თამაზ იმნაიშვილი: „დრო არ მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ!“

ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ რუსეთმა მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთთან“ გააფორმა. საქართველოს საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ აფხაზეთის მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება ცხინვალსა და მოსკოვს შორის მოსალოდნელი იყო და აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება უკვე დაწყებულია.

ბოლო პერიოდში რუსეთის მხრიდან გადადგმულ სამხედრო-პოლიტიკურ ნაბიჯებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებში _ თამაზ იმნაიშვილი:

_ რუსეთის აქტიურობით, სამხედრო-პოლიტიკური პროცესებით, მარტი საკმაოდ დატვირთული იყო. სამი სხვადასხვა მიმართულებით რუსეთმა ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგა. პირველად იყო სირიაში სრულიად თანამედროვე, მე-5 თაობის იარაღის, „კაბ-500“-ის შეტანა. იგი უმაღლესი დონის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაა და ლიბიაშიც მის შეტანას აპირებს. ეს ცალსახად აჩვენებს ერთ რამეს: სირიის გარდა რუსეთს თავისი ყოფნის არეალის გაფართოება და ფეხის მოკიდება სურს ახლო აღმოსავლეთში. ეს მისი სერიოზული მცდელობაა. ჯერჯერობით, დასავლეთისთვის ეს არის მთავარი გამოწვევა; მეორე ნაბიჯი გადაიდგა 10 მარტს, როდესაც, სრულიად საიდუმლოდ, მაგრამ საიდუმლო არ დაიმალა და გუდაუთაში შეიტანა „ეს-300“ ტიპის სარაკეტო კომპლექსები. ერთი მხრივ, რუსეთმა დაარღვია შეთანხმება დასავლეთთან ამ ტიპის იარაღის სამხრეთ კავკასიაში გადმოტანასთან დაკავშირებით. გიუმრიში საკუთარ ბაზაზე აქვს, მაგრამ შეთანხმება არსებობდა, რომ სამხრეთ კავკასიაში სხვაგან არ ექნებოდა. შეთანხმება დაირღვა და გასაგებიც არის, რომ ჩვენ ვთანხმდებით ერთ საკითხზე, _ თამაშის წესები აღარ არსებობს და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე თამაშობს; მესამე ნაბიჯი იყო ე. წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან. ბოლო ორი ნაბიჯი, თავისთავად, არის პროცესი, რასაც ჰქვია ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოო ანექსია და მისი, თავიდან ბოლომდე, რუსულ სივრცეში ასიმილირება. ე. წ. სამხრეთ ოსეთის 200-კაციანი არმია სად იქნება, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთი როგორც, ე. წ. დე ფაქტო დამოუკიდებელი ქვეყანა, პრაქტიკულად, ამ ნაბიჯით, სრულად ასიმილირდება, შეისრუტება რუსულ სივრცეში, ამ უკანასკნელს კი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ნებისმიერ ტერიტორიაზე შეეძლება საკუთარი სამხედრო ძალების განლაგება, მათ შორის, სასაზღვრო ძალებისაც. ისედაც ჰყავს, მაგრამ ამას უკვე ოფიციალურად გააფორმებს თავისი ბაზებით.

_ რატომ მოქმედებს რუსეთი ასეთი დაჩქარებული ტემპებით?

_ ჩემს ინტერვიუებში რამდენჯერმე გითხარით, რომ დრო არ მუშაობს რუსეთის სასარგებლოდ, ამიტომ რუსეთს ძალიან ბევრი რამ აქვს მოსასწრები და ბევრი საკითხი _ გადასაწყვეტი. სანამ 100 დღე გავა ტრამპის პრეზიდენტობისა, სანამ ტრამპი ცოტა აზრზე მოვა, გუშინწინ მერკელთან იყო შეხვედრა, რით დამთავრდა, ჯერ არ ჩანს და ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება, სანამ სიტუაცია დალაგდება და სანამ ერთიანი სამოქმედო გეგმა ექნება დასავლეთს რუსეთთან მიმართებით, რუსეთმა ბევრ მოვლენას უნდა დაასწროს. ყველა ეს ნაბიჯი სამი სხვადასხვა თამაშის დიდი რგოლის ერთი ჯაჭვია. რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მოიკიდოს ფეხი და სწრაფად მიიღოს კოზირები. კიდევ უფრო დაჩქარდება რაღაც პროცესები: ტრამპის ბრძანებით აშშ-ს ნავთობის რეზერვუარები გაიხსნა და გაყიდვა დაიწყო, რამაც კიდევ უფრო დაბლა დასწია ნავთობის ფასი. როგორც ჩანს, დაახლოებით, ერთ თვეში 40 დოლარის ფარგლებში ჩამოვა. ეს ტრამპის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო და ერთ-ერთი მექანიზმი რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მიზნით. ასეც არის, ნავთობის დაბალი ფასი, 40-45 დოლარამდე, რუსეთისთვის კატასტროფაა. ამიტომ რუსეთი ცდილობს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა სანამ უფრო მეტად გაუარესებულა, რაღაც ნაბიჯები გადადგას, ისეთი, რომელიც მას ხელში კოზირს დააჭერინებს. ამას ხელს უწყობს თურქეთის დღევანდელი მდგომარეობა, ჰოლანდიის ინციდენტი, მერკელთან დაპირისპირება და ძალიან დიდი მუქარები დასავლეთის მიმართ, რუსეთთან რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით დაახლოება. დასავლეთს ანიშნებს, რომ თურქეთი მისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილი ხდება, ამიტომ საქართველოს ტერიტორია ორივე მხარისთვის, როგორც გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანი რომ არის, ერთია, მაგრამ საქართველოს ადგილმდებარეობის საჭიროება ხდება ძალიან დიდი დოზით. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რამდენიმე დღის წინ თბილისში განცხადება გააკეთა, რომ შეცდომა იყო საქართველოსთვის მაპის მინიჭების დროისა და ნატოში გაწევრიანების გაწელა, რადგან რამდენიც რუსეთს დავუთმეთ, იმდენი უარესი შედეგი მივიღეთ, ამიტომ დადგა დრო, რომ დაჩქარებული ტემპებით მივცეთ მაპი საქართველოს, უკრაინას (საუბარია ასევე მონტენეგროზე, რომელიც, პრაქტიკულად, ნატოს წევრია, მაგრამ ფორმალურად უნდა გახდეს წევრი) და ეს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს, რუსეთი ცდილობს, მოვლენებს დაასწროს და მათ ჩვენ უნდა დავასწროთო. პუტინის განცხადება ე. წ. სამხრეთ ოსეთის არმიის რუსულ არმიაში გაერთიანების შესახებ და აფხაზეთში „ეს-300“-ის შეტანა, ეს არის პასუხი მიუნხენის კონფერენციაზე. სულ რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა, რომ შესაძლებელია, ფოთში ამერიკული სამხედრო ბაზა გაკეთდეს. წინა ინტერვიუშიც ვთქვით: საზღვაო-საწყლოსნო საშუალებები ოფიციალურად საქართველოს გადმოეცეს, ამით არანაირად არ დაირღვევა მონტრეს კონვენცია, ეს იქნება საჩუქრის სახით, ლიზინგის თუ სხვა ტიპის წესით შევისყიდით. ჩვენ ამის ფული არ გვაქვს და შესაძლებელია, ირიბი საშუალებებით შევისყიდოთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, საზღვაო ბაზა იქნება, თუმცა იმის გამო, რომ მისი მომსახურებისთვის ქართული ძალები მზად არ არიან, ალბათ, ამერიკელი ინსტრუქტორები იქნებიან, მთლიანად თუ არა, სერიოზული ნაწილი მაინც. ეს უკვე საპასუხო ნაბიჯი იქნება დასავლეთის მხრიდან, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის პირდაპირი სახმელეთო საკომუნიკაციო ხაზი არ შეიქმნას. ეს ეხება აჭარასაც. ერდოღანი არ მალავს, რომ აჭარა მისი განსაკუთრებული დაინტერესების სფეროა და ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, რომ აჭარა თურქეთის გულია. თურქეთს ამბიციები რომ არ გაუჩნდეს, აჭარას იმ შემთხვევაში წაიღებს, თუ რუსეთმა საქართველო გადაყლაპა, ამიტომ ეს ამერიკული ბაზა აუცილებელიც იქნება. ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნა დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ტექნიკური საშუალებებით, იქაც როტაციის პრინციპით ამერიკელი სამხედროები იმუშავებენ და, პრაქტიულად, ეს იქნება ამერიკული ბაზა. როტაცია ნიშნავს, რომ რამდენიმე თვე ერთი ჯგუფი იქნება, მერე სხვა ჯგუფი შემოვა, მაგრამ ამერიკელი სამხედროების გარკვეული კონტინგენტი მუდმივად იქნება. ეს პროცესი და პროგრამა ისახება და მოვლენები ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

_ არის თუ არა ეს საქართველოსთვის ძალიან დიდი რისკი და გამოწვევა?

_ რა თქმა უნდა! საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი რისკი და გამოწვევაა იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ორი დიდი მონსტრის დაპირისპირების პოლიგონი გადმოდის. არ ვიცი, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ველოდები, რომ გაზაფხულზე, მაისი-ივნისი ყველაზე ცხელი იქნება. ის, რაც ბათუმში მოხდა, „ციანიდის საქმე“, ზუსტად უნდა განიხილებოდეს ამ კონტექსტში, ორივეში იკვეთება წმინდა რუსული ინტერესები. ბათუმში, 90-იანი წლების დასაწყისში, ზუსტად ასეთი სცენარით ცდილობდა ასლან აბაშიძე, მე ამის უშუალო მონაწილე ვარ და არ გამოვიდა ეს ყველაფერი. არც მინდა, ის სიტყვა ვახსენო, რაზედაც აჭარლები ამბობენ, ამას რატომ გვეძახიანო. არ მინდა, ამ სიტყვის ტირაჟირება და ჩემი გზავნილი იქნება ყველა იმ ადამიანთან, ვინც ამ საკითხით არის დაინტერესებული, ეს ტერმინი საერთოდ აღარ ახსენოს! მაშინაც ზუსტად ასე იყო და ახლაც ამ ტერმინოლოგიით და პროცესების ამ დინამიკით ემთხვევა 90-იანი წლების დასაწყისის ამბავი. ის, რომ მაშინ რუსული პროექტი იყო, ყველამ ძალიან კარგად იცის. არ გამოუვიდათ, ახლა ისევ ცდილობენ, სეპარატიზმი, ეთნიკური დაპირისპირება, ეს უკვე წარსული, ძველი მექანიზმებია, რომელიც უკვე ეფექტიანი აღარ არის. რაც ასამოქმედებელი იყო, ამოქმედებულია, რა შედეგებიც მისაღები იყო, უკვე მიღებულია რუსეთისთვის. ქართველებს შორის დაპირისპირება და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, ეს არის, ჯერ კიდევ, გაუთამაშებელი კარტი. „ციანიდის საქმე“ და „ბათუმის საქმე“ ერთი კონტექსტია და „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ღიად თამაშობს რუსულ თამაშს. შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ გარიგებულები არიან, უბრალოდ, არის დრო, როდესაც ხელი ხელს ჰბანს, ორივე _ პირს. მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ზუსტად უნდა მიებას და მაშინ მივიღებთ ერთ დიდ სურათს. პატარ-პატარა რგოლები რომ ავიღოთ და ერთი დიდი ჯაჭვი შევკრათ, ის, რაც თავიდან დავიწყე, რომ აფხაზეთში „ეს-300“-ების შეტანა, ე. წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანება, ახლო აღმოსავლეთში „კაბ-500“-ების შეტანა და რუსული არეალის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში, თურქეთისა და რუსეთის დაახლოება, დასავლეთისა და თურქეთის დაპირისპირების პიკი სულ მალე იქნება და ამ დაპირისპირების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის ტენდენცია. ეს არის ერთი დიდი სურათი. აქ, შიგნით, თუ ეკლესია ძლიერი იქნება, ქართველები ერთად იქნებიან. ყოველთვის, საქართველოს ისტორიის მანძილზე, ეს ასე იყო, როდესაც ეკლესია ძლიერია, ქართველები ძლიერები არიან, როდესაც ეკლესია სუსტდება და ქართველებს შორის რელიგიურ ნიადაგზე იწყება დაპირისპირება, მაშინ საქართველოს სახელმწიფო სუსტდება და კნინდება. დაკნინებული, ქაოსური, არეული, ერთმანეთს დაპირისპირებული საქართველო ეს იქნება ქუჩაში დაგდებული კარგი ნივთი, რომლის აღების საშუალება აქვს ერთადერთ ქვეყანას, ეს არის რუსეთი. თურქეთს არ ძალუძს ამხელა ლუკმის გადაყლაპვა, როგორც საქართველოა, ისინი ნარჩენების იმედად თუ არიან. ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი და ეს ყველა პროცესი და მისი დინამიკა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ძალიან სერიოზულად უნდა აღიქვას, ახლა რა პროცესები მიმდინარეობს: საქართველო დაპირისპირების პოლიგონი ხდება, თუ აქამდე აქ ნაკლები შეხება იყო, პოლიგონი ამ ტერიტორიაზე გადმოდის და ეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია!

 

 

თამარ ბატიაშვილი