თამაშის უკან დგას ცოდნა

 

მას შემდეგ, რაც მსოფლიომ განვითარების მრავალი ეტაპი განვლო, დაასკვნა, რომ ყველას განურჩევლად სქესისა, რელიგიისა, ეთნიკური თუ სხვა მახასიათებლისა, სჭირდება განათლება, ხოლო განათლებას _ რეალიზება. საქართველომაც გაიარა ეს ეტაპები. მას შემდეგ, რაც უკვე აღიარებულია განათლების მიღების საჭიროება და განსაზღვრულია მისი მოსალოდნელი შედეგები, დგება საკითხი _ რა ფორმით უნდა გამოვიყენოთ ნასწავლი ისე, რომ ეს ცოდნა სხვა მოცემულობების წინაპირობა გახდეს?

საგანმანათლებლო-ინტელექტუალური თამაშები, ასე თუ ისე, მსოფლიოშია ორგანიზებული. ერთი შეხედვით მარტივი სიტყვის, „თამაშის“ უკან დგას პიროვნული უნარები და რესურსების რეალიზება. სწორედ ეს თამაშია, რომლის დროსაც იბადება იდეები, ინიციატივები და, უბრალოდ, ცოდნის ერთისგან მეორეს გადაეცემა. საინტერესოა, რამდენად უწყობს საქართველო ფეხს ამ იდეებისა და ინიციატივების დაბადების პროცესებს?
ფორმალურად თუ არაფორმალურად, საგანმანათლებლო-ინტელექტუალური თამაშების მიმდინარეობა და შინაარსი აუცილებლად უკავშირდება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას.

განათლების ექსპერტ გიორგი გახელაძის შეფასებით დღევანდელი საქართველოს რეალობაში მსგავსი თამაშები უცხო ხილი ნამდვილად არ არის:
„საგანმანათლებლო-ინტელექტუალური თამაშები არის ძალიან ბევრნაირი და სხვადასხვა დანიშნულების მატარებელი. ეს სხვადასხვა თამაში არის სხვადასხვა უნარის მასტიმულირებელი, ხელშემწყობი და განმავითარებელი. ეს გადაცემებემი იმ შედეგებზეა ორიენტირებული, რა მიზნებიც აქვს კონკრეტული ფორმატის თამაშს. ასეთი ბევრია _ ზოგიერთი არის მეხსიერების გავითარებაზე ორიენტირებული, ზოგიერთის მიზანი გახლავთ ანალიზის უნარის გაუმჯობესება. შეიძლება, ეს მიზანი შერეული მახასიათებლების მქონეც იყოს. სხვები გახლავთ მოტორიკაზე ორიენტირებული და ა. შ. მასობრივი მედიების მიერ შემოთავაზებულ საგანმანათლებლო-ინტელექტუალური თამაშების შემთხვევაში, ჩვენს მაგალითზე, ისინი, როგორც წესი, ნამდვილად არის უცხოური ქვეყნების გამოცდილების ანალოგი. მაგრამ მსგავსი ტიპის თამაშები არანაირად არის უცხო ქართული საზოგადოებისთვის. ამაში არაფერია ახალი უკვე საუკუნეების განმავლობაში. შემოთავაზებული თამაშების კონტექსტები რამდენად არის ადაპტირებული ქართულ რეალობაზე, ამის მიხედვით შეიძლება განსჯა, ვარგა თუ არ ვარგა? იმუშავებს თუ არ იმუშავებს? მოეწონებათ თუ არ მოეწონებათ ახალგაზრდებს? საბოლოო ჯამში, ის მაინც თამაშია და შეჯიბრია. ვლინდება გამარჯვებული, წარჩინებული და ა. შ. არაფერი წინააღმდეგობა არ არის იმასთან დაკავშირებით, უცხოურ საზოგადოებებში უფრო ადრე მოიფიქრეს კონკრეტული თამაშების ორგანიზება და მერე გახორციელდა ის საქართველოს ფარგლებში, თუ პირიქით.
შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ნაკლებად განმავითარებელი თამაშები არის „ეტალონი“ და „რა? სად? როდის?“ ფაქტობრივად, ისინი მხოლოდ მეხსიერების სტიმულირებაზეა ორიენტირებული. რაც უნდა გვარწმუნებდნენ ამ თამაშების ორგანიზატორები და გულშემატკივრები, რომ კიდევ უფრო მეტ უნარსა და ანალიზის შესაძლებლობას ავითარებს, სინამდვილეში მათი მიზანი მხოლოდ მეხსიერებაზე გადის. ამასაც აქვს საკუთარი ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში. მეხსიერების იგნორირებას არავინ აკეთებს. მეხსიერებაში ვაჯობო სხვას და ეს იყოს განათლებულობის მაჩვენებელი, არასწორი მიდგომაა და ძალიან შორსაა განათლების დატვირთვისგან. რა თქმა უნდა, ისინი ნაკლებად არის ორიენტირებული ახლის შეცნობასა და რეალიზებაზე. ადრე იყო ასეთი გუნდური თამაში „ცხრაკლიტული“. ეს იყო მხოლოდ საქართველოში და არ გახლდათ გავრცელებული მთელ საბჭოთა კავშირში. საინტერესო იყო“.

როგორც წესი, მსგავსი ტიპის თამაშები, უმთავრესად, ახალგაზრდების კონკურენციასა და მათი ცოდნის რეალიზებაზეა ორიენტირებული.

მარიამ გვარამია ხშირად არის ამ კონკურენციის აქტიური მონაწილე:
_ რა გამოცდილება გაქვთ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაშებში?
_ მსგავსი ტიპის თამაშები ყოველთვის მაინტერესებდა. სკოლის პერიოდიდან სულ ვადევნები ხოლმე თვალს ტელევიზიით სხვადასხვა საგანმანთლებლო თამაშს და დიდი ინტერესი მქონდა მათ მიმართ. ჩემი პირველი „რა? სად? როდის?“ სკოლაში გაიმართა, სადაც ჩემს კლასელებთან ერთად მივიღე მონაწილეობა და მეორე ადგილი ავიღეთ. ამის შემდეგ იყო სხვადასხვა ტური და კონკურსები. „რა? სად? როდის?“ უკვე მეცხრე წელია, ვთამაშობ, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი განსაკუთრებით აქტიურად.
თამაშის გარდა უნივერსიტეტში ყოფნისას ხშირად ვიყავი მსგავსი ტიპის თამაშების ორგანიზატორი, ვადგენდი კითხვებს და ა. შ.
_ თქვენი აზრით, რა შედეგებზეა ორიენტირებული ასეთი თამაშების ორგანიზება?
_ მსგავსი ტიპის თამაშები ტარდება თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მარტო „რა? სად? როდისზე?“ რომ არ ვისაუბროთ, იგივე ტელევიზიებში ხშირად შევხვდებით ინტელექტუალურ თამაშებს. ამ თამაშების ძირითადი მიზანი დაბალ ასაკობრივ ჯგუფში ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაა. მოსწავლეები ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიო მსგავს აზროვნებას. მოთამაშეები სწავლობენ ახალს და ცოდნასაც იძენენ. ჩემი გამოცდილებითაც გეუბნებით, რომ ყოველი ახალი ტურის მერე გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს თავში, ვიდრე მანამდე. არის თამაშები, რომლებშიც ფაქტობრივ ცოდნას ექცევა დიდი ყურადღება, მაგალითად როგორიც იყო „ყველაზე ჭკვიანი“ და არის „ეტალონი“, აი, „წიგნების თაროს“ მსგავს თამაშებში კი უფრო მეტად ლოგიკა და რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება გამოგადგება, რა თქმა უნდა, ცოდნასთან ერთად. ნებისმიერი თამაში, რა სახის მიზანზეც უნდა იყოს ორიენტირებული იგი, საბოლოოდ, მაინც ცოდნის გაცვლასა და ახლის შეძენაზეა გათვლილი. მივესალმები, თუკი საქართველო თვითონ იქნება ხოლმე ინოვატორი მსგავსი ტიპის თამაშების სულ ახალი და ახალი ვარიანტების შექმნაში.
თუმცა, ვფიქრობ, დღევანდელ რეალობაში რა თამაშებიც გვაქვს, საკმაოდ ეფექტიანია და შესაბამისი კონკურენციაც მაღალია ახალგაზრდებში _ სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება და მონაწილეობს. ეს დადებითი ტენდენციაა და თამაშების პოპულარულობასაც უსვამს ხაზს. მათში მონაწილეობა, ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ კონკრეტული ადამიანის არჩევანია. მნიშვნელოვანია ანალიზის უნარისა და კრიტიკული აზროვნების გამძაფრება. კონკურენციის პირობებში ეს საკმაოდ მისაღწევია _ გამარჯვებულის სტატუსის სურვილი, საკუთარი თავის უკეთ რეალიზების მიზანი, კონცენტრირებისა და მობილიზების შეგრძნების მოთხოვნა, საბოოლოდ, აუცილებლად განაპირობებს სწორ და აზროვნებას. კონკურენციის შესაძლებლობა არის ერთ-ერთი ძალიან დადებითი პროცესი, რომელიც თან ახლავს ამ თამაშებს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში უფრო მეტი ინფორმაცია იცვლება, მეტი კითხვა დასმის და პასუხების ძიების მოთხოვნილებაც მეტია.
_ ქართულ რეალობაში რამდენად ეფექტიანია მსგავსი თამაშები?
_ დღითიდღე რომ იზრდება ამ თამაშებში მონაწილეობის მსურველების რაოდენობა, ე. ი., ნამდვილად ეფექტიანია. თუნდაც სატელევიზიო თამაშები ავიღოთ, უკვე მერამდენე სეზონია, რაც გადის და აქტიურობას არ კარგავს. იგივე ითქმის „რა? სად? როდისზეც?“ რომელიც სადაც უნდა ჩაატარო, ყოველთვის მსურველთა უდიდესი რაოდენობაა. ვერ ვიტყვით, რომ ამ ტენდენციის მიზეზი ალტერნატივების არარსებობა ან მათი შეზღუდული მაჩვენებელია. პირიქით, საზოგადოებისგან მოდის ინტერესი და მოთხოვნა, რომ ბევრი ტიპისა და ფორმატის საგანმანათლებლო თამაში შეიქმნას. ქართულ სივრცეში მოსახლეობა ნამდვილად მიილტვის, რომ აქტიურად იყოს ინტელექტუალური თამაშების მონაწილე. სისხარტე და მობილიზება დამატებით ის უნარებია, რომლის გააქტიურებასაც ხელი ეწყობა ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზებით.
_ ამ მხრივ რის შეცვლას, დახვეწას ისურვებდით?
_ ალბათ იმას, რომ ნაკლებად კომერციული იყოს და თანხის გადახდაზე არ იყოს ორიენტირებული. უფრო მრავალფეროვანი კითხვები იყოს და უფრო გაუწიონ ამ თამაშებს პოპულარიზაცია. როდესაც თამაშს, უპირველესად, კომერციული მიზანი აქვს, ამით მონაწილეების განათლებისა და კონკურენციის უნარის ხარისხი ნამდვილად არ იცვლება. იცვლება მხოლოდ შესაძლებლობები, რომ მსგავსი ტიპის გადაცემებში მონაწილეობისთვის თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი ნებისმიერ მსურველს. პირიქით, უფრო მეტად უნდა იყოს ორგანიზებული წამახალისებელი პროექტები, მეტად ორიენტირებულები უნდა იყვნენ ახლის შექმნაზე, რომ მეტს გაუჩნდეს მონაწილეობის სურვილი. მსგავსი თამაშები საუკეთესო საშუალებაა, მონაწილემ მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი რესურსის რეალიზება. გარდა ამისა, იგი იძენს ან ივითარებს ურთიერთობის უნარებს. ამ საშუალებების წართმევა და შეზღუდვა დაუშვებელი უნდა იყოს.

სიმონ ნატრაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო-ინტელექტუალურ თამაშებსა და მათი განვითარების საკითხებში:
„ბავშვობიდანვე ვუყურებ სატელევიზიო თამაშს „რა? სად? როდის?“ როგორც ქართულად ისე _ რუსულად. შემდეგ დავიწყე შეკთხვების გაგზავნა, მერე უნივერსიტეტშიც არაერთხელ მითამაშია და მომიგია კიდევაც. ამჟამად ვთამაშობ უმაღლეს და სუპერლიგებში, ასევე ვატარებ თამაშებს სხვადასხვა თემატიკაზე. მსგავსი თამაშების ორგნიზება, ერთი მხრივ, მოიცავს ინტელექტუალური საზოგადოების აზარტული ჟინის დაკმაყოფილებას და მათი გონების გავარჯიშებას. მეორე მხრივ, ფინანსების შოვნის ეფექტიანი საშუალებაა, თუკი ავტორიტეტი გაქვს და კარგი შეკითხვებით ასიამოვნებ მოთამაშეებს.
თამაშის სტრუქტურა უკვე დიდი ხანია, კარგად ჩამოყალიბდა და დაიხვეწა. ერთადერთი, რისი ჩამატებაც შეიძლებოდა, არის ჯილდო, რომელიც არა მარტო „სულით მოთამაშეებს“, არამედ სხვებსაც დააინტერესებთ, რაღაც სტიმულის გამო მაინც რომ მოეკიდონ ამ თამაშს სერიოზულად. პირველ ყოვლისა, ეს არის ადამიანის განვითარების გზა, რომელიც ასწავლის გუნდურად მუშაობას, გადაწყვეტილებების მიღებასა და მსჯელობისას სწორი გზით წასვლას. შეიძლება ითქვას, ის ერთგვარი ბრეინ შტორმინგია, რომელიც ყოველ ჯერზე გვმატებს გამოცდილებასა და სისხარტეს“.

ნინო ბარამიძე საქართველოში მიმდინარე ინტელექტუალური თამაშების კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა.
ადრეული ასაკიდანვე იგი ბევრს ცდილობდა, მონაწილეობა მიეღო ცოდნის გამომვლენ და გამაღრმავებელ შეჯიბრებებში. ბავშვობაში განხორციელებული ცდების ნაწილი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ეს ის ასაკი იყო, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. მსგავს აქტივობებში ჩართვის სურვილი კი ნინომ საკუთარი ინიციატივით გამოთქვა: „ვფიქრობ, მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანი კომუნიკაციაა. შედარებით პატარა რომ ვიყავი, მიმაჩნდა, რომ სხვისთვის უნდა დაგესწრო და ბევრად „მაგარი“ იქნებოდი. დღევანდელი გადმოსახედიდანაც ვფიქრობ, რომ სისხარტე, ხშირად, გადამწყვეტიც კია. რაც უფრო მეტად არის ადამიანი შეჯიბრის დროს კონცენტრირებული, მით უფრო შეძლებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენას. სხვადასხვა ფორმატის გადაცემასა თუ თამაშს განსხვავებული პრინციპები, წესები აქვს, ასევე მიზნებიც. ვისურვებდი, უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ისეთი თამაშები, რომელთა მიზანიც არა ზოგადი განათლების „შემოწმებაა“, არამედ კონკრეტული სპეციალიზებული დარგების გავნითარებასა და გავრცელებას ემსახურება. ცხადია, ასეთი შეხვედრების ბენეფიციარი ვიწრო ჯგუფები იქნება, რომლებისთვისაც პირდაპირი კავშირი აქვს კონკრეტულ დარგს. სხვათა შორის, ასე ვიწრო მიმართულებებისთვის ყურადღების გამახვილება, სამომავლოდ, ქვეყნის დონეზე გავლენას იქონიებს და პროფესიული კადრებით ქვეყნის უზრუნველყოფასაც შეძლებს.
მსგავსი ტიპის თამაშები, ალბათ, უფრო ახალგაზრდა თაობების განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს ძალიან მისასალმებელია. თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ ასაკობრივი კატეგორიების „შეჯიბრი“ და მოსმენა, რომლებმაც დიდი ხნის წინ დაასრულეს განათლების მიღების ფორმალური საფეხურები. ძალიან მინდა, მსგავსი თამაშების საკითხზე შესაბამისი სისტემები აქტიურად მუშაობდნენ. ასეთი კონკურსები ყველაზე ღირებულად მიმაჩნია. ეს ის სფეროა, რაშიც ენერგია, დრო და რესურსები არ უნდა დაიზოგოს. პირიქით, უფრო და უფრო მეტი იდეა უნდა მოიძიონ.
მსგავსი საკითხების მიმართ ინტერესი ადამიანებს ადრეული ასაკიდანვე უნდა განუვითრდეს. ეს, სამომავლოდ, ბევრ მოცემულობას გაამარტივებდა _ გამოცდილებიდან გამომდინარე ისინი შეავსებდნენ სიცარიელეებს და განავითარებდნენ ნაკლებს. ამისთვის საჭიროა სტიმული და ალტერნატივა. ალტერნატივების შეთავაზება მუდმივი პროცესი უნდა იყოს და მას არ უნდა განაპირობებდეს მხოლოდ კონკრეტული მედიასაშუალება.
_ ამ მხრივ რის შეცვლას ისურვებდით?
_ ვისურვებდი, ამ შეჯიბრებებში მონაწილეობა ყველასთვის და ყოველთვის თანაბრად მისაღწევი იყოს. ეს, ალბათ, ყველაზე საბაზისო და ელემენტარული სურვილია. ორგანიზატორებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ ეს აქტივობები ისეთი იყოს, რომ მსურველების ნაკადები არ წყდებოდეს. საქართველოში არსებული, წარსული და დღეს მიმდინარე თამაშების ძირითადი ნაწილი უცხოური თამაშების ანალოგებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას განათლების ხარისხთან დაკავშირებით რაიმე ზემოქმედება აქვს. თუმცა, ასე თუ ისე, კონკრეტულ ქვეყანაში მოფიქრებული და გაანალიზებული თამაშები მორგებულია ამ ქვეყნის რეალობასა და მისი მოსახლეობის აზროვნებას. იმ სტანდარტებს, რითაც ეს ქვეყანა განსხვავდება სხვათაგან. ამის გამო სასურველია, ადგილობრივ დონეზე შეიქმნას საქართველოს რეალობის შესაბამისი აქტივობები. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ ვიხსენებ ისეთ თამაშს, რომლის ორიგინალი ავტორიც საქართველოა. შეიძლება, წარსულში იყო ასეთი და მე ინფორმაცია არ მაქვს. ასე თუ ისე, მათ მიმართ ინტერესი საქართველოში, საბედნიეროდ, დღითი დღე იზრდება.
_ თქვენი აზრით, რამდენად არის ორიენტირებული მსგავსი თამაშები ახლის სწავლაზე?
_ ისინი აუცილებლად არის ორიენტირებული ნასწავლის რეალიზებაზე, მის შენარჩუნებასა და ახლის სწავლაზე. მსგავსი თამაშების დროს მთავარია კომუნიკაცია. ამ დროს, გინდა _ არ გინდა, აუცილებლად სწავლობ ახალს. ურთიერთობა და ჯგუფური თანაარსებობა მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: ახალგაზრდები მსჯელობენ, აანალიზებენ, აკრიტიკებენ, ფიქრობენ და, შესაბამისად, აუცილებლად ისმენენ ახალს და ითვისებენ.
ინტელექტუალურ თამაშებზე ჯერ კიდევ არ არის ინტერესი იმ დონეზე, როგორც უნდა იყოს. საჭიროა ხელშეწყობა, სტიმულირება და იდეური თუ სხვა სახის მხარდაჭერა. ამ ყველაფრის ინიციატორი უნდა იყოს საქართველო და არა სხვა ქვეყნები საქართველოსთვის, როგორც იდეების ორგანიზატორები. მეტსაც გეტყვით: წლების წინათ უფრო იყო თვალში მოსახვედრი საგანმანათლებლო თამაშები, ვიდრე დღესდღეობით. ეს ცუდი ტენდენციაა. ალბათ ჩემგან და ჩემნაირი ადამიანებისგანაც მეტი აქტიურობაა საჭირო“.

დღეისთვის საქართველოში არ არსებობს არანაირი ბაზა, რომელიც თავს უყრის მსგავს თამაშებს და აკვირდება შესაბამის ტენდენციებს. არადა, საგანმანათლებლო-ინტელექტუალური თამაშების ანალიზი საჭიროა. ასეთ დროს აუცილებლად გამოვლინდება თამაშების ორგანიზების დადებითი მახასიათლები. ამ დროისთვის, ალბათ, ბევრ თამაშს ვერ ჩამოვთვლით.
სანაცვლოდ შესაძლებელია იმის ჩამოთვლა, რატომ არის დადებითი პროცესი ამ თამაშების არსებობა:
• მეხსიერების სტიმულირება;
• მსჯელობის, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების უნარის გაუმჯობესება;
• ჯგუფურობის/გუნდურობის განცდა;
• აქტიური კომუნიკაცია;
• ახლის შემეცნება;
• კონკურენციის პირობებში ცივი გონებით აზროვნების უნარი;
• მობილიზების/კონცენტრაციის უნარი;
• საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა;
• დაგეგმვისა და ინიციატივების შემუშავების უნარის გამომუშავება;
• სხვ.
კონკურენცია და შეჯიბრი ქმნის ჯანსაღ შედეგს. ეს უკვე არის ხარისხიანი ცოდნა და ხარისხიანი ინსტინქტები, რომელიც განსაზღვრავს კრიტიკული უნარების უზრუნველყოფას.

მარიამ ტიელიძე