თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტი _ ვისთვის კეთდება ახალი ზონა?!

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას განავითარებენ! _ ამ საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარები, ჯერ კიდევ, გასულ წელს გაკეთდა, ოღონდ გაჩნდა კითხვის ნიშნები უპასუხოდ.

რამდენიმე დღის წინ კვლავ აქტუალური გახდა ხსენებული პროექტი, რადგან საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ „ამ გეგმაში თბილისის მერიამ ერთ უცხოურ კომპანიას 476 000 ლარი გადაუხადა. დიახ, ნახევარი მილიონი გადაიხადეს ჩვენი ჯიბეებიდან ამ ფალოსის ნახევარკუნძულის დაპროექტებაში“. მის პასუხად კი დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გენერალური გეგმის სურათი გამოაქვეყნა, ის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ზღვისპირა ინფრასტრუქტურა, დეპუტატის სიტყვებს კი არასწორი და ცრუ ინფორმაცია უწოდა:

„ეს არის თბილისის ზღვის გენერალური გეგმის კონცეფცია, რომელიც შექმნა PwC-ის საკონსულტაციო ჯგუფმა და გავლილია თბილისის გენერალური გეგმის მიერ. ის ფოტო, რაც ტვ „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, დამონტაჟებულია, ასევე არასწორი და ცრუ ინფორმაციაა გავრცლებული საკრებულოს ე. წ. დამოუკიდებელი დეპუტატის მხრიდან, რომელიც, სამწუხაროდ, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით და ცრუპენტელობით ცდილობს თბილისელების შეცდომაში შეყვანას“.

 

რეალურად, რა გეგმაზეა საუბარი, როდის დაიწყება მშენებლობა და ვისზე იქნება გათვლილი ეს პროექტი?

 

„ქრონიკა+“ დედაქალაქის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს დაუკავშირდა:

_ მალე იგეგმება გენერალური  პრეზენტაცია, რომელზეც დეტალებზე ვისაუბრებთ, ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. წარმოვადგენთ მაკეტებს, პროექტებს.

 

შეგახსენებთ: ჯერ კიდევ გასული წლის 15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინეს, რომელიც უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით შემუშავდა. იგი თბილისის მერიის დაკვეთით, Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს PwC ()-მა მოამზადა. კონცეფცია თბილისის ზღვის ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებითა და ბიზნესცენტრებით დატვირთვას გულისხმობს და მისი სწორად განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

 

მაიკ უაილდერი _PwC -ის პარტნიორი, თავის დროზე, აცხადებდა:

_ ჩვენი აზრით, ამ პროექტს თბილისის ზღვის ტერიტორიის ახლებურად გამოყენების პოტენციალი აქვს, ასევე, მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მომავლის ხედვის შემადგენელ ნაწილად და მნიშვნელოვან წამოწყებად ჩამოყალიბების პერსპექტივა.

 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეპტუალური ხედვის შემუშავება თბილისის მერიას ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის 444,435 ლარი დაუჯდა.

მომსახურების გამარტივებული სახით შესაძენად საქართველოს მთავრობამ განკარგულება 2016 წლის 27 მაისს გამოსცა, ხელშეკრულება კი Pრიცეწატერჰოუსეჩოოპერს (PwC)-თან გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გეგმა მოიცავს ფუნქციურ და შენობების განთავსების ზონებს, შენობების სიმჭიდროვის, სიმაღლისა და სამგანზომილებიან მონახაზებს.

 

„ქრონიკა+“ ურბანისტ-არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილს ესაუბრება:

_ პროექტი, შესაძლოა, წარმატებულიც იყოს და ძალიან კარგიც, უბრალოდ, რა ხარჯებთან და ვადებთან არის დაკავშირებული, ან რა პერსპექტივასთან, ეს არის საქმე. მთელ საქართველოს თბილისში ხომ არ დავასახლებთ?!

სწორი ეკონომიკური განვითარების შედეგად თბილისი უნდა იყოს 1 მლნ-1,5 მლნ-იანი ქალაქი. ჩემი აზრით, ძალიან აქტუალურია, რომ მთლიანად საქართველო განვითარდეს.

პრიორიტეტულად რეგიონებში დავხარჯავდი ფულს და არა დედაქალაქში. იდეა კარგია, მაგრამ ქვეყნის მოწყობისთვის და განვითარებისთვის, _ არც ისე. წარმოიდგინეთ, ახალი რამ რომ გაშენდეს, იქ სამუშაო ადგილებიც შეიქმნება, განვითარდება, ხალხი იქნება საჭირო, იმ ხალხის რესურსი საიდან  გვაქვს? _ ინდოეთიდან თუ საქართველოდან?!

ურბანული საკითხები არ არის დამოკიდებული მარტო ლამაზ პროექტთან, ეს დამოკიდებულია ქვეყნის დემოგრაფიასთან და ეკონომიკურ განვითარებასთან, პირობითად, ამერიკა  წინა საუკუნის დასაწყისში რომ 30 მლნ იყო, ახლა არის 300 მლნ, რადგან მათ აქცენტი სხვაგან გადაიტანეს. როცა რაიმე ახალი დაწესებულებები ან საწარმოები იხსნებოდა, მაშინ ემიგრანტებზე იყო აქცენტი, ამგვარი პოლიტიკის გამო კი თავისი მოსახლეობის 2%-ს ამერიკა ყოველწლიურად უკან იღებს.

მთავარია, ეს პროექტი ვისთვის კეთდება?!

მთელ მსოფლიოში მსგავსი რაღაცები იგეგმება ერთიანად, ამას რომელიმე ერთი სამინისტრო, უწყება, ან ხელისუფლების წარმომადგენელი კი არ ამბობს. ყველაფერი გათვლილი და გაწერილი უნდა იყოს. თან ეს არის 30-წლიანი პროგრამები. 10 წელი არ გვყოფნის მსგავსი პროექტისთვის. ეს პერიოდი არ არის ის მასშტაბი, რომ ეყოს. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ და გამოვთვალოთ, ჩვენი მშპ როგორ იზრდება, როგორი მონაცემები გვაქვს, რა დემოგრაფიულ სურათს მივიღებთ სამომავლოდ?

ვინმემ გათვალა, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 30 წლის შემდეგ? მე რასაც ვკითხულობ, კატასტროფაა ის, რომ საქართველოში იცხოვრებს 2 მილიონი ადამიანი, ოღონდ აქედან ქართველები უმცირესობა იქნება. მსგავს საკითხებზე უნდა მუშაობდნენ სპეციალისტები ძალიან ფართო სპექტრში.

დემოგრაფიულად, რას ფიქრობენ, საქართველოში რა მოხდება?

დღეს რომ მილიონამდე ადამიანია საქართველოდან გასული, ვინ არიან ისინი? ესენი არიან შრომისუნარიანი 20-დან 60-წლამდე ადამიანები. მეორე საკითხია, რომ ისინი გამრავლებისუნარიანებიც არიან, ანუ მათი უკან დაბრუნება 20 წელიწადში მოსახლეობას მილიონით გაზრდის, მაგრამ ის, ვინც უნდა გამრავლდეს, აქ არ არის. ძალიან დიდი ეჭვი  მეპარება, რომ ამ საკითხზე ვინმე მუშაობდეს და იკვლევდეს.

აქ რომ თბილისის ზღვის ზევით ლამაზი ქალაქი დახატონ, რას ნიშნავს, ვერ ვიგებ? ასეთ რაღაცებს, საერთოდ, ურბანული განვითარების უწყება აკეთებს, ამაზე რომ ვისაუბროთ, ზოგადად, სამინისტრო არ არის ქვეყანაში, პოლიტიკური ორგანიზაცია/ინსტიტუტი, ვინც მარტო ურბანულ განვითარებაზე ფიქრობს.

საბჭოთა კავშირს დადებით კონტექსტში არ მოვიაზრებ, მაგრამ მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: როცა იგი ინდუსტრიალიზაციაზე გადავიდა, დაიწყო ქარხნების მშენებლობა, მაგ პერიოდში ქარხნები აშენდა რუსთავში, ჭიათურასა და ა. შ., ამ ყველაფერზე კი უზარმაზარი სახლმშენი ზრუნავდა, ის ამას გეგმავდა.

უფრო ნათელი რომ გახდეს ყველაფერი, პირობითად, სახელმწიფო უწყება რომ გეტყვის, ჩრდილოეთ საზღვარი უნდა გავამაგროთ, რადგან რუსეთიდან საფრთხე იგრძნობა, ამას ყველა დაეთანხმება და მერე გენერალური შტაბი ანგარიშობს 200 შეიარაღებული ჯარისკაცის საცხოვრებლის აშენებას, არადა, პირდაპირ ორასივესთვის ყაზარმა კი არ უნდა ააშენონ, რაც ახლა კეთდება ჩვენთან, ეს ურბანულად უნდა გაითვალოს, სამინისტროში გადაეცეს, მერე იქ დაითვალონ, რომ არიან ოფიცრები, ამდენ ჯარისკაცს სჭირდება 30 ოფიცერი, მათ ჰყავთ ცოლები, 25-დან 45 წლამდე ასაკის, რომელთაც ჰყავთ შვილები, ის ბავშვები ხომ ბაღის ან სკოლის გარეშე ვერ გაიზრდებიან, ანუ 200 კაცზე კი არ უნდა გავაკეთოთ, არამედ 500 ადამიანზე და არ აკეთებენ, ამიტომ ვიღუპებით, ნელ-ნელა ამისკენ მივდივართ.

 

აკაკი ცომაია _ ეკნომიკის ექსპერტი:

_ ასე თბილისი ნამდვილად ვერ განვითარდება. ვფიქრობ, რომ აქ კორუფციის ნიშნები უნდა იყოს. მერიაში დიდი ხანია, კითხვები ისმის გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ეს კონკრეტული ტენდერი იყო თუ ხელშეკრულება, ესეც კორუფციის ძალიან დიდ ნიშნებს შეიცავს, ამას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის განვითარების გეგმასთან. მით უფრო, თუ თბილისის განვითარების გეგმაში, დაახლოებით, 3,3 მლნ ლარს ხარჯავს მერია და კონკრეტულად ამ პროექტში, რომელიც თბილისის განვითარების გეგმის ნაწილია, 500 000 ლარს იხდის, არალოგიკურია.

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პროექტები დადებითია და ირიბი ეფექტი მოაქვს იგივე ტურიზმის, კეთილმოწყობის თვალსაზრისით და ა. შ. მთავარი ის არის, რომ თვითონ პროექტი იყოს კვალიფიციურად შეფასებული. როცა მერია ასეთ პეოექტს წარადგენს, ჯერ უნდა გაიაროს შეფასება, საპროექტო დიაგნოსტიკა, დაიწეროს დასკვნა და მერე უნდა წარადგინონ საკრებულოში განსახილველად, ყველა შემთხვევაში ნებისმიერი მსგავსი პროექტი ძალიან დადებითია, აქ საინტერესოა თვითონ პროექტის ხარისხი, რამდენად არის ის შიდასაპროექტო დანახარჯები მიზანშეწონილი, თუ შეიძლება ეს შემცირდეს, ან პირიქით _ არ ჰყოფნიდეს და გაიზარდოს, _ ეს ყველაფერი დასკვნაში უნდა იყოს.

ისე, რასაკვირველია, ჩვენთან ერთადერთი ტერიტორია თბილისის ზღვის მიმდებარეა, სადაც ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შეიძლება, მაგრამ ერთია, რომ აკეთებენ გარკვეულ პროექტს, მეორეა, ვინ ისარგებლებს ამ გაკეთებული საქმით: თუ ეს სილამაზისთვის და ერთჯერადი ეფექტისთვის აშენდება, იგი სოციალურ ეფექტს დაკარგავს, არც ტურისტული თვალსაზრისით გაამართლებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ აქ განსაკუთრებულად ელიტარული ტურისტები არ ჩამოდიან.

მთავარია, ეს პროექტი ისე არ გამოუვიდეთ, როგორც სომხეთში, როცა სევანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფართობები დაისაკუთრეს, იქ სასტუმროები ააშენეს და მთელი ეს ტერიტორია ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის, პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელი იყო, ანუ იგი არის და დარჩა ექსტრაკლასის ადამიანებისთვის, ფინანსურად ძალიან შეძლებული მასისთვის. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის შემდგომ ექპლუატაციას: რა არის გათვალისწინებული? არის თუ არა დოტაციები მერიისგან, რომ დაფაროს ხარჯები? ჩვეულებრივმა მოსახლეობამაც ისარგებლოს ამ სერვისით, თუ არ არის მოსახლეობისთვის გათვალისწინებული, რადგან უნდა ისარგებლოს, მხოლოდ და მხოლოდ, რაღაც განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებელმა.

ეს კითხვები მერიის წინაშე უნდა დაისვას!

მგონია, რომ ეს პროექტი საკრებულოში უნდა გავიდეს განსახილველად და მათ გადაწყვიტონ.

ვინ ისარგებლებს და რა მიზნებს ემსახურება ეს პროექტი?

რა სოციალური ეფექტი ექნება მას? _ მერიის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი უნდა ატარებდეს სოციალურ სახეს, ეს აუცილებელია! ამიტომ უნდა დაისვას ეს კითხვები და იგი უნდა გაითვალოს საშუალო დონის ტურისტებზე, ისევე, როგორც მოსახლეობაზე.

 

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ გვაქვს საამისო რესუსრსი და რამდენად ეფექტიანი იქნება ამ პროექტის რეალიზაცია მთლიანად დედაქალაქისთვის? _ ასე უნდა დავსვათ კითხვა და განვსაზღვროთ ჯერ ფულის რაოდენობა, თუ არის საკმარისი თანხა და მერე არის თუ არა საუკეთესო, ოპტიმალური ვარიანტი სახსრების დახარჯვისა. მაგალითად, დუბაიში სასტუმრო „სლალომი“ გახსნეს, რომელიც გუდაურის ტრასაზე ნაკლები არ არის. ეს ყველაფერი კი უდაბნოში ხდება, სადაც ტემპერატურა 35 გრადუსზე მაღალია. ამიტომ რამდენად შესაძლებელია, _ ეგ კითხვა არ უნდა დაისვას. რაც შეეხება თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას, ამისთვის, თავის დროზე, სერიოზული განაცხადი არსებობდა, ჯერ კიდევ, 1970 წელს დამტკიცებული გენერალური გეგმის მიხედვით. თბილისის ზღვის გარშემო უნდა დასახლებულიყო, დაახლოებით, 80 000 ადამიანამდე და რამდენადაც მახსოვს, თბილისის მეტროს მიმართულებების პერსპექტიული გეგმაც იყო: გარშემო შემოევლო არსებულ ხაზს, გაგრძელებულიყო გლდანიდან და ა. შ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ქალაქი ვითარდება და მას ბევრი გამოწვევისთვის პასუხების გაცემა სჭირდება, ახალ კონცეფციებზე დაფუძნებულ სივრცით მოწყობას მოითხოვს და ამ მხრივ თბილისის ზღვას და მის მიმდებარე ტერიტორიას საკმარისი პერსპექტივა აქვს. დავუმატოთ ისიც, რომ რკინიგზის შემოვლითი გზა გადადის გარეუბანში, დედაქალაქის  ცენტრში აღარ გაივლის და ეს დამატებითი იმპულსი იქნება იმისთვის, რომ ტერიტორიები უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ, ამიტომ ვფიქრობ, პერსპექტივა სწორედ თბილისის ზღვის  მიმართულებით მართებულია და უნდა მივესალმოთ.

რაც შეეხება თვითონ პროექტის ტემპს, იგი დამოკიდებული იქნება რესურსების სიდიდეზე. თორემ შეიძლება, უფრო გრანდიოზული პროექტი მოკლე ვადებში რეალიზდეს. ვნახოთ. მე მხარს დავუჭერდი ამ პროექტს. მეტიც, გარკვეული საგადასახადო შეღავათებიც უნდა დააწესონ მსგავსი პროექტებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ დედაქალაქის განვითარებას, ცენტრის განტვირთვას და მის რეალიზებას, როგორც საცხოვრებელი, ისე რეკრეაციული კუთხით.

იქ საკმარისი ტერიტორიაა და ადვილი შესაძლებელია, რომ იყოს როგორც საცხოვრებელი, ისე რეკრეაციული და ინფრასტრუქტურულად განვითარებული ზონა.

 

ხალხის აზრი ამ საკითხთან მიმართებით არაერთგვაროვანია, თუმცა თანხები უკვე გამოყოფილი და პროექტიც გაწერილია.

2028 წელს ისეთი პროექტი უნდა ჩავიბაროთ, რომელსაც 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი და პირველი ეტაპის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ჯერჯერობით კი მაინც მერიის პრეზენტაციას ველით…

 

ნინო ტაბაღუა