ზურა სიხარულიძე: „ზედოზირების მიზეზია კლუბურ ნარკოტიკში სხვა ნივთიერების შერევა“

ირინა მაკარიძე

თბილისის ერთ-ერთ კლუბში ზედოზირების შედეგად ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების ფაქტს საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა _ წელიწადში ზედოზირების 30-40 შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის აღიარებით დაწყებული და კლუბ „ბასიანთან“ პარაკლისის ჩატარებითა და ნარკოპოლიტიკის გაპროტესტებით დამთავრებული. თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა კლუბმა „ბასიანმაც“ და აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი დადგენილი არ არის და ყველას მოუწოდა მადისკრედიტებელი განცხადებებისგან  თავის შეკავებისკენ. თავის მხრივ, კლუბის პოზიციაა, რომ „საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზებისა და დისკრედიტაციის“ ნაცვლად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ზედოზირების, ნარკოტიკებისგან მიღებული ზიანისა და მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ზურა სიხარულიძე: 

_ რაც შეეხება მინისტრის განცხადებას ზედოზირების სტატისტიკასთან  დაკავშირებით, რამდენი წელია ამ სფეროში ვარ და შინაგან საქმეთა მინისტრისგან მსგავსი ინფორმაცია არასდროს მომისმენია. ინფორმაცია ზედოზირებასთან დაკავშირებით ყოველთვის დახურულია. სიკვდილის მიზეზი დგინდება მხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და ეს არის ოჯახის დისკრეცია _ გაამჟღავნებს ან არ გაამჟღავნებს. იყო პერიოდი, როცა ზედოზირების ციფრები ოფიციალურად საერთოდ არ ფიქსირდებოდა, რადგან არ მჟღავნდებოდა ამბავი, იმიტომ, რომ ის ოჯახს ეკუთვნოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება, იცოდა, რამდენი იყო ზედოზირებით გარდაცვლილი, მაგრამ ასე ტრიბუნიდან გაჟღერებულიყო, რომ წელიწადში 30-40 ზედოზირების შემთხვევაა, პირველად მოხდა, რაც დასაფასებელია. ამ მონაცემების გაჟღერება ჩემთვის გასაკვირი იყო. ჩემი ვარაუდით, ზედოზირების შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. ოფიციალური სტრუქტურები, შესაძლოა, ამ ინფორმაციას ერთმანეთში ცვლიან, მაგრამ ზედოზირებით გარდაცვალების სტატისტიკა არ არსებობს. წლიური ანგარიშები რომც ნახოთ, იქაც არ წერია ეს ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რომელიც საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა, როგორც ვიცი, გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. 

_ მიიჩნევენ, რომ კლუბური ნარკოტიკი გაცილებით უსაფრთხოა, რა დროს ხდება ის საშიში?

_ ნარკოტიკი არის ნარკოტიკი! ნარკოტიკის სიმძიმე განისაზღვრება იმ ზიანით, რომელიც მოაქვს მას. შესაბამისად, არსებობს გრადაცია. ზიანი, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს, ეს არის: 1) ზედოზირება; 2) კრიმინალი; 3) ინფექციური დაავადებების გადადება; 4) უბედური შემთხვევები (ავტოსატრანსპორტო და სხვ.). არსებობს ნარკოტიკები, რომლებსაც ძალიან დიდი ზიანი მოაქვს, მათ შორის, პირველ ადგილზეა ალკოჰოლი, შემდეგ ჰეროინი. ის ნარკოტიკები, რომლებსაც ნაკლებად სახიფათო ნარკოტიკებს ეძახიან, ისინი ყველაზე ნაკლებად აყენებენ ადამინის ჯანმრთელობას ზიანს, ამიტომაც ეძახიან ამ ნარკოტიკებს შედარებით უსაფრთხო, „სეიფ“ ნარკოტიკებს, ოღონდ არავინ ამბობს, რომ ეს არ არის ნარკოტიკი, მაგრამ მათ ნაკლები ზიანი მოაქვთ. ახლა რაც ხდება, არის ის, რომ ამ ტიპის ნარკოტიკებში სხვა რაღაცებს ურევენ. ჩემთვის ეს აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა შეურიო ექსტაზში ფენტანილი, მაგრამ ამას ხსნიან იმით, რომ ასე ეფექტი ძლიერდება. აი, ამ შემთხვევაში გვაქვს ზედოზირება. ამიტომ ეს არის დღეს პრობლება, რომ ნარკოტიკი, რომელიც შავ ბაზარზე იყიდება, არ არის სუფთა. ფენტანილის გარდა არსებობს კიდევ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რაც არ არის კლუბური ნარკოტიკები, რომლებიც თავისთავად იწვევენ ზედოზირებას, მაგალითად” მეფედრონი ან GHB/ჯიეიჩბი მარილები, რომლებსაც ე. წ. აბაზანის მარილებს უწოდებენ. ზოგადად შეიცვალა ყიდვა-გაყიდვის სქემა _ ეს ხდება ინტერნეტის მეშვეობით, ყიდულობ ექსტაზს, მაგრამ არ იცი, დაგხვდება თუ არა ექსტაზი. აქ არის სრულიად უცნობი გამყიდველი, უცნობი ნარკოტიკი და არ არსებობს გარანტია, რომ აუცილებლად იყიდი ექსტაზს. ამ შემთხვევაში დილერიც დამალულია და მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი, რას იყიდი, რას მიიღებ. თან ეს ნარკოტიკები არის კუსტარულად დამზადებული, შესაბამისად, არ იციან, რა დოზა უნდა მიიღონ. არც ჩვენ ვიცით, რადგან მილიონი ფორმა არსებობს: ზოგი სითხეა, წვეთია, ზოგი კრისტალია, ზოგი ფხვნილია, გარკვეული აბებია. ახლა ევროპაში ჩვეულებრივ ანტიდეპრესანტებში აღმოაჩინეს ფენტანილი. ამერიკაში ასეთი შემთხვევებიც იყო, რომ ჩვეულებრივ წამალში, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ნარკოტიკთან და სამკურნალო საშუალება იყო, აღმოაჩინეს ფენტანილი.

_ ჩვენს რეალობაში რამდენად კონტროლდება ეს პროცესები?

_ რადგანაც ეს ყველაფერი „შავ ბაზარზე“ ხდება, ამიტომ ეს შეუძლებელია. როცა არის მოთხოვნა, შესაბამისად, არის მიწოდება. ჩვენთვის მთავარი მიზანი მოთხოვნის შემცირებაა, რისი ბერკეტიც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია. დაპატიმრებით მოთხოვნა არ მცირდება. მოთხოვნა შემცირდება მაშინ, თუ ეს დაავადებული, დამოკიდებული ადამიანები სამედიცინო სფეროს მზრუნველობის ქვეშ იქნებიან. ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ ნარკოტიკებზე, ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია, რომ მათ გააკეთონ სწორი არჩევანი. სხვა მექანიზმი არ არსებობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია, რომ მიწოდება შეამციროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ასევე მოთხოვნაც უნდა შემცირდეს. თუმცა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო მიწოდებას ვერ შეამცირებს, რადგან მაინც გაჩნდება ნარკოტიკი.

_ ახალგაზრდები ზოგჯერ ცნობისმოყვარეობის გამო იწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას და შემდეგ დამოკიდებულება უვითარდებათ, რას იტყვით ამაზე?

_ მასეც ვერ ვიტყვით. გააჩნია ნარკოტიკს. ყველა სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებას იწვევს, თავისი განვითარება აქვს.

_ მარიხუანა რამდენად ითვლება ნარკოტიკად და რამდენად იწვევს დამოკიდებულებას?

_ მარიხუანა არის, რა თქმა უნდა, ნარკოტიკი, მაგრამ ზიანის მიყენების თვალსაზრისით ის მიეკუთვნება ნარკოტიკებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ზიანი მოაქვთ. რა თქმა უნდა, მარიხუანას სისტემატური გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამის გამოყენება, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და, შესაბამისად, ცვლის ადამიანის ფსიქიკას. ეს არ ეხება მხოლოდ ნარკოტიკს, თუ შენ ხარ ადიქციური ტიპის ადამიანი, ე. წ. ადიქტი, შენი ქცევა და ნარკოტიკი ერთობლივად იწვევს დამოკიდებულებას. შესაბამისად, შეიძლება, მოიხმარდე ნარკოტიკს, მაგრამ არ გახდე დამოკიდებული, მაგრამ შეიძლება, რომ ერთხელ გამოყენებამ გაგხადოს დამოკიდებული. ამას განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკა და ქცევა. თუ ჩვენ ავიღებთ მსოფლიო სტატისტიკას, მაგალითად, ნარკოტიკის მომხმარებელი არის 2 მილიონი და აქედან ყოველი მეექვსე ადამიანი ხდება დამოკიდებული. ხიდი, რომელიც არის მომხმარებლიდან დამოკიდებულებამდე, არის ძალიან ვიწრო და ძალიან მალე შეიძლება გაიარო ეს ხიდი, რაც დამოკიდებულია ადამიანის ფსიქიკასა და იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც არის. აქ მოიაზრება როგორც მიკრო, ასევე მაკროსოციალური გარემო. ჩვენი ორივე გარემო დაზიანებულია, რადგან არის ძალიან ბევრი შემთხვევა მიკროსოციალური გარემოს შემთხვევაში, ალკოჰოლიზმი მშობლებში, ძალადობა ოჯახში, დანგრეული ოჯახები, ბულინგი, ტრავმირებული ბავშვები და ა. შ. მაკრო ის არის, რომ გვყავს 51 ათასი ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი, რაც ძალიან დიდი რიცხვია ჩვენი ქვეყნისთვის. ადამიანი ნარკოტიკის მომხმარებელი არ ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაერთოს. დამოკიდებულების ქვეშ არის ძალიან ბევრი მენტალური პრობლემა, რომლებსაც ადამიანი მიჰყავს დამოკიდებულებისაკენ, რადგან ის არ ეგუება იმ გარემოს, რომელშიც არის და ცხოვრობს.

_ რამდენად შესაძლებელია დამოკიდებულებისგან გათავისუფლება და რაზე არის დამოკიდებული ეს ჩვენს რეალობაში?

_ სრულიად შესაძლებელია დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება, ოღონდ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ბევრი დაბრკოლებისა და გაკრვეული ეტაპების გავლას საჭიროებს. რა თქმა უნდა, გააჩნია დამოკიდებულების სიმძიმეს, ფორმას, ნარკოტის, რა ტიპის დამოკიდებულებაა, რასაც ემატება თავად ადამიანის მენტალული ჯანმრთელობა და რამდენად მზად არის ის სიფხიზლისა და ჯანმრთელად ცხოვრებისთვის.

_ თქვენთან რამდენად ხშირად მოდიან ადამიანები, რომლებსაც გამოჯანმრთელება უნდათ?

_ ძალიან დიდი მომართვიანობა არის ყოველთვის. ვერ ვიტყვი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მომართვიანობამ ან იკლო ან მოიმატა. სტაბილურად არის საკმაოდ დიდი მომართვიანობა. თითქმის 10%-მდე არის, როცა სრულ რემისიას ვაღწევთ, ვგულისხმობ, რომ ადამიანი საერთოდ აღარ ეკარება ნარკოტიკს, რაც საკმაოდ დაბალია. არიან ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წელი ან თვე ანებენ თავს, მაგრამ შემდეგ ისევ უბრუნდებიან მას.

_ მიღებული ზიანის შემცირების საკითხში სახელმწიფო რას უნდა აკეთებდეს?

_ პირველ რიგში, აუცილებელია ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვა, იმპლემენტაცია და გაძლიერება. ზიანის შემცირება არის ფილოსოფია, როცა ვაღიარებთ, რომ ეს ადამიანები გვყავს, გვყავდა და გვეყოლება. შესაბამისად, ამ ადამიანებს სჭირდებათ ზრუნვა, გარკვეული სერვისები. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ ასაკში იწყებენ მოხმარებას, ექსპერიმენტებს ატარებენ, შესაბამისად, მათ სჭირდებათ უტყუარი ინფორმაცია, რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე, რა შეიძლება მოხდეს, რა საფრთხეებია და ეს უნდა ხდებოდეს მუდმივად და არა მხოლოდ მაშინ, როცა ტრაგედია გვაქვს. ზუსტად ვიცი, რომ ეს ამბავი რომ დამთავრდება, 5-6 თვე თუ რამე არ მოხდება, და იმედია, არ მოხდება, არავინ აღარ დაუბრუნდება ამ თემას.

შემდეგი არის ჩანაცვლების თერაპიის პროგრამები, რაც ერთ-ერთი დიდი მონაპოვარია ამ ქვეყნისა და აუცილებლად უნდა მოხდეს მათი მოდერნიზაცია, ახალ რეალობასთან ინტეგრირება და გაფართოება. პლუს მილიონი სხვა მეთოდია ზიანის შემცირებისთვის, როგორიცაა პრეზერვატივების დარიგება, შპრიცების გაცვლის პროგრამები, უსაფრთხო ინექციის ოთახები და სხვ. ბევრი ინსტუმენტია, ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს და ყველა ინსტრუმენტი მუშაობს იმის მიხედვით, რა სიტუაციაა ქვეყანაში. ამას ემატება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ შექმნილი ზიანის შემცირების მეთოდები, რაც გულისხმობს შავი ბაზრის კვლევას, ამ ნივთიერებების ტესტირებას, მათი შემადგენლობის გაგებას, თუ რამდენად სუფთაა. ეს არის მთელი სისტემა, რომელიც უნდა იყოს ჩამოყალიბებული.