თამაზ იმნაიშვილი: „თუ ჩვენ ნატო უარს გვეტყვის, ახლო აღმოსავლეთს დასავლეთი, პრაქტიკულად, კარგავს!“

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში _ თამაზ იმნაიშვილი:

_ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებიდან 100 დღე მალე გავა, მისი ქმედებები კი წინააღმდეგობრივ სურათს აჩვენებს. ერთი მხრივ, ტრამპის ხელგაშლილობა და გულკეთილობა რუსეთისა და პუტინის მიმართ ადრე ძალიან სერიოზული იყო, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა და პირველი ნაბიჯები გადადგა. პუტინმა როგორც პროფესიონალმა პოლიტიკოსმა მას რამდენიმე ალიყური აჭამა სირიის საკითხებში, თურქეთთან მიმართებით და ტრამპი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩადგა, რომელმაც პოლიტიკური თამაშის საჭადრაკო სვლა ცუდად გააკეთა. რა სურათი მივიღეთ _ რუსეთი რჩება აშშ-სთვის მაინც ყველაზე მთავარ მოწინააღმდეგედ. ჯერ აქეთ მხარეს თავდაცვაში მატისი დაინიშნა, რომელიც 4-ვარსკვლავიანი გენერალია, „ომის ქორად“ ითვლება და რუსეთის ერთ-ერთ მოწინააღმდგედ, იქით ტილერსონი დასვა სახელმწიფო მდივნად, რომელიც რუსეთის მომხრედ სახელდებოდა და პუტინის ამალასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. სირიისა და თურქეთის საკითხებზე გადადგმული ნაბიჯების შემდგომ ტილერსონმა განაცხადა, რუსეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთო, შემდეგ კი აღნიშნა, რომ არანაირი კეთლგანწყობილი ურთიერთობა რუსეთან, როგორც ჩანს, არ შეიძლება და ისიც ხმალამოღებული მოწინააღმდეგეა რუსეთისა და ასეც იქნებოდა. ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა რუსეთისა და ამერიკის ინტერესების დამთხვევა, იმდენად დიდია მათ შორის სტრატეგიული სხვაობა, აქ რაიმე თანმხვედრი წერტილების მოძებნა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით. ტრამპის მეორე მიმართულებაა შიდა პოლიტიკის გატარება. აქ საკმაოდ წინააღმდეგობრივი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ცალსახად აჩვენებს, რომ ტრამპს წარმოდგენა არ აქვს, რა არის ამერიკის პრეზიდენტის დანიშნულება. ამას ის ახლა სწავლობს. თუმცა, შეიძლება, ისწავლოს და შეიძლება _ ვერა. ტრამპი არის ბიზნესმენი და ის ყოველთვის ამბობდა, რომ ბიზნესისა და ქონების საიდუმლოება ავანტიურებში დევს და, რა თქმა უნდა, ბუნებით რაც არის, ის გადმოაქვს პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაში, რაც ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია. ჯერ თქვა, რომ არალეგალები საერთოდ უნდა გავყაროთო, მერე მექსიკასთან კედელი უნდა ავაშენოთო, მერე მიხვდა, რომ ძალიან ბევრი მოუვიდა და დააყოლა, არალეგალების ნაწილთან პრობლემა არ მაქვსო, სამჯერ შეცვალა ეს აზრი. ერთი მხრივ, ძალიან კარგი გააკეთა, როცა ამერიკულ კომპანიებს დაემუქრა, _ თქვენი ქარხნები აქ გადმოიტანეთო, რომ აშშ-ში შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს გასაგებია, მაგრამ მედიასთან ურთიერთობაში მისი პოლიტიკური ნაბიჯები არასწორია. მედიას არ ებრძვიან და თუ ებრძვიან, იქვე აგებენ. ეს ის სფეროა, რომლის წინააღმდეგ მუშაობა არავის არასდროს გამოსდიოდა, რომელ ქვეყანასა და რომელ ეპოქასა თუ სივრცეში გინდა ავიღოთ. მედია _ ეს არის ჩაძინებული ლომი, თუ გააღვიძე და გააბრაზე, კარგს არ უნდა ელოდო. თუ ტრამპი ამ გზით წავიდა, ის ამ სერიოზულ ომს წააგებს! ვნახეთ, რომ ყველაზე წამყვან მედიასაშუალებებს აუკრძალა თეთრ სახლში მისვლა, ბრიფინგზე დასწრება, ამერიკის მტრები ეძახა და ა. შ. „სი-ენ-ენს“, „ნიუ-იორკ თაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტს“ როდესაც ასეთ რამეს დააბრალებ! ეს ის მედიასაშუალებებია, რომელთაც ყველაზე მეტი გავლენა აქვთ საზოგადოებაზე და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს არის მისი უდიდესი შეცდომა და რამდენ ხანს გაუძლებს ტრამპი ამ ომს, კაციშვილმა არ იცის. როგორც ჩანს, მას უკან დახევა მოუწევს.

_ რაც შეეხება ევროპასთან მიმართებით?

_ რაც შეეხება ევროპასთან მიმართებით, ვნახეთ ტრამპის პირველი განცხადებები, რომ ევროკავშირი დამყაყებული და ძირგამომპალი ორგანიზაციაა, რომელიც დიდად არ აინტერესებს და ა. შ. პირველი ასეთი გამონათქვამების შემდგომ ტრამპის მიდგომა ევროპისადმი ნელ-ნელა იცვლება, ახლა აცხადებს, რომ ჩვენ ერთნი ვართ, უბრალოდ, მეორე მიმართულება ის არის, რომ ევროპამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი ამ მხრივო. ტრამპი ამაში მართალია, თუნდაც ნატოს სივრცეში 2%-ს არ ხარჯავს იმ 29 ქვეყნიდან, 17-18 ქვეყანა ზოგან 1%-ზე ნაკლებია, ზოგან _ 1,5%-ზე და სხვ. ძირითადად, ბენილუქსის ქვეყნებია, რომლებიც, ამავდროულად, ნატოს წევრები არიან. მათ ყველანაირი კომფორტი, ფუნქციები და უსაფრთხოების მექანიზმები აქვთ, მაგრამ ისინი არაფერზე იღებენ ვალდებულებას. ის ნაბიჯები, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნატომ გადადგა და რაღაც პროექტები განახორციელა, სამშვიდობო მისიებია თუ სხვა, ეს ქვეყნები, პრაქტიკულად, არ მონაწილეობენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა დივიდენდს იღებენ. ტრამპის ეს მიდგომა აბსოლუტურად სწორია, ნატოს, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურა, კანონმდებლობა და ა.შ. შეიძლება, შეიცვალოს, ნატო არსად გაქრება, მაგრამ სტრატეგიულ დონეზე მისი სტრუქტურა, კანონმდებლობა და ა. შ. შეიცვლება. ის, რაც ევროკავშირის სტრუქტურებში ხდება, გაზაფხული-ზაფხულისთვის იქ ძალიან სერიოზული პროცესები წავა და ტრამპი ევროკავშირთან მიმართებით უფრო მკაცრი იქნება. ევროპელები იძულებულები იქნებიან, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან და ტრამპს ბევრ რაღაცაში დაეთანხმონ, თუმცა ტრამპს სხვა მიმართულებითაც მოუწევს ევროკავშირის დაცვა. რამდენადაც ტრამპმა ცუდი ილაპარაკა ევროკავშირზე და ნატოზე, იმდენად წარმატებას მიაღწია რუსეთმა საკუთარ პოლიტიკაში: ნეოკონსერვატორული ძალები, მეტ-ნაკლებად, პროფაშისტური მიმართულების, ადეგე _ გერმანიაში, მარი ლეპენი _ საფრანგეთში, ავსტრიაში ცალკეა, უნგრეთში თავიდან ბოლომდე პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი, პრემიერი ციპრასი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი მათი ძმაა, თურქეთი, რომელიც ობამას პოლიტიკის შედეგად, შეიძლება, საერთოდ გაიქცეს ნატოდან და თურქეთს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, დასავლეთი კარგავს და ის მიდის რუსეთისკენ. რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა დროში გაწელილად ვერ შედგება, ისინი ისტორიული მტრები არიან და ასე დარჩებიან, მაგრამ მათი ურთიერთობა, გარკვეული დროის განმავლობაში, სადაც გადამკვეთი წერტილები შეიძლება სირია იყოს და ქურთისტანის პრობლემა დააზიანებს და დააზარალებს დასავლეთს, მერე თურქეთი დარჩება საერთოდ მარტო და ორივე მტრად ეყოლება. რასაც ერდოღანი აკეთებს, საერთოდ არაადეკვატურია. გასაგებია, ის ცდილობს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებას ძალისმიერი მეთოდებით და ეს ცალსახად მიუთითებს, რომ სერიოზულად სუსტია და დიდი დრო მაინც არ უწერია. ტრამპს მიუწევს საკუთარი პარტნიორების დაცვა რუსეთისგან. ტრამპმა საუთარი პარტნიორების დაცვის სფეროში და, ამავდროულად, მსოფლიო პოლიტიკაში სირიასთან მიმართებით შეცვალა ფირფიტა და ერთი კვირის წინ საუბარი იყო, რომ სირიაში აშშ-ს როლი და იქ განსახორციელებელი პროექტები ყველანაირად უნდა გაიზარდოს. საუბარია იმაზე, რომ სახმელეთო ორგანიზაციების პროექტებიც მომზადდეს და, ამავდროულად, უნდა გაძლიერდეს საჰაერო მიმართულება. პირველმა ნაბიჯებმა, რაც ტრამპმა გადადგა, თითქმის ყველაფერი შეცვალა.

_ ცოტა ხნის წინ მიუნხენის კონფერენცია გაიმართა, სადაც დღის წესრიგში იყო ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატოს მომავალი; ევროპის სახელმწიფოებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა; რუსეთთან ურთიერთობა; სირიაში მიმდინარე მოვლენები და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. რას იტყვით ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით?

_ მიუნხენის 53-ე კონფერენცია, რომელიც ახლა ჩატარდა, იყო უდიდესი მნიშვნელობის, როგორც წინა წლის 52-ე კონფერენცია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ესეც შეიძლება ისტორიულად ჩავთვალოთ შემდეგი გაგებით, _ პირველი: კონფერენციამ, პრაქტიკულად, თქვა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები ვერ იქნება, რადგან რამდენსაც დაუთმობ, რუსეთი უფრო მეტს ითხოვს და მეტ ცუდს აკეთებს, ამიტომ დათმობაზე ლაპარაკი ზედმეტია. მიუნხენის კონფერენციამ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ახლო აღმოსავლეთი არის ის ადგილი, სადაც დასავლეთი მაქსიმალური ძალით და ფორმებით უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან იქ არის რუსეთისა და დასავლეთის შეჯახების წერტილები. რამდენადაც იტყვი უარს სირიაზე, იმდენად რუსეთი ძლიერდება და, პრაქტიკულად, მთელ ახლო აღმოსავლეთს, ენერგეტიკულ აუზს კარგავს დასავლეთი. მიუნხენის კონფერენციამ ასევე თქვა, რომ თუ შარშან შავი ზღვის პროექტი წამოიწყეს, რასაც უპირატესობის მოპოვება ჰქვია შავ ზღვაზე, ეს უკვე დაჩქარებული ტემპებით უნდა მოხდეს. არსებობს გარკვეული ტიპის წინააღმდეგობები, რომლის გამოსწორებაც შეიძლება. საუბარია მონტრეს კონვენციაზე, ეს არის შავი ზღვის აკვატორიაში გემების მოძრაობის კანონმდებლობა, რომელიც „არაშავიზღვის ქვეყნებს“ უფლებას არ აძლევს, 21 დღეზე მეტ ხანს იმყოფებოდეს აქ. თურქეთი, მეტ-ნაკლებად, ანტიამერკულად და ანტიდასავლურად განწყობილი ქვეყანაა და 2008 წლის აგვისტოს ომში მან პირველად გამოაჩინა ბრჭყალები, როდესაც ამერიკული ფრეგატი შავ ზღვაში არ შემოუშვა, რომელიც საქართველოში უნდა წამოსულიყო და 4-5 დღის მერე გაუხსნა გზა. ამით ანიშნა, აქ მე ვწყვეტ საკითხებსო. ბულგარეთი და რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყნები არიან, მაგრამ საზღვაო ფლოტი საკმაოდ სუსტი აქვთ, უკრაინა სად არის, კაციშვილმა არ იცის, აქ რჩება ერთადერთი, ყველაზე სუსტი ქვეყანა საქართველო, რომელიც, ამ შემთხვევაში, ყველაზე სერიოზული პარტნიორია, როგორც არაწევრი ქვეყანა. საქართველოს საკითხმა მიუნხენის კონფერენციაზე გაიჟღერა და ამ კონფერენციაზეა მიბმული ის, რაც მიმდინარეობს საქართველოში თავდაცვის სფეროში რეფორმასთან დაკავშირებით. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, ისე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის, გერმანიის დიდმა პოლიტიკოსებმა და უმაღლესი დონის სამხედრო ჩინოვნიკებმა, პრაქტიკულად, ერთი რამ თქვეს, _ ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ნატოს წევრი, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან არსებობს რუსეთის ფაქტორიო. ისინი ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ აკეთებენ რას _ წავიდეთ სხვა გზით. გარკვეული პერიოდის შემდგომ შესაძლებლობა იქნება, საქართველო მიიღონ ნატოში არა იმიტომ, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ საუბარია კავკასიაზე, ახლო აღმოსავლეთის გეოგრაფიულ ადგილზე, რომელიც უნდა იყოს დასავლეთის ერთ-ერთი საყრდენი. საქართველოს ნატოში შეყვანა ამ საყრდენის გაძლიერებას უწყობს ხელს. თუ ჩვენ ნატო უარს გვეტყვის, ახლო აღმოსავლეთს დასავლეთი, პრაქტიკულად, კარგავს, საქართველო გეოპოლიტიკური კვანძია. ჩვენ წავალთ ასეთი გზით: საქართველო უნდა მომზადდეს საკუთარი შეიარაღებული ძალებით, ის უნდა გახდეს ბრძოლისუნარიანი, ქვეყნის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია უნდა შემუშავდეს. რა თქმა უნდა, ამოცანა არ არის, რომ ვინმეს ომი მოუგო და ვერც მოვუგებთ. ამოცანა არის სულ სხვა რამ _ რუსეთს შეუძლია, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მთელი საქართველო აიღოს, მაგრამ შენარჩუნება ყველაზე ურთულესი პროცესია. საქართველოს შეიარაღებული ძალები და ის სამხედრო ძალები, რომლებიც ქვეყანაშია, თვითონ სამოქალაქო ხელისუფლება და მთლიანად ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს იმისთვის, რომ არ უღირდეს მომხდურს ამ ტერიტორიის დაპყრობა და შენარჩუნება. ქართულ თავდაცვაში მიმდინარე რეფორმა აუცილებელი იყო, იქ არის ძალიან ბევრი მინუსიც, მაგრამ შეიარაღებულ ძალებში ყველაზე დიდი რაოდენობა უნდა გამოთავისუფლებულიყო სამოქალაქო სექტორისა სამხედროებთან პროცენტულ მიმართებაში, რაც, თავისთავად, შეიარაღებულ ძალებს არაქმედითუნარიანს ხდიდა და ასეც არის. გარდა იმ ერთი ბრიგადისა, რომელიც ავღანეთში დადის, პოლიციური უნარის მატარებელია და უნარ-ჩვევები რაც აქვს, ეს არის წმინდა სპეცდანიშნულების ბატალიონის მომზადების უნარ-ჩვევები. ომის წარმოება რასაც ჰქვია, ქართულმა არმიამ არ იცის და ვერც ეცოდინება, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ შეიარაღებულ ძალებში ეს ამოცანა არ დასმულა, არც ერთი წვრთნა, სწავლება არ ჩატარებულა, რომელიც მათ ასწავლიდა ომს კლასიკური გაგებით. ახლა მიდიან ამ გზით, რომ ქვეყანა თავდაცვისუნარიანი გავხადოთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ დადგება დრო, საქართველო, შეიძლება, ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღონ ნატოს წევრად. ხაზს ვუსვამ, იმიტომ კი არა, რომ რაღაც სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ (სტანდარტებს ახლაც ყველანაირად ვაკმაყოფილებთ), არა, დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიის ეს გეოგრაფიული ლანდშაფტი სტრატეგიული მიზნის მიღწევის საშუალებაა. საქართველო ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი გეოპოლიტიკური კვანძი და ადგილია. თუ ჩვენ ნატო გვიგანებს და გვეტყვის, რომ აღარ მინდა შენთან ურთიერთობა, რადგან სხვა დიდი პრობლემები მაქვსო, დასავლეთი დაკარგავს მთლიანად ახლო აღმოსავლეთს, მას უდგას თურქეთის დაკარგვის საფრთხე. უდგას საფრთხე, რომ სირიის საკითხით დაკარგავს არაბულ სამყაროს. ჯერ კიდევ არაბული სამყარო არის დასავლეთის პარტნიორი და თუ საქართველოსაც დაკარგავს, ჩათვალეთ, რომ მთელი ახლო აღმოსავლეთი და აქედან უკვე შორს მიმავალი გეგმები ის არის, რომ მივიჩნიოთ, აფრიკასაც დაკარგავს და აქეთ ჩინეთი და იქით რუსეთი, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოს გადაყლაპავს, ამერიკა ჩაიკეტება საკუთარ კონტინენტზე და ევროპის პატარა ნაწილზე, ეს იქნება შედეგები. აქედან გამომდინარე, მიუნხენის კონფერენციაზე გაჟღერებულმა მესიჯებმა ზოგადი მონახაზი გამოაჩინა იმ გეგმებისა, რაც დასავლეთს _ აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებით.

_ გასულ კვირას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექ ტილერსონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. მინისტრ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრამ დაადასტურა, რომ საქართველოსთან აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. აშშ-ს სურს, მაქსიმალურად დაეხმაროს საქართველოს ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სტაბილურ, მშვიდ განვითარებას და უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიძლიერეს. როგორ აფასებთ ამ შეხვედრას?

_ რამდენიმე დღის წინ ტილერსონის შეხვედრა ჯანელიძესთან ძალიან სერიოზული დასტურია იმისა, რომ აშშ-ს გააზრებული აქვს ის რისკი, რაც შეიძლება არსებობდეს, თუ საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობას არ გააგრძელებს, თუნდაც იმ ფორმატში, რასაც ჰქვია აშშ-საქართველოს ჩარჩო-ხელშეკრულება. ამას ცალსახად აჩვენებს, რომ ერთია ტრამპს არ ესმოდეს ეს საკითხი, რადგან ის არ არის პოლიტიკოსი, მეორეა, რომ იქ არის სერიოზული გუნდი, რომელსაც ძალიან ღრმად ესმის ეს საკითხი. მიუნხენის კონფერენციაზე ნატოს გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის გამოსვლაში პირდაპირ იყო ნახსენები საქართველოს საკითხი, შავი ზღვის პროექტი და თან უნდა ვიცოდეთ, რომ შარშან, როდესაც შავი ზღვის პროექტის შესახებ იყო გაცხადებული, სტოლტენბერგმა მაშინ ხაზი გაუსვა, რომ განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფო არის სრულფასოვანი წევრი, ანუ ამ პროექტში ჩვენ ვართ ნატოს წევრები. იქიდან გამომდინარე, რომ არ გვყავს შავი ზღვის ფლოტი და გვყავს საპატრულო, რომელიც შს სამინისტროს ეკუთვნის (საზღვაო პატრულირება და ა.შ.), ჩვენ ფლოტს ვერ გადმოგვცემენ, საერთოდ ზღვა დავკარგეთ, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილი. ალბათ, ერთი გზით წავლენ _ საჩუქრად გადასცემენ შსს-ს მაღალი დონის საწყლოსნო საშუალებებს, ასევე საჩუქრად მისცემენ ბულგარეთს, რუმინეთს, ან ლიზინგის წესით ძალიან მაღალი დონის კრეისერებსა თუ ფრეგატებს და შესაძლებელია, სწავლებისა და ტრენინგის ჩატარების მიზნით ამ გემებზე ეკიპაჟები ამერიკული იყოს. ჩემი აზრით, ჩვენთან მიმართებით საჰაერო ვერტმფრენთა დამრტყმელი ავიაცია ამერიკელებისთვის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერესი, რომ ეს სფერო საქართველოში განვითარდეს. რაც შეეხება თვითმფრინავებს, „სუ 25“, რომელიც ჩვენ რამდენიმე გვაქვს, რატომღაც, ამის გაუქმება უნდათ და არ ვიცი, რატომ? ეს არის საქართველოსთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, მით უმეტეს, 2001 წელს, როდესაც ასეთი მოდიფიკაცია შეიქმნა: „სუ 25 კა-უ“, ის გახდა თანამედროვეობის ერთ-ერთი იარაღი, მას დაემატა კომპიუტერული სისტემა, ღამის ხედვის აპარატურა და ძალიან ძლიერია. ჩვენთვის „მიგები“ და „ეფ 16“-ები სრულიად მიუღებელია, რადგან ბათუმიდან რომ აფრინდება, სანამ მფრინავი თვალს გაახელს, ლაგოდეხთან არის თვითმფრინავი ჩასული, ამ ტიპის ავიაციას ჩვენ ვერ ვიყენებთ, მაგრამ საბრძოლო ვერტმფრენები, მაგალითად, „აპაჩის“ ტიპის, თუნდაც რუსული „მი 24“, ან „მი 31“, ეს ჰაერივით საჭირო იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროექტში ამ ტიპის შეიარაღება მივიღოთ. თუმცა აქ დგას ერთი საკითხი, _ შევარდნაძის დროს თავდაცის სტრატეგია არსებობდა, რა ტიპის იარაღი გვჭირდება და ეს იარაღი რა ამოცანის მატარებელი უნდა იყოს. ამის მერე 15 წელიწადი გავიდა და ქვეყანას სტრატეგია არ აქვს, რა ტიპის იარაღი სჭრდება, რა დანიშნულების არის და რა ამოცანის გადაწყვეტა შეეძლება ამ იარაღს, როგორ იქნება შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით ამ იარაღის ეფექტიანად გამოყენება, ჯერჯერობით, ეს არ ჩანს. არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, შეიარაღებულ ძალებში რეფორმირებას თუ ჩავატარებთ და იქ მაგარი მებრძოლები მოვიყვანეთ, თუ სტრატეგია არ გვაქვს. საერთო სტრატეგიაც რომ შეიმუშავოთ, ესეც არ ჰყოფნის. ასეთი ტერმინი არსებობს, _ ომობს არა არმია, არამედ ქვეყანა. ჩვენს სახელმწიფოში არ არსებობს სტრატეგიული გეგმა, როგორ უნდა იომოს სახელმწიფომ, ანუ სამოქალაქო სექტორს რა როლი უნდა დაეკისროს ომის შემთხვევაში, ეს სტრატეგიული გეგმა არ არის და ესეც გასაკეთებელია. რაც მთავარია, თუ ჩვენი ამოცანა იქნება ის, რომ სავარაუდო მტერი თუ დაიპყრობს ტერიტორიას, როგორ შევძლოთ, რომ მას არ უღირდეს ამ ტერიტორიის შენარჩუნება, ამის მთავარი პრინციპი შეიძლება იყოს ერთადერთი _ ტერიტორიული თავდაცვის პრინციპზე აგებული ქვეყნის უსაფრთხოება. თუ ამ გზით არ წავედით, რაც არ უნდა ძლიერი შეიარაღებული ძალები გყავდეს, იმ ამოცანას ვერ შეასრულებ. დღეს რაც თავდაცვაში ხდება, ეს არის სწორი მიმართულება, თუმცა ამას თუ შემდგომში სხვა ტიპის ნაბიჯები არ მოჰყვა, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, ვერც სერიოზულ პარტნიორობას გავუწევთ ნატოს, ვერც იმ ამოცანას გადავწყვეტთ და ეს იქნება წყალში გადაყრილი დრო, ფული და ა. შ. როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ აქ 32 მილიონის ეკონომია გავაკეთეთ, ხალხი რომ გავუშვით და ა. შ. 65% ეს არის დაცული მუხლები და ძალიან მაღალია. მაღალი კი არის, მაგრამ ტყუილია, 65 კი არ არის, 88%-ია დაცული მუხლი და რატომ? საშუალოდ, 65% არის სუფთა დაცული მუხლი, რასაც ჰქვია ხელფასებები, მივლინებები და ა. შ. საშუალოდ, 23% ეს არის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი. მხარდაჭერის პროგრამა ნიშნავს ჩვენს მისიას ავღანეთში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ესეც დაცული მუხლია და, სინამდვილეში, ბიუჯეტი ამ 23%-ის ეფექტიანობაზეა ორიენტირებული. ე. ი. ქვეყანას 88% შეიარაღებული ძალების ბიუჯეტისა აქვს დაცული მუხლები, რომელსაც ვერაფერში იყენებს გარდა იმისა, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, ამ სფეროში გამოიყენოს. წლის ბოლომდე, ყველა ვარიანტში, პროექტი ავღანეთი დამთავრდება. ფორმით და რაოდენობით, რამდენიც ჩვენ იქ ვართ წარმოდგენილი, 1000 კაცამდეა და შემცირდება, მაქსიმუმ, ერთი ასეულის დონეზე, შესაძლებელია, ორი ოცეულის დონეზეც. ამერიკელები იქიდან საერთოდ გასვლას აპირებენ და თუ ისინი გავიდნენ, ჩვენს იქ ყოფნას არავითარი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ავღანეთის ხელისუფლება, პრაქტიულად, ვერაფერს აკონტროლებს. ელოდებიან, ამერიკელები როდის წავლენ და იქ ისევ მოვა მოჯაჰედებისა და თალიბანის ძველი ხელისუფლება, რომელიც ავღანეთში ყოველთვის იყო. მაშინ ჩვენს იქ ყოფნას აზრი არ აქვს, ბიუჯეტის 23% გამოთავისუფლდება. ქართული არმიისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის 23%-ის გამოთავისუფლება იმხელა თანხაა, სწორად დაგეგმილი პროექტებისა და სწორად შედგენილი გეგმების განხორციელება ამ თანხაში თავისუფლად შეგვიძლია. ნუ გავზრდით ბიუჯეტს, იყოს 720 მილიონი, ამ ბიუჯეტის ფარგლებში შევძლებთ გეგმების განხორციელებას, ოღონდ, ბიუჯეტი სწორად გადანაწილდეს.

 

თამარ ბატიაშვილი