თელავი გაძეგლდა

ზუსტად 298 წლის წინათ დაიბადა მეფე _ მეფე, რომელიც საქართველოს მონარქიის ბოლო ვარსკვლავი იყო. სიყვარულით მას კახელებმა პატარა კახი დაარქვეს…

და თითქმის სამასი წლის თავზე მეფე ერეკლეს ძეგლი თელავს აღმოსავლეთით ამშვენებს, ჭადართან _ ლოკოკინა, ახალ ბაღში _ მეარღნე და ცხვარი, ქალაქის ბოლოში, ქარხნის ეზოში _ მუზის ქანდაკება დახერხილ-დაფლეთილი გდია, ნადიკვარზე ლესია უკრაინკა ტყეს გასცქერის და ქალაქის ცენტრში კი ახალი სკულპტურა დაიდგა _ „თელავის ორი დარაჯი“…

„ოთარას სიდედრი“

XX საუკუნის 80-იან წლებში თელავში ძალიან ლამაზი ქალის დიდი ძეგლი დაიდგა. ქალი წელს ზევით თითქმის შიშველი იყო, ხელებზე კი ვაზი ჰქონდა დახვეული და მტევნები ეკავა… განაწყენდნენ თელაველები, _ რატომ დაგვიდგა რაიკომმა ეს ძეგლიო?!. ბავშვებს ძეგლთან ახლოს არ უშვებდნენ, _ მკერდი გადმოუყრია და ბავშვმა არ დაინახოსო!.. მაგრამ როგორ დამალავდნენ? _ ძეგლი ქალაქის ცენტრში იდგა და ყველა მას უყურებდა…. ძეგლს ოფიციალურად „ვაზის ყვავილობა“ დაარქვეს. მაგრამ გაბრაზებულმა თელაველებმა მაშინ მას „ოთარას სიდედრი“ უწოდეს, რადგან ვიღაც ოთარას ძალიან ლამაზი სიდედრი ჰყავდა. მოგვიანებით, „ოთარას სიდედრს“ შემდეგმა თაობამ „მუზა“ შეარქვა, შეიყვარა და მასთან ფოტო პოზირება დიდად მოდურიც გახდა… 2012 წელს „ოთარას სიდედრი“ მოჭრეს და ქარხნის ეზოში გადაიტანეს დაჭრილი და იავარქმნილი.

ლოკოკინა

ლოკოკინა ფორთხიალა და ზარმაცია, აი, ასე – დაფორთხავს მიწაზე და თავისი დორბლით თელავს ყველაფერს. თუ ლოკოკინას ლორწო მანამდე მხოლოდ ქალის კოსმეტიკის ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენელი ნივთიერება იყო, 2012 წლიდან თელავში 1000-წლოვანი ჭადრის გვერდით ლოკოკინას სკულპტურამაც დაიდო ბინა. და როგორც ცნობილია, მაშინ მის დადგმაში 70 000 ლარი გადაიხადეს. თანამედროვე ლოკოკინას შუშები აქვს თავის ქუდზე და იმ შუშებში თელავის ყველა ძველი ფოტო და ხედი ცოცხლდება. ლოკოკინა დღეც ანათებს და ღამეც. მაგრამ მუზა რომ ლოკოკინათი ჩაანაცვლეს, თელაველები გადაირივნენ, _ „ოთარას სიდედრს“ ლოკოკინა როგორ ამჯობინესო?!.

ლესია უკრაინკა…

1979 წელს მოსკოვიდან დირექტივა მოვიდა: მეფე ერეკლეს სასახლის წინ თელავში ბოგდან ხმელნიცკის ძეგლი უნდა აღმართულიყო. ჯერ „ოთარას სიდედრი“ არ ჰქონდათ მონელებული თელავში და ახლა უცებ ბოგდან ხმელნიცკი მოინდომეს. მედეა „არჩილოვნა“ მეზვრიშვილმა მაშინ თელავის წითლები და შავები დაამშვიდა და კრემლში წავიდა სიტყვის სათქმელად. ერთ კვირაში ჩამოვიდა და გამოაცხადა, _ თელავის ცენტრში არც ბოგდან ხმელნიცკი დაიდგმება და _ არც ლესია უკრაინკა, აქ პატარა კახის ძეგლი დაიდგმებაო… ერთ წელიწადში ძეგლის გახსნაზე „არჩილოვნას“ ინტელიგენციამ ჰკითხა:
_ როგორ დაითანხმეთ კრემლი?
_ ვთხოვე, რომ ყველას თავისი მკვდარი ეტირა, და აჰაა, მეფე დავიტიროთ აწი, მეფეო…
მაგრამ ამ ამბიდან 32 წლის შემდეგ თელავში, 3-საუკუნოვან ნადიკვრის ბაღში, ლესია უკრაინკა დადგეს, ოღონდ პირით ტყისკენ, ხოლო ზურგით _ თელავისკენ და ახლა ამაზე გადაირია თელავი… სად ლესია და სად ერეკლეო?.. მაგრამ სამი წლის შემდეგ ყველას დაავიწყდა, რომ ძეგლი „ნაცებმა“ დადგეს და მერე „ქოცებმაც“ დაიწყეს მასთან პოზირება.

2017 _ ოთარას და გიას ძეგლი

„ფრანკ რენდხენი, საერთაშორისოდ ცნობილი სკულპტორი ბიბერახიდან, “ბიბერახი-გერმანია _ თელავი-საქართველო”, 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარტნიორ ქალაქ თელავში ქმნის სკულპტურას „ორი დარაჯი თელავისთვის“, _ იუწყება თელავის მერია.

***
ოთარი და გია დიდი ხანია, დარაჯები არიან. გია უფრო უფხოა, აი, ოთარი კი ნამეტანი ფხიანი. სკოლა დაამთავრეს თუ არა, მაშინვე რაიკომში დაიწყეს მუშაობა.
ოთარმა ყველაფერი იცის _ ქიციც და ქიცმაცურიც.
ოთარმა ყველა გუბერნატორის, გამგებლისა და რიგითი სპეციალისტის განრიგი იცის. ოთარს არ ავიწყდება, შესვენებაზე რაიკომის თუ გამგეობის თანამშრომელი რომელ სკოლაში მირბის ბავშვის გამოსაყვანად. ოთარმა ზუსტად იცის, ვის რამდენი შვილი ჰყავს. ოთარმა ისიც იცის, ვინ არის ცოლის ერთგული, ან ვინ ღალატობს ქმარს.
ოთარი ყველა ბრენდსა სცნობს და ზუსტად იცის, რომელ გუბერნატორს რომელი ბრენდული კოსტიუმი ეცვა.
ოთარმა იცის, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.
ოთარსა და გიას არ სძინავთ… ოთარი და გია მარად თელავის სიყვარულში ფხიზლობენ.
ოთარი ასაკით უფრო დიდია, გია პატარაა.
მართალია, ოთარი და გია ბიბერახში არ ყოფილან, მაგრამ ოთარმა და გიამ ზუსტად იციან, მსოფლიოს რომელ ქალაქთან მეგობრობს თელავი.
ოთარმა ისიც იცის, ბელარუს და პოლონელ სტუმრებს თელავში ვინ მოეწონათ.
გია დარდიანია და გულთან მიაქვს თელავისა და ყველას სატკივარი…
ოთარი უფრო მხიარულია… მაგრამ იმათზე დარდობს, ვისაც ხელფასი აქვს და ცოლი არ მოჰყავს…
ოთარს ლეიბორისტები არ უყვარს, იმიტომ რომ თავს ატკიებენ და ბევრ შენიშვნას აძლევენ.
გიას ყველა უყვარს, მთავარია, თელაველი იყოს და ყველას ეფერება…
გიას ყველა სტუმარი უყვარს…
გიამ ყველას ტელეფონის ნომერი იცის, ოთარმა _ ყველას მანქანის ნომერი.
ოთარი და გია სანტექნიკოსებიც არიან, ელექტრიკოსებიც, ინჟინრებიც, პოლიგლოტებიც, ქიმიკოსებიც, ფიზიკოსებიც, საჯარო მოხელეებიც…
მერე რა, რომ არც ერთია მერი და არც მეორე _ გამგებელი?!
გია ზარმაცი არ არის, ოთარი?! _ არც ოთარია ზარმაცი, მაგრამ ოთარი არავის დაისვამს თავზე.

***
მერე რა, რომ ვინმე მერია, ან გუბერნატორი, ან დეპუტატი…
ოთარს მაგათ მეტი რა უნახავს? ან გიას?
ყველა მაგათ ხელში არ დაიზარდა და გამდიდრდა?
ხო, გიამ და ოთარმა ყველაზე კარგად იციან თელავის ბიუჯეტი…
გიამ და ოთარმა ზუსტად იციან, ბაზარში რა პროდუქტს რა ფასი აქვს…
ორივემ ზუსტად იცის, ვინ ყიდის სუფთა ხორცს და ცხიმიან ყველს…
გიამ და ოთარმა ზუსტად იციან, როგორ უჭირს ხალხს, ოთარმა ისიც იცის, როდის წავა „ოცნება“ სახლში…
გია და ოთარი კიცხავდნენ კიდეც მერიას, დახმარებები რად გაუუქმეს ხალხს, ეს ხალხი ახლა მისაღებში დგას და ტირისო.
ოთარმა და გიამ ზუსტად იციან, ვინ რამდენი დღით მიდის მივლინებით…
ოთარს ყველაზე დიდი სტაჟი აქვს რაიკომის შენობაში მუშაობის.
ოთარს არ უყვარს გაზეთების კითხვა, მაგრამ „ქრონიკა+“-ს კითხულობს და იცით, რატომ? _ მერე ჰოლში რომ შეხვდება თანამშრომელს, უნდა უთხრას, _ იცი, გაზეთში ისევ ჩვენზე წერია… კარგად მაიქეცით, თორემ გამოგჭიმავთ (ანუ მე გამოვჭიმავ).
ოთარი რომ არა, არც საკანალიზაციო სისტემა გვეცოდინებოდა; ოთარი რომ არა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა დაბნელდებოდა; ოთარი რომ არა, მილები დასკდებოდა და დიდი გუბეები დადგებოდა საკრებულოს სხდომათა დარბაზში; ოთარი რომ არა, არც ჩაქუჩი გვექნებოდა თელავში; ოთარი რომ არა, ვერც გუბერნატორი გვეყოლებოდა ფორმაში.
ოთარი მაგარი კაცია! ოთარს უყვარს თელავი!
გიაც მაგარი კაცია! გიასაც უყვარს თელავი!
თელავში ახალი ძეგლი დადგეს, ძეგლს კი ჰქვია „თელავის ორი დარაჯი“, მაგრამ სკულპტურა არაფრით არ ჰგავს არც გიას და არც ოთარს, რადგან ისინი ყველაზე თბილები, ტკბილები, ერთგულები და ალალები არიან…
ოთარი და გია ის გამორჩეული კადრები არიან, რომლებიც რაიკომიდან მოყოლებული, პრეფექტურით გამოვლილი, გამგეობა-მერიით დამთავრებული, სულ თელავის თვითმმართველობის ადმინისტრაციაში მუშაობენ უწყვეტი სტაჟით. ასე რომ, ოთარი და გია უძეგლოდაც გაძეგლებულები არიან დიდი ხანია…
დაბოლოს, ის ბიბერახელი სკულპტორი, როგორც მერიაში ამბობენ, საერთაშორისო ხელოვანი, არსად იძებნება, „გუგლი“ მას არ სცნობს, თელავს კი ძეგლის გარეშეც ჰყავს და ეყოლება ოთარი და გია, რომლებიც, უბრალოდ, კომენდანტები არიან!
ოთარსა და გიას ძეგლი არ სჭირდებათ, მათ ძეგლის ნაცვლად პრემია სჭირდებათ!
P. s. მას მერე, რაც თელავმა გუბერნიის გვერდით ყველაზე უნიჭო ორი ლოდი კვადრატი ნახა თელავის დარაჯებად, თელავი გაძეგლდა… ლოკოკინაც შეუყვარდა, ლესიაც და ის „ოთარას სიდედრიც“, სადღაც ქარხნის ბოლოში რომ გორაობს დაჭრილი და გაპარტახებული…