოგონაა, რომელსაც ძალიან პირადი და ჩაკეტილი სამყარო აქვს და იქ შეღწევა საკმაოდ რთულია.
ამბობს, რომ ერთ შესანიშნავ დღესაც ადგება და თავის ნამუშევრებს სოლიდურ თანხად გაყიდის, რათა შემდეგ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დაეხმაროს. გარდა ამისა, ამბობს, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ესტუმრება ნიუ-იორკს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ყველა ხელოვანი უნდა მოხვდეს.
დაბოლოს, ახალგაზრდა, თვითნასწავლ არტისტს ხალხისთვის გზავნილი აქვს: „ნუ იქნებით დაძაბულები, ნუ ატარებთ ცუდ ენერგიას, ბოღმას ან შურს, პირიქით, მეტი პოზიტივით იცხოვრეთ! ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მინდა, ყველა ადამიანი ბედნიერი დავინახო. ეს მე თავადაც ძალიან გამაბედნიერებს!“

ნინო ტაბაღუა