თეიმურაზ მაისურაძე: „ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც შს სამინისტრო მძღოლს ამართლებს!“

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი, ვეტერანი, ლაშა მოდებაძე, მიმდინარე წლის დასაწყისში ავტოავარიაში მოყვა. 17 დღის მანძილზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი სიკვდილს სასწაულად გადაურჩა. სამართალდამცველმა ორგანოებმა მძღოლი გაამართლეს და მოდებაძე დაზარალებულადაც კი არ ცნეს. მოდებაძის ადვოკატი ამ საქმეს უპრეცედენტოს უწოდებს და შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან არასრულყოფილ და ტენდენციურ გამოძიებაზე საუბრობს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლაშა მოდებაძე:

_ 2017 წლის 3 იანვარს მეგობართან მივდიოდი, დიღომში მუშაობს, გადასასვლელზე გადავდიოდი, მანქანებისთვის შუქნიშანზე წითელი როგორცკი აინთო, მაშინვე გადავედი. გადასასვლელზე მანქანა დამეჯახა, იმ წუთში გონება არ დამიკარგავს, მაგრამ შემდეგ კომაში ჩავვარდი. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მძიმე დაზიანებები მივიღე და სასწაულად გადავრჩი. ამ დაზიანებამ ოპერაციების შემდეგ ეპილეფსია გამოიწვია. როგორც საპატრულო პოლიციამ დაადგინა, ის ადამიანი, ვინც დამეჯახა, იყო კახა ხუცურაული და „ოპელის“ მარკის ავტომანქანას მართავდა. ვიფიქრე, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არ ვუჩივლე, ასე უფრო მომაქცევს-მეთქი ყურადღებას. როგორც ომის ვეტერანს ოპერაციის ხარჯები სახელმწიფომ დამიფინანსა, მაგრამ წამლები რომ დამჭირდა, ხუცურაულმა იმ თანხის გადახდაზეც კი უარი თქვა. ჩემმა მეუღლემ დაურეკა და უთხრა, _ შენი ფული არ გვინდა, წამლების დანიშნულება წაიღე და იქნებ, ნახევარი მაინც უყიდოო. უპასუხა, _ რა ვალდებული ვარ, წამლები გიყიდოთ, რაც გეკუთვნოდათ, იმაზე მეტი უკვე გაგიკეთეთო. სანამ მისი მანქანა საჯარიმოზე იდგა, რეკავდა, მოდიოდა, მკითხულობდა და როგორცკი ჩემგან ნებართვა მიიღო საჯარიმოდან მანქანის გაყვანის თაობაზე, იმის შემდეგ საერთოდ დაივიწყა ყველაფერი. ასე რომ მოიქცა, სასამართლოში სამოქალაქო წესით ვიჩივლე, მეგონა, დაზარალებულად ვიყავი ცნობილი. სარჩელი რომ შევიტანეთ, მოსამართლემ გვითხრა, _ წარმოადგინეთ დოკუმენტი, რომ დაზარალებულად ხართ ცნობილიო. როდესაც საპატრულო პოლიციას მივმართეთ და საბოლოო დადგენილება გამოვითხოვეთ, მაშინ გავიგეთ, რომ არსებობდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის დადგენილება. ამის შემდეგ გავიგე, რომ დაზარალებულად არ ვიყავი ცნობილი და გამოძიება მარტშივე შეუწყვეტიათ, როდესაც მწოლიარე ვიყავი.

 

ლინა მოდებაძე _ ლაშა მოდებაძის მეუღლე:

_ ლაშა 17 დღის მანძილზე იყო კომატოზურ მდგომარეობაში. ექიმები მისი გადარჩენის შანსს მხოლოდ 2%-ს გვაძლევდნენ. სანამ იმას მოვიძიებდი, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც დაეჯახა და რა მოხდა, მოვითხოვე ოქმი, საპატრულო ეკიპაჟი ვინც გადაიყვანა, სასწრაფოს მედპერსონალი, დოკუმენტები ეჩვენებინათ, იქნებ, ჩემი ქმარი იყო დამნაშავე და სხვაზე ეჭვი ტყუილად მქონდა, ხომ უნდა დავრწმუნებულიყავი. მპასუხობდნენ, _ არ ვიცით, არ არის თქვენი საქმეო. მერე მომცეს გამომძიებლის ნომერი, ამ ქალბატონს როდესაც დავურეკეთ და ვხოვეთ, რომ საქმის ვითარებაში გავრკვეულიყავით. იკითხა, _ როგორ არისო? ჩემმა მაზლმა უთხრა, _ როგორ არის, ჯერ კაცი კომიდან არ გამოსულაო. გვეუბნება, _ როგორ გეკადრებათ, მე ვიცი, რომ მსუბუქი დაზიანება აქვს მიღებულიო. ვუთხარით, _ მაშინ, მობრძანდით, ქალბატონო და თქვენი თვალით ნახეთო. გვიპასუხა, _ მაშინ მე ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებო. შემდეგ ეს საქმე გადაეცა თოფურიას. მასაც დავუკავშირდით და გვიპასუხა, _ ვალდებული არ ვარ, ინფორმაცია მოგაწოდოთო. ის ტანსაცმელი, რომელიც შემთხვევის დროს ჩემს ქმარს ეცვა, ექსპერტიზაზე არ წაუღიათ. საქონელს რომ დაეჯახება მანქანა, იმის ექსპერტიზას ატარებენ, ამხელა კაცი იყო სასიკვდილოდ გადადებული და ერთი კვირის თავზე, როდესაც საავადმყოფოში სანიტარს ტანსაცმელი გაჰქონდა, სრულიად შემთხვევით მოვკარი თვალი, რომ ლაშა მოდებაძე ეწერა. ნებართვა ვითხოვე და მითხრეს, სრული უფლება გაქვს, წაიღო, რადგან ექსპერტიზაზე აქამდე არ გადაიტანესო. მომაწერინეს ხელი და წამოვიღე. რატომ არ დაინტერესდა გამოძიება, რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ?! ხუცურაული ხომ ამბობს, „ოპელს“ ვმართავდი, როდესაც შემთხვევა მოხდაო, იმასაც ამბობს, ჩემ წინ ჯიპი მიდიოდა, იმან გააჩერა, მე გავედი და დავეჯახეო. ვუთხარი, _ თუ დაინახე, რომ შენ გვერდით მიმავალმა ჯიპმა გააჩერა და გზა დაუთმო, შენც რატომ არ გააჩერე, ხომ უნდა მიმხვდარიყავი, რომ რაღაც ხდებოდა-მეთქი?! _ რა ვიცი, მანევრირება ვცადე, მაგრამ ვერ ავაცილე, თვითონ შემომახტაო. მაშინვე ვუთხარი, _ თუ ვიღაც არ გყავს ჩარეული და საქმეებს არ აწყობ, რატომ ტანსაცმელი ექსპერტიზაზე არ წაიღეს-მეთქი? _ არ ვიცი, ეგ ჩემი საქმე არ არისო. ხუცურაული ჩვენთან სახლში რომ მოვიდა და შემთხვევით ნახა საავადმყოფოდან წამოღებული ტანსაცმელი, მითხრა, _ რად გინდა, ამას ხომ ვეღარ ჩაიცვამს და გადაყარეო. დღესაც შენახული მაქვს! რით მიმტკიცებენ, რომ „ოპელი“ დაეჯახა და არა ჯიპი?!

_ ამაზე რატომ ამახვილებთ ყურადღებას, ფიქრობთ, რომ სხვა დაეჯახა?

_ როდესაც ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე წავედით, ადგილზე ითქვა, რომ გუშინ ავარია მოხდა, მაგრამ არა „ოპელით“, არამედ, ჯიპითო. ეჭვების გასაფანტად გამოძიებას მივმართე და მითხრეს, რომ უფლება არ მქონდა, ვიდეოკამერების ჩანაწერები მენახა. როდესაც ხუცურაულს ვეკითხებოდი, _ ამიხსენი, როგორ მოხდა ეს შემთხვევა-მეთქი? ჩემთან ერთი ვერსია თქვა, ძმასთან _ სხვა, მამასთან _ სხვა, მეგობრებთან _ სხვა, ერთი და იგივე არასოდეს უთქვამს. არ არის გამორიცხული, რომ ჯიპმა დაარტყა, მაგრამ ხუცურაულმა საკუთარ თავზე აიღო. ქირით ვცხოვრობთ, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, ერთადერთი ეს კაცი იდგა ფეხზე, რომელიც ოჯახს არჩენდა. ხედავს, კაცი წამიქცია, ბავშვები მშიერი დამიტოვა და ელემენტარულად, იმასაც არ კადრულობს, რომ დარეკოს და მოიკითხოს. ღმერთმა ნუ მათქმევინოს, რომ ეს შემთხვევა შეგნებულად გააკეთა, მაგრამ შემთხვევითაც რომ ხდება, ხომ უნდა დაინტერესდეს, ცოდვა დავიდე კისერზე და გავიგო, რა ხდებაო. მისი საქციელიდან გამომდინარე, ვგრძნობთ, რომ ის არ დაჯახებია. ამ ეჭვის გაჩენამდე მიგვიყვანა ისევ მისმა საქციელმა. როდესაც ლაშას ძლიერი ტკივილები ჰქონდა, ექიმთან გადაყვანა სჭირდებოდა, იმ წუთში არ მქონდა იმის საშუალება, რომ ტაქსით მიმეყვანა საავადმყოფომდე. ექიმის მომსახურება უფასოდ ეკუთვნის და წამალს რასაც გამოუწერდა, ბოლოს და ბოლოს, აფთიაქში ნაცნობები მყავს და ნისიად წამოვიღებდი. ვიფიქრე, ამდენი მანქანა ჰყავს, ვთხოვ, იქნებ, ექიმამდე მიმაყვანინოს-მეთქი. ჯერ არ მიპასუხა, რომ არ შევჩერდი, ვიღაც დამალაპარაკა, აგდებულად მეუბნება, _ ვინ ხარ, მე მოვალ შენთან და საქმე გავარჩიოთო. ვუთხარი, _ როგორც კი ჩემთან სახლში ფეხს შემოდგამ, პატრულს გამოვიძახებ და სადაც საჭიროა, იქ გაგამწესებ-მეთქი. მომდგა და მეძახის შეურაცხმყოფელ სიტყვებს. არც მითქვამს, რისთვის ვრეკავდი, არ მომცა საშუალება. გავმწარდი ჯერ როგორც ცოლი, მერე დედა, შვილები ასეთ მდგომარეობაში დამრჩა. როდესაც გამოჩნდა, ვუთხარი, _ კახა, ღმერთის გეშინოდეს-მეთქი და მიპასუხა, _ მე ღმერთის არ მწამსო.

_ როდის გადაწყვიტეთ, სამართლებრივი ბრძოლა დაგეწყოთ?

_ როდესაც თქვა, რომ საჯარიმოდან უნდოდა მანქანის წამოყვანა, მაშინ ვუთხარი, _ სანამ ჩემი ხალხი გვერდში მედგა, აქამდე არ შემიწუხებიხარ, ქირით ვცხოვრობ, კაცი დააინვალიდე, სახლშია და ვერაფერს აკეთებს, იქით მოსავლელია, იქნებ, იმდენი მაინც გააკეთო, რომ ბინის ქირა გადამიხადო-მეთქი. ნოტარიუსით დამიდო ხელშეკრულება, რომ 3 თვის ქირას გადაიხდიდა. ძალიან შეძლებული კაცია. ბინაში 270 ლარს ვიხდით, კომუნალური გადასახადები რაც მომიწევს, წინასწარ ხომ არ ვიცი. როდესაც მკითხეს, ხელშეკრულებაში რა თანხა დაგვეწერა, რადგან კომუნალურ გადასახადებს ვერ განვსაზღვარვდით, ნოტარიუსში თანხის რაოდენობა არ მიგვითითებია. მარტის თვეში მოიტანა 300 ლარი და სინამდვილეში, 330 მქონდა გადასახდელი, ვუსაყვედურე და მეორე თვეში ის 30 ლარი დაამატა, მესამე თვეში 305 ლარი მოუწია, ამასობაში აუყვანია ადვოკატი, ის გამოაგზავნა და სახლის მეპატრონეს 150 ლარი მოუტანა. არ გვიჩივლია და აქეთ აიყვანა ადვოკატი. 150 მოიტანა იმიტომ, რომ 270 ლარი უანგარიშებიათ ბინის ქირა, _ ვალდებული არ ვარ, კომუნალურები გადავიხადოო და გამოაკლო. რადგან თანხის ნახევარიც არ იყო, სახლის პატრონმა ისიც არ გამოართვა და დღემდე ასეა გადასახდელი. არაერთხელ ვუთხარი, _ კახა, ჩემი და ჩემი შვილებისთვის არც საკვებს გთხოვ და არც წამლებს, ვინც დააინვალიდე, იმას მიხედე-მეთქი. არ ვიცი, ვინ დაეჯახა, მაგრამ ოფიციალურად მისი სახელი ფიგურირებს და აგერ მაქვს მისი აღიარებითი ჩვენება. ელემენტარულად, წამლების ყიდვაზეც უარი განაცხადა. ჩემი მეუღლე სოციალურად დაუცველი და, ამასთანავე, ომის ვეტერანია, ჯანდაცვის სამინისტრო მხარში დაგვიდგა და ყველას მადლობელი ვარ იმ ექიმებით დაწყებული, ვინც ლაშას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ჰქონდა თავის ქალას ფუძის მოტეხილობა, საფეთქლის მოტეხილობა, ტვინის დაჟეჟილობა. ამ ტრავმის შედეგად დარჩა ეპილეფსია, რაც მთავარია, ისეთი აგრესიული გახდა, ბავშვებზეც კი გამოხატავდა. არ ვიცი რატომ, ტვინში აქვს ჩაბეჭდილი ჯიპი და მელოტი კაცი, გამოდის ქუჩაში, თუ სადმე დაინახა ჯიპი, არ აქვს მნიშვნელობა, ქალი მართავს თუ კაცი, ყველას სურათს უღებს და მეუბნება, _ შენ რომ არ გჯერა, ესენი „მისატკავებენო“. ფსიქიკური პრობლემებიც დარჩა, რასაც ექიმიც აღიარებს და ფსიქიატრის კონსულტაციაზეა გაწერილი. ვეტერანთა დეპარტამენტი დაგვეხმარა, გადარიცხვები გავაკეთეთ, ხვალ ეპილეფსიის ცენტრში უნდა დავაწვინო და იქიდან რომ გამოვა, ფსიქიატრთან მიმყავს კონსულტაციაზე.

 

თეიმურაზ მაისურაძე _ ლაშა მოდებაძის ადვოკატი:

_ 13 მაისიდან ჩავერთეთ ამ საქმეში. აღმოჩნდა, გამოძიება უკვე დასრულებული იყო. დავუკავშირდით ხუცურაულის ადვოკატს და მან ასეთი პოზიცია დაიკავა: თქვენ ხართ დამნაშავეები და ზიანის ანაზღაურებას იქით მოგთხოვთო. ადამიანი ასეთ შემთხვევაში დაზარალებულად არ იყოს ნაცნობი, პრაქტიკას არ ახსოვს. მივმართეთ ოფიციალურად შს სამინისტროს. მარტო წერილის ჩაბარებაზე იქ ამბავი დაგვჭირდა, მთელი შს სამინისტროს ცხელი ხაზი შევძარით! ბოლოს, როგორ იყო, ჩაიბარეს. პასუხად მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლის გამოძიებაზე საქმის შეწყვეტის შესახებ. გამოძიება დაწყებულ იყო ფაქტზე, დაზარალებულად არ გამოიკვეთა არავინ და ბრალდებული არ არსებობს. 5 ივნისს მივიღეთ წერილი, რომ ამ ფაქტზე გამოძიება შეწყვეტილი ყოფილა. როდესაც გამომძიებელ თოფურიას მივმართეთ, მასალების გადმოცემის თაობაზე უარი თქვა, _ შს სამინისტროს მიმართეთო. საქმეში საინტერესო ამბები აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხდვით დაკითხული არიან მოწმეები: კახაბერ ხუცურაული, თამაზ იაშვილი, ვაჟა წამალაძე და ლაშა მოდებაძე. ხუცურაული არის, ვინც ავარია მოახდინა, მოდებაძე _ ვინც ავარიაში მოყვა, იაშვილი არის ხუცურაულის ბიძაშვილი და წამალაშვილი, კიდევ, სიმამრი, რომლებიც იყვნენ თუ არა მანქანაში, არ ვიცით. მოდებაძე კომიდან რომ გამოვიდა და აზრზე არ იყო, მაშინ დაკითხეს. როგორც მოდებაძის მეუღლე აცხადებს, გამომძიებელმა ლაშას მხოლოდ ერთადერთი კითხვა დაუსვა, _ გაქვს თუ არა პრეტენზია ხუცურაულთანო? ლაშამ უპასუხა, _ კი, მაქვსო, მაგრამ ოქმში რა დაწერა, არ იცის, ასლი არ დაუტოვებია. ხუცურაულის ნათესავები წამალაშვილი და იაშვილი რომ დაკითხეს, გამოძიებაში არსად ჩანს, ისინი საერთოდ იქ იყვნენ თუ არა. ამ დაკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, ტექნიკური და ავტოტექნიკური დასკვნებით დაადგინეს, რომ ხუცურაული არის უდანაშაულო. აქ კი წერია, რომ მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ გამოძიების მასალებში წერია, რომ მსუბუქი ხასიათის დაზიანება მიიღო. ურთიერთსაწინააღმდეგოს წერენ თვითონვე. მთავარი ეს არის, გამოძიების შეწყვეტის საფუძველში უწერიათ, რომ ამ შემთხვევამ გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; სახეზეა შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია მძღოლის მიერ მოთხოვნათა დარღვევის შედეგად. ერთ შემთხვევაში წერს,_ მძიმე დაზიანებააო, მეორეში, _ მსუბუქიო. სისხლის სამართლის დანაშაულის ქმედების არარსებობის გამო გამოძიება შეწყდაო. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მასალებს არ გვაძლევს, მივმართეთ მთავარ პროკურატურას, გენერალურ ინსპექციას, რომ მასალები გადმოგვცენ, მაგრამ ჯერ ამაზე რეაგირება არ არის. არ ჩატარებულა სრულყოფილი გამოძიება, მასალები ტენდენციურია, თუნდაც იმ ნაწილში, რომ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო, დასკვნა არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს. ეს ყველაფერი გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ შეიძლება საქმე გვქონდეს მფარველობასთან. ეს არის უწყების დანაშაული! როგორ შეიძლება მოდებაძე დაზარალებულად არ ეცნოთ?! მაგრამ დაზარალებულად რომ ეცნოთ, მაშინ ვიღაცას პასუხი უნდა ეგო და პასუხი რომ არ ეგო ვიღაცას, ამიტომ არ ცნეს დაზარალებულად! თუკი ვიდეომასალა არ არსებობს, მაშინ როგორ დაადგინეს, რომ ლაშა მოდებაძის ბრალი იყო?! ექსპერტიზაზე ტანსაცმელი არ წაუღიათ, როგორ დაადგინეს, რა ტიპის მანქანა დაეჯახა?! როგორც მოდებაძეები ამბობენ, ისეთ ადგილას არის დაჯახებული, იქ სედანის ტიპის მანქანა ვერ დაეჯახებოდა. ვინ იჯდა საჭესთან, ვიდეომასალაში ხომ გამოჩნდება?! ისიც ეეჭვებათ, საჭესთან, იქნებ, ისეთი ვინმე იჯდა, რომლის გამოჩენაც არ უნდათ?! ამიტომ გაამართლეს ხუცურაული. საქართველოს მართლმსაჯულების ბოლო პერიოდის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, მძღოლის ასეთი გამართლება არ ყოფილა!

 

თამარ ბატიაშვილი