„თელასის“ დამწვარი თანამშრომლის მარჩენალდაკარგულ ოჯახს ბინიდან ასახლებენ?!

„ქრონიკა+“ უკვე წერდა „თელასის“ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მე-5 თანრიგის თანამშრომლის – ზურაბ მახარაშვილის გარდაცვალების შესახებ, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჯიხურში გაჩენილი ცეცხლის დროს დაიღუპა.  ჯიხურს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დასკვნაში ჩაიწერა, რომ „თელასის“ მხრიდან უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული. მახარაშვილი მარტო გაუშვეს დავალებაზე, რაც კომპანიის შინაგანაწესის უხეში დარღვევა იყო. რაც მთავარია, ჯიხურში ცეცხლსაქრობი არ აღმოჩნდა. ამ და სხვა მრავალ დეტალზე „ქრონიკა+“ მომხდარი ფაქტიდან  მალევე ალაპარაკდა. მაშინ, არავის ეპრებოდა ეჭვი, რომ პროკურატურა ერთადერთ მარჩენალ დაკარგულ ოჯახს დაზარალებულად გამოაცხადებდა, მაგრამ გამოძიება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

  • სახლის გადასახადს ვეღარ ვიხდი – ხომ გადაგვივადეს სამი თვით და პროცენტი მოგვიმატეს, ბოლოს კიდევ გაიზარდა გადასახადი და უკიდურეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. ახლა სექტემბერში შევიტანთ და ოქტომბრიდან ფული ვეღარ შემაქვს. რა ელოდება  ჩემს ოჯახს – არ ვიცი.
  • „თელასიდან“ არავინ დაგკავშირებითა?
  • არა.
  • ჩვენი ბოლო ინტერვიუ იმ სტადიაზე დავასრულეთ, რომ პროკურატურას უნდა ეცნეთ დაზარალებულად?
  • პროკურატურისგან პასუხი მივიღეთ, რომ ამ ეტაპზე ვერ გცნობთ დაზარალებულად. აღმოჩნდა, რომ სამხარაულის ექსპერტმა პროკურატურის მიერ გადაგზავნილ საქმეში ჩაწერა, რომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ჯიხურის მეთვალყურესო. ამის შემდეგ პროკურორმა შეკითხვა გადააგზავნა „თელასში“, თუ ვინ იყო ჯიხური მეთვალყურე და იქიდან პასუხი მოსწერეს – დაღუპული ზურაბ მახარაშვილიო. ჩემი მეუღლე მეთვალყურე არ ყოფილა. ამიტომ, „თელასს“ მოვთხოვეთ გადმოეგზავნა ჩვენთვის დოკუმენტი, სადაც დაფიქსირებული იქნებოდა, რომ ზურაბ მახარაშვილი მართლაც მეთვალყურე იყო. ეს დოკუმენტი კი არა, ჩემს მეუღლესთან გაფორმებული ხელშეკრულებაც ვერ იპოვა „თელასმა“და  შემოგვითვალა, საქართველოს არქივში გადავაგზავნეთ და იქ მოძებნეთო.
  • თუ დოკუმენტი არ არსებობს, საქმის პროკურორმა „თელასს“ სიტყვაზე დაუჯერა და არ მოსთხოვა დამადასტურებელი დოკუმენტია?
  • პროკურორის განმარტებით, იგი ექსპერტის დასკვნის მიხედვით ხელმძღვანელობს. ჩვენმა ადვოკატმა პროკურორს  აუხსნა, რომ „თელასის“ შინაგანაწესის მიხედვით, ჯიხურის შემოწმებაზე მარტო არ უნდა წასულიყო ჩემი მეუღლე, არადა მას ყოველთვის მარტო უშვებდნენ და არანაირ მეთვალყურეს არ ატანდნენ. სხვათაშორის, ეს პროკურორს ძალიან გაუკვირდა და ჩემს ადვოკატს სთხოვა, იქნებ შინაგანაწესის მუხლები გადმომიგვზავნოთო.
  • ახლა სულ დავიბენი – თქვენი საქმის პროკურორი არ იცნობს კომპანიის  შინაგანაწესს, რაც მისი პირველადი მოვალეობაა და ადვოკატს სთხოვს, გადმომიგზავნეთო?
  • ჩვენ გვითხრა, არ ვიცი მე ეგ მუხლები, თქვენ თუ იცით რამე, ჩამიგდეთ და ხათუნასაც გადავუგზავნიო.
  • ხათუნა ვინ არის?
  • გამომძიებელი.
  • ანუ იმანაც არ იცის, გასაგებია…
  •  იქვე შეადგინეს ჩემა ადვოკატმა და პროკურორმა კითხვები, რომელიც უნდა დაესვათ ექსპერტისთვის. არსი იყო ის, თუ რამდენად შეიძლებოდა მახარაშვილის მარტო გაშვება ჯიხურში. სხვათაშორის, იქვე პროკურორმა გვირჩია, რომ ეს საქმე რამდენ ხანს გაგრძელდება არავინ იცის და ამიტომ, თქვენ მანამდე შეიტანეთ სარჩელი სამოქალაქო კუთხით, რომ იქნებ სასამართლომ შეაჩეროს გადასახადი და სახლი არ დაკარგოთო. 
  • საქართველოს არქივიდან გამოითოხვეთ თქვენი მეუღლის დოკუმენტები?
  • თავდაპირველად ხომ მოვითხოვეთ  „თელასისგან“, რომ მოეცათ ჩვენთვის ჩემი მეუღლის თავდაპირველი დანიშვნის ბრძანება,  შრომითი ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ასლები. „თელასმა“ გვითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ აღარ გვაქვს და საქართველოს არქივში გადავაგზავნეთო. არქივს „ვეჯაჯგურეთ“ ზუსტად ერთი თვე და როგორც იქნა მეილზე მოგვივიდა პასუხი საქართველოს არქივიდან, რომ ზურაბ მახარაშვილის შესახებ არ მოიძია თქვენს მიერ მოთხოვილი დოკუკემტაციაო.
  • ანუ არ იყო გადაგზავნილი არქივში?
  • რაც  არ ჰქონდა „თელასს“, რას გადააგზავნიდა. ახლა ვაპირებთ ისევ მივმართოთ „თელასს“ და არქივის ეს წერილიც დავურთოთ თან.
  • თქვენი მეუღლის საქმეს ერთი ექსპერტი ჰყავს?
  • როგორც ვიცი, ორი – ერთი ცხედრის და მეორე ჯიხურის. არანაარ დოკუმენტებზე წვდომა ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ რომ მოვთხოვეთ პროკურორს, რომ სამოქალაქო საქმე გვინდა აღვძრათ და ამიტომ, ექსპერტიზის პასუხები გვჭირდება, უარი მივიღეთ. არადა, წელიწადია რაც გრძელდება ეს საქმე და დასასრული არ უჩანს.   გამომძიებელი მეუბნება, რომ ძალიან განვიცდი და გულზე  მაწევს, მაგრამ პროკურორმა ათასი ვინმე დამაკითხინა და  ამას დრო სჭირდებოდაო.
  • ათასი „ვინმეს“ დაკითხვით შედეგი ნული გაქვთ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კომპანიის შინაგანაწესის მუხლებს თქვენს ადვოკატს სთხოვენ და არა „თელასს“? 
  • მგონია, რომ მართლა გულით უდგებიან. თუმცა, შედეგი მართლა არ გვაქვს.  გარდაცვლილის შრომით ხელშეკრულებას არ მაძლევენ, თორემ ცოცხალი სანამ იყო, არ მომითხოვია.
  • გამოდის, რომ დოკუმენტების არ ქონის გამო, სამოქალაქო საქმეზეც ვერ შედიხართ სასამართლოში, რომ ბინის გადასახადის საკითხი მაინც შეაჩეროთ?
  • ვერ შევდივართ, ხელთ არაფერი გვაქვს.  „თელასმაც“ თუ არ მომცა ჩემი მეუღლის საბუთები, გამომადგებენ ამ ბინიდან, ბანკს და პროცენტებს ხომ არაფერი არ შეაჩერებს. ბოლოს ვიფიქრეთ, რომ იქნებ გავყიდოთ… უკვე არ ვიცი, რა გზას მივმართოთ.

„ქრონიკა +“ თვალს გაადევნებს თელასის დაღუპული თანამშრომლის საქმეს, რომელშიც არც პროკურატურა და არც კომპანია პასუხიმგებლობას არ იღებს.

თამარ როსტიაშვილი