თვითიზოლაციაში მყოფმა თამარ მაყაშვილმა თმა გადაიპარსა
ქვეყანასა და, ზოგადად, მსოფლიოში მძიმე მდგომარეობის ფონზე ნამდვილად გვჭირდება სახალისო ინტერვიუებისა და არა მარტო, კითხვა, ყურება და მოსმენა. სწორედ ასეთი მხიარული საუბარი გამოგვივიდა მსახიობ თამარ მაყაშვილთან.
ეს ის შემთხვევაა, როცა მსახიობთან შემოქმედებაზე ან სხვა პრობლემურ საკითხებზე არ გვისაუბრია. „ქრონიკა+“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ ვრცელ ინტერვიუს თამარ მაყაშვილთან, იქამდე კი ერთად გავიგოთ და წავიკითხოთ, თუ რატომ გადაიპარსა თმა და როგორ გრძნობს პანდემიის პირობებში თავს მსახიობი.
_ ქალბატონო თამარ, როგორ გრძობთ თავს?
_ გადასარევად! მაინც სულ თვითიზოლაციაში მიწევს ყოფნა მარად ამ ქალაქში. ამდენად, რომ გითხრათ, ძალიან გამიჭირდა სახლში ყოფნა-მეთქი, მოგატყუებთ.
_ პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. თქვენი ცხოვრება რით შეიცვალა?
_ არც არაფრით, ჩვეული დინებით მიდის, როგორც აქამდე.
_ როგორ გაგყავთ დრო?
_ დავდივარ მასაჟზე და ფეხზე ვმკურნალობ. დანარჩენი დრო კი, როგორც ყოველთვის, ისე გამყავს: დალაგება, საჭმლის გაკეთება და ა. შ. ოჯახი, ოჯახი და ისევ ოჯახი.
_ რა გასწავლათ ამ მოვლენებმა?
_ რა მასწავლაო? ზედმეტად ხელების დაბანა. აწი, ჩემო კარგო, რაღას ვისწავლი ჭკვიანურს? თვითიზოლაციაში თავი გადავიპარსე, ოღონდ თმას უპანდემიოდაც ვიპარსავდი და ახლაც იგივე გავაკეთე. იმდენი ვიღებე, რომ თავზე სკალპი ავიძრე, ყველა საღებავი დავიდე და ბოლოს აკივლდა ჩემი თმა. ვაფრენ? ვისაც როგორ უნდა, ისე იფიქროს, აბაა, რაა! ზოგადად, რჩეულთა ხვედრია აკეთონ ის, რაც უნდათ.
გიორგი საკარული