თავდაცვის სამინისტროს რეფორმა, თუ მოსუფთავებული ადგილი ლევან იზორიას ნათესავებისთვის?!

„თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ადვილად მოახერხა მთავრობის დარწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროში შტატების ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო, ვინაიდან უწყების ბიუჯეტი, ძირითადად, სახელფასო ფონდზე იხარჯებოდა და თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის საკმარისი თანხები არ არსებობდა. თუმცა, რეალურად, შტატების ოპტიმიზაცია და თავდაცვის განვითარება მინისტრმა მისი ნათესავებისა და ახლობლების კეთილდღეობით ჩაანაცვლა“, _ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-თან კარგად ინფორმირებულმა წყარომ ისაუბრა, რომლის ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვასახელებთ.

რა ხდება თავდაცვის სამინისტროში? ვინ არიან თავდაცვის მინისტრის ნათესავები და მეგობრები, რომლებიც ამ უწყებაში ლევან იზორიამ დაასაქმა? თავდაცვის სამინისტროს რეფორმა, თუ ახლობლებისთვის მოსუფთავებული ადგილები? ამ და სხვა საკითხებზე ჩვენი მასალიდან შეიტყობთ.

„ქრონიკა+“-ის წყარო:

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ადვილად მოახერხა მთავრობის დარწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროში შტატების ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო, ვინაიდან უწყების ბიუჯეტი, ძირითადად, სახელფასო ფონდზე იხარჯებოდა და თავდაცვისუნარიანობის განვითარებისთვის საკმარისი თანხები არ არსებობდა. თუმცა, რეალურად, შტატების ოპტიმიზაცია და თავდაცვის განვითარება მისი ნათესავებისა და ახლობლების კეთილდღეობით ჩანაცვლდა. იზორიამ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია თავის ნათესავ ალექსანდრე ბაძაღუას ჩააბარა, რომელიც 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს შტაბის ხელმძღვანელი გახლდათ. ეს ის რაიონია, სადაც ლევან იზორია იყრიდა კენჭს. ამ პერიოდში იზორია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, ალექსანდრე ბაძაღუას ბიძის სახლში ცხოვრობდა. მართალია, იზორია ჩხოროწყუს მაჟორიტარი ვერ გახდა, მაგრამ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბაძაღუას მაინც უბოძეს ჯერ შს სამინისტროს ადამიანთა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, შემდგომ კი დეპარტამენტის დირექტორის პოსტი. იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის დროს გენერალური ინსპექციის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 მაისის #38 ბრძანებით, სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი მოთხოვნა იყო უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით, შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 7 წლისა, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე _ არანაკლებ 3 წლისა. ვინაიდან იზორიას მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე შერჩეული ალექსანდრე ბაძაღუა ვერ აკმაყოფილებდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, 2016 წლის 5 აგვისტოს #52 ბრძანებით იგი შეცვალა და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების საშუალება (რომელშიც შედიოდა გამოძიება, ინსპექტირება და ოპერატიული საქმიანობა) მისცა ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მიღებული განათლების მქონე პირს. ასევე, მაქსიმალურად, 5 წლამდე შეამცირა სამუშაო გამოცდილების მოთხოვნა („სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ, 5 წლისა, შესაბამის სფეროში, ან სამართალდამცველ ორგანოში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ, 3 წლისა, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე, არანაკლებ, 2  წლისა“), სწორედ ამის შემდეგ, 2016 წლის 6 აგვისტოს, მოახერხა ალექსანდრე ბაძაღუას გენერალური ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. თავდაცვის სამინისტროში მოსული იზორიას გუნდი არჩევნებამდე მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების განთავისუფლებით და სახელფასო დანამატებით დაკმაყოფილდა.

_ თავდაცვის მინისტრი ამ პოსტზე დანიშვნიდან 20 დღეში სახელფასო დანამატების სკანდალშიც გაეხვია…

_ დიახ, თავდაცვის სამინისტროში გაცემული სახელფასო დანამატების სკანდალი აგორდა რამდენიმე ათასლარიანი დანამატით, რომელიც ლევან იზორიამ დანიშვნიდან 20 დღეში _ 2016 წლის 20 აგვისტოს #3061 ბრძანებით ყოველთვიურად დაუწესა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს. მაშინ თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, რომ სამინისტროში გაუქმდა მინისტრისა და მოადგილეების მრჩევლების 10 საშტატო ერთეული და გამოთავისუფლებული თანხა რაციონალურად გადანაწილდა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დანამატებზე. საინტერესოა, თუკი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის მიზანმიმართულად, თავდაცვის განვითარებაზე ხარჯვისკენ ისწრაფოდა იზორია, რატომ არ მოახმარა თანამშრომლების განთავისუფლებით გამოთავისუფლებული თანხები აღნიშნულ საკითხს და რატომ დაურიგა 4000-4000 ლარი მის მიერ მოყვანილ გუნდს?! სწორედ იგივე პრინციპით გადანაწილდა თავდაცვის სამინისტროში არჩევნების შემდეგ გაგრძელებული რეფორმისა და საშტატო ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები და საშტატო ერთეულები. მეტიც, გენერალური ინსპექციის უფროსს სერიოზული მაქინაცია დასჭირდა დაქვემდებარებული უწყებიდან თანამშრომლების გასათავისუფლებლად იმისთვის, რომ სასამართლო დავები თავიდან აეცილებინა. 2016 წლის 29 ნოემბერს გენერალური ინსპექციის 67 საშტატო ერთეული 30-მდე შეამცირა და სამსახურიდან უაპელაციოდ გაათავისუფლა 36 ადამიანი, თუმცა როგორც კი გასაჩივრების ვადა გავიდა, 2017 წლის იანვარში მან გენერალური ინსპექციის შტატი 77-მდე გაზარდა და ვაკანტურ ადგილებზე ახლობლები დაასაქმა.

_ მათ ვინაობას დააკონკრეტებთ?

_ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ალექსანდრე ბაძაღუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან არის. ამ დროისთვის გენერალურ ინსპექციაში კონკურსის გარეშე დანიშნულია არაერთი ჩხოროწყუელი, მათ შორის: თორნიკე საჯაია _ ინსპექტირების სამმართველოს უფროსი, ქეთევან გაბელაია, თეონა ჩიქობავა, სოსო შენგელია, გიგი ჩიქოვანი და ა. შ. გენერალურ ინსპექციაში ახლად შექმნილ საშტატო ერთეულებზე დაინიშნენ ბაძაღუას ჯგუფელები და ყოფილი თანამშრომლები: მამუკა ხოლეგაშვილი, გოჩა ჭანტურია და ა. შ. გენერალურ ინსპექციაში დანიშნული პირების კრიმინალურ წარსულზე მასალას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ, რაც შეეხება თავად ბაძაღუას წარსულს, მის სახელს უკავშირებენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამეგრელოს რეგიონში საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებზე განხორციელებულ ზეწოლას თანამდებობების გამოსათავისუფლებლად. ხოლო უფრო ადრე კი იგი სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და იმ იზოლატორში გადაიყვანეს, რომლის დირექტორობაც არჩევნების შემდგომ ერგო, თუმცა სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2015 წლის 14 ივლისს კი სამტრედიაში სცემეს, თუმცა ეს საქმე გართულებების გარეშე დასრულდა. ალექსანდრე ბაძაღუას ქონება 2013 წლის 4 იანვარს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, რუსთაველის ქუჩაზე, 200 კვ.მ. მამისეული სახლით შემოიფარგლებოდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, მისი კარიერული წინსვლის პერიოდში, 207 კვ.მ. ბინა შეიძინა თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, რომელიც, როგორც დეკლარაციაში უთითებს, მისი მეუღლის საკუთრებაა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მისი კომფორტი მხოლოდ უძრავი ქონების შეძენით არ ამოწურულა, _ მის ოჯახს თავდაცვის სამინისტროს მანქანა „ტოიოტა ქამრი“ ემსახურება. დისქმარი _ ლაშა ძერია _ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში ჰყავს დანიშნული, თუმცა, რეალურად, მძღოლად ამუშავებს. გასული წლის 24 ნოემბერს ძერიამ თავდაცვის სამინისტროს ძვირადღირებული ავტომანქანა დაამტვრია, რომელიც ალექსანდრე ბაძაღუაზეა მიმაგრებული, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ავარია ბაძაღუას მოუვიდა და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად დისქმარს გადააბრალა.

_ თქვენ ამბობთ, რომ რეფორმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ხორციელდება და რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანია განთავისუფლებული, რეალურად, მინისტრის ახლობლებისთვის ადგილების მოსუფთავებას ისახავდა მიზნად?

_ „ამბიციური რეფორმა“, როგორც ამას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ქმედებებს მინისტრი ლევან იზორია უწოდებს, დასასრულს უახლოვდება, ათასობით განთავისუფლებული თანამშრომელი და არაერთი სასამართლო დავა, რომლის მოგების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს სოლიდური თანხების გადახდა მოუწევს, როგორც ჩანს, ღირდა თავდაცვის უწყებაში იზორიას გუნდის მოსაკალათებლად. სხვა საკითხია, რომ თავდაცვის სამინისტრო, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს, რადგან იზორიას გუნდი გასული წლის აგვისტოდან „შავი სიების“ შედგენით, თანამშრომლების განთავისუფლების გეგმების შემუშავებით და ნათესავებისთვის ვაკანტური ადგილების გადანაწილებითაა დაკავებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავდაცვის სამინისტროში მსგავსი მოქმედებების დამგეგმავი და განმახორციელებელი მთავარი ფიგურა იზორიას ნათესავი ალექსანდრე ბაძაღუაა. ბაძღუა ფართო საზოგადოებამ 2014 წელს გაიცნო სოფელ ჯგალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 27 წლის ია ლემონჯავა, მისი 4 წლის შვილი _ დემეტრე კვარაცხელია და 18 წლის დათო ბელქანია შეეწირნენ. მაშინ გარდაცვლილის მამამ მკვლელის მფარველობაში ღიად დაადანაშაულა ალექსანდრე ბაძაღუა და ლევან იზორია. სხვათა შორის, ამ საკითხზე რამდენიმე მასალა „ქრონიკა+“-ში დაიბეჭდა კიდეც. ლევან იზორია ამ დროს შს მინისტრის მოადგილე გახლდათ, ამავე უწყებაში ადამიანთა დაცვისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ჰყავდა დასაქმებული ალექსანდრე ბაძაღუა. 2016 წლის აგვისტოში, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშნა და თავდაცვის სამინისტროს არაფორმალური მმართველობა ჩააბარა. ცნობისთვის: ალექსანდრე ბაძაღუა აქტიურად იყო ჩართული გონიოში წვრთნების დროს დაღუპული იაგო შარაძისა და გიორგი ნანეტაშვილის, კრწანისის ბაზაზე მოკლული გიგა შენგელიასა და სხვა გახმაურებული საქმეების მოგვარებაში. როგორც ჩანს, იზორიას წინაშე აღებული ვალდებულებების კარგად შესრულებამ მისი სახელფასო დანამატებიც განაპირობა, რადგან როგორც ბაძაღუა იანვარში შევსებულ დეკლარაციაში უთითებს, 6 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე პერიოდში 33 357 ლარი აუღია, რაც, საშუალოდ, თვეში 6651.4 ლარს შეადგენს და ბევრად აღემატება თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსისთვის განკუთვნილ თანამდებობრივ სარგოს. ალექსანდრე ბაძაღუამ თავდაცვის სამინისტროს რეფორმა კარგად გამოიყენა ახლობლების დასასაქმებლად და გენერალური ინსპექცია „ქართული ოცნების“ წევრების ოჯახის წევრებით, ბიზნესმენებითა და კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანებით დააკომპლექტა.

_ კონკრეტულად?

_ მაგალითად, ინსპექტირების სამმართველოს უფროსად დანიშნა ვინმე თორნიკე საჯაია, რომელიც ბაძაღუას რაიონიდან _ ჩხოროწყუდანაა. საჯაია 2006 წელს განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციისთვის გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი 6.5 წლამდე შეუმცირა. 2012 წლის 28 დეკემბერს საჯაია ამნისტიით განთავისუფლდა. საინტერესოა, როგორ მისცეს მას საიდუმლო დოკუმენტაციასთან დაშვება, რადგან აღნიშნული უფლების მინიჭებას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი მეტისმეტი სიფრთხილით ეკიდება? სტატისტიკური აღრიცხვისა და კვლევების სამმართველოს უფროსის მოადგილედ გოჩა ჭანტურია დაინიშნა, რომელიც შს სამინისტროში ბაძაღუასთან ერთად მუშაობდა, გარკვეული პერიოდი კი აბაშის გამგებელი იყო. 2012 წლის დეკემბრიდან მასზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც დოკუმენტის გაყალბებას გულისხმობს. ოპერატიული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დაინიშნა მარტვილელი ირაკლი ბაღიშვილი, რომელზეც, მოქალაქის საჩივრის საფუძველზე, 2012 წლის 23 აგვისტოს დაიწყო გამოძიება 7000 დოლარის მითვისებისთვის. ოპერატიული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად დასაქმდა პარლამენტარ სოფიო კალაძის ქმარი ავთანდილ ხარაძე, რომელიც 2008 წლის 3 აპრილს ქუთაისში დააკავეს და ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაედო მსჯავრი. 2015 წლის 12 დეკემბერს კი საკუთარ მამას ისე სცემა, რომ მამამისმა თავად მიმართა სამართალდამცველ ორგანოს და შვილს უჩივლა. გამოძიება მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მთავარი სამმართველოს უფროს ფრიდონ დიასამიძეზე, რომელიც იზორიამ პოლიციის აკადემიიდან წამოიყვანა ნუკრი გელაშვილთან და ზაალ კაპანაძესთან ერთად და თავდაცვის სამინისტროში დაასაქმა. დიასამიძემ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ავტომანქანით 2016 წლის დეკემბერში ავარია მოახდინა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ავტომანქანის მძღოლს. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ამჟამად კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძის დას ოპერატიული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოსტი ერგო. იგივე პოზიციაზეა დასაქმებული პარლამენტარ თამარ ხულორდავას ქმარი ლევან ვახტანგაძე და ონის ყოფილი მაჟორიტარის, თამაზ ჯაფარიძის ვაჟი _ ჯამბაკურ ჯაფარიძე. სამოქალაქო მიმართულებით ინსპექტირების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობა ერგო იზორიას კურსელ შალვა ბულაშვილს, რომელიც საქართველოს ეროვნული ლატარიის დირექტორად ფიქსირდება. როგორც ცნობილია, ამ კომპანიის დამფუძნებელია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი _ დავით ბეჟუაშვილი. ბულაშვილს აქამდე სამართალდამცველ სტრუქტურაში არასდროს უმუშავია. საგანგებო დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეც ბიზნესმენი გიორგი მშვენიერაძე გახლავთ, იგი ამ დროისთვის ორი შპს-ს დირექტორად ფიქსირდება. სტატისტიკური აღრიცხვისა და კვლევების სამმართველოს უფროსი გიორგი ბერაძეც 4 კომპანიის მეწილე და ერთი შპს-ს დირექტორია. ბიზნესმენები უხვად არიან მინისტრის აპარატშიც, მაგალითად, მინისტრის მოადგილის მრჩეველია დავით დანელია, რომელიც შპს „პრიმა+“-ის დირექტორი და რამდენიმე შპს-ს მეწილეა. სამაგიეროდ, შპს კვების პროდუქტების (თავდაცვის სამინისტროს 100%-იანი წილი) ხელმძღვანელად დაინიშნა ალექსი ზანდარაშვილი, რომელიც შს სამინისტროში ბაძაღუას მოადგილე იყო, სხვადასხვა დროს კი მუშაობდა ყვარლისა და შიდა ქართლის შს სამმართველოებში. შპს „კვების პროდუქტები“ ჯარს კვებავს, შესყიდვებს კი თავდაცვის სამინისტროდან ჩხოროწყუელი მამელი ქობალია ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე ზაზა ზაკალიშვილი კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილის საქმიანი პარტნიორია და ერთად აქვთ დაფუძნებული სპს „გელაშვილი და პარტნიორები“. მოკლედ, ნათესავები და მეგობრები თავდაცვის სამინისტროში უხვად ჰყავთ დასაქმებული, თუმცა მძღოლებისა და მდივნების ადგილები ძალიან ახლო ნათესავებისთვისაა განკუთვნილი. თუ ბაძაღუას მძღოლად თავისი დისქმარი ჰყავს, იზორიას მდივნად ასმათ შონია დაუნიშნავს, რომელიც იზორიას დედის ძმისშვილის,  ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევ დავით კვირკველიას ცოლია.

 

თამარ ბატიაშვილი