თაკო ჩარკვიანი: „ოცნებას“ ცხვირ-პირში ძალიან მწვავე პოლიტიკური სილა მოხვდება!“

„საქართველო ჩვენი სახლია. რატომ ვაძარცვინებთ ხელისუფლებას ჩვენს სახლს?!“ _ ამ რიტორიკულ კითხვას სვამს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი. მართლაც, რატომ ვაძარცვინებთ ხელისუფლებას ჩვენს სახლს და რატომ არ გამოდის ხალხი ქუჩაში? _ თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ „გამწარებულ, გაუბედურებულ, განერვიულებულ და მოშიებულ ხალხს ოპოზიციაში შემძვრალი ბევრი ფსევდოოპოზიციონერის დანახვა არ მოსწონს“.

საერთოდ, თაკო ჩარკვიანი ის პოლიტიკოსია, რომელიც სიმართლის თქმას მხოლოდ ხელისუფლებაზე კი არა, ოპოზიციაზეც არ ერიდება. ასე, მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია ამხილა.

ამასთან, ჩარკვიანი ერთადერთი ოპოზიციონერია, რომელიც ყველა დონის შეხვედრაზე ხმამაღლა ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, დევნილობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მასზე პოლიტიკური დევნა შეწყდეს.

ამ თემას პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი „ქრონიკა+“-ისთვის მიცემულ ინტერვიუშიც ეხება. კითხვაზე, იმის გამო, რომ თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლასა და „ოცნების“ მოყვანას ხელი შეუწყო, გარკვეულ ხინჯს ხომ არ გრძნობს, ჩარკვიანი პასუხობს, რომ არა, რადგან მაშინდელ ვითარებაში ხელისუფლება უნდა წასულიყო.

„ამ „ჩაწუმპებულ“ საქართველოში უნდა მივხვდეთ, რომ რეფორმები გატარდეს და ამ რეფორმების ქვეშ სააკაშვილი ჩამოვიდეს. ამაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ცოტა ვღელავ, რადგან საქართველოს სათავეში რუსული სტილის ხელისუფლებაა და ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ“, _ აცხადებს „ქრონიკა+“-სთან ჩარკვიანი.

მაინც, რაზე ღელავს და როგორ უნდა მოიპოვოს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ გამარჯვება? _ „ქრონიკა+“ თაკო ჩარკვიანს ესაუბრა:

_ თაკო, ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეპიდვითარების გამო, როგორ ფიქრობ, არჩევნები უნდა გადაიდოს?

_ არჩევნების გადადებას არ ვემხრობი და ავხსნი, რატომაც: არ მინდა, „სიკვდილის მთავრობას“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, ხელისუფლებაში ყოფნა ოდნავ მაინც გაუხანგრძლივდეს! კარგი, არჩევნები რომ გადავდოთ, ამით რას გავახანგრძლივებთ _ ხალხის კარგად ყოფნას, დახმარებას თუ რას? ესენი რაც უფრო მალე წავლენ, ხალხი „სიკვდილის ფორმულისგან“ _ ივანიშვილისა და მისი „ატრიბუტიკისგან“ მით მალე განთავისუფლდება!
ყველაფერ ამას უპასუხისმგებლობას ვეძახდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს უპასუხისმგებლობა კი არა, მიზანმიმართული ქმედებაა.

_ ხელისუფლებას ასეთი მძიმე ეპიდვითარება მიზანმიმართულად რატომ უნდა აწყობდეს?

_ დღე არ გავა, ვირუსით 70 ადამიანი რომ არ გარდაიცვალოს და არითმეტიკას თუ გავყვებით, ეს ჩვეულებრივი გენოციდია!

_ უმძიმესი შეფასებაა, მაგრამ ფაქტია: აგვისტოში კოვიდმა ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა!

_ და ეს ჩვეულებრივი გენოციდია! ამიტომაც ვამბობ, რომ ნორმალურ დასავლურ ქვეყანაში ამათ კინწისკვრით გაყრიდნენ!

_ შეიძლება, მაგრამ ადგილობრივი არჩევნებით ხელისუფლება მაინც ვერ შეიცვლება…

_ დიახ, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები დიდი ძალაა! წარმოიდგინეთ, თბილისი ოპოზიციამ რომ მოიგოს, უკვე სხვა კონკურენცია იქნება და კონკურენტუნარიან გარემოში მოგებული ყოველთვის ხალხი რჩება.
ახლა კი ესენი არხეინად არიან _ ხალხის ფულს ჭამენ, სვამენ და ეს ყველა პრემიერს ეხება, განსაკუთრებით გახარიას და ღარიბაშვილს. დიახ, ორივეს _ გახარიასა და ღარიბაშვილის კისერზე თავისი წილი კორუფციული სქემები და ადამიანების შეურაცხყოფა თუ თვალების დათხრაა. ამ პასუხისმგებლობას ვერც ერთი მოიხსნის და ვერც _ მეორე.
ამიტომ მიმაჩნია, რომ ამათი შერყევა დროულად უნდა მოხდეს. ხელისუფლების შერყევა კი ის იქნება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს!

_ „ოცნება“ იმით შეირყევა, რომ ოპოზიცია თბილისს მოიგებს თუ გამარჯვება სხვა დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებშიც აუცილებელია?

_ უკეთესია, ოპოზიცია რაც უფრო მეტ ადგილას გაიმარჯვებს!

_ დღევანდელი კონფიგურაციით, ოპოზიციას გამარჯვება ხელეწიფება?

_ გეთანხმებით და ერთ აზრზე ვართ.
სიმართლე გითხრათ, იმ ტიპის ოპოზიციურ გაერთიანებას ველოდი, როგორიც „ძალა ერთობაშია“ იყო და იცით, ამას მუდმივად რატომ ვუსვამ ხაზს?

_ რატომ?

_ ამ ხნის განმავლობაში „ძალა ერთობაშია“ ერთადერთი პროექტი იყო, რომელმაც ოპოზიციას გამარჯვება მოუტანა.

_ რომელ გამარჯვებაზე საუბრობ, თაკო?

_ გამარჯვება იყო, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური დავდეთ, ანუ პროექტმა აჩვენა, რომ გაერთიანებას ძალიან დიდი ძალა აქვს.
მოკლედ, მიმაჩნდა, რომ ახლაც ერთი დიდი გაერთიანება გაკეთდებოდა, რისკენაც საუბარი მიდიოდა და ყველა პარტიას ჰყავს ერთი-ორი საინტერესო სახე, რომელიც სიაში იქნებოდა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა.

_ რა არ მოგეწონათ?

_ ველოდით, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარედ კი ელენე ხოშტარიას წარდგენა მხოლოდ მათი დღე იქნებოდა, მაგრამ, ალბათ, ყველამ ნახეთ, კადრი „გადაიწია“ და იგივე ფონზე (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს) გიგა ბოკერია გამოგვეცხადა და ნახეთ, ეშმაკურად რა თქვა, ინიციატორი მე ვარო.

_ რისი ინიციატორიო?

_ მაპატიეთ, მაგრამ რომელიმე კვლევა მაჩვენეთ, რომლის თანახმადაც, ხალხი გიგა ბოკერიას ინიციატივას ელოდება. ასეთ კვლევას ვერავინ ნახავს და ყველაფერი ის, რაც ვთქვი, სწორედ ამიტომ არ მომეწონა.
სიმართლე გითხრათ, ისიც არ მომწონს, რომ ამბობენ ხოლმე, აი, ჩვენ, სამმა თუ ოთხმა პარტიამო.

_ ეს განცხადება რატომ არ მოგწონთ, თაკო?

_ იმიტომ არ მომწონს, რომ ეს კარგი არ არის ოპოზიციისთვის, უფრო კონკრეტულად, რეფერენდუმისთვის, მაგრამ ახლა ვერაფერი შეიცვლება, რაც არის, ეს არის.

_ გეთანხმებით, რომ ახლა რამის შეცვლა უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ აი, მაგალითად, ოპოზიციამ ერთ-ერთ ქალაქში მერობის კანდიდატად ისეთი პერსონა დაასახელა, რომელმაც, თავის დროზე, იმავე რეგიონის სხვა ქალაქში, მგონი, სულ 3 ათასი ხმა მიიღო. ჰოდა, ამ და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით, სად ჩანს, რომ ოპოზიცია არჩევნების მოსაგებად იბრძვის?

_ მეც სწორედ ამას ვამბობ.

_ უფრო კონკრეტულად?

_ როცა ლაპარაკი რეფერენდუმზეა, ყველა ერთად უნდა დამდგარიყო და გვემსჯელა, მაგრამ წეღანდელი თქმის არ იყოს, რაც არის, ეს არის და რა თქმა უნდა, იმ ოპოზიციურ გაერთიანებას ვემხრობი, სადაც ნიკა მელიაა.

_ ისე, თაკო, წეღან ბოკერია ვახსენეთ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ პირდაპირ ოპოზიციის ღალატში დაადანაშაულე. ოპოზიციურ ფლანგზე ამ კუთხით თანამოაზრეები გყავთ? ისიც საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 2016-ში უღალატა, რატომ უშვებს, რომ ოპოზიციის გამაერთიანებლის მანტია ბოკერიამ მოისხას?

_ იცით, ოპოზიციას ახლა რატომ აღარ „ვურტყამ“ და ვამბობ, რაც არის, ეს არის-მეთქი?

_ რატომ?

_ თავის დროზე ვთქვი და ის უნდა გაკეთებულიყო.

_ დიდი გაერთიანება?

_ დიახ, მაგრამ ეს არ, ვერ მოხდა თუ ვიღაცამ არ მოინდომა. ამიტომ ამაზე ჩემი მხრიდან ახლა საუბარი უკვე არასწორი იქნება და გავჩერდი.
სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილიც ზუსტად ასე იქცევა და აბსოლუტურად სწორია.
ახლა პროგრამა მინიმუმი ისაა, რომ ეს დამანგრეველი, საშიში და სამარცხვინო ხელისუფლება _ ურდო, რომლის მსგავსიც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, გადავაგდოთ.

_ ოპოზიციას ქვეყნის ამ, როგორც თქვენ ამბობთ, ურდოსგან განთავისუფლება შეუძლია?

_ იმის იმედი კი არ მაქვს, რომ ოპოზიცია უძლიერესია.

_ მაშ, რისი იმედი გაქვთ, თაკო?

_ პირდაპირ ვიტყვი: უძლიერეს ოპოზიციას ვერ ვხედავ, სამაგიეროდ, ოპოზიციაში ბევრ საინტერესო ფიგურას ვხედავ!
იმასაც ვხედავ, რომ ხელისუფლება უსუსური და თითით საჩვენებლად სამარცხვინოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებს აუცილებლად ოპოზიცია მოიგებს.
საერთოდ, შეუძლებელია, ხალხმა არ დაინახოს, რომ ხელისუფლება როგორმე უნდა შეირყეს და ეს ადგილობრივ არჩევნებზე უნდა მოხდეს!

_ ხალხს ამის სურვილი შესაძლოა, აქვს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პანდემიაა. ამის გამო ოპოზიცია სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას ვერ ატარებს _ მინიმუმ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. სამაგიეროდ, „ოცნების“ ხელში არჩევნების მოგების უამრავი ბერკეტია: ადმინისტრაციული რესურსი, ცესკო, დაშინება-მოსყიდვა და ა. შ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მმართველ გუნდს დასავლეთის აზრიც, მომიტევეთ და, ფეხზე კიდია…

_ პანდემიას თავი რომ დავანებოთ, ყველა ის ბერკეტი, რაც ჩამოთვალეთ, ისედაც ხელისუფლების ხელში იყო და რეფორმები სწორედ ამიტომაც არ გაატარა

_ ჰოდა, ამ ვითარებაში ოპოზიციამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს?

_ ამაზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრათ.

_ ვის?

_ ოპოზიციას. აბა, მეტი რა გითხრათ?
რადგანაც ინიციატივა ოთხმა პარტიამ აიღო, პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ხელი არ შევუშალო და, პირიქით, მივეხმარო. დანარჩენი კი _ მოგებისა თუ წაგების ინიციატივაც მათზე იქნება.

_ სანამ ამ ოთხი პარტიის საარჩევნო კავშირი ოფიციალურად გაფორმდებოდა, სხვა პარტიებსაც გთავაზობდნენ, აი, გაერთიანებაში შემოდითო?

_ თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემი პარტია თბილისში მერობის კანდიდატს არ დააყენებდა და ეს ნათქვამი შევასრულე, მაგრამ დასამალი რა არის _ ოპოზიციის სიას გადახედეთ, „ევროპული საქართველოთია“ გამოჭედილი.
სხვათა შორის, „ლელომ“ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა მაინც დააყენა. მე კი ეს, როგორც გითხარით, იმიტომ არ გავაკეთე, რომ არ მინდოდა, ხელი შემეშალა.

_ ისე, მედიაში ხმა გავრცელდა, რომ თითქოს თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდით…

_ ხომ იცით, რომ ტყუილს არ ვიტყვი.

_ დიახ, ვიცი…

_ გეფიცებით ყველაფერს: თუ რამეზე არასოდეს მიფიქრია, ეს თბილისის მერობაა!

_ აბა, ეს ხმა საიდან გავრცელდა?

_ ვერ გეტყვით… არის ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურად პატივს გცემენ და ასეთი სურვილი შესაძლოა, სწორედ ამ ჯგუფებს ჰქონდათ…

_ თაკო, მიშელის დოკუმენტი ანულირებულია. ყოველ შემთხვევაში, „ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გავიდა და ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, 43 პროცენტზე მეტს ავიღებ თუ ნაკლებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ჩემს კეთილ ნებაზეა დამოკიდებულიო. ამ მოცემულობის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც ირწმუნება, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია. დავუშვათ ასეთი ალბათობა: ადგილობრივში ოპოზიცია იმარჯვებს, მაგრამ „ოცნება“ მაინც ხელისუფლებაში რჩება და ვადამდელს არ ნიშნავს. აი, ამის შემდეგ მოვლენები რა სცენარით ვითარდება?

_ ასე არ არის.

_ აბა, როგორ არის?

_ ბოლო განცხადებები ნახეთ _ ევროპა უკვე კატეგორიულად ითხოვს, რომ რეფორმები გატარდეს.

_ ევროპა მხოლოდ რეფორმების გატარებას კი არ ითხოვს, რამდენიმე დღის წინ, თუ არ ვცდები, კიევში შეხვედრისას, შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს პირდაპირ მიანიშნა, დახმარებების გამოყოფის დრო მოდის და შეთანხმების ერთგულები იყავითო…

_ რა თქმა უნდა. ჩემი ინფორმაციით, ესენი ამ უსაქციელობას ძალიან მაგრად იწვნევენ _ ცხვირ-პირში ძალიან მწვავე პოლიტიკური სილა მოხვდებათ! სხვაგვარად არც შეიძლება.

_ რატომ გამორიცხავთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ოცნებამ“ შეთანხმების ახალი ფორმულა წარმოადგინოს, რომელსაც ცალკეულმა ოპოზიციონერებმა ისევე ჩუმად მოაწერონ ხელი, როგორ ჩუმადაც 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერეს?

_ ყველაფერი შეიძლება, მაგრამ დაველოდოთ!
რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, ვიღაცისთვის გასაკვირი იყოს, ვიღაცისთვის _ გამაღიზიანებელი, მაგრამ საქართველოში, ევროპის დახმარებით, რეფორმებს უნდა მივაღწიოთ და დევნილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ჩამოვიდეს! _ ამას ბევრი „პრუტუნი“ არ უნდა. მიშას გარეშე აქ არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის!

_ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობაზე უნდა დაბრუნდეს თუ რიგით პოლიტიკოსად?

_ ამას ხალხი გადაწყვეტს!
მთავარია, რეფორმები გატარდეს და ამ რეფორმების ქვეშ ყველანაირი წარსულის შიში, თუ კიდევ ვინმეს აქვს ძალოვნების მიმართ, გაქრება და სააკაშვილი, ასეთი ნიჭიერი ადამიანი, საქართველოში უნდა დაბრუნდეს!
ამ „ჩაწუმპებულ“ საქართველოში უნდა მივხვდეთ, რომ რეფორმები უნდა გატარდეს და ამ რეფორმების ქვეშ სააკაშვილი ჩამოვიდეს. ამაში საგანგაშო არაფერია!
სხვათა შორის, ამ საკითხს დიდი ხანია, ვაყენებ, მაგრამ არ ვიცი, ოპოზიცია რას აკეთებს და რატომ არ აყენებს.

_ სხვათა შორის, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ სააკაშვილმა პირობა დადო და კონკრეტული თარიღიც დაასახელა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში იქნება. მართალია, ასეთი დაპირება სხვა დროსაც გაუცია, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ სამშობლოში მართლა დაბრუნდა, ეს პოლიტიკურ რეალობას შეცვლის?

_ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ცოტა ვღელავ.

_ თაკო, რაზე ღელავთ?

_ საქართველოს სათავეში რუსული სტილის ხელისუფლებაა და ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ.

_ კერძოდ, რას არ გამორიცხავთ?

_ მაგალითად, ცნობილია ნავალნის შემთხვევა.

_ ანუ თუ საქართველოში დაბრუნდება, სააკაშვილი შეიძლება, მოწამლონ?

_ გამორიცხული არაფერია. ამიტომ გააჩნია, სააკაშვილი საქართველოში როგორ შემოვა, ანუ ძალიან ძლიერი და დასავლური ინსტიტუციების, ასევე ხალხის ზურგით უნდა შემოვიდეს.

_ დასავლეთის ინსტიტუციები გასაგებია, მაგრამ „ხალხის ზურგში“ რას გულისხმობთ?

_ აქ დამხვედრი ხალხი ძალიან მაგარი უნდა იყოს.
მოკლედ, რეფორმებია ის, რაც ზოგიერთში არსებულ ძველ შიშს დაძლევს. გასაგებია, რომ სასამართლოს რეფორმას დრო სჭირდება, მაგრამ იგივე პროკურატურის რეფორმისთვის 24 საათია საჭირო. როგორც კი პროკურატურა „მონათა სამფლობელო“ აღარ იქნება, ყველაფერი დალაგდება და არ გადამრიოთ, სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსის დაკარგვა როგორ შეიძლება, ასეთი პოლიტიკოსი ბევრი გვყავს?

_ თაკო, გარკვეული ხინჯი ხომ არ გაქვთ, რომ, თავის დროზე, სააკაშვილის წასვლასა და ხელისუფლებაში „ოცნების“ მოყვანაში რაღაც წვლილი მიგიძღვით?

_ არა!

_ რატომ?

_ იმ ინფორმაციების ფონზე, რაც მაშინ გვქონდა, ხელისუფლების შეცვლა სწორი იყო.
დიახ, მთლად ისე არ არის, აი, შეცდომები არ იყოო. შეცდომები იყო, აბა, გირგვლიანი რა იყო? _ აღვირახსნილმა პოლიციამ ეს ყმაწვილი ტყეში წაიყვანა. თუ დამნაშავეა, ტყეში კი არა, პოლიციაში უნდა წაიყვანო.
მოკლედ, ასეთი შეცდომები რუსეთის უშიშროებამ გამოიყენა, თუმცა მაშინდელი შეცდომები „ოცნებამ“ გააათმაგა!

_ გეთანხმებით, მაგრამ 2012 წლის მერე არაერთი უსამართლობა ვნახეთ _ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დასთხარეს თვალები, რომ ოკუპანტების საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ. ამ და სხვა უსამართლობის მიუხედავად, ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოდის. ამას რით ხსნით, თაკო?

_ ამ ხელისუფლებას უკვე ბევრი „გირგვლიანი“ ჰყავს, მაგრამ იცით, ხალხი ქუჩაში რატომ არ გამოდის?

_ რატომ?

_ გამწარებულ, გაუბედურებულ, განერვიულებულ და მოშიებულ ხალხს ოპოზიციაში შემძვრალი ბევრი ფსევდოოპოზიციონერის დანახვა არ მოსწონს! საზოგადოება ოპოზიციაში მოტორიზებულ ენერგეტიკას ელოდება.

_ და ეს მოტორიზებული ენერგეტიკა სააკაშვილს აქვს, არა?

_ ხომ ხედავთ, სოციალური აფეთქებები ნელ-ნელა იწყება. აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ხომ ნახეთ, რაც ხდებოდა.
მოკლედ, ხალხი ქუჩაში ნელ-ნელა გამოვა, ოღონდ ოპოზიციამ მონოლითურობა და პატიოსნება უნდა დაანახვოს!

ვანო პავლიაშვილი