თაღლითების ადგილი ციხეშია!

რატომ ვერ პოულობს სამართალს თაღლითებისგან დაზარალებული ოჯახი?!

 

დედაქალაქის მკვიდრი მედეა ქორიძე თაღლითობის მსხვერპლი გახდა, თუმცა სამართალდამცველი ორგანოების ჩარევის მიუხედავად, სამართალი ვერ იპოვა. ქორიძემ 8 წლის წინათ, 20 000 აშშ დოლარი, სარგებლის მიღების თვალსაზრისით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაასესხა, თუმცა ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში მაშინვე არ დარეგისტრირებულა. მალევე აღმოჩნდა, რომ ქონება სხვა პიროვნებაზე მინდობილობით, მართვის უფლებით იყო გადაცემული. საბოლოო ჯამში, ქორიძემ გასესხებული თანხით ვერც სარგებელი ნახა და ვერც გასესხებული თანხა დაიბრუნა. დაზარალებული ქალბატონი კვლავ შესაბამის ორგანოებს მიმართავს და მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს ითხოვს.

 

„ქრონიკა+“-ს მედეა ქორიძე ესაუბრება:

_ ეს ამბავი 2009 წელს დაიწყო. იმ პერიოდში, რადგან მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობდით და შესაბამისად, არც შემოსავალი გვქონდა, ხუთოთახიანი ბინა გავყიდეთ და თანხის ნაწილის, 20 000 აშშ დოლარის გასესხება გადავწყვიტეთ სარგებლის მიღების მიზნით. შუამავალ ჯული ბადოშვილის მეშვეობით, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი, გაზეთ „სიტყვა და საქმიდან“ პოტენციურ მსესხებელს, გულიკო თოთიაურს დავუკავშირდი. თბილისში ჩარგლის ქუჩაზე ოთხოთახიანი ბინა ვნახეთ. როგორც მითხრეს, ბინა დაყადაღებული იყო და ეს თანხა, 20 000 დოლარი, მის გამოსახსნელად სჭიდებოდათ. ნოტარიუსში წავედით მე, ჩემი მეუღლე, ასევე თოთიაური და მისი შვილი ნათია თამაზაშვილი, ხელშეკრულება ამ უკანასკნელთან გავაფორმე. ეს არის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებულია სოფელ მუხრანის ქონება, რომელიც ნათია თამაზაშვილზე ირიცხებოდა. ხელშეკრულება პირადად მასთან დავდე, რადგან ამიხსნეს, რომ ხელშეკრულება პირდაპირ დაყადაღებულ ქონებაზე ვერ გაფორმდებოდა. 4-5 დღეში ჯერ ეს ყადაღა უნდა მოხსნილიყო და მერე ჩარგლის ქუჩაზე მდებარე ბინას ჩადებდნენ. წერილს ხელს აწერს დედა-შვილი. 20 000 დოლარიც ნათია თამაზაშვილის დედის თანხლებით გადავეცი. იქ ასევე იყვნენ ჩემი მეუღლე და ჯული ბადოშვილი. ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ელისო შიხიაშვილთან. თოთიაურმა იქვე აღნიშნა, ამ ყველაფერს საჯარო რეესტრში ნუ გავაფორმებთ, 5 დღეში ყადაღა მოეხსნება და 50-55 ლარი ტყუილად რატომ უნდა გადაიხადო, ბარემ ყადაღა მოიხსნება და იქ მერე შევიტანოთო. ნოტარიუსს შევხედე, მხრები აიჩეჩა. მას რომ ეთქვა, ეს აუცილებელი წესი იყო, რასაკვირველია, ასე მოვიქცეოდი. თურმე, აქ სულ სხვა რამე ხდებოდა, რაზედაც მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ დავიწყე მოკითხვა, ჯერ გაუგებარ პასუხებს ვიღებდი, მალევე აღმოჩნდა, რომ ქონება სხვა პიროვნებაზე მინდობილობით, მართვის უფლებით იყო გადაცემული. ამის თაობაზე თქვენს გაზეთთან ადრე დაწვრილებით ვისაუბრეთ და ამაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ. საბოლოო ჯამში, გასესხებული თანხით ვერც სარგებელი ვნახეთ და ვერც გასესხებული თანხა დავიბრუნეთ. მივმართეთ პროკურატურას, ჯერ არ აპირებდნენ საქმის აღძვრას, მერე, დიდი ბრძოლის შედეგად, როგორც იქნა, გამოძიება დაიწყო და საქმე სასამართლოში წავიდა.

_ სასამართლოში როგორ წარიმართა პროცესი?

_ თავიდან საქმეს იხილავდა მოსამართლე კოპალიანი. როცა თხრობა დავიწყე, რომ ჩემ მიმართ დედა-შვილმა თოთიაურმა და თამაზაშვილმა თაღლითობა ჩაიდინა-მეთქი, მოსამართლე მეკითხება, _ ვინ არის თამაზაშვილი? ჩვენ აქ განვიხილავთ თოთიაურის საქმეს და თქვენ თუ სხვა რამე გაწუხებთ, მაშინ პროკურატურას უნდა მიმართოთო. ადვოკატი არ მყავდა, რადგან საშუალება არ მქონდა, რომ მისთვის თანხა გადამეხადა, პროკურორმა თქვა, _ არა უშავს, ჩვენ დაგიცავთო. ამასობაში, ჩემ წინააღმდეგ თოთიაურს პროკურატურაში საჩივარი შეუტანია, ვითომ ხალხს სახლებს ვართმევ, იპოთეკურ ხელშეკრულებებს ვდებ და ა. შ. გამომძიებელს შევხვდი, რასაკვირველია, საქმე არ აღძრულა და პასუხი დაუბრუნეს, რომ მე და ჩემს მეუღლეს არავითარი კრიმინალური დანაშაული არ ჩაგვიდენია. ამის შემდეგ პროცესები გაიწელა, პროკურორი მარტაშვილი სასამართლოში არ ცხადდება, საპროცესო შეთანხმებაზე ვერ დამითანხმეს, რადგან მხოლოდ გასესხებულ თანხას მაძლევდნენ. შემდეგ მოსამართლე შეიცვალა და საქმე გააგრძელა ლიანა ორკოდაშვილმა. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, პროკურატურამ ეს საქმე ჯგუფური თაღლითობის მუხლით არ წაიყვანა. დაიწყო სასამართლო პროცესები, მე არ მაქვს ხმის ამოღების უფლება. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ეს თაღლითობა ჩადენილი იყო ჯგუფურად, თუმცა მოსამართლემ პირდაპირ გამოაცხადა, რომ კვალიფიკაციის შეცვლის უფლება არ ჰქონდა. სასამართლო დასრულდა და მოსამართლე ორკოდაშვილმა 5000-ლარიანი ჯარიმით თოთიაური გარეთ დატოვა, არ დაიჭირა, მე კი ხელით მიმითითა, რომ სასამართლოში  სამოქალაქო წესით მებრძოლა.

_ იჩივლეთ სამოქალაქო წესით?

_ ქალმა, რომელმაც მთელი ქონება თავიდანვე გაასხვისა, თავის სახელზე გაფორმებული არ ჰქონია და არც არასოდეს ექნება, რომელი სამოქალაქო წესით უნდა ვიჩივლო?! თუკი ხალხი ასეთ თაღლითურ სქემებს ვისწავლით, წინასწარ გავასხვისებთ ქონებას და მერე სხვის თანხებს მივითვისებთ, კაციშვილი არ დაგვსჯის, სახელმწიფოც ყურებს არ შეიბეტყავს იმიტომ, რომ ქონება არ გვაქვს, ავდგეთ და ყველამ ვითაღლითოთ! ერთ-ერთ მოტივად, რომ თოთიაური მოსამართლემ არ დაიჭირა, იცით, რა დაწერა? _ ასაკშიაო! მაშინ თოთიაური 60 წლის იყო და მე _ 61-ის. მე მტოვებს ქუჩაში ამხელა ვალებთან ერთად, რომელიც ამ საქმის გამო დამიგროვდა და იმას 5000-ლარიანი ჯარიმით გარეთ უშვებს. დამნაშავე პროკურატურაა, საქმე ჯგუფური თაღლითობის მუხლით არ წაიყვანა, თოთიაურის შვილი საქმიდან გამოაძვრინა და დედასაც საქმე გაუიოლა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე იყო მანუჩარ კაპანაძე, მან თაღლითობის მუხლით ჩადენილი დანაშაული ძალაში დატოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯარიმა რომ აკმარა, ამით გათამამებულმა თოთიაურმა სააპელაციოში ისიც კი იკადრა და თქვა, _ თითქოს ძირის თანხა გადახდილი ჰქონდა. ვეკითხები პროკურორს, _ აკი, 9-წლიანი მუხლი ჰქონდა და უნდა დაეჭირათ-მეთქი, მპასუხობს, _ მე დავიჭერდიო. გეკითხებით, 9-წლიანი მუხლი რომ აქვს ადამიანს და მოსამართლე ჯარიმით უშვებს, ეს რას ნიშნავს, სხვადასხვა ადამიანებისთვის კანონი სხვადასხვაა?! სააპელაციო სასამართლომ თოთიაურს 2000 ლარი ჯარიმა კიდევ დაუმატა ბიუჯეტში შეტანით, გაწბილებული დავრჩი. პროკურორი მეუბნება, _ აბა, ახლა უზენაეს სასამართლოში იბრძოლონ, რომ თაღლითობის მუხლი მოეხსნასო. კი მაგრამ, მე რა?! მხოლოდ დაზარალებულის სტატუსი რაში მჭირდება, ამხელა ზარალს ვინ გადამიხდის?! იმხელა ვალებში ჩავვარდი ამ საქმის გამო ბინის გაყიდვა მინდა და იმასაც ვერ ვყიდი, რომც გავყიდო, ვალებს არ ჰყოფნის ის ფული და ქუჩაში ვრჩებით!

_ თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს, თავიდანვე რატომ არ მიეცა საქმეს სწორი კვალიფიკაცია?

_ ეს საქმე ძალიან მაღალ დონეზეა ჩაწყობილი, საქმიდან ჯერ შვილი გამოაძვრინეს და მერე _ დედა.

_ ახლა რა არის თქვენი მოთხოვნა?

_ ვითხოვ ამ ადამიანის დაჭერას! რომ დაეჭირათ, ვალს გადაიხდიდა! რატომ გადაიხდის, როცა 5000 ლარად გარეთ უშვებენ?! თუ უნდა გადახდა, გადაიხადოს ჩემი ვალი, თუ არადა, თაღლითების ადგილი ციხეშია!

თამარ ბატიაშვილი