თეონა აქუბარდია: „ბიძინა ივანიშვილია ჩვენი მთავარი ფარი, ქვეყანას კი უნდა იცავდეს ჯარი“

ირინა მაკარიძე

არჩევნებამდე 10 თვით ადრე საქართველოს ახალი პრემიერი და, შესაბამისად, ახალი მთავრობა ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში მხოლოდ თავდაცვის მინისტრი შეიცვალა, _ ჯუანშერ ბურჭულაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა. რაც შეეხება ახალ პრემიერ ირაკლი კობახიძეს, რომელსაც არაერთხელ შეახსენეს, რომ საოკუპაციო ხაზთან არასდროს ჩასულა, განაცხადა, რომ ახალი სტატუსიდან გამომდინარე მოუწევს „გამყოფ ხაზთან“ ჩასვლა. 

რა შეიცვლება ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით? _ ამ და სხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია:

_ პირველ რიგში, ამ ცვლილებებს ვუწოდებდი „ძველ ღვინოს ახალ ტიკში“, რადგან არაფერი იცვლება, არც სამთავრობო პროგრამისა და არც პოლიტიკური ნების მოცემულობით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერი გვყავს, ერთადერთი ცვლილება მთავრობაში არის თავდაცვის მინისტრის. ისიც კაციშვილმა ნორმალურად არ ახსნა, რატომ შეიცვალა ერთი მინისტრი მეორით? თუ სამთავრობო პროგრამის შედარებას გავაკეთებთ, ვნახავთ, ახალი პროგრამიდან გამქრალია ბევრი ისეთი რამ, რაც წინა პროგრამებში ეწერა, მათ შორის, სიტყვა „დეოკუპაცია“. ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავად განაცხადა, რომ ის აქამდე არასდროს ყოფილა საოკუპაციო  ხაზთან, ანუ არ ჩაუთვლია თავი ვალდებულად, ენახა 40 ათასზე მეტი მოქალაქე, რა პირობებში ცხოვრობს ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, იძულებული გახდა ეთქვა, რომ მოუწევს „გამყოფ ხაზთან“ ჩასვლა. თუმცა უგულებელყოფილია და სამთავრობო პროგრამიდან გამქრალია დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელიც ჯერ პრემიერმა გახარიამ დააანონსა და გადადგომის შემდეგ პრემიერმა ღარიბაშვილმა სამთავრობო ანგარიშებში წერა და 2021 წლის საპარლამენტო რეზოლუციით პარლამენტმა დაავალა მისი შესრულება. შესაბამისად, კობახიძის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი სადღეგრძელო უფროა, ვიდრე რეალური გეგმა. ჩემთვის საგულისხმო იყო, როდესაც დეოკუპაციის განულებას პრემიერმა ოცნება უწოდა და არა ეროვნული ინტერესი. როდესაც პრემიერია ადამიანი, მან უნდა იცოდეს ოცნებასა და ეროვნულ ინტერესებს შორის განსხვავება. ეროვნული ინტერესი აქვს სახელმწიფოს, ოცნება და ამოცანა ფიზიკურ პირს ან პარტიულ დაჯგუფებას. სამწუხაროდ, ბატონ კობახიძეს არ უსაუბრია რუსული ოკუპაციის საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს. ერთია მისი მესიჯები და მეორეა ქვეყნის ადეკვატური რეალობა. როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის დეოკუპაციაზე და ამას ზურგს არ უმაგრებს არათუ ჩამოყალიბებული ხედვა, არამედ ხედვის შემუშავების პროცესიც კი, ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის შესრულების გზა არ არსებობს. როდესაც დავსვი ეს საკითხი, რომ ამას სჭირდება ხედვის შემუშავება, შემდეგ კი საზოგადოების თანხმობა მასზე, გვითხრეს, რომ ამ ხედვის შემუშავების პროცესიც კი არ იქნება.

_ რაც იტყვით ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით?

_ იგივე დამოკიდებულებაა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით და ამ მიმართულებითაც რაიმე მუშაობას არ უნდა ველოდოთ. სახელმწიფო არ აღიარებს უცხოურ ჩარევებს, რომ უცხო სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, რუსეთი შეიძლება ერეოდეს ქვეყნის საინფორმაციო სივრცეში ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად, რაც 2017 წლის სტრატეგიული დოკუმენტებით აღიარებული იყო. ან როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებზე, იმ მოცემულობაში, როდესაც რუსეთი ერევა როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის ქვეყნების შიდა საქმეებში არჩევნების დროს,  მაგრამ არ ვახსენებთ, რას გააკეთებს მთავრობა ამ ჩარევებისგან თავდასაცავად, ამით ყველაფერია ნათქვამი. ასევე არაფერი თქმულა, თუ როგორ აპირებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების ყოფის შემსუბუქებას. მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პრობლემები უდგათ. ის ბორდერიზაცია, რომელსაც რუსეთი ინტენსიურად ახორციელებს, მათ სარჩო-სანოვაგის შენარჩუნების შესაძლებლობასაც კი უსპობს. ფაქტობრივად, მათ მსხვილფეხა პირუტყვიც კი აღარ ჰყავთ, რადგან საძოვრების პრობლემა აქვთ და საოკუპაციო ხაზს მიღმა საქონლის გადასვლას ძალიან ბევრი მოქალაქის დაკავება მოყვა. ამ ადამიანებს ბევრად უფრო უჭირთ, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. როცა კობახიძე აცხადებს, რომ იზრუნებს მათზე, მაგრამ არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, თუ როგორ აპირებს ამას, ეს ჩანს, რომ ფუჭი დაპირებაა. მეუბნებიან, რომ 300 მილიონი დაიხარჯა 12 წლის მანძილზე. არ ვიცი, ეს თანხა რამდენად ადეკვატურად გაიხარჯა, ეს არაფერს ნიშნავს ამ ადამიანებისთვის. ძირითადად, ისინი დამოკიდებული არიან სოციალურ შემწეობასა და პენსიაზე, სხვა შემოსავალი მათ არ გააჩნიათ. როდესაც იცლება სოფლები და ეს დაცლა კიდევ უფრო ხელს უწყობს ბორდერიზაციის პროცესს, ამაზე სახელმწოფოს უნდა ჰქონდეს პასუხი, ისევე როგორც ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს სჭირდება პასუხი, რას გააკეთებს მთავრობა იმისთვის, რომ მკვლელები დაისაჯონ, მინიმუმ, გამოაშკარავდნე, მათი ვინაობა ვიცოდეთ და დაემატოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და მასში 33 დამნაშავის სახელი და გვარია შესული. მაშინ თავისუფლად დაადგინეს ამ ადამიანების ვინაობა, მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა ვერც მაშინ გადადიოდნენ. ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს ევროკავშირის რეზოლუციაზე, რომ ისინი იმუშავებენ ევროკავშირთან  საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელების დასჯის  კუთხით.

_ რას იტყვით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე?

_ იმ მოცემულობაში, როდესაც ნატოც კი ემზადება თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი არის 1.6 პროცენტი მთლიან შინა პროდუქტთან მიმართებით. ირაკლი ღარიბაშვილის პროგრამაში ეწერა, რომ 2 პროცენტი იქნებოდა, მაგრამ ეს ჩანაწერი ამოიღეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯარის განვითარების გეგმა, რომელიც ღარიბაშვილის დროს შეიქმნა, ვერ შესრულდება. ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის  მიმართულებით დამაიმედებელი არაფერი არაა, მით უმეტეს, რომ ირაკლი კობახიძე კვლავ „მეორე ფრონტის“ პროპაგანტისტული მესიჯებით გამოვიდა, კვლავ ისაუბრა „ღირსებით ევროპაში“, რაც რუსული კანონის მიღების მცდელობის დროს დაიწყო მან და „უსამართლო ევროპის“ ძახილს განაგრძობდა „ხალხის ძალასთან“ სინქრონში. ეს არ ტოვებს იმის განცდას, რომ 9 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით რამე გაკეთდება. გაგრძელდება „მეორე ფრონტის“ პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი იყენებს ოკუპირებულ რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის დასაშინებლად და ანექსიური პროცესების გასაძლიერებლად. გაგრძელდება ის ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც პარლამენტის ტრიბუნიდან კვლად დაგვიანონსა ბატონმა კობახიძემ.

_ რაც შეეხება ნატო-სთან პარტნიორობის საკითხს, ამ  მიმართულებით რა გამოიკვეთა? 

_ ირაკლი ღარიბაშვილის პროგრამაში ეწერა ნატო-სთან გაწევრიანება, ირაკლი კობახიძის პროგრამაში წერია ნატო-სთან  ინტერგრაცია. ამაზე კამათიც მოგვივიდა თავდაცვის კომიტეტში ირაკლი ჩიქოვანთან. ინტეგრაცია გამოიყენებოდა ტერმინად, როდესაც წევრობის რეალური მექანიზმი არ არსებობდა, როდესაც საქართველოს მიზანია წევრობა და არა ინტეგრაცია, რამდენადაც, მაგალითად, ინტეგრაციის პროცესს სომხეთიც ახორციელებს ნატო-სთან. მოცემულობაში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს-ს ვილნიუსის სამიტზე არ გახლდათ და საგარეო საქმეთა მინისტრი გაუშვა, სადაც უკრაინამ მიიღო დაპირება, რომ მაპ-ის გარეშე გახდება წევრი და საქართველო _ არა; წელს როდესაც ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტი იგეგმება, არ ჩანს, რომ უწყებები მუშაობდნენ, რათა საქართველომ ხელშესახები შედეგი დადოს. ყველაზე რეალური შედეგი ნატო-ს საიუბილეო სამიტისთვის იქნებოდა მაპ-ის ჩანაწერის ამოღება, როგორც შემდეგი საფეხურის, ისევე როგორც დემოკრატიული რეფორმების წინსვლის შემთვევაში საქართველოს შექება, რაც ბოლო წლებია, გაყინულია. ამის შესახებ ღიად საუბრობს ნატო-ს სპეციალური  წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ბატონი ხავიერ კოლომინა.

_ თავდაცვის ახალი მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, რით იქნება  განსხვავებული ძველი მინისტრისგან, ჯუანშერ ბურჭულაძისგან, რომელიც ზოგადად უფრო შორს იყო თავდაცვისგან?

_ თუ ვსაუბრობთ ბიოგრაფიაზე, ამ შემთხვევაში ირაკლი ჩიქოვანი ბევრად უფრო ახლოს არის თავდაცვის საკითხებთან, ვიდრე ჯუანშერ ბურჭულაძე. ეს იქნება ჩიქოვანის ვარდების რევოლუციამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, უშიშროების საბჭოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრობა. თუ ვსაუბრობთ რეალურ ცვლილებებზე, ამ მოცემულობაში მეეჭვება, რამე შეიცვალოს, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ამოცანა არ არის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება. ამას მოწმობს ფაქტი, რომ 2018 წლიდან არ განახლებულა თავდაცვის ეროვნული სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვალდებულება კანონით მთავრობას აქვს. ამდენად, ამ მოცემულობაში, როდესაც პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით მცირდება, მეეჭვება, რომ ცალკეულმა პირმა რაიმე გარდამტეხი ცვლილების შეტანა შეძლოს. ერთადერთი, რაც შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, ის კორუფციული რისკები, რაც თავდაცვის სამინისტროში ბურჭულაძის მინისტრობის დროს იყო, შემცირდება ჩიქოვანის მინისტრობისა და კობახიძის პრემიერობის პირობებში.  

_ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს, რომ ქვეყანას ომი ბიძინა ივანიშვილმა აარიდა. ამ ლოგიკით, რაღატომ უნდა იზრუნონ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე?

_ ჩვენ გვაქვს ორი „ფარი“: ღვთისმშობლის კალთა და ივანიშვილის მადლი. რეალურად, ქვეყანას უნდა იცავდეს ჯარი. ისეთი ძლიერი ჯარი უნდა გყავდეს, რომ ომის დაწყების სურვილი არ გაუჩნდეს მტერს. ამ შემთხვევაში, ჩვენი მთავარი შეკავების პრინციპი არის ბიძინა ივანიშვილი. ხუთჯერ იყო ივანიშვილი ნახსენები პრემიერ კობახიძის გამოსვლაში. თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილია საქართველოს მთავარი ფარი და მადლობა გადაუხადა კანდიდატის სტატუსისთვის, როდესაც აბსოლუტურად გაურკვეველია, რა როლი აქვს მას ამ პროცესში, როდესაც ის თეორიულად გაწეული იყო მართვის სადავეებიდან.

_ თუკი ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნებამდე უარყოფდნენ მის პოლიტიკაში ჩართულობას, ახლა  კობახიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მისი რჩევა არის შეუფასებელი, ამაზე რას იტყვით? 

_ სიმართლე გითხრათ, თავი მეგონა საბჭოთა საქართველოში. ის მადლობები, დითირამბები და ოსანა, რაც წესით, წარსულში უნდა დაგვეტოვებინა, ერთპარტიული მმართველობისა და საბჭოური „საუკეთესო ტრადიციების“ აღდგენით დააბრუნა ბიძინა ივანიშვილმა, რაც მოწმობს იმას, რომ მმართველობის ეს მოდელი აუცილებლად შესაცვლელი და დასამთავრებელია. ამ ყველაფრისგან განსხვავდებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სულისკვეთება, რომელიც მან პარლამენტში თავის გამოსვლაში გააჟღერა. მისაღები იყო ის შეფასებები და განცხადებები, რაც პრეზიდენტმა გააკეთა.